კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ექცეოდნენ მსხვერპლად შესაწირ ადამიანს ძველ საბერძნეთში

ერთ-ერთი წეს-ჩვეულება, რომელიც ათენსა და იონიის მსხვილ სავაჭრო პორტებში ძველი წელთაღრიცხვის თითქმის მეხუთე საუკუნემდე შემორჩა, იყო, ეგრეთ წოდებული ფარმაკის მსხვერპლად შეწირვის ჩვეულება. „ფარმაკი” იგივეა, რაც „განტევების ვაცი“. ფარმაკად აცხადებდნენ დაბალი წრის ადამიანს ან დამნაშავეს, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. ეპიდემიის, შიმშილობის ან სხვა განსაცდელის დროს ფარმაკი ცხადდებოდა პასუხისმგებლად თანამოქალაქეთა ყველა ცოდვაზე და მას მსხვერპლად სწირავდნენ ღმერთებს. ყველაზე ხშირად ფარმაკს ქვებს უშენდნენ, მაგრამ ამას წინ უძღოდა განსაზღვრული რიტუალი. ზოგიერთ ადგილებში მას წინასწარ კვებავდნენ ლეღვით, ქერის კვერებითა და ყველით, შემდეგ კი როზგის ქვეშ მოატარებდნენ მთელ ქალაქს, ბოლოს, შვიდჯერ ურტყამდნენ წკეპლას სასქესო ორგანოზე, კლავდნენ, წვავდნენ და ფერფლს ზღვაში მოაფრქვევდნენ. ზოგიერთ რეგიონში ფარმაკს ცოცხლად ტოვებდნენ, ოღონდ, ქვების დაშენით ატოვებინებდნენ ქალაქს. ათენში ორ ფარმაკს ირჩევდნენ – ქალსა და მამაკაცს. მათ ლეღვის ტოტების გვირგვინებით რთავდნენ და რიტუალური მსვლელობის შემდეგ აძევებდნენ ქალაქიდან.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნის მეორე ნახევარში, იმ დროს, როდესაც საბერძნეთი „ბნელი საუკუნეების“ პერიოდის შემდეგ კულტურულ აღორძინებას განიცდიდა; როდესაც ჰომეროსისა და ჰესიოდეს პოემები იქმნებოდა; როდესაც სპარტაში უკვე ლიკურგის კანონები მეფობდა, ხოლო ათენელებს საუკუნეზე ნაკლები რჩებოდათ სოლონის კანონმდებლობამდე, სპარტასა და ახლომდებარე მესენიას შორის ომი გაჩაღდა. პავსანია წერს, რომ მესენიის მეფემ, ტრადიციულად, რჩევა სთხოვა დელფოსის ორაკულს და პასუხად მიიღო, რომ ქვესკნელის დემონისთვის ქალწული ეპიტის სისხლი შეეწირათ მსხვერპლად; ხოლო, თუ ეს მსხვერპლშეწირვა არ შესრულდებოდა, მაშინ ვინმე სხვას, ოღონდ, თავის ნებით, უნდა გაეღო შესაბამისი მსხვერპლი.

ეპიტიდების სამეფო საგვარეულოდან ყველა ქალიშვილი ელოდებოდა წილისყრის შედეგს, რაც ვინმე ლიკისკის ქალიშვილს ერგო. მაგრამ, წინასწარმეტყველმა ეპებოლმა უარყო ქალიშვილის კანდიდატურა იმის გამო, რომ ის ნაშვილები იყო და არ ჰქონდა სისხლისმიერი ნათესაობა ეპიტიდებთან. სანამ საკითხი ირკვეოდა, ლიკისკმა, ყოველი შემთხვევისთვის, თავისი ქალიშვილი მოქიშპე, მტრად მოკიდებულ სპარტაში გადაიყვანა. მაშინ მესენიის სხვა მცხოვრებმა – არისტოდემ, რომელიც იმავე გვარს ეკუთვნოდა, თავისი ნებით, წილისყრის გარეშე შესთავაზა მსხვერპლად შესაწირად თავისი ქალიშვილი. მაგრამ მსხვერპლშეწირვა ახლა სხვა წინააღმდეგობას წააწყდა – ქალიშვილის საქმრომ განაცხადა, რომ ქალიშვილზე მას უფრო მეტი უფლება ჰქონდა, ვიდრე მამამისს. როდესაც ამან არ გაჭრა, მაშინ სასიძომ განაცხადა, რომ ქალიშვილი მისგან ბავშვს ელოდებოდა. შვილის უწესო საქციელით განრისხებულმა არისტოდემ მოკლა ის; მაგრამ, ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ქალიშვილი მართლაც ქალწული იყო. თუმცა, ქალიშვილის სიკვდილმა არ დააკმაყოფილა წინასწარმეტყველი ეპებოლი. მან განაცხადა. „არ არის არავითარი სარგებელი იმისგან, რომ არისტიდების ქალიშვილი მოკლულია; ის მამის მიერაა მოკლული და არა მსხვერპლად შეწირული იმ ღმერთებისთვის, ვისთვისაც პითიამ ბრძანა ამის გაკეთება. მან ახალი მსხვერპლის გაღება მოითხოვა. განრისხებულმა მოქალაქეებმა საქმროს მოკვლა მოინდომეს, თუმცა, ეს არ აკმაყოფილებდა პითიას მოთხოვნებს, მაგრამ, შემდეგ მესენიის მეფე ევფაიმ დაარწმუნა თავისი ქვეშევრდომები, რომ, რადგანაც ქალიშვილი უკვე მკვდარი იყო, ამით უკვე აღსრულდა ღმერთების ნება და, ის, რაც არისტოდემ გააკეთა მათთვის, დამაკმაყოფილებელია. ეპიტიდების გვარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეფე მართალი იყო. ყველამ, იმის შიშით, რომ წილისყრა მათ ქალიშვილზე არ შეჩერებულიყო, ერთხმად დაუკრა კვერი მეფის განცხადებას, რის შემდეგაც კრება დახურეს და ზეიმი განაგრძეს.

