კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა დიანა ქვარიანმა ქალის ცოტათი გაშიშვლება და როგორ გახდა თბილისში, პირველივე ჩვენების შემდეგ, მისი სამოსი მოდური და პოპულარული

ნიჭიერი დიზაინერი დიანა ქვარიანი დაახლოებით ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და თავისი ფერადი, ხარისხიანი ქსოვილით შეკერილი ორიგინალური სამოსით, უკვე შეძლო ქართველი მოდის მოყვარულების მოხიბვლა. მისი ორივე ჩვენება, ჯერ გაზაფხულზე თბილისში, სულ ახლახან კი – ბათუმში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მეორე დღეს თბილისიც და ბათუმიც მის ულამაზეს კოლექციებზე ლაპარაკობდა. თეთრი ქვიშა, მეთევზის ბადე, მეზღვაურის სამოსი, თევზის ფარფლები, ოკეანე,  ზღვა, მალდივები – ეს ყველაფერი დიანას მიერ ბათუმში წარმოდგენილი კოლექციის ინსპირაცია გახდა. მის საზღვაო სამოსში გამოწყობილი ქალი კი ძალიან ლამაზი, სექსუალური და ყველასგან განსხვავებული... 

 

დიანა ქვარიანი: მთელი ზაფხულის განმავლობაში იმდენად გამიგრძელდა მუშაობა, რომ ვერსად წავედი. თან, ჩვენება დაიგეგმა და მისი გაცდენა არ მინდოდა. შესაბამისად, თბილისში დავრჩი და უკვე ვმუშაობ ახალ კოლექციაზე. ენერგიაც მყოფნის, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, ამით ვცხოვრობ და არ მეზარება მუშაობა. თავიდან ვფიქრობდი: როგორ გავაკეთებ მე ამ ყველაფერს მარტო-მეთქი?! მაგრამ, ახლა უკვე შევეგუე: ვიცი, რა როგორ უნდა გავაკეთო. თუმცა, სადმე რომ მივდივარ, ვნერვიულობ: რატომ მივდივარ დასასვენებლად, რას გააკეთებს ხალხი უჩემოდ.  

– დიდი ხანი არ არის, რაც საკუთარი მოდის სახლი გახსენი, მაგრამ ბრენდს – „დიანა ქვარიანი“ უკვე ყველა იცნობს და ქუჩაშიც დამინახავს შენს სამოსში გამოწყობილი არაერთი ადამიანი. 

– ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა განათლებამ და გამოცდილებამ. ბევრი რამ ვისწავლე რომში სამი წლის განმავლობაში – როგორ დამეწყო ფეშენ-დიზაინის სფეროში ბიზნესი, გაყიდვები. რომის შემდეგ დიდი გამოცდილება მივიღე მოსკოვში, სადაც სხვადასხვა დიზაინერთან ვმუშაობდი. ვნახე პროცესი, როგორ იქმნება კოლექცია, ხალხი წინასწარ როგორ აკეთებს იმის გათვლას, გაიყიდება თუ არა. ორი წლის განმავლობაში ამას ვუყურებდი და ვსწავლობდი. ეს იყო დიდი პრაქტიკა. ახლა უკვე საკუთარი გამოცდილებით კიდევ უფრო მეტი ვისწავლე. ერთი წელი ხომ ვითომ არაფერია, არადა საკმაოდ დიდი დროა. ქართული ბაზარი ჩემთვის უცხო იყო. რადგან თბილისი იყო, ამიტომ ძალით შევკერე 5 შავი კაბა. არც ერთი არ გაიყიდა და დავმალე, დღემდე საწყობში კიდია.. ჩემი მხრიდან დიდი რისკი იყო ჭრელი ტანსაცმლის გამოფენა, მეგონა, იტყოდნენ: როგორი ფერადია – ვფიქრობდი, მაღაზიას 2-3 თვეში დავკეტავდი. მაგრამ, რისკმა გაამართლა. ზამთარში ისეთ ფერად კაბებს ვყიდდი, მეც კი მიკვირდა. ყველაზე მეტად, იცი, რა მომეწონა საქართველოში – ძალიან გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობს. მილანი ხომ მოდის ქალაქად მიიჩნევა, მაგრამ იქ იმდენი ლამაზი, მოვლილი და მოდურად ჩაცმული გოგონა არ დადის, რამდენიც საქართველოში. ქართველ გოგონებს იმდენად საინტერესო სტილი, შიკი აქვთ და ეს ძალიან მეხმარება, დიდი სტიმულია ჩემთვის. როდესაც კოლექციას ქმნი და მხოლოდ კომერციაზე ფიქრობ, ვერ იქნები დიზაინერი, ვერ შექმნი ორიგინალურ რაღაცას. თუ მხოლოდ შემოქმედებაზე იფიქრებ, გააკეთებ იმას, რაც გინდა – ესეც არ შეიძლება. კონცეპტუალური მოდა ძალიან მომწონს, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ, რადგან მე მსიამოვნებს, როდესაც ხალხი ყიდულობს ჩემს სამოსს. ქუჩაში უკვე იმდენს აცვია... ძალიან მიხარია. 

