კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის აუცილებელი ბავშვის დასჯა და როგორ უნდა მოთოკოს მშობელმა ემოციები

იმისთვის, რომ ბავშვი ნორმალურ, ჯანსაღ და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს, საჭიროა, რომ მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მისი აღზრდის პროცესს. მით უფრო პატარა ასაკში, როცა ის სამყაროს და მასში მიმდინარე პროცესებს ეცნობა და შეიმეცნებს. ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი, რომელიც თან ახლავს აღზრდის პროცესს, არის ბავშვის დასჯა.

ამ საკითხებში გასარკვევად აუცილებელია ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რისთვისაც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა ნევროლოგ-ფსიქიატრს, მედიცინის დოქტორს, ქალბატონ ციცო სირბილაძეს მივმართეთ.

– შესაძლებელია თუ არა ბავშვის აღზრდა დასჯის გარეშე?

– სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როცა მკვეთრად გამოხატული ქცევა სცილდება ასაკისთვის შესაფერის ქცევის ნორმებს, ბევრად მძიმეა და აღემატება ეგრეთ წოდებულ „ბავშვური მავნებლობის“ ან მოზარდის დაუმორჩილებლობის ფარგლებს. მსგავსი ქცევითი დარღვევები შესაძლოა, იყოს რომელიმე ფსიქიკური დაავადების სიმპტომიც. ასეთ დროს აუცილებელია, მშობელმა მიმართოს ექიმს (ფსიქიატრს), რომელიც დასვამს დიაგნოზს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გააჩნია, აქ დასჯის რა მეთოდს გულისხმობთ: ფიზიკურ დასჯას (ცემა, ხელის კვრა, ჩქმეტა და ასე შემდეგ) თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას. რა თქმა უნდა, არც ერთი არ არის მისაღები. დასჯის სხვა მრავალი მეთოდი არსებობს, რაც უფრო ეფექტურად იმოქმედებს ბავშვზე, ვიდრე ეს ორი.

– რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი მისი დასჯა?

– რა ასაკიდანაც დაიმსახურებს, ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა. ზოგჯერ ბავშვი ვერ ხვდება, რას ითხოვენ მისგან უფროსები და ამაში დამნაშავე თავად უფროსები ვართ. მთავარია, მას მისთვის გასაგებ ენაზე ავუხსნათ, რა გვინდა და რატომ ვითხოვთ ამა თუ იმ ქცევას შვილისგან. იმედია, ნორმალური განვითარების ბავშვი, რომელსაც პრობლემები არ აქვს, სრულყოფილი ახსნა-განმარტების მიღების შემთხვევაში, მეორედ იგივე კითხვას არ გაიმეორებს და დასჯაც საჭირო არ გახდება. მაგრამ, თუ კვლავ არ დაგემორჩილებათ, ამის შემდეგ შეგიძლიათ, მიმართოთ დასჯის მეთოდებს. ეს მეთოდები კი ფსიქოლოგისგან უნდა იყოს რეკომენდებული. თუ „პრობლემური“ შვილი გყავთ, აუცილებელია, ერთხელ მაინც მიიღოთ რჩევები ფსიქოლოგისგან დასჯის მეთოდების შესახებ.

– დასჯის საჭიროების შემთხვევაში, თუ აქვს დროის ფაქტორს მნიშვნელობა?

– ვთქვათ, თქვენმა შვილმა „დანაშაული“ ჩაიდინა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. არ არის მიზანშეწონილი, იქვე მისი დასჯა – არც სიტყვიერი და არც ფიზიკური, გააჩნია დანაშაულის სიმძიმეს. თუ მისი ქცევა ძალიან შემაწუხებელია, მალე გაარიდეთ იქაურობას და როცა სახლში მიიყვანთ, ჯერ ჰკითხეთ, რამ გამოიწვია მისი ასეთი ქცევა. შემდეგ გააანალიზეთ მშვიდად და აუხსენით, რა შეცდომა დაუშვა ბავშვმა, რომ შემდეგში მსგავსი რამ აღარ გაიმეოროს. არასდროს შეარცხვინოთ ბავშვი თანატოლების თანდასწრებით, არასდროს მიაყენოთ მის პიროვნებას შეურაცხყოფა. ყოველთვის გაუსვით ხაზი ბავშვის ქცევას. მაგალითად, არ უთხრათ: „რას ჰგავხარ?“, „რა ცუდი ბიჭი ან გოგო ხარ“. მიმართვისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ ბავშვის ქცევაზე, კერძოდ: „რა ცუდად გამოგივიდა“, „ძალიან ცუდად მოიქეცი“, „ასე არ უნდა გეთქვა“ ან „რა კარგად მოიქცეი“ და ასე შემდეგ. ანუ, ის, როგორც პიროვნება კი არ არის კარგი ან ცუდი, არამედ მისი ქცევა.

