კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სერვისს სთავაზობს სამუშაოს მაძიებელ მოსახლეობას სახელმწიფო, სად უნდა გააგზავნოთ თქვენი მონაცემები და რამდენად იზრდება თქვენი დასაქმების შანსი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი 2013 წლის 2 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა  და ფუნქციონირება გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო. დეპარტამენტის მთავარი ფუნქციებია: საშუამავლო მომსახურების განვითარება, სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, ფორუმების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელება, შრომის ბაზრის კვლევების ორგანიზება და მრავალი სხვა. როგორ ეხმარება ზემოხსენებული სამსახური დასაქმების მსურველებს, რამდენი ადამიანი დასაქმდა სისტემის მეშვეობით და რა აქტივობებს გეგმავს სახელმწიფო სამუშაო ბაზრისთვის შესაბამისი კადრების მისაწოდებლად და მოსამზადებლად? აქვე გეტყვით, რომ საუბარია იმ სამუშაო ადგილების მაძიებლებზე, რომელთა შრომითი ურთიერთობები საქართველოს შრომის კოდექსით რეგულირდება.  ამ და სხვა კითხვებზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსი თეა სტურუა გვიპასუხებს.

 

– რა ეტაპზეა თქვენი სამსახური და როგორ და სად შეუძლიათ სამუშაოს მაძიებლებს თავიანთი მონაცემების განთავსება?

– 2013 წლის 25 დეკემბერს სამუშაოს მაძიებელთა ელექტრონული სისტემა WORKNET.GOV.GE გაეშვა და დღეისთვის, დაახლოებით, 22 800 ადამიანია უკვე რეგისტრირებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. სისტემა გახლავთ ონლაინპროდუქტი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ონლაინპროდუქტზე ხელმისაწვდომობა მთელ საქართველოში არ არის თანაბარი, ამ პროცესში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 69 რაიონული ცენტრიც. მოქალაქეებს აქვთ საშუალება, მიმართონ სოციალური მომსახურების ცენტრებს, სადაც მათ სპეციალურად დატრენინგებული კადრები დაეხმარებიან ინფორმაციის სისტემაში განთავსებაში. ეს არის მუდმივი პროცესი და ცოცხალი ბაზა. სისტემა თავიდან ბოლომდე სამუშაოს მაძიებლის თავისუფალ ნებაზეა დამყარებული. ანუ უნდა სამუშაოს მაძიებელს, გვაცნობოს, რომ ეძებს სამუშაოს? დარეგისტრირდება; დარეგისტრირდა, მაგრამ არ უნდა, რომ მისი ინფორმაცია გახდეს საჯარო? ის არ გახდება საჯარო და მხოლოდ სისტემას ეცოდინება. ასევე, დასაქმების მსურველს შეუძლია, გააპასიუროს თავისი რეგისტრაცია სისტემაში ან, საერთოდაც, გააუქმოს რეგისტრაცია.

– თუ გავაუქმე, ხომ შემიძლია, ისევ თავიდან გავიარო რეგისტრაცია?

– რა თქმა უნდა, როდესაც თავიდან გადიხართ რეგისტრაციას და ერთი თვის ვადას არ სცილდება თქვენ მიერ წინა რეგისტრაციის გაუქმება, სისტემა გეკითხებათ: აღგიდგინოთ ძველი მონაცემები თუ ახალ მონაცემებს შეიტანთ. მე ვამაყობ ამ სისტემით, რადგან, სამუშაოს მაძიებლის თვალსაზრისით, არის უნივერსალური სისტემა და რაც ყველაზე მთავარია, ევროკავშირის ექსპერტებიც კი გაოგნებულები დარჩნენ, იმიტომ რომ სისტემა იმთავითვე ევროკავშირის სტანდარტით დაიგეგმა და მას აღარ სჭირდება ევროკავშირის სტანდარტებთან მორგება.

– როგორ მუშაობს სამუშაოს მაძიებელთა სისტემა?

– აპრილიდან დავიწყეთ ურთიერთობა დამსაქმებელთან. მათთან მუშაობა ძალიან რთულია, რადგან დამსაქმებელს უნდა აუხსნა, რომ არ ხარ სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ერევა შენს საქმეებში, არ გაიძულებს, მისცე ვაკანსია და დაასაქმო ესა თუ ის ადამიანი. ამის ახსნას საკმაოდ მოცულობითი სამუშაოს ჩატარება დასჭირდა. მათგან ვითხოვდით ერთადერთ რამეს: არსებობის შემთხვევაში მოეწოდებინათ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, ამასთან, მათ არ ეკრძალებათ ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის განთავსება სხვადასხვა საიტებსა თუ გაზეთებში. ჩვენ უბრალოდ იდენტიფიკაციას გავუკეთებდით სამუშაოს მაძიებლებს მათი მოთხოვნების მიხედვით და მეტნაკლებად შესაბამის კადრს გავუგზავნიდით, რომლებიდანაც ის თავად აირჩევდა ან არ აირჩევდა. ივნისის შუა რიცხვებიდან გაბედულმა დამსაქმებლებმა დაიწყეს ინფორმაციის მოწოდება ვაკანსიებზე.

