კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დააპატიმრეს 11-ჯერ ქართველი ქალი და რატომ ეკრძალებათ ქალებს კანონიერი ქურდობა

1999 წლის 1 იანვარს, რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, 79 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ქურდი ქალი, ციცინო თელია გარდაიცვალა. ბოროტმოქმედთა სამყაროს ეს ლეგენდარული პიროვნება სხვადასხვა დანაშაულისთვის, თერთმეტჯერ გახლდათ ნასამართლევი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ აღიარეს კანონიერ ქურდად, რომ ქალი იყო. ქურდული კანონების თანახმად, ქალის კანონიერი ქურდობა დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, ციცინო თელია, მეტსახელად „ციცკა“, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ცნობილ ქურდებს შორის და არც გაგებითა და პროფესიონალიზმით ჩამოუვარდებოდა მათ...

პირველი „სროკი“

პირველი სამწლიანი პატიმრობა 17 წლის ციცინო თელიას 1937 წელს მიუსაჯეს. მას მერე, რაც ამ ულამაზესი გოგონას დედ-მამა ხალხის მტრებად გამოაცხადეს და დახვრიტეს, ციცინო უპატრონო ბავშვთა სახლში გაამწესეს. იქ მან სულ რაღაც სამი თვე დაჰყო და შემდეგ გაიქცა. ორკვირიანი ხეტიალის შემდეგ, მშიერ-მწყურვალი და დაუძლურებული გოგონა, თბილისის ერთ-ერთი პურის ქარხნის დირექტორმა მძინარე აღმოაჩინა თავისი სადარბაზოს კიბის ქვეშ. 41 წლის ვარლამ გულაშხია უცოლო იყო და ლამაზი, ტანწერწეტა გოგონა თვალში მოუვიდა. მან სახლში აიყვანა ის და ავახშმა. შემდეგ ბანაობა შესთავაზა და თავისი დის სამოსში გამოაწყო, რომელიც იმ დროს სოფელში იყო.

ორი დღის განმავლობაში, მასპინძელი კარგ კაცად აჩვენებდა თავს სტუმარს და ზედმეტი არაფერი უკადრებია. მესამე საღამოს კი, როდესაც გოგონა შხაპს იღებდა, სამსახურიდან დაბრუნებული, პურის ქარხნის დირექტორი სააბაზანოში შეუვარდა და გაუპატიურება მოუნდომა. გოგონა არ დაბნეულა და ოდნავადაც არ შეშინებია მოძალადის. პირიქით, მან ვარლამ გულაშხია, ჯერ სასტიკად სცემა სველი პირსახოცით, შემდეგ კი რკინის ძელზე მიაბა. მხოლოდ ამის მერე ჩაიცვა ტანთ და სანამ სახლიდან გავიდოდა, მასპინძელი პირწმინდად გაქურდა.

პურის ქარხნის დირექტორმა მილიციაში იჩივლა და ციცინო თელია ერთი თვის შემდეგ ქუთაისში დააპატიმრეს, თბილისში ჩამოიყვანეს და გაასამართლეს. როგორც არასრულწლოვანს, მხოლოდ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქალთა ციხეში გაამწესეს.

სასამართლოს დასკვნით სხდომაზე, რომელსაც დაზარალებული გულაშხიაც ესწრებოდა, ციცინომ პურის ქარხნის დირექტორს დარბაზშივე უთხრა:

– ჩემი პირველი „სროკი“ შენ ძალიან ძვირად დაგიჯდება და ჯერ კიდევ გაიგებ, თუ ვინ არის ციცინო თელია...

დედა იზა

ციცინო თელიას 18 წელი ქალთა საპყრობილეში შეუსრულდა და ¹9 საკანში ჩასვეს, სადაც განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედები იხდიდნენ სასჯელს. ოცადგილიან საკანში გამოუცდელ, ტანწერწეტა, ლამაზ გოგონას მხიარულად შეხვდნენ პატიმარი ქალები და დაჩაგვრა მოუნდომეს. თუმცა, ამაყი და დაუდგრომელი ხასიათის ციცინომ ორი რეციდივისტი ქალი თმებით ითრია. აშკარა იყო, რომ მას ამ თავხედობას არავინ აპატიებდა და მთელი საკანი მის წინააღმდეგ ამხედრდა.