– რამდენად საინტერესო იყო შენთვის სხვა დიზაინერთან მუშაობა? 

– ძალიან საინტერესო იყო. ერთი იდეა მაქვს, რომელიც მინდა, მივაწოდო სამხატვრო აკადემიას. კონკურსის ჩატარება მინდა, სადაც აკადემიის სტუდენტების სამ-ოთხ სადიპლომო ნამუშევარს ამოვარჩევ. შემდეგ ისინი შექმნიან კოლექციებს, რომლებიც ჩემთან, მაღაზიაში გაიყიდება მათი სახელით. ჩემი ერთ-ერთი დიდი წარმატება იყო ის, რომ მომეცა საშუალება, რომის შემდეგ მოსკოვში წავსულიყავი და გამოცდილ დიზაინერებთან ერთად მემუშავა. ასეთი იყო ცნობილი დიზაინერი მაშა ციგალი – ცოტა არასტანდარტული, უფრო ბოჰემური. მეორე დიზაინერი გახლდათ კირა პლასტინინა. მას აქვს ძალიან დიდი ბრენდი, 50 მაღაზია და ეს ჩემთვის უფრო კომერცია იყო. მან გააკეთა ახალი ხაზი „ცუმისთვის“, რომელიც ძალიან პრესტიჟულია და იქ ყველაფერი ძვირადღირებულია. როდესაც „ცუმის” კოლექციაზე დაიწყეს მუშაობა, მათთან ოფისში დიზაინერად ვმუშაობდი. ცალკე გამოცხადდა კონკურსი. მე მოვეწონე და დავიწყე მუშაობა. თუმცა, ამას გარდა, კიდევ სხვა რაღაცეებზეც ვმუშაობდი – პრინტებს ვხატავდი, ქაღალდის ეტიკეტებს ვაკეთებდი. მოკლედ, საკმაოდ ბევრი საქმე მქონდა. იმდენად მინდოდა ტანსაცმლის შექმნა, რომ რეალურად, ყველაფერს ვაკეთებდი. თუმცა, შეზღუდული ვიყავი, რადგან სხვა დიზაინერისთვის ვქმნიდი, რაც ნორმალურია. უბრალოდ, მის სტილს ვხედავდი და მერე ჩემებურად ვარგებდი. დიზაინერობის ყველა მსურველი პირველ კურსზე პირველივე ლექციაზე დიდი ამბიციებითაა. მეც ასე ვიყავი, ვფიქრობდი, ოტ-კუტიურს შევქმნიდი, მაგრამ, რომ სწავლობ, მერე რეალობას კარგად ხედავ. კარგია, თუ ამ რეალობას ერგები, ხვდები, რომ ამბიცია, ცხვირის აწევა ამ სფეროში ცუდია. შეგიძლია, ჩვეულებრივი, კარგი სამოსი შექმნა და გაუღიმო ყველას, რადგან არავისგან არაფრით განსხვავდები. 

– ახლახან ბათუმში  გქონდა ჩვენება, სადაც შენი ახალი საზღვაო კოლექცია წარადგინე, რომელიც ძალიან ლამაზია – ყველაფრის ჩაცმა მოუნდება ადამიანს... ამიტომაც, ისევე როგორც პირველმა ჩვენებამ, მეორემაც, ანუ უკვე საზღვაო კოლექციაში გამოწყობილმა  „დენდმა“, დიდი მოწონება დაიმსახურა. 