– რამდენი სამუშაოს მაძიებლის დასაქმება მოასწარით?

– დღეისათვის არსებული ვაკანსიებიდან ათვისებულია მხოლოდ 40 პროცენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაკანსია უფრო მეტია, ვიდრე ამ ვაკანსიებზე დასაქმების მსურველები გვყავს. უშუალოდ საშუამავლო მომსახურებაზე მუშაობა დავიწყეთ ივნისის ბოლოს და დღეის მდგომარეობით 275 მუდმივი შრომითი ხელშეკრულებაა გაფორმებული.

– რა ტიპის პროფესიებზეა მოთხოვნა დღეს შრომის ბაზარზე?

– ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაა, მოსახლეობას გავაგებინოთ, თუ რა მოთხოვნაა ბაზარზე. უპირველესად გეტყვით, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, ჩაატაროს შრომის ბაზრის კვლევა და მოთხოვნის ნაწილის კვლევა, რადგან ეს გვჭირდება არა მარტო ჩვენ, არამედ –  განათლების სამინისტროსაც. კვლევის პროექტზე ვმუშაობთ სხვადასხვა უწყებასთან შეთანხმებით: სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ წელს ჩაატაროს მსგავსი კვლევა. მანამდე კი, გამოიკვეთა, რომ ბაზარზე არის მოთხოვნა ეგრეთ წოდებულ ლურჯსაყელოიან პროფესიებზე, მაშინ, როდესაც სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან მოთხოვნაა ეგრეთ წოდებულ თეთრსაყელოიან პროფესიებზე.

– ანუ?

– „თეთრსაყელოიანი“ პროფესიებია საოფისე და ინტელექტუალური სამუშაო; მაგრამ ბაზარზე მოთხოვნაა პროფესიულ განათლებაზე: ეს გახლავთ მოთხოვნა კონკრეტული სპეციალობის და კვალიფიკაციის საშუალო რგოლის ადამიანებზე. იმავე სარესტორნე ბიზნესში, საწარმოო ბიზნესში, მომსახურების ბიზნესში.

– დავარქვათ სახელები: მიმტანი, მუშა, მტვირთავი?

– არა მარტო: მიმტანი, მუშა და მტვირთავი დაბალი რგოლია. მაგალითად, პროფესიონალი ელექტრიკოსი, ავტოდიაგნოსტიკოსი, ავტოშემკეთებელი, პროფესიონალი გადამზიდავი მძღოლები, პროფესიონალი მებათქაშეები, დურგლები, ხარატები, ასე განსაჯეთ, პროფესიონალი მკერავების პრობლემა გვაქვს. პროფესიონალი მცხობელების, მზარეულების, სხვადასხვა რანგის მომარაგების სპეციალისტების. ამიტომ ეს კვლევა ცალსახად დაგვანახვებს, რა პროფესიებზეა ქვეყანაში მოთხოვნა. აღარაფერს ვამბობ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებზე: აგროინჟინრებზე, ზოოინჟინრებზე, ვეტერინარზე… ამ სპეციალისტებს სანთლით ეძებენ და ვერ პოულობენ. ამდენად, ჩვენი სისტემის, „ვორქნეტის“ მიზანია, გავიგოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის უნარი. ამიტომ მონაცემების შეყვანისას არის ასეთი გრაფაც: რომელი საქმის შესრულებაში ხართ კომპეტენტური, განათლების მიუხედავად. რა არის ეს? მაგალითად, მთელმა სოფელმა იცის, რომ მიხა პაპა ერთადერთი ადამიანია სოფელში, რომელმაც იცის დამყნობა. მას არც დიპლომი აქვს, არც არსად უსწავლია, მაგრამ, თუკი ვინმეს რამის დამყნობა უნდა, მას მიმართავს.

– არ ასწავლის ვინმეს?

