კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შედეგი მოჰყვა მაია კაჭკაჭიშვილის უკრაინაში ცხოვრებას და რატომ არის სიყვარული მისთვის ტანჯვა

ცოტა ხნის წინ ნუცა ბუზალაძემ „იურმალაზე“ გამარჯვება მოიპოვა და ამით მთელი საქართველო გაახარა, განსაკუთრებით სასიხარულო კი ეს ფაქტი, ბუნებრივია, მისი სიმღერის ავტორისთვის – მაია კაჭკაჭიშვილისთვის აღმოჩნდა.

ბოლო რამდენიმე წელია, ქართველი მომღერლების უმრავლესობა სწორედ მის სიმღერებს მღერის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპოზიტორი მაინც მიიჩნევს, რომ ის „გეოგრაფიული შეცდომაა” და ამერიკაში გამგზავრებას აპირებს სწავლისა და კარიერის გასაგრძელებლად. გარდა ამისა, მას საინტერესო გეგმები აქვს შვილებთან დაკავშირებით.

მის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსა და განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე მაია კაჭკაჭიშვილი „თბილისელებს“ ესაუბრა.

 

– ცოტა ხნის წინ ნუცა ბუზალაძემ „იურმალაზე“ გამარჯვება მოიპოვა. თქვენთვის, როგორც მისი სიმღერის კომპოზიტორისთვის, როგორი შეგრძნება იყო ეს?

– ეს საოცრად ამაღლებული შეგრძნებაა, რომელიც ძალიან სასიხარულოა ნებისმიერი მუსიკოსისთვის. მნიშვნელოვანია, როცა შენი ნაწარმოები ასეთ წარმატებას აღწევს და ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ ამის გამო. ამის მოლოდინი მქონდა კიდეც.

– ქართულ შოუ-ბიზნესში ძალიან ბევრი მომღერალი თქვენს სიმღერებს ასრულებს, ეს, ალბათ, დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს თქვენგან.

– რა თქმა უნდა. მე 2000 წლიდან შევუდექი თბილისში ამ საქმიანობას. მანამდე, იცით, რომ ბათუმში ვცხოვრობდი, იქ დავიბადე და გავიზარდე. უკვე თოთხმეტი წელია, ამ საქმეს ვემსახურები. მომღერლების 98 პროცენტს აქვს ჩემი არაერთი სიმღერა შესრულებული. ძირითადად, ჰიტები, თუმცა არის რაღაც სიმღერებიც, რომლებიც ჰიტები არ არის. ხდება ხოლმე ასე, მუსიკოსს ყველა სიმღერა ჰიტი ვერ გამოსდის. ასეთი მხოლოდ ჯეკსონი იყო, მაგრამ, ღმერთებზე საუბარი სხვაა. საქმიანობას, რა თქმა უნდა, აქტიურად ვაგრძელებ. ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. 

– ხომ არ გამოყოფდით ჩვენი შოუ-ბიზნესიდან მომღერლებს, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკის შესაბამისად შესრულება?

– მომღერლებზე არ ვიცი, რა გითხრათ. არ მინდა, ვინმეს ეწყინოს. საბოლოოდ, ქართველი მომღერლებით აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ. კომპოზიტორებს რაც შეეხება, აქ ჟანრს გააჩნია. კონკურენტი კოლეგა ნამდვილად არ მყავს, ისინი სხვა მუსიკას აკეთებენ, მე – სხვას.

– ქართულ შოუ-ბიზნესზე სახარბიელოს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვით, რა არის ამის მიზეზი?