– რა სახის უნდა იყოს თვითონ სასჯელი?

– არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მიაყენოთ პიროვნული შეურაცხყოფა. გახსოვდეთ, რომ ბავშვები პიროვნებები არიან. მათ ისეთივე პატივისცემით უნდა მოექცეთ, როგორც ზრდასრულ ადამიანებს. მაგალითად, დავუშვათ, თქვენი შვილი არ მოიქცა სხვების თანდასწრებით სათანადოდ, არ შეგისრულათ თხოვნა, არ დაექვემდებარა თქვენს რჩევას და ასე შემდეგ. უპირველესად, გაარკვიეთ, რატომ მოიქცა ბავშვი ასე, კონკრეტულ სიტუაციაში – იქნებ ეს მისი პროტესტი იყო? შემდეგ კი ეცადეთ, მშვიდად აუხსნათ, რომ ის ცუდად მოიქცა, შეეძლო, სხვაგვარად მოქცეულიყო. საუბრისას არ უნდა აღელდეთ, თქვენი ტონი უნდა იყოს მშვიდი და გასაგები. თუ ამის შემდეგ, ის იგივეს გაიმეორებს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, დასაჯოთ. კერძოდ, არ შეუსრულოთ დანაპირები, არ გაუშვათ სათამაშოდ, არ მისცეთ ეზოში სეირნობისა და თანატოლებთან გართობის საშუალება და ასე შემდეგ. რამდენჯერაც ცუდად მოიქცევა, იმდენჯერვე ამ მეთოდებით დასაჯეთ. საბოლოოდ მიხვდება, რომ უფროსებთან დამოკიდებულება და ცუდი ქცევა უნდა შეცვალოს.

– ფიზიკურ სასჯელზე რას იტყვით?

– ფიზიკური სასჯელი არის ძალადობა ბავშვზე, არ დაგავიწყდეთ, რომ ძალადობა ახალ ძალადობას ბადებს. ასეთი ქცევით თქვენ ცუდ მაგალითს აძლევთ შვილს. ის ჩათვლის, რომ მასაც შეუძლია, სუსტი და უსუსური სხვა ადამიანი დაჩაგროს. ბოლოს და ბოლოს ხშირი ცემის შემდეგ, ეს მეთოდიც არ გაჭრის და პროტესტის გრძნობა კიდევ უფრო გამყარდება. რაც მთავარია, ბავშვი თქვენ მიმართ პატივისცემას დაკარგავს, რაც მომავალში ცუდად აისახება თქვენს ურთიერთობაზე.

– ვთქვათ და, მშობელმა მაინც დასაჯა ბავშვი ფიზიკურად, როგორ უნდა მოიქცეს ამის შემდეგ?

– სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება, რომ მშობელი წონასწორობას კარგავს და შეიძლება, სილაც გააწნას ბავშვს. მაგრამ, მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც ყველა დამშვიდდებით, შვილისთვის ბოდიშის მოხდა არ დაგავიწყდეთ. იმავდროულად, უნდა აუხსნათ, რატომ მოიქეცით ასე. ჯობია, მშობლებსა და შვილებს შორის ყველა ურთიერთობა გარკვეული იყოს, ვიდრე მიმალული და იგნორირებული. 

– ფსიქოლოგიური დასჯის სახეებზეც გვესაუბრეთ.

– კონკრეტული მზა ფორმულები ბავშვის დასჯის შესახებ არ არსებობს. მაგრამ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ დასჯის ყველაზე მარტივი მეთოდი: როცა ცუდად მოიქცევა ბავშვი, არ შეუსრულოთ ის, რაც ყველაზე ძალიან უნდა. არ დაგავიწყდეთ ახსნა, რატომ არ უსრულებთ თხოვნას.

– კონფლიქტის მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ხდება ზედმეტი თამაში, განსაკუთრებით ეს კომპიუტერულ თამაშებს ეხება. რას გვირჩევთ ამ შემთხვევისთვის?