– სწორედ ამის ამოქაჩვა გვინდა, ეს ველი ძალიან მრავალფეროვანია სისტემაში, უბრალოდ თქვენ ამას ვერ ნახავთ, რადგან არ არის საჯარო. თავისუფალი ტექსტია, სადაც სამუშაოს მაძიებელს იმის ჩაწერას ვთხოვთ, რაც მიაჩნია, რომ იცის, მიუხედავად განათლებისა. ვიღაც წერს, რომ ძალიან კარგად აცხობს თონეში ნაზუქებსა და თონის პურს. ანუ შრომის ბაზრისთვის არ არსებობს უნარი, რომელიც დასაკარგია. უბრალოდ ჩვენს მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ, რომ რაკი ეს უნარი გაქვს, შეგიძლია, განავითარო და ამითი დასაქმდე. ჩვენ კვლევის შედეგად ვეტყვით მას, ამ პროფესიით თქვენი დასაქმების შანსი არის ასეთი, იმ პროფესიით –  ისეთი, მაგრამ, თუ ადამიანს, მაინცდამაინც, უნდა რომ ოდესმე გახდეს წარმატებული დიდი კომპანიის იურისტი, მას ბევრი წვალება მოუწევს, სანამ იმ წარმატებული კომპანიის იურისტი არ გაათავისუფლებს სამუშაო ადგილს. რეგისტრაცია WORKNET.GOV.GE-ზე დაწყებულია და ძალიან ბუნებრივად მიდის. დღეში საშუალოდ, 100-150 ადამიანი გადის რეგისტრაციას.

– და რეგისტრაციის გავლა შეუძლია ნებისმიერს, დასაქმებულია თუ სამუშაოს მაძიებელი.

– დიახ, იმიტომ რომ ეს არის სამუშაოს მაძიებელთა ბაზა. თუ თქვენ ეძებთ სამუშაოს, სახელმწიფოსთვის ხართ მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილის აქტიური წევრი.

–  თქვით, რომ ვაკანსიები არის, მაგრამ სპეციალისტები არ გვყავს, ანუ აუცილებელია ამ სპეციალისტების გადამზადება ან მომზადება, ეს პროექტი უნდა მიებას თქვენს სისტემას?

– აუცილებლად. სწორედ ამიტომაც არის სასიცოცხლო მნიშვნელობის შრომითი ბაზრის კვლევა, რომელიც იტყვის, რა სპეციალობებზეა მოთხოვნა ქვეყანაში და სახელმწიფო მზადაა, დააფინანსოს პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. თუ ადამიანს სჭირდება გარკვეული უნარების სწავლა, ის უნდა მომზადდეს, თუ იცვლის პროფესიას, ის უნდა გადამზადდეს; თუ ვერ ეწევა ბაზრის მოთხოვნას, კვალიფიკაცია უნდა აიმაღლოს. ოღონდ აქ არის ერთი მომენტი –  ჩვენს შემთხვევაში არ დაფინანსდებიან ის პირები, რომლებიც საგანმანათლებლო სისტემის კუთვნილებაა, ანუ ახალგაზრდები, რომლებსაც ისედაც შეუძლიათ, უფასოდ მიიღონ განათლება განათლების სამინისტროს მეშვეობით. ჩვენი პროექტი შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საიმისოდ დრო, რომ 2 ან 3 წელი ისწავლონ და უნდათ, შეიძინონ კონკრეტული უნარი 2-3 ან, მაქსიმუმ, 6-თვიანი კურსების სახით.

– თქვენი ფუნქცია მხოლოდ სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის დაკავშირებით ამოიწურება?

– შრომის ბაზარს, როგორც ყველა ბაზარს, აქვს თავისი წესები. არის რაღაც პროდუქტი, სამუშაოს მაძიებელი და მისი მყიდველი, ანუ დამსაქმებელი. მაგრამ ნებისმიერ პროდუქტს სჭირდება შეფუთვა იმისთვის, რომ ბაზარზე გაიყიდოს. სწორედ ამიტომ 27 ივლისიდან დავიწყეთ სამუშაოს მაძიებელთა ჯგუფური კონსულტირებები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შრომის, ქცევის წესების გაცნობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარეთ უფასო ტრენინგები. ესეც არის პროცესი, რომელიც დაიწყო და არ დამთავრდება. ეს ჯგუფური ტრენინგები მოეწყობა პერიოდულად, მაგრამ ტრენერებს ევალებათ ინდივიდუალური კონსულტირებაც თითოეულ მაძიებელთან. მოსახლეობისთვის ეს ახალი ხილი აღმოჩნდა. თითქოს რა უნდა ამის ცოდნას, მაგრამ დამსაქმებელთა პირდაპირი მოთხოვნა იყო. უჩიოდნენ, რომ სამუშაოს მაძიებლებმა არ იციან „სი ვის“, სამოტივაციოს წერა, გასაუბრებაზე მოქცევის არანაირი წესი და რაც ყველაზე მთავარია, აქვთ არასწორი თვითშეფასება, ვაკანსიას არ შეეფერებიან, მაგრამ მაინც მოგვმართავენო. შემდეგ უკვე, 2015 წლიდან ევროკავშირის დახმარებით ამ ზოგად კონსულტირებას დაემატება პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა. ევროკავშირის წარმომადგენლები მოგვიმზადებენ შესაბამის სპეციალისტებსა და მეთოდოლოგიებს. მით უფრო, რომ 2015 წლიდან გვეცოდინება, რა პროფესიების მოთხოვნაა ბაზარზე, ამ ხალხს მოვამზადებთ, გადავამზადებთ, კვალიფიკაციას ავუმაღლებთ, ამისთვის ბიუჯეტიც მზადაა და სახელმწიფოც. 