– გეტყვით, რაც არის ამის მიზეზი. პირველ ყოვლისა, ეს არის ტექსტები. ჩემი აზრით, მომღერალი თვითონ უნდა წერდეს მუსიკასაც და ტექსტსაც. კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ძალიან ახლოს უნდა იყვნენ და ერთნაირად უნდა გრძნობდნენ. მარტო რიტმზე ტექსტის აწყობა არ არის საკმარისი. ტექსტის ავტორმა ბოლომდე უნდა იგრძნოს და გაითავისოს ის, რასაც კომპოზიტორი გრძნობს და ამის მიხედვით უნდა შეიქმნას მუსიკა. ასეთი შემთხვევა პირადად მე მქონია – შემიქმნია ჩემს მუსიკაზე ტექსტი. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. დანარჩენი მომღერლების პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ის, რომ ფული არ გვაქვს და პატარა ქვეყანა ვართ, გავიგეთ, მაგრამ, კიდევ არის სხვა პრობლემებიც, რომლებსაც ბოლომდე ვერ ჩავწვდი და დღემდე ძიებაში ვარ.

– ხშირად გამიგონია, რომ ქართველ მსმენელსაც ადანაშაულებენ, თითქოს მათ უხარისხო მუსიკა მოსწონთ.

– ქართველ და, საერთოდ, მსოფლიო მსმენელს ვერ გამოვყოფდი ერთმანეთისგან. თუ მსმენელს მიაწოდებ ხარისხიან პროდუქტს, ის აუცილებლად მოეწონება. მთავარია, მიაწოდო, რომ მოეწონოს. თუ არ აწვდი, მაშინ, რასაც აწვდიან, ის მოსწონთ. ზოგადად, გემოვნებიანი მუსიკა სადავოა. ყველას სხვადასხვა ჟანრი მოსწონს და ვერავის დაუმტკიცებ, რომ ის, რაც მოსწონს, უგემოვნოა. არც მე ვარ მეტრი, რომ განვსაზღვრო, რა არის გემოვნებიანი, ყველას თავისი გემოვნება აქვს. მე კი მეუბნებიან, რომ გემოვნებიანი, მუსიკა მაქვს, თუმცა, ალბათ, ამას ის ამბობს, ვინც ჩემნაირად აზროვნებს. მაგრამ, ვიღაც ასე არ ფიქრობს და საბოლოოდ ამაზე ვერავინ შეთანხმდება.

– ერთი პერიოდი უკრაინასა და რუსეთში აპირებდით კარიერის გაგრძელებას, შეიცვალა რამე თუ იმავეს გეგმავთ?

– დიახ, ასე იყო. ორთვე-ნახევარი უკრაინაში ვცხოვრობდი და ეს დრო ნაყოფიერი აღმოჩნდა. იქ დავწერე სიმღერები და დავტოვე საპროდიუსერო ცენტრში, სადაც ოფიციალურად გაფორმდა, რომ ეს იყო ჩემი სიმღერები, რომლებსაც ვერავინ „მომპარავდა“. მათთან კავშირი მაქვს. ის სიმღერები უკვე რეალიზებულია და ძალიან მალე გაჟღერდება. იქ გაჩერებას საჭიროება აღარ მოითხოვდა და ამიტომ წამოვედი.

– თუმცა, მაშინ ამბობდით, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში არსებული მდგომარეობის გამო, საქართველოდან წასვლას აპირებდით. ეს აზრი შეიცვალეთ?

– არა, ეს გარდაუვალია, მე აუცილებლად წავალ. ამჯერად ამერიკაში ვაპირებ წასვლას. მიუხედავად იმისა, რომ ვარ 33 წლის, ვაპირებ, ბოსტონში ჩავაბარო. პარალელურად, ვიმღერებ ბარში ან სადმე კლუბში. ელემენტარულად, თავიდან შემოსავალი რომ მქონდეს. მაქსიმუმ სამ თვეში ამერიკაში უნდა ვიყო.

–  მინდა, თქვენ მიერ განვლილი გზა გაიხსენოთ. რა იყო მთავარი სირთულე და პირველი მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც გამოყოფდით?