– საკმაოდ რთული საკითხია. დღეისთვის თითქმის ყველა მშობელს ეგ პრობლემა აწუხებს. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვისთვის მშობელი უნდა იყოს ავტორიტეტი, რათა მის აკრძალვას შედეგი მოჰყვეს. ეცადეთ, შეჰპირდეთ სხვა, ალტერნატიული გასართობი, რითაც დააინტერესებთ შვილს. სასურველია, ბავშვი კომპიუტერთან იჯდეს შეზღუდული დროით, თუ ამის აუცილებლობაა. კერძოდ, გასათვალისწინებელია ბავშვი კომპიუტერით დავალებას ასრულებს, თუ თამაშით ერთობა.

– როგორ უნდა გავუჩინოთ სხვა რამისადმი მოტივაცია ისე, რომ მკაცრი სასჯელი არ დაგვჭირდეს?

– ყოველთვის აუხსენით შვილს, რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ ქცევას. გამოიყენეთ მაგალითები სხვა ადამიანების პირადი ცხოვრებიდან. ურჩიეთ ისეთი ჟანრის ფილმების ნახვა, რომელიც დაეხმარება კარგი და ცუდი ქცევის გამიჯვნაში. დააინტერესეთ რაიმე ჯილდოთი კარგი ქცევის სანაცვლოდ. თუ თავად ვერ ახერხებთ ბავშვთან მიდგომას, მიმართეთ ფსიქოლოგს რჩევისთვის.

– რამდენად კატეგორიულები უნდა ვიყოთ: უნდა ვურჩიოთ თუ უნდა ავუკრძალოთ?

– ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვის მიმართ მოთხოვნები იზრდება, ამიტომ რჩევა თუ აკრძალვა – არჩევანი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაბამისად. ერთსაც და მეორესაც, თან უნდა ახლდეს ახსნა-განმარტება მშობლის მხრიდან. კატეგორიულობა შვილის აღზრდის პროცესში არცთუ სახარბიელო მიდგომაა. ეცადეთ, შვილისთვის იყოთ კარგი, უფროსი მეგობარი, რომელსაც შეიძლება, სრულიად დაეყრდნოს მოზარდი. ნდობის მოპოვება ერთ-ერთი უპირველესია, რის შემდეგაც ურთიერთობები გამოსწორდება და მშვიდად გააგრძელებთ ცხოვრებას.

– მშობლის დამოკიდებულება: „რასაც მე ვერ მივაღწიე, შენ უნდა მიაღწიო“ და სასჯელი წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენად მიზანშეწონილია?

– არცთუ ისე იშვიათად, შეგვხვედრია ხელმოცარული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, „შეუსრულებელი მისია“ საკუთარ შვილებს მოახვიონ თავს. შვილში ისინი საკუთარი ცხოვრების განმეორებას ხედავენ. ამიტომ, აიძულებენ ბავშვს მშობლის მიერ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. ყველა შვილი როდი ეგუება მსგავს ძალდატანებას. ამიტომ, იწყება კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის. მიეცით შვილს საშუალება, თავად აირჩიოს პროფესია, მეგობრების წრე და აკეთოს ის, რაც ხელეწიფება.

– დასჯის თვალსაზრისით, დედას და მამას თუ აქვთ განსხვავებული ფუნქციები?

– აუცილებელია, მშობლები თანაბრად იყვნენ ჩართული შვილის აღზრდის პროცესში. ჯობია კონკრეტული საკითხი ბავშვის გარეშე განიხილონ და მისი დასჯის თუ წახალისების ხერხები, ერთად შეიმუშაონ. არ შეიძლება, ერთსა და იმავე საკითხზე, დედა გაუჯავრდეს და მამა მოეფეროს, ან პირიქით. 

– როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია და ერთი მეორე ჩაგრავს, ამ დროს რა ზომები უნდა მიიღოს მშობელმა?

– ეს გახლავთ სიბლინგთა კონკურენცია, როცა უფროსი ბავშვი „ეჭვიანობს“ უმცროსზე. ეცადეთ, აუხსნათ მას, რომ პატარას დახმარება და მეტი მზრუნველობა სჭირდება. დაიხმარეთ ის პატარას დაბანის, დაძინების, კვების პროცესში, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ თხოვნით (დამეხმარე პატარას ჩაცმაში) და არა ძალდატანებით. მას თავად უნდა გაუჩნდეს სურვილი.

скачать dle 11.3