– ვთქვათ, გავიარე რეგისტრაცია WORKNET.GOV.GE-ზე. რა ხდება შემდეგ?

– სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგზავნის შეტყობინებებს თქვენთან ვაკანსიების შესახებ, გნებავთ –  გამოეხმაურეთ გნებავთ –  არა. ვაფასებთ, ვისი მონაცემები შეეფერება არსებულ ვაკანსიებს. ამის შემდეგ თქვენი თანხმობით დამსაქმებელთან იგზავნება თქვენი ინფორმაცია. ამის შემდეგ დამსაქმებელი თავად წყვეტს, ვის დაუკავშირდეს და ვის –  არა. მაგრამ ჩვენც გვაქვს კონტაქტი ორივე მხარესთან, რომ გავარკვიოთ, რა დონეზე მივიდნენ და ამ ყველაფერს ავღრიცხავთ. უკვე დავასაქმეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 12 პირი, დამსაქმებლები ძალიან კმაყოფილები არიან. ასევე, გვაქვს კავშირი პრობაციის სააგენტოსთან და პრობაციონერებსაც ვარეგისტრირებთ.

მეორე მხრივ, არა მარტო სამუშაოს მაძიებლებს სჭირდებათ მომზადება, არამედ პრობლემა აქვთ დამსაქმებლებსაც  – მათ უნდათ დიმიტრი გელოვანი თვეში 200 ლარად. სამუშაოს მაძიებლისგან ითხოვენ იმაზე მეტ კომპეტენციას, ვიდრე ესა თუ ის კონკრეტული ვაკანსია მოითხოვს. ჯერჯერობით ქვეყანაში არ გვაქვს დასაქმების სტანდარტი. ეს სტანდარტი ახლა მუშავდება, რომ თავიდან ბოლომდე იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან. ეს სტანდარტი ამბობს, რომ ესა და ეს პროფესია უნდა იყოს ამა და ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემცველი. თუ დამსაქმებელი ამაზე მეტს მოითხოვს რამეს, მოუწევს დასაბუთება, რატომ.

– 20 სექტემბერს რა ღონისძიებას მართავთ „ექსპოჯორჯიაში“? 

– დასაქმების ფორუმი არის მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, როდესაც სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები მასობრივად ხვდებიან ერთმანეთს, რომ მათ შორის კომუნიკაცია არ დაიკარგოს ისევე, როგორ ახლაა დაკარგული. ეს ფორუმი პირველად ტარდება სახელმწიფოს ეგიდით, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ ეს გამოცდილება; ექსპოჯორჯიაში 20 სექტემბერს გაიმართება ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 180-მდე დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებლებს ექნებათ საშუალება, შეხვდნენ მათ, დაუტოვონ თავიანთი „სი ვები“, გაესაუბრონ და ასე შემდეგ. ოღონდ ის განცდა არ უნდა ჰქონდეთ, რომ, რადგან ფოურმზე შემოვიდნენ, იქიდან შრომითი ხელშეკრულებით ხელში გავლენ. ადამიანებს ჰგონიათ, აბა, რისთვის მომიყვანე, თუ არ დამასაქმებდი?! იმისთვის, რომ გააცნო შენი თავი სხვა ადამიანებს, რადგან დამსაქმებლის უფლებაა, აიყვანს თუ არა სამსახურში. იქვე იქნებიან წარმოდგენილნი პროფესიული მომზადების კოლეჯებიც, მათაც ექნებათ საშუალება, დაამყარონ კონტაქტი დამსაქმებელთან და მოთხოვნით მოამზადონ კადრები დასაქმების გარანტიით. ერთადერთი პირობაა, რომ ფორუმში მონაწილეობის მიღების მსურველი სამუშაოს მაძიებელი აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული WORKNET.GOV.GE-ზე. რადგან სახელმწიფო არ ემსახურება სამუშაოს იმ მაძიებლებს, რომლებმაც არ აცნობა, რომ სამუშაოს ეძებს. 

 

скачать dle 11.3