– გეყოფათ „ბალამუტი“ და „კოზლები“ (უკანალი) „ნარებზე“ დაატიეთ! – უბრძანა თანასაკნელებს ოცდათხუთმეტი წლის იზოლდა გედევანიშვილმა. შემდეგ ციცინო თავისთან იხმო, ხელი მხარზე მოხვია და პატიმარ ქალებს განუცხადა:

– ვინც ამ გოგონას დაჩაგვრას მოინდომებს,  ჩემთან ექნება საქმე. აბა, ვის გსურთ ჩემთან დატაკება?

 იზოლდასთან, რომელსაც პატიმრები დიდი ავტორიტეტის გამო, დედა იზას ეძახდნენ, საქმის დაჭერა არავის უნდოდა და ახალბედა პატიმარ გოგონას თავი დაანებეს.

დედა იზა, ცნობილი ქურდის, კოტე ბახტაძის ქვრივი იყო და მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მისი მეუღლე ერთმა ბანდიტმა მოკლა. დედა იზამ კი ქმრის მკვლელს სამაგიერო გადაუხადა. სახლთან დაუდარაჯდა და ხანჯლით ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გულში. ამ დანაშაულისთვის იზოლდა გედევანიშვილს თორმეტი წელი ჰქონდა მისჯილი.

სამი წლის განმავლობაში დედა იზა შვილივით ზრდიდა და თავს ევლებოდა ციცინოს. გოგონას მან შავი სამყაროს ანა-ბანა შეასწავლა და როდესაც 21 წლის ციცინო თელია, იგივე „ციცკა“ ციხიდან გამოუშვეს, უკვე მდიდარი, თეორიული კრიმინალური ცოდნა გააჩნდა.

გამომშვიდობებისას დედა იზამ ასე დამოძღვრა შვილობილი:

– გახსოვდეს, ციცკა, რომ არც სხეულით და არც ენით არ იბოზო. წესიერ კაცს ნუ დაჩაგრავ. მოპარე იმას და გააბითურე ის, ვინც ამას იმსახურებს. შენ საკმაო ჭკუა გაქვს, რომ შავი და თეთრი გაარჩიო...

ექვსი თვის შემდეგ დედა იზა ციხეში გარდაიცვალა. ციცკა კი თავისი დედობილის შეგონებას პირნათლად ასრულებდა და მთელი თავისი კრიმინალური კარიერის განმავლობაში, ერთი წესიერი ადამიანიც კი არ გაუნაწყენებია.

ციხიდან გამოსვლიდან ორი თვის თავზე, ციცინო თელიამ ვარლამ გულაშხიას ბინა ისე გაქურდა, ნემსიც კი არ დაუტოვა. მანამდე კი ტელეფონით დაურეკა, „ჩეკაში“ დაიბარა და შემდეგ, დაქირავებულ ქურთ მუშებს, რომლებსაც უთხრა, რომ სხვა ბინაში გადადიოდა, ყველაფერი გამოაზიდვინა იქიდან....

შეუდარებელი „ნატურშიცა“

დიდი სამამულო ომის დროს, 1941-1945 წლებში, ციცინო თელია ექთნად მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში და ფრონტზე დაჭრილ მეომრებს უვლიდა. იმ ოთხი წლის განმავლობაში მას ყველაზე უმნიშვნელო დანაშაულიც კი არ ჩაუდენია და განსაცდელში მყოფ ქვეყანას გვერდში ედგა.