– მთავარი სირთულე თბილისში ჩემი ჩამოსვლის პერიოდს უკავშირდება. მაშინ არანაირი საშუალება არ იყო, რომ ამ სფეროში მოვხვედრილიყავი. ფაქტობრივად, უპატრონოდ ვიყავი. ნამცხვრებს ვაცხობდი და ვაბარებდი, რადგან სხვა საშუალება არ არსებობდა. შემდეგ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი, იქიდან ვოკალის პედაგოგად გამიშვეს „ბომბორაში“ და ჩემი კარიერა აქედან დაიწყო. პირველი წარმატება, ალბათ, მაშინ მოვიდა, როცა ნინი ბადურაშვილმა იმღერა ჩემი სიმღერები. შემდეგ კი – „ა სტუდიომ“. კიდევ ბევრი წარმატება იყო, ახლა ყველას ვერ გავიხსენებ. სირთულეებიც ბევრი შემხვდა.

– პირად ცხოვრებასაც შევეხოთ. ვიცი, რომ ულამაზესი სიყვარულის ისტორია გაკავშირებთ მომღერალ ლევან ლაზარიშვილთან.

– ლევანის გულშემატკივარი ბავშვობიდან ვიყავი, ალბათ, პირველი კლასიდან. მერე ჭორები გავრცელდა მისი დაღუპვის შესახებ და მეც ასე ვიცოდი. თბილისში რომ ჩამოვედი, ჩემმა მეგობარმა, დათო გოდერძიშვილმა, მიმიყვანა სტუდიაში. იქ დაგვხვდა ლევანი. რა თქმა უნდა, ვიცანი. მერე მოვლენები ისე განვითარდა, რომ შეყვარებულები გავხდით, შემდეგ კი დავქორწინდით. ჩემი ამბავი ზღაპრული ოცნების ახდენას ჰგავდა. ფილმივით იყო.

– თქვენს საუბარში იგრძნობა ხოლმე, რომ ეს დაშორება დროებითია და, ერთ დღესაც, ისევ ერთად იქნებით.

– აი, მაგას კონკრეტულად ვერასდროს ვიტყვი. კაცმა არ იცის, საერთოდ რა მოხდება. არ ვიცი, შეიძლება, მოხდეს, მაგრამ, ახლო მომავალში არა მგონია, მე და ლევანი ერთად ვიყოთ, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს – ის ყაზახეთში ცხოვრობს, მე ამერიკაში ვაპირებ გამგზავრებას; ორივეს ჩვენ-ჩვენი გეგმები გვაქვს. შეიძლება, რომ დავბერდებით, მერე ვიცხოვროთ ერთად (იცინის). ამ მომენტისთვის მთლიანად საქმეზე ვარ გადართული. მე პირადი ცხოვრება არ მაქვს. 

– თუმცა, ზოგი ქალი მუშაობასთან ერთად პირადი ცხოვრების აწყობასაც ახერხებს. თქვენ ერთგან აღნიშნეთ, რომ სიყვარულის გეშინიათ, ეს ხომ არ არის ამ ყველაფრის მიზეზი?

– დიახ. ჩემი აზრით, სიყვარული ტანჯავს ადამიანს. მე გადავწყვიტე და მინდა, რომ არავინ არ მიყვარდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ, რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ძალიან რთულად ვიტან ამ ყველაფერს. ჩემთვის სიყვარული ტანჯვაა და არ მინდა ის, მინდა, რომ კარგად ვიყო. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ ავირიდო თავიდან. შეიძლება ითქვას, დიდი ფარი მიჭირავს ხელში და, ვცდილობ, აღარავინ შევიყვარო.

– ამ გულისტკენის მიუხედავად, ორი არაჩვეულებრივი შვილი გყავთ. არ გსაყვედურობენ, რომ საქმის გამო მათთვის ძალიან ცოტა დრო გრჩებათ?

– რა თქმა უნდა. ზუსტად ვიცი, დრო რომ გავა, ამას მე ძალიან ვინანებ. მაგრამ, არ შემიძლია, რაღაც მოჩვენებით გავაკეთო, ამიტომ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. იმედი მაქვს, გამიგებენ შვილები, რადგან ისინიც მუსიკოსები არიან და, ჩემხელები რომ გახდებიან, მიხვდებიან ჩემს დამოკიდებულებას საქმის მიმართ. დარწმუნებული ვარ, თვითონაც ასე იქნებიან. მეზობლები და ნათესავები კი ვერ გამიგებენ. მოუცლელობის გამო, გასვენებებშიც კი ვერ დავდივარ და გამოდის, რომ მე ვარ ცუდი ნათესავი. მათ ჩემი არ ესმით. მადლობა ღმერთს, ჩემი შვილები ხელოვანები არიან და ისინი ზუსტად გაიგებენ, რა მიტრიალებდა თავში.

