კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცა ორი მძარცველი მკვლელად და რამ დააბრუნა ისინი დანაშაულის ადგილზე

61 წლის ომარ ლ-შვილი საკუთარ სახლთან გამვლელმა აღმოაჩინა. შოკურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის შესახებ სწორედ მან შეატყობინა სამართალდამცველებს, რომლებმაც  მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. სიკვდილის მიზეზი  იშემიური ინსულტი აღმოჩნდა, რაც მამაკაცს, როგორც მოგვიანებით დადგინდა, შემთხვევის ადგილზე დაემართა.   

მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. როგორც გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ გაირკვა, ეს ფაქტი არ აღმოჩნდა უბედური შემთხვევა, როგორც ამას თავიდან ვარაუდობდნენ. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მამაკაცს, რომელიც მცირე სასურსათო ბიზნესით იყო დაკავებული, ორი მძარცველი დაესხა თავს და მისგან 300 ლარის ოდენობის თანხა და პირადი ნივთები გაიტაცეს. 

ის, რომ ომარ ლ-შვილი მძარცველების მსხვერპლი გახდა, გაირკვა უცნობი მოქალაქისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის ადგილიდან მოშორებით, საკუთარი სახლის აივნიდან დაინახა, როგორ ჩაუსაფრდა მსხვერპლს ორი მამაკაცი ჩიხში, როგორ დაესხნენ ისინი თავს და, ბოლოს, როგორ მიატოვეს ის მიწაზე დაგდებული. 

ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „შორიდან ვხედავდი, როგორ საეჭვოდ მოძრაობდა ორი მამაკაცი ღამის სიბნელეში, აივანზე ვიდექი სიგარეტის მოსაწევად და მათი საეჭვო მოძრაობები არ გამომპარვია: დავინახე, როგორ ამოუდგნენ აქეთ-იქიდან მამაკაცს, რომელსაც ხელში პატარა ჩანთა ეჭირა, სიბნელისკენ წაათრიეს,  სამი-ოთხი წუთის შემდეგ კი როგორ გაიქცნენ იქიდან. მე მაშინვე პოლიციაში დავრეკე. სანამ ქვემოთ ჩამოვედი, მიწაზე დაგდებული მამაკაცი უცნობმა მოქალაქემ იპოვა და მის მოსულიერებას სწორედ ის ცდილობდა”. 

 როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, ომარ ლ-შვილი სასურსათო ბიზნესით იყო დაკავებული. ინციდენტის დროს  ის სამსახურიდან დაგვიანებით ბრუნდებოდა სახლში. თანამშრომლის ჩვენების მიხედვით, ომარ ლ-შვილი ოდნავ ნასვამი იყო, რის გამოც ავტომობილი სამსახურის ეზოში დატოვა და სახლში ფეხით წავიდა. იმავე მოწმის განცხადებით, გარდაცვლილს საფულეში ჰქონდა სამასი ლარის ოდენობის თანხა, რომელიც მან თავად გადასცა სამსახურიდან გამოსვლის წინ. ოჯახის წევრების ჩვენების მიხედვით, ომარ ლ-შვილი მუდმივად ატარებდა საქორწინო ბეჭედს, რომელიც მძარცველებმა საფულესთან და ხელჩანთასთან ერთად გაიტაცეს. რა იდო ხელჩანთაში, ამაზე  გარდაცვლილის ახლობლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, ეს მხოლოდ მოგვიანებით, მძარცველების დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც ომარ ლ-შვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ,  მამაკაცს  გულის ქრონიკული დაავადება  აწუხებდა, რაც, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ემოციურ ფონზე  უცბად განვითარებული ფატალური შედეგით დასრულდა. 

   გამოძიებას თავდამსხმელთა შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ინციდენტს არ ჰყავდა თვითმხილველი, გარდა ზემოთ ნახსენები  მამაკაცისა, რომლის  განცხადებითაც, მძარცველები ასაკით ახალგაზრდები და ტანმორჩილები უნდა ყოფილიყვნენ. მძარცველთა სახის დანახვა კი მან შორიდან ვერ შეძლო. გამოძიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმავე ღამეს, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში აღმოჩენილი   მობილური ტელეფონი, რომელიც, როგორც მოგვიანებით დადგინდა, ერთ-ერთ მძარცველს ეკუთვნოდა. ის 25 წლის მამუკა ჟ-ი აღმოჩნდა. გატარებული  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან  18 საათის შემდეგ, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან  დაახლოებით 200 მეტრ პერიმეტრზე, აღმოაჩინეს ახალგაზრდა, რომელიც საეჭვოდ ათავლიერებდა გარემოს.  ის სწორედ მამუკა ჟ-ი აღმოჩნდა, რომელმაც თავიდან განაცხადა, რომ დაკარგულ ტელეფონს ეძებდა, თუმცა მოგვიანებით გამოძიებამ დაამტკიცა მისი კავშირი ომარ ლ-შვილის ძარცვის ფაქტთან  და დააკავა მისი თანამზრახველიც – 22 წლის ვალერი  დ-უა.    

