კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საქართველოში დაავადებული პირუტყვი და რატომ არ მოწმდება ძროხის რძე საშიშ ბაქტერიებზე

თვით მარკეტების შეუიარაღებელი თვალით შეთვალიერებაც კი აჩვენებს, თუ რაოდენ მოძალებულია ჩვენს ქვეყანაში გაყინული ხორცი  –  ფრინველი იქნება თუ საქონელი, შესაძლოა, სრულიად გაურკვეველი არსების და თევზეული. ამის შემხედვარეს კი შეუძლებელია, არ გაგახსენდეს, რომ მეცხოველეობა არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ისეთივე ტრადიციული სფერო იყო, როგორც მემცენარეობა. საქონლისა და ფრინველის პროდუქციის წარმოების რა პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და რა არის საჭირო ამ დარგების სრულფასოვნად ასამოქმედებლად? საკითხს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ პაატა კოღუაშვილთან ერთად განვიხილავთ. 

 

– ძალიან ხშირად, როდესაც საუბრობენ დღევანდელ ვითარებასა და პოტენციალზე, მონაცემებს ადარებენ საბჭოთა დროს, რამდენად უპრიანია ეს შედარება პირუტყვთან მიმართებაში?

– არ არის ეს სწორი, რადგან მაშინ სხვა ვითარება იყო, პირუტყვი მაინც საზოგადოებრივ საკუთრებაში კოლმეურნეობებსა და სახელმწიფო მეურნეობებში იყო თავმოყრილი. სხვა პირობები და დამოკიდებულება იყო, ყიზლარის საძოვრებით ვსარგებლობდით და ასე შემდეგ. მაგალითად, 1940 წელს გვყავდა მილიონ 600 000-ზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი –  ფური, კამეჩი და ღორი, ცხვარი და თხა კი –  2 მილიონ 194 ათასი. 1990 წელს კი უკვე მილიონ 298 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გვყავდა, ღორში იყო ზრდა –  880 000 სული, თხისა და ცხვრის რაოდენობა კი  მილიონ 620 ათასს შეადგენდა. ამის შემდეგ დაიწყო კლება.

– რამ განაპირობა კლება?

– ქვეყანაში შეიცვალა სოციალური ფორმაცია და გადავედით კაპიტალისტურ სისტემაზე, ამას მოჰყვა მიწის რეფორმა და, შესაბამისად, საზოგადოებრივი მეურნეობების დაშლა. ყველაფერი გადანაწილდა მოსახლეობაში და მნიშვნელოვანი ნაწილი გაიყიდა ქვეყნის გარეთ. ცხოვრების კაპიტალისტური წესი უცხო იყო მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის.

– უფრო მეტ სარგებელს არ მოუტანდა ეს პირუტყვი მოსახლეობას, როდესაც კერძო საკუთრება გახდა?

– როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვი პირველად ჩამოვიდა საქართველოში გასული საუკუნის 60-ან წლებში, მაშინ ჩვენ გვყავდა მილიონ 500-ათასმდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ვასილ მჟავანაძემ ვერტმფრენით  შემოატარა მთელი საქართველო და სვანეთში იალაღებზე მოდებული ამდენი პირუტყვი რომ დაინახა ვერტმფრენიდან, ხრუშჩოვმა იკითხა, ვისიაო. როდესაც გაიგო, რომ მოსახლეობის იყო, განაცხადა, ეს ყველაფერი უნდა იყოს კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებშიო. ამან შემდგომ წლებში გამოიწვია პროდუქტიულობის დაცემა. ნიკიტა ხრუშჩოვს კოლმეურნეობა და საზოგადოებრივი მეურნეობები ეგონა ერთადერით ფორმა, რითაც საბჭოთა სოფლის მეურნეობა გადარჩებოდა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. ამიტომაც პირუტყვის სულადობა 1990 წლისთვის დავიდა მილიონ 300 ათასამდე. 1992 წელს შემცირდა მილიონ 200 000-მდე და წავიდა და წავიდა ქვემოთ ეს მაჩვენებელი. 1993 წელს მხოლოდ 900 000 გვყავდა. საბჭოთა დროს პირუტყვს მაინც სახელმწიფოს ხარჯზე ინახავდნენ და თავიდან ბოლომდე მინდობილი იყო იმაზე, რასაც მოიპარავდნენ კოლმეურნეობებიდან ან საბჭოთა მეურნეობებიდან. სტრუქტურა ასეთი იყო: საქართველოს ჰქონდა ამოცანა, რომ ერთიან საკავშირო ფონდში შეეტანა სამხრეთული კულტურები და სამაგიეროდ მიეღო ის, რაც არ ჰქონდა: ხორცი, ხორბალი, შაქარი და ასე შემდეგ. ეს მართლაც ასე კეთდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დავდეგით: ძირითადი პროდუქტები არ გვქონდა, სამხრეთულ კულტურებს კი უკვე საამორტიზაციო პერიოდი დაუდგათ და ამ კავშირების მოშლამ სერიოზული პრობლემების, ფაქტობრივად, შიმშილის წინაშე დააყენა ქვეყანა. თან, ეს მიმდინარეობდა სამოქალაქო ომის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთთან ომის ფონზე. მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროპორცია საბჭოთა დროს იყო ამგვარი: 70 პროცენტს ვაწარმოებდით მემცენარეობის პროდუქციას და 30 პროცენტს –  მეცხოველეობის. გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან მოსახლეობამ დაინახა, რომ თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება: მაწონი, რძე, ყველი, ხორცი. ვისაც 4 ძროხა ჰყავდა, ოჯახსაც ინახავდა და ქალაქში –  შვილსაც. ამიტომ 2003 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ოდენობა მილიონ 100 000-ს ასცდა, ცხვარი გვყავდა 722 ათასი. ამ მხრივ, 2003 წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაგრამ 2004-დან ისევ დაიწყო სტაგნაციის პროცესი.

