კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ის ქართველი ბოროტმოქმედი, რომელიც ყველაზე საშიშ საბჭოთა დამნაშავეთა ოცეულშია შეყვანილი და ვისაც დღემდე წითელი ცირკულარით ეძებენ

გასული საუკუნის სამოცი-სამოცდაათიანი წლების მიჯნაზე, საბჭოთა კავშირში მოქმედებდა კარგად ორგანიზებული, ბანდიტური დაჯგუფება, რომელსაც თემურ ჩიკვაიძე მეთაურობდა. ამ ბანდის საქმიანობამ დიდი თავსატეხი გაუჩინა საუკეთესო საბჭოთა მაძებრებს და ბოროტმოქმედებზე გასვლა კარგა ხანს არ ხერხდებოდა. მისი მეთაური კი დღემდე ძებნილია და ყველაზე საშიშ, მოუხელთებელ საბჭოთა კრიმინალთა ოცეულშია შესული...

უპრეცედენტო ძარცვა

1968 წლის 10 აგვისტოს, როდესაც თბილისი-სოჭის მატარებელი საბჭოთა შავიზღვისპირეთის „მარგალიტში“ ჩავიდა, ექვსი ვაგონის 150-მა მგზავრმა აღმოაჩინა, რომ გაძარცვულები იყვნენ... მათ გასტაცეს ფული და ძვირფასი სამკაულები, ძირითადად – ოქროს ბეჭდები და ძეწკვები. საოცარი კი ის იყო, რომ გაძარცვულთაგან არავის არაფერი გაუგია.

იმავე დღეს, 12 საათსა და 45 წუთზე ქალაქ სოჭის მილიციის სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოქალაქეთა მასობრივი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ძარცვის მუხლით. საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებდა, რომელსაც მილიციის მაიორი ნოდარ ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ ბოროტმოქმედებმა ამ საქმეში უცნობი წარმოშობისა და ფორმის დასაძინებელი ნივთიერება გამოიყენეს. მათ ჯერ მატარებლის ოთხი ოპერმუშაკი დააძინეს, რომლებიც შემადგენლობას თბილისიდან სოჭში აცილებდნენ. შემდეგ კი მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 ვაგონების გამცილებლები და მგზავრები დააძინეს, ისარგებლეს გამცილებლის გასაღებით, კუპეები გარედან გააღეს და მგზავრების კუპეებში შეაღწიეს. გატაცებულმა თანხამ 183 ათასი საბჭოთა მანეთი შეადგინა, ძვირფასეულობის ღირებულებამ კი – მილიონ მანეთზე მეტი. ეს დანაშაული უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბურობით, ორგანიზებულობითა და თავხედობის დონით.

ნაკაშიძე და მისი ხელქვეითები ოთხი დღის განმავლობაში ჰკითხავდნენ დაზარალებულებს. ჩატარდა ოდოროლოგიური (სუნის), ტრასოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზები და დადგინდა, რომ ხალხი უცნობი წარმოშობის გაზით დააძინეს. გაირკვა ისიც, რომ ეს გაზი მხოლოდ დასაძინებელი იყო და არანაირ პათოლოგიურ გართულებას არ წარმოშობდა, ანუ ჯანმრთელობას არ ვნებდა და 8-10 საათის განმავლობაში იყო აქტიური. მხოლოდ გამცილებელ კლავდია ბოგდანოვას ახსოვდა ბუნდოვნად, რომ მას ცხვირში რაღაც სითხის წვეთები შეასხურეს იმ დროს, როცა სადგურ გორიდან გავიდნენ და თავის კუპეში ბრუნდებოდა. ჩვენებათა ანალიზმა და ორმა საგამოძიებო ექსპერტმა დაახლოებით ასეთი სურათი აჩვენა: გორიდან სოჭამდე მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 ვაგონების გამცილებლებს თავიანთ კუპეებში ეძინათ, რადგან არც ერთ სადგურზე არ გამოსულან. როდესაც ნაკაშიძემ მათ კოლეგებს ჰკითხა: ეს გარემოება საეჭვოდ არ მოგეჩვენათო? ასე უპასუხეს: „ზემოაღნიშნული კუპირებული ვაგონები პრესტიჟულად ითვლება. ისინი თბილისშივე ივსება და სხვა სადგურებში იქ არავინ ადის. ამიტომ, გამცილებლებს გორის შემდეგ სძინავთ“. გაირკვა ისიც, რომ მორიგე მილიციელებიც მთელი ღამე ან სვამდნენ, ან გამცილებელ ქალებთან ატარებდნენ დროს და მხოლოდ რაიმე შემთხვევის, ან მგზავრებს შორის კონფლიქტის დროს გამოდიოდნენ კუპეებიდან.

– სრული ბარდაგია რკინიგზაზე, – უთხრა ხელქვეითებს ნაკაშიძემ, როდესაც დანაშაულის სურათს ადგენდნენ, – ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ათი ბოროტმოქმედი რვა-ათი საათის განმავლობაში ყოვლად დაუსჯელად მოქმედებდა რკინიგზის გორი-ადლერის მონაკვეთზე და ისე აორთქლდნენ, მცირე კვალიც კი არ დაგვიტოვეს. მოქმედებდა კარგად ორგანიზებული ჯგუფი. ამას კი არავინ გვაპატიებს და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ბოროტმოქმედები უნდა ვიპოვოთ.

ნაკაშიძემ თითქმის ერთი-ერთში აღადგინა დანაშაულის სურათი და ორ რამეში შეცდა. ბროტმოქმედებმა არა თანმიმდევრულად, არამედ ერთბაშად დააძინეს მილიციელები და გამცილებლები და ასევე, ერთდროულად გაძარცვეს ექვსივე ვაგონი. ბანდა კი თორმეტი კაცისგან შედგებოდა და ისინი მართლაც ადლერში ჩავიდნენ. სოჭში, ორ-ორად, კერძო ტაქსებით გაემგზავრნენ. 