1945 წლის მაისში, როდესაც ომი დასრულდა, ციცინო თელია 25 წლის იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა, თავის წარსულს სამუდამოდ დამშვიდობებოდა. მას ექიმობა სურდა და საბუთებიც შეაგროვა, რომ სამედიცინო ინსტიტუტში შეეტანა. თუმცა, ბედისწერამ მორიგი განსაცდელი მოუვლინა. ტანწერწეტა ექთანი გოგონა ერთ სახელოვან მფრინავს მოეწონა და თანაცხოვრებას სთხოვდა. ციცინომ რომ შეიტყო, მფრინავი ცოლშვილიანი იყო, მას ზურგი აქცია. ამბიციურმა პოდპოლკოვნიკმა გოგონას ეს არ აპატია და საბრძოლო ორდენების ქურდობა დააბრალა. ციცინო დააკავეს და გამოძიება დაიწყო. გაირკვა ციცინოს წარსული – ყოველგვარი ფაქტის გარეშე, ის დააპატიმრეს და ხუთწლიანი ციხე მისცეს.

1947 წელს ციცინო თელიას საქმე ხელახლა განიხილეს. ცილისმწამებელი მფრინავი ღალატში იქნა დადანაშაულებული და გამომძიებელს ორდენების ვითომდა დაკარგვის ეპიზოდიც მოუყვა. ამიტომ, უდანაშაულო ციცკა გაათავისუფლეს.

გარეთ გამოსულმა, 27 წლის ახალგაზრდა ქალმა უკვე აღარ ისურვა პატიოსანი ცხოვრება და დარჩენილი სიცოცხლე კრიმინალურ საქმიანობას მიუძღვნა. მას შემდეგ ციცკა კიდევ 9-ჯერ მისცეს პასუხისგებაში და თავისი 79-წლიანი ცხოვრებიდან 19 წელი ციხეში გაატარა.

ქურდი ქალის კრიმინალური პროფესია იყო ქურდობა თაღლითობის გამოყენებით, ანუ, ციცკა ჯერ მოტყუების სხვადასხვა გზით ნდობაში შედიოდა მომავალ დაზარალებულთან, შემდეგ კი, გაქურდავდა და უჩინარდებოდა. ნდობას ციცინო თელია თავისი პირმშვენიერებითა და იდეალური ქალური აღნაგობით ახერხებდა. ციცკა „ნატურშიცად“ ასაღებდა თავს და ფულიან მამაკაცებს სახლში მიჰყვებოდა. ისინი კი, თავის მხრივ, ციცკას ატყუებდნენ და ზოგი მხატვრად, ზოგი კი მოქანდაკედ ასაღებდა თავს. ციცინო ამ „მხატვარ-მოქანდაკეებს“ ძილის წამალს უყრიდა სასმელში, აძინებდა და შემდეგ ამ „ხელოვანებს“  ფულს, ძვირფასეულობასა და ანტიკვარულ ნივთებს ჰპარავდა. საგულისხმო ფაქტია, რომ, როდესაც 1952 წელს ციცკა კვლავ დააპატიმრეს და ერთ-ერთი დაზარალებული მას მეძავობაში სდებდა ბრალს, თელიას ექსპერტიზა ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ 32 წლის, ოთხჯერ ნასამართლევი ქურდი ქალი ქალწული იყო.

მეოთხე პატიმრობიდან ციცინო თელია ერთ წელიწადში გათავისუფლდა და ცნობილ ქურდთან, სევე სოკოლოვთან რომანი გააბა. შემდეგ კი ვაჟი გააჩინა. სოკოლოვი ერთ-ერთი შეტაკების დროს მილიციამ მოკლა. ციცკა მარტო ზრდიდა შვილს და როდესაც მას იჭერდნენ, პატარა პაშკას, დედა იზას ქალიშვილი, ქეთევან ბახტაძე პატრონობდა.

ციცკა ბოლო პატიმრობიდან 1986 წელს, 66 წლის ასაკში გათავისუფლდა და კრასნოდარის მხარეში დასახლდა. სიცოცხლის ბოლომდე მას კავშირი არ გაუწყვიტია კრიმინალურ სამყაროსთან და მის სახლში ხშირად იმართებოდა ქურდული „სხოდკები“.

ციცინო თელიას შვილიშვილი ანდრო სოკოლოვი დღეს წარმატებული ბიზნესმენია და რუსეთსა და ევროპაში მოღვაწეობს...

 

скачать dle 11.3