– იმპორტის მოძალების და ლობირების გამო?

– ხელისუფლების იდეოლოგია იყო ასეთი. ბენდუქიძის იდეოლოგიიდან გამომდინარე, რატომ უნდა დაუჭირო მხარი გლეხს, ისე უქნია, ამოწყვეტილა და წათრეულა სადაც უნდა?! 

– საქონელი დაკლა მოსახლეობამ?

– ინტერესი დაიკარგა, მიგრაციის პროცესი დაიწყო –  ქალაქისკენ და ქვეყნის გარეთაც. 2004 წლიდან უკან-უკან წავიდა პროცესი, მაგრამ ხედავდა რა ამაში გადარჩენის საშუალებას, მოსახლეობა ცდილობდა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა გაეზარდა, მაგრამ ამასობაში ვეტერინარიის სამსახური მოისპო და ძალიან ბევრი დაავადება გაჩნდა. მხოლოდ და მხოლოდ 2012 წლისთვის გაიზარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა. როგორც გითხარით, 2012-ში გადასცდა მილიონ 100 000-სს, 2013 წელს კი უკვე გვყავდა მილიონ 229 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თუმცა ჩავარდნა გვქონდა ღორში –  191 ათასი. რაც პირადად მე დიდ ციფრად მიმაჩნია, 110 000-ზე დაეცა ღორის რაოდენობა და არ მგონია, 191 000 იყოს, ცხვარი 900 000-მდეა, აქაც ზრდაა, მაგრამ არასაკმარისი.

– სახელმწიფომ რით შეუძლია დაუჭიროს მხარი მესაქონლეობას?

– ძალიან ბევრით: განსაკუთრებით, ცხვარში, ღორში, რომლის ხორცსაც მთელი საქართველო მოიხმარს. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, ვიყოლიოთ ზამთარში 1 მილიონი სული ღორი, ზამთარში –  2 მილიონი და ნამატი გავყიდოთ. ეს შემოსავლის წყაროა და სახელმწიფო უნდა ეცადოს სტიმულირებას. მეცხვარეთა კოოპერაციული გაერთიანებები უნდა შექმნას.

– მოთხოვნა არის ისევ ცხვარზე?

– დიახ, ჩვენი ცხვრის ხორცი ძალიან წვნიანია, ჯანსაღი ბალახით იკვებება, არაბული სამყარო და ახლო აღმოსავლეთი ხრიოკია, კაქტუსისა და ხმელი ბალახის მეტი არაფერია. მით უმეტეს, რომ ქართველმა კაცმა შექმნა შესაბამისი ჯიშები, ადგილობრივი პირობებისთვის გამოყვანილი. ამას ფინანსების გამოყოფა უნდა. ამ ახლად შექმნილ კოოპერატივებს სუბსიდირება სჭირდება. ძალიან ბევრი ღონისძიებაა ამაზე ერთ მასალაში ვერ ვილაპარკებთ. 

– ცხვარს ნაკლებად მოიხმარს ჩვენი მოსახლეობა, ღორისა და საქონლის ხორცი უფრო მასობრივად გამოიყენება. რამდენი სულის ყოლის პოტენციალი გვაქვს?