მატარებლის ძარცვამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და სხვადასხვა ხმა  გავრცელდა. საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრმა კი ბოროტმოქმედების სასწრაფოდ დაპატიმრების ბრძანება გასცა და მთელი მილიცია ფეხზე დადგა.

შემნახველი სალაროს დირექტორი

იმ დროს, როცა საუკეთესო საბჭოთა დეტექტივები მატარებლის მძარცველებს ცნობილ დამნაშავეთა შორის ეძებდნენ, ნამდვილი ბოროტმოქმედები თბილისში იმყოფებოდნენ და ახალ, მსხვილ საქმეს ამზადებდნენ. მათი მეთაური კი, 34 წლის თემურ ჩიკვაიძე თავისსავე თანამზრახველებისგან მალულად, სულ სხვა რამეს გეგმავდა.

34 წლის თემურ ჩიკვაიძე უცოლშვილო იყო, პროფესიით ქიმიკოსი და ერთ-ერთ ლაბორატორიაში რიგით თანამშრომლად მუშაობდა. სწორედ მისი შექმნილი იყო დასაძინებელი სითხე, რომლის მეშვეობითაც მატარებლის ძარცვა განხორციელდა. ეს ნივთიერება მან პულვერიზატორებში ჩაასხა და სწორედ ამ სახით გამოიყენეს ძარცვის დროს. დანარჩენი თერთმეტი ბოროტმოქმედიც თბილისელები იყვნენ, ჩიკვაიძის თანამშრომლები და ახლო მეგობრები. მარტოხელა ქიმიკოსმა, რომელსაც ადამიანთა დარწმუნებისა და მათზე ზემოქმედების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, მათ დანაშაულის დეტალური გეგმა წარუდგინა და მათთან ერთადვე მოახდინა ამ გეგმის რეალიზაცია. ძარცვის შემდეგ, თითქმის სამი წლის განმავლობაში, ბანდა „ფსკერზე იწვა“. ნაძარცვი ფული, თხუთმეტი კილოგრამი ოქრო და ძვირფასეულობა კი, ჩიკვაიძის ბინის სამალავში ინახებოდა.

1971 წლის 28 აპრილს, მოსკოვის ¹37-ე შემნახველი სალაროდან, რვა მამაკაცმა რვა ტომარა ფული გამოიტანა, რომლებიც „რაფის“ მიკროავტობუსში ჩატვირთეს და წაიღეს. თითოეულ ტომარაში 312 ათას ხუთასი მანეთი იყო და საერთო თანხა 2 მილიონ 500 ათას მანეთს შეადგენდა. ფული მამაკაცებს, სალაროს დირექტორმა იური ვაშალომიძემ გაატანა. ერთი საათის მერე კი, თავადაც წავიდა და ერთ-ერთ, მოსკოვთან ახლომდებარე აგარაგზე გაემგზავრა.  ცარიელ კოტეჯში თავისი ვაჟი, ნოდარ ვაშალომიძე აღმოაჩინა, რომელსაც ეძინა.

იური ვაშალომიძემ ჯერ შვილი გააღვიძა, შემდეგ კი მასთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა, „მურში“ მივიდა და მორიგე კაპიტან დიმიტრი სარანცევს უთხრა:

– ამხანაგო კაპიტანო, სამი დღის წინ ჩემთვის უცნობმა ჩემმა თანამემამულე ბოროტმოქმედებმა ერთადერთი შვილი მომტაცეს და მისი მოკვლის მუქარით, მაიძულეს, რომ ჩემდამი რწმუნებული სალაროდან ორმილიონ-ნახევარი მანეთი გამეტანებინა. ფული სამი საათის წინ გავატანე.

ვაშალომიძე საგულდაგულოდ დაკითხეს და საკანში ჩასვეს. ოპერატიულმა ჯგუფმა კი ბოროტმოქმედების ძებნა დაიწყო. პარალელურად, გადაკეტეს მოსკოვის შესასვლელ-გასასვლელები. მაგრამ, უკვე გვიან იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თემურ ჩიკვაიძემ, ფული – ორმილიონნახევარი მანეთი, გამომძიებლისთვის დღემდე უცნობი გზითა და საშუალებით, სავარაუდოდ, მოსკოვიდან გაიტანა. ერთ-ერთ მოსკოვურ ბინაში კი ოპერმუშაკებმა თერთმეტი დაძინებული ბოროტმოქმედი აღმოაჩინა. ისინი „მურში“ დაკითხეს და მათ მატარებლის ძარცვა, შემნახველი სალაროს საქმე და ადამიანის გატაცებაც აღიარეს. თემურ ჩიკვაიძეზე ძებნა გამოცხადდა, მაგრამ ვერსად აღმოაჩინეს. მილიცია, მოგვიანებით კი „კაგებე“, ვარაუდობდა, რომ ჩიკვაიძემ ან მაშინვე მოახერხა საბჭოთა კავშირის დატოვება და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულისა და ძვირფასეულობის გატანა, რისთვისაც წინასწარ მოამზადა ყველაფერი, ან პლასტიკური ოპერაციით გარეგნობა შეიცვალა და დიდი ხნით „ფსკერზე“ დაწვა.

„შემსალაროს“ დირექტორს და თერთმეტ ბოროტმოქმედს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩიკვაიძე კი დღემდე ძებნილთა სიაშია და ყველაზე საშიშ საბჭოთა ბოროტმოქმედთა ოცეულში შედის.

 

скачать dle 11.3