გარკვეული აზრით, ქალიშვილის მოკვლამ მართლაც უშველა მესენიის მცხოვრებთ სპარტასთან არსებულ ომში: სპარტელებმა, გაიგეს რა წინასწარმეტყველებისა და იმის შესახებაც, რომ მსხვერპლი იყო გაღებული, საომარი მოქმედებების გაგრძელება შეეშინდათ და ხუთი წლის განმავლობაში პელოპონესის მიწაზე მშვიდობამ დაისადგურა, თუმცა, შემდეგ ომი ისევ გაჩაღდა და მესენიის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. არისტოდეს, რომელიც იმ დროს ქვეყნის მმართველი გახდა, სიზმარში გამოეცხადა შავებით მოსილი ქალიშვილი, რომელიც მახვილით დაჭრილ თავის მკერდსა და მუცელს აჩვენებდა... მაშინ არისტოდემ საკუთარ თავსა და ჩადენილ საქმეებზე დაიწყო ფიქრი, მიხვდა, რომ სულ ტყუილად იქცა შვილის მკვლელად და, ხედავდა რა, რომ ქვეყნის გადარჩენის არავითარი იმედი აღარ რჩებოდა, მის საფლავზე თავი მოიკლა.

პლუტარქე აღწერს, თუ როგორ სწირავდა მსხვერპლს ღმერთებს ათენელი სტრატეგი თემისტოკლე მეხუთე საუკუნის დასაწყისში, ბერძენ-სპარსელთა ომის დროს, საზღვაო ბრძოლის წინ სალამინთან. ამ დროს მას მიჰგვარეს სამი სპარსელი ტყვე, გარეგნობით ძალიან ლამაზები, მდიდრულად შემოსილები და ოქროთი შემკულები. როგორც ამბობდნენ, ისინი სპარსეთის მეფის ძმისშვილები იყვნენ. პლუტარქე წერს: როდესაც ისინი წინასწარმეტყველმა დაინახა, სამსხვერპლოებიდან დიდი ნათელი ალი ავარდა და, იმავდროულად, მარჯვნივ ვიღაცამ დააცემინა, რაც, ასევე, კეთილი ნიშანი იყო. მაშინ ევფრანტიდემ ხელი გაუწოდა თემისტოკლეს და უბრძანა, მსხვერპლად გაეღოთ ახალგაზრდები და ლოცვის შემდეგ ისინი დიონისე ომესტესთვის (რომელიც უმი ხორცით იკვებებოდა) დაეკლათ – მხოლოდ ამ შემთხვევაში ეშველებოდათ და ეღირსებოდათ ელინებს გამარჯვება. თემისტოკლეს თავზარი დაეცა ამ საშინელი და შემზარავი წინასწარმეტყველებით, მაგრამ, ის მაინც  აიძულეს, ჩაეტარებინა მსხვერპლშეწირვა ისე, როგორც ეს წინასწარმეტყველმა ბრძანა.

ელინებმა მართლაც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს სალამინთან, სპარსელების წინააღმდეგ, თუმცა, ეს მოხდა თემისტოკლეს წინდახედულებითა და მისი მხედართმთავრობის წყალობით. რაც შეეხება დიონისესგან დახმარებას, სრულიად გაუგებარია, როგორ  შეეძლო ამ ღმერთს, რომელსაც არავითარი ურთიერთობა და შეხება „არ ჰქონდა” არც ომთან, არც ზღვაოსნობასთან, გავლენა მოეხდინა მოვლენების მსვლელობაზე.

 

скачать dle 11.3