–  ვეტერინარიის სამსახურია ფეხზე დასაყენებელი, რომ პროფილაქტიკური მკურნალობა ჩატარდეს. ეს პირველ ეტაპზე სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს, რადგან, როდესაც ეს ყველაფერი განვითარდება, თავისით გაგრძელდება. გლეხიც სხვანაირად შეხედავს ამ საკითხს. ჰოლანდიას ძალიან საინტერესო გამოცდილება აქვს: ფერმერულ კავშირებს ხელშეკრულებები აქვს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. ის მათ უკეთებს პროექტს და ეუბნება: შენი ძროხა ამ პირობებში მოიწველის დღეში 27 ლიტრს. თუ ამ პირობებს დაიცავ, ცენტრი გარანტირებულად გაძლევს ამ პირობას და შენ გისრულდება ეს პირობა. 50 პროცენტით სამეცნიერო ცენტრს აფინანსებს სახელმწიფო და დანარჩენ 50 პროცენტს აფინანსებენ ფერმერები. ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ, დღეს რომ გახედავთ ჩვენს გადატკეპნილ საძოვრებს, მიუხედავად იმისა, რომ მილიონ რვაასი ათასი ჰექტარი გვაქვს სათიბი და სოძოვარი, სასაცილოა, ვილაპარაკოთ იმაზე, რაკი 1940 წელს გვყავდა მილიონ 600 ათასი სული პირუტყვი, ისევ იმ მაჩვენებელზე უნდა გავიდეთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გავიდეთ, მაქსიმუმ, მილიონ 300 ათას მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. გაკეთდა რამდენიმე პროგნოზი და მეცნიერები ამბობენ, 2020  წლისთვის შეიძლება, გვყავდეს მილიონ 500 ათასი. მე ეს არარეალურად მიმაჩნია და ვფიქრობ, მაქსიმალური რაოდენობა, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება, იყოს მილოინ 300 ათასი. თუ მაინცდამაინც ორიენტაცია უნდა ავიღოთ არა სულადობაზე, არამედ ფურების რაოდენობაზე და შევეცადოთ, შევინარჩუნოთ ფურების არსებული რაოდენობა, მაგრამ გვჭირდება  ხარისხიანი ფური. უნდა გავაუმჯობესოთ ჯოგის სტრუქტურა და ასე შემდეგ. პირველ ამოცანად კი უნდა გავიხადოთ წველადობის ზრდა და თუ 2020 წლისთვის, საშუალოდ, ქვეყნის მასშტაბით წველადობას ავიყვანთ 2 ტონამდე, ეს იქნება სავსებით მისაღები და რეალური შედეგი.

– დღეს ფურების რაოდენობა ადეკვატურია წველადობის?

– მეცნიერები პროგნოზით ამბობენ, ფურები უნდა გავზარდოთ 2020 წლისთვის 890 ათასის ფარგლებში, რაც არარეალურია. საქართველოს ყველაზე კარგ პერიოდშიც, 1977-1987 წლებში,  არ ჰყოლია ფურების ასეთი რაოდენობა. ჩემს მეგობრებთან ერთად გაკეთებული პროგნოზით, მაქსიმუმ, შეიძლება, გვყავდეს 650 ათასი ფური. ღორების რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ 580 ათასამდეო, მე ვფიქრობ, 2020 წლისთვის ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ფერმერებში მაღალი დაინტერესება არ შეიმჩნევა და ეს სიტუაცია მინიმუმ 2 წელს ასე გაგრძელდება. საერთოდ, თუ ფერმერებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და სტიმულირების მექანიზმი არ შეიქმნა, არაფერი გამოვა. ჯერ ერთი, საკანონმდებლო აქტები არ არსებობს და რაც არსებობს, მიმართულია ფერმერთა შევიწროებისკენ. კოოპერაციის კანონი თავიდანაა დასაწერი. დღევანდელი რეზევრებიდან გამომდინარე, როგორც მეცნიერები ამბობენ, ცხვრის რაოდენობა მილიონ 200 000-მდე შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა რეალობასთან ყველაზე ახლოს იქნება, თუ 2020 წლისთვის ერთ მილიონ ცხვრამდე გვეყოლება. ამისთვის კი ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი.

– ფრინველის საქმე როგორ გვაქვს და ამ ჩვენი ადგილობრივი წარმოებისთვის კვერცხი ჩვენია თუ შემოტანილი?

–  2009-ში 6 მილიონ 600 ათასი სული ფრინველი გვყავდა, შემდეგ ყოველ წელს გვქონდა კლება, მაგრამ 2013-ში გაიზარდა 6 მილიონ 600 ათასამდე. ამას არ შეიძლება არ მივესალმოთ. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, 2030 წლისთვის ვიყოლიოთ 15-20-25 მილიონი ფრთა ქათამი. გვაქვს შესაბამისი პირობები და ტრადიციები. ამას უნდა მიებას მეცხოველეობის საკვები ბაზა. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში კომბინირებულ საკვებს ვერ ვაწარმოებთ. შეიძლება, ვაჭამოთ მხოლოდ და მხოლოდ ქატო?!