– კონკრეტული გეგმები ხომ არ გაქვთ შვილების მომავალთან დაკავშირებით?

– არ მინდა,  ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ, ჩემი შვილები  ნამდვილად არიან არაამქვეყნიური ნიჭის პატრონები. მე რომ მათ სიმღერას ვუსმენ, ისე მღერიან, ცოტა მეშინია. იმდენად მაგრები არიან, რომ, მგონია, მე ეს არ დავიმსახურე. თუმცა, ფაქტია, რომ დამიმსახურებია. ჯერ კიდევ კვლევაში ვარ, ეს ბავშვები ნორმალურები არიან თუ არა.

მერაბ სანოძეს უნდა, რომ ტყუპებს ალბომი გაუკეთოს. მეც, უკვე 15 წელია, „სანო სტუდიაში” ვმუშაობ. სანო ერთ-ერთის ნათლიაა, მაგრამ, უნდა, რომ ჩვეულებრივი მომღერლებივით აიყვანოს და მათი პროდიუსერი გახდეს. ეს სექტემბრისთვის იგეგმება. როცა მზად იქნება, ალბომს აუცილებლად წავიღებ ამერიკაში და ყველა სერიოზულ სტუდიაში მივიტან. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ამათი წაყვანაც მომიწევს.

ერთი სიტყვით, მე ვარ გეოგრაფიული შეცდომა. მე მიყვარს საქართველო, მაგრამ,  რასაც ვწერ, ის მუსიკა აქ შეცდომაა. ამიტომ უნდა წავიდე იქ, სადაც არ იქნება შეცდომა. 

– ერთ-ერთ პოსტში წყენას გამოთქვამთ იმის გამო, რომ დახმარება მხოლოდ თქვენგან უნდათ, როცა თქვენც იგივე გჭირდებათ, გაიოცებენ ხოლმე.

– მე ისეთი ვარ, რომ მიყვარს ადამიანზე ბოლომდე თან გადაყოლა. მერე, მე რომ დამჭირვებია მათი დახმარება, ისე უკვირთ,  თითქოს მათთვის არასდროს არაფერი გამიკეთებია, არადა, ბევრისთვის ღამეებიც მითენებია. მომღერალს სიმღერას რომ დავუწერ, სულაც არ ვარ ვალდებული, თავზე დავადგე და სხვა ყველაფერიც მე გავუკეთო, მაგრამ, მე ასეთი ვარ და, სანამ სიმღერა არ მიიღებს ისეთ სახეს, როგორიც მე მინდა, მანამდე ბოლომდე ვიხარჯები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომღერლისთვის. ყველას უნდა, რომ მე ბოლომდე ვყავდე, მერე მეც რომ მინდა, ვინმე მყავდეს, ძალიან უკვირთ. იმედია, ქრისტეს ასაკში მაინც ვისწავლი ჭკუას და ცოტა სხვანაირად მოვიქცევი.

– თქვენი დიეტის შესახებ რას გვეტყვით? უკვე საგრძნობი შედეგი გაქვთ.

– დავიწყე საგრძნობად სწრაფი კლებით. როგორც წესი, ასეა ხოლმე – თავიდან სწრაფად იკლებ და შემდეგ ცოტა ჩერდები. ახლა ამ ეტაპზე ვარ, მაგრამ, ვიცი, რომ მალე დაიძვრება და, ახალი წლსითვის, ვფიქრობ, ჩემს სასურველ ფორმაში უნდა ვიყო.

– რა არის თქვენი სასურველი ფორმა?

– მინდა, რომ 67 კილო ვიყო – რატომღაც, ეს ციფრი ამოვიჩემე.

 

скачать dle 11.3