– ჩემს „დენდს“ ძალიან ვუფრთხილდები და იმისთვის, რომ კარგი გამოსულიყო, მასში ძალიან ბევრი რამ ჩავდე. პირველად განსაკუთრებით ვინერვიულე, რადგან ეს უფრო გაცნობის მომენტი იყო. მზად ვიყავი იმისთვის, რომ ვიღაც ცუდს იტყოდა ან კარგს. მაგრამ, ჩემთვის მთავარი ის იყო, როგორ გაიყიდებოდა. მაინც ეს არის წარმატება და არა ის, ვინ რას იტყვის. თუმცა 100 პროცენტით კარგი დაწერეს ჟურნალისტებმა და პლუს, გაყიდვების რაოდენობამ მაჩვენა, რომ კოლექცია კარგი იყო. რაც შეეხება ბათუმის ჩვენებას, ეს იყო „რესორტ“. ძალიან მინდოდა ამ კოლექციის შექმნა. იმდენად მიყვარს ზაფხული, ზღვა, რომ ეს კიდევ ცალკე შთაგონებაა. მეზღვაურის ბადე, თეთრი ქვიშა... მალდივებზე ვიყავი და დღემდე მაქვს თეთრი ქვიშა შენახული, თევზის ფარფლები, მეზღვაურის ფორმა – ამ ყველაფერს მაგონებდა კოლექციის ყველა ქსოვილი, რომელიც შემდეგ გადმოვიტანე სამოსში. წარმოვიდგინე გოგონა, რომელიც ზღვაზე, კარგ კურორტზეა. ის დილით გამოდის სანაპიროზე, რომ გაირუჯოს და იცვამს საცურაოო კოსტიუმს, შემდეგ მიდის კოქტეილის დასალევად და ზემოდან უნდა შემოიცვას რამე, ცოტა „სვეცკი“ და ესეც აქვს. შემდეგ, დღის განმავლობაში, მეგობრებთან ერთად მიდის კაფეში და შეუძლია, მისთვის შექმნილი გარდერობიდან აირჩიოს ბევრი რამ, თუნდაც კაბა მაქმანით, რომელიც  საცურაო კოსტიუმზეც იცმევა და ცალკეც. საღამოს ან ღამე, კლუბში წასასვლელადაც ხომ უნდა რაიმეს ჩაცმა, ამისთვისაც აქვს სამოსი. ანუ, მისთვის მთელი დღის გარდერობი შევქმენი. გარდა ამისა, თხელი აბრეშუმის პალტოები გავაკეთე, რომელიც შეგიძლია, საღამოს სიგრილეში ჩაიცვა. ბათუმში „ავთანდილის“ ჩვენებაზე სიგრილე იყო, ჩავიცვი და მივხვდი, რომ ძალიან კარგი რამეა ზღვაზე, ზაფხულში, სიგრილეში. ფეხსაცმელიც სპორტულია, თუმცა ისეთი ცხვირი გავუკეთე, რომ იმავდროულად ქალურიც ყოფილიყო. 

– ის, ვინც ამ სამოსს ჩაიცვამს, ნამდვილად არ დარჩება უყურადღებოდ. 

– ცოტა გამოვაჩინე ქალის სხეული, ცოტათი გავაშიშვლე, რადგან მაინც ზღვაა. მე არ მიყვარს მოკლე კაბები, დეკოლტე, ქალი – ტიტველი, ჩამცული უფრო მომწონს. მაგრამ ზაფხულს უხდება: ფეხების გამოჩენა, მკერდის, თან როცა გარუჯული ხარ. რეტრო, 50-60-70-იანი წლები მიყვარს ძალიან და ეს ემჩნევა ჩემს კოლექციას, განსაკუთრებით საცურაო კოსტიუმებს. 80-90-იანი წლების საცურაო კოსტიუმები არ მომწონს, ამიტომ უფრო რეტროს სტილის გავაკეთე: მაღალი წელით, ლიფი-კორსეტი და ქართველ გოგონებს ძალიან მოეწონათ. თავიდან მეგონა, არავის მოეწონებოდა, მაგრამ იმდენმა დამირეკა, იმდენს უნდოდა ზუსტად ეს საცურაო კოსტიუმი... ბათუმში ჩვენების მერე ბევრი მოვიდა მაღაზიაში, დამატებითი კლიენტები, რომლებიც მანამდე არ იყვნენ ჩემთან ნამყოფები, მითხრეს: ერთი სული გვქონდა, როდის ჩამოვიდოდით თბილისში, შენი მაღაზიის სანახავადო. ეს მე ძალიან მახარებს.

 

скачать dle 11.3