    გამოძიების მასალებით, ახალგაზრდებმა, რომლებიც ინციდენტის ადგილიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ, ძარცვისთვის კონკრეტული ადგილი  სპეციალურად  შეარჩიეს და იქ დაუდარაჯდნენ მსხვერპლს. მამუკა ჟ-ის განცხადებით, მის მეგობარს, ვალერი დ-უას, სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხა, რომელიც წაგებული ჰქონდა და უნდა ჩაებარებინა. ძარცვა მათ სწორედ თანხის მოპოვების მიზნით განიზრახეს. 

ამონაწერი მამუკა ჟ-ის  ჩვენებიდან: „ის ადგილები მეც და ვალერიმაც კარგად ვიცოდით.  ჩაბნელებული ჩიხია, თუმცა, ბევრი გამვლელი დადის – იქიდან მეორე კვარტალში გადადის მოკლე გზა. ჩვენ დანაც კი არ გვქონდა, ისე წავედით. თითქმის ნახევარი საათი ვიცდიდით და დავინახეთ მამაკაცი, რომელსაც ხელჩანთა ეკავა. სოლიდური იერი ჰქონდა, საქმიანი კაცის. ისე მივუახლოვდით და ამოვუდექით გვერდში, ვერაფერს მიხვდა. უცებ ხელით მოვქაჩეთ და იქვე, ბნელი კუთხისკენ გავათრიეთ. ცოტა გაგვიძალიანდა, მაგრამ, ვერაფერს გახდა. მე გავაკავე და პირზე ავაფარე ხელი, ვალერიმ გაჩითვა დაუწყო. ჯერ საფულე ამოვაცალეთ, მერე დავინახეთ, რომ ხელზე ოქროს ბეჭედი ეკეთა, ვერცხლის ცეპიც ჩამოვგლიჯეთ ყელიდან. უცებ მივხვდი, რომ კაცი ცუდად გახდა – ხელებს კი აღარ ვუჭერდი, თვითონ ჩამომეკიდა.  ჩემს ხელებში გახდა ცუდად და, როგორც კი ხელი გავუშვი, ძირს დავარდა, მაგრამ, ვერ მივხვდი, რომ თურმე მაშინვე გარდაიცვალა. ჩვენ ხელჩანთაც წავართვით და გავიქეცით.  მეორე კვარტალში გავხსენით ხელჩანთა, რომელშიც საბუღალტრო საბუთები ეწყო. საფულეში პირადობის მოწმობა და 300 ლარი იყო. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მობილური დავკარგე. მეორე დღეს წავედი შემთხვევის ადგილის სიახლოვეს. არც კი ვიცოდით, რომ ის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. პოლიცია ტელეფონის ძებნაში დამადგა თავზე და დამაკავა.”

 გამოძიებისთვის ცნობილი გახდა და დადგინდა მამუკა ჟ-ის  ნათესაური კავშირი ომარ ლ-შვილის ყოფილ ბიზნესპარტნიორთან, მერაბ ბ-ძესთან, რომელთანაც გარდაცვლილს საერთო საბანკო კრედიტთან დაკავშირებული პრობლემების გამო ურთიერთობა აღარ ჰქონდა. მამუკა ჟ-ი მერაბ ბ-ძის ბიძაშვილის შვილი იყო. ამ ინფორმაციის დამუშავების  შემდეგ, გაჩნდა ვერსია, რომ ძარცვა შემთხვევით არ მომხდარა. გარდაცვლილის მეუღლის ჩვენების მიხედვით, მერაბ ბ-ძე მის ქმარს ბინის დაკარგვაში ადანაშაულებდა, რომლითაც საერთო ვალის გადახდა მოხდა და, შესაბამისად, ომარ ლ-შვილის მეუღლის აზრით, მერაბ ბ-ძემ ყოფილ ბიზნესპარტნიორზე ხუთი წლის შემდეგ  იძია შური და ყოფილი პარტნიორის მოკვლა დაავალა თავის ნათესავს, რომელსაც კრიმინალური საქმიანობის გამოცდილება უკვე ჰქონდა. გარდაცვლილის მეუღლე და შვილი სასამართლო პროცესზეც მოითხოვდნენ ბრალდებული მამუკა ჟ-ისთვის  წაყენებული სისხლის სამართლის მუხლის შეცვლას და აცხადებდნენ, რომ ომარ ლ-შვილი არა შემთხვევითი ძარცვის, არამედ, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა და ყოფილი საქმიანი პარტნიორის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვდნენ. გამოძიებამ ვერ დაადგინა დანაშაულებრივი კავშირი მერაბ ბ-ძესა და ბრალდებულებს შორის. მერაბ ბ-ძე დაიკითხა სასამართლო პროცესზეც და, მისი ჩვენებისა და მოპოვებული მტკიცებულებებით, ბიძაშვილის შვილთან, რომელიც განსასჯელის სკამზე იჯდა, მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა, უფრო მეტიც, ის წლების განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. სასამართლომ მამუკა ჟ-ი და ვალერი დ-უა გაასამართლა გამოძიების დროს წაყენებული ბრალდებით და მათ 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

 

скачать dle 11.3