– იონჯაც არ გვაქვს?!

– ვერ თესავენ და არ არის. იონჯას ერთი შეკვრა ღირს 6 ლარი. ჩვენ ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა დავამუშაოთ. ამას გარდა, აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ ცხვრის მატყლი, გვაქვს წელიწადში სამ-ნახევარი ტონის წარმოების პოტენციალი.

– გასაღების ბაზარი არის?

– მეცხვარეობის განვითარება წარმოუდგენელია მატყლის წარმოებისა, და, შესაბამისად, მატყლის გადამუშავების გარეშე. ეს ყველაფერი დღევანდელმა ახალგაზრდა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს: ჩვენი მატყლი მართლაც მაღალი ხარისხისაა და ტრადიციებიც გვაქვს. არადა დღევანდელი მეცხვარე ზუსტად იმ პირობებში ცხოვრობს, რა პირობებშიც ცხოვრობდა და საქმიანობდა მეცხვარე ალექსანდრე ყაზბეგი, არაფერი შეცვლილა. ამიტომ აქ მთელი პაკეტია შესამუშავებელი, რასაც ვამზადებთ მე და ჩემი მეგობრები და სექტემბრის ბოლოს დავდებთ ამ დოკუმენტს. მზად ვართ, ძალიან კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან. 

აუცილებლად უნდა ვთქვათ მეთევზეობაზე: თავის დროზე ქვეყანაში წყალსაცავების ფართობი შეადგენდა 50 000 ჰექტარს. დღეს ამდენი აღარ გვაქვს, მაგრამ გვაქვს წელიწადში 70 000-75 000 ტონა თევზის წარმოების ყველა პირობა და ჩვენ უნდა შევიყვაროთ თევზის პროდუქცია.

რაც მთავარია, ფუტკარი: 2009 წელს გვქონდა 256 000 სკა, შემდეგ ყოველწლიურად იზრდებოდა და 2013-ში უკვე 400 000-ს მიაღწია. ეს მაჩვევნებელი კიდევ უნდა გაიზარდოს, ჩვენი პროგნოზით, 2020 წლისთვის 600 000-მდე. ფუტკარი უნდა გამოვიყენოთ მეხილეობის ზონებში, იმიტომ რომ ეს დამტვერვისა და მოსავლიანობის გაზრდის არაჩვეულებრივი საშუალებაა. თან, ისეთი ბუნებრივი პირობები გვაქვს, რომ გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდებში 4-ჯერ შეგვიძლია, გადავიტანოთ ეს სკები სხვადასხვა სიმაღლეებსა და მდელოებზე, მაგრამ სხვა პრობლემებთან ერთად გვაქვს ჩეჩმების პრობლემა.

– როგორი პროზაული პრობლემაა.

– ფუტკარი აჯდება და პრობლემაც ესაა. აქაც სერიოზული პროგრამაა შესამუშავებელი. ეს ჩვენი სიმდიდრეა: თან, ორმაგი ეფექტი აქვს. თაფლის წარმოება უნდა გაიზარდოს, თუ გავაორმაგეთ და 2020 წლისთვის 10-000-12 000 ტონაზე ავედით, თავად უნდა მოვიხმაროთ. გარდა ამისა, ეს შემოსავლის ძალიან დიდი წყაროც იქნება. პლუს ვეტერინარია: გახარებული ვარ, რომ სახელმწიფომ გულთან ახლოს მიიტანა ბორჯომის, ასპინძის, ადიგენის რაიონებში არსებული ვითარება. მინდა, ვთხოვო საქართველოს მთავრობას, ასეთ საშიშ და დაავადებებით დაზიანებულ ზონებში ვეტერინარიის სამსახური დროებით შეუერთდეს ჯანდაცვის სამსახურს, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანმრთელობასთან. ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანი პრობლემაა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ავადობა. მოწველილი რძე მოწმდება იმ ბაქტერიებზე, რაც საჭიროა იმ რძიდან გარკვეული პროდუქციის მისაღებად, სხვაზე არაფერზე მოწმდება. ამიტომ ვეტერინარია ძალიან მაღალ დონეზე უნდა იქნეს აყვანილი, რადგან პერსპექტივა გვაქვს და ამ პერსპექტივას გამოყენება სჭირდება: სახელმწიფო დონეზე შემუშავებული პროგრამების სახით.

 

скачать dle 11.3