კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა უნგრელი ნაცისტების ფიურერი თბილისელი სომხის შვილიშვილი და რა სადღეგრძელო დაამკვიდრა უნგრეთში მან

სამწუხაროდ,  მეორე  მსოფლიო  ომის  ისტორიაში  დღემდე უამრავი  თეთრი ლაქაა.  საქართველოში,  ალბათ,  ბევრმა  არ იცის,  რომ  უნგრელი ნაცისტების  ბელადის, ფერენც სალაშის  ბაბუა  თბილისელი სომეხი  იყო.  სალაშიზე  და  მის ბედზე გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებთა დოქტორი,  საქართველოს   მწერალთა კავშირის წევრი  ნიკა  თევზაძე.

– ბატონო  ნიკა,  როგორ აღმოჩნდა   სალაშის ბაბუა  უნგრეთში?

– სალაშის ნამდვილი გვარია  სალაშიანცი.  ბაბუამისი აშოტი – თბილისში  დაიბადა და გაიზარდა. აქ  მას პატარა დუქანი ჰქონდა.  აშოტი გაკოტრდა  და იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა. კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ, უნგრეთში, ქალაქ სეგედში დასახლდა,  სადაც  ნაყინით ვაჭრობდა.  აშოტი  უნგრელ ქალზე დაქორწინდა. ამ ქორწინების შედეგად, ქვეყანას  უნგრელი ნაცისტების მომავალი ფიურერის მამა  მოევლინა. მან, ისევე როგორც მისმა შვილმა,  სამხედრო განათლება მიიღო, თუმცა სომხური წარმოშობის  გამო, უამრავი პრობლემა შეხვდათ.

– თუ   შეიძლება,  ეს  უფრო დაწვრილებით მოგვიყევით.

– სიამოვნებით.  ფერენც სალაში,  ანუ  სალაშიანცი,  კოშიცეში (აჟამად ეს ქალაქი სლოვაკეთს ეკუთვნის)  დაიბადა.  მამა  სომეხი ჰყავდა, დედა – სლოვაკი.  ამის  გამო,   ერთგვარი კომპლექსები გამოუმუშავდა.  შესაძლოა,  თავისი როლი იმანაც ითამაშა,  რომ  თანატოლები  დაუსრულებლად დასცინოდნენ.  ფერენცი კი დაცინვას ნამდვილად არ იმსახურებდა.   კარგად სწავლობდა,  იყო სპორტსმენი (ბუდაპეშტის ჩემპიონი ცურვაში,  უნგრეთის ჩემპიონი კრივში,  ამას გარდა ტანვარჯიშსა და ფეხბურთსაც მისდევდა), ამიტომაც  დაცინვაზე  მტკივნეულად რეაგირებდა.  სამხედრო სასწავლებელში  სწავლისას,  ეს კინაღამ ტრაგედიით დასრულდა.  როცა  თანაკურსელმა  მიაძახა,  ქეციანო სომეხოო, ფერენცმა ის დუელში გამოიწვია  და მძიმედ დაჭრა.  ეს  1916  წელს  მოხდა. პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა.  კურსანტი სალაშიანციც ციხეს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ  ფრონტზე  გაგზავნეს.  აქ  მან  თავი გამოიჩინა რიგორც  მამაცმა,  ნიჭიერმა  მებრძოლმა. თუმცა, მისმა სიმამაცემ  უნგრეთი ვერ იხსნა.  ომიდან  ის ლეიტანანტის სამხრეებით დაბრუნდა,  საბჭოთა რესპუბლიკის წინააღმდეგ ვაჟკაცურად იბრძოდა.  1920 წელს  უკვე კაპიტანი გახდა.    გამარჯვებულმა ანტანტამ უნგრეთი მკაცრად დასაჯა.  ქვეყანას ჩამოაჭრეს ტერიტორიები, მისი  არმია კი დაშალეს.   ახლა უნგრეთს უფლება ჰქონდა, მხოლოდ 15 000  ჯარისკაცი ჰყოლოდა. კაპიტანი ფერენც სალაშიანცი,   როგორც ნიჭიერი ოფიცერი, არმიაში დატოვეს. თუმცა ჰორტიმ  ის რაინდების რიგებში  არ შეიყვანა.

– რაინდები?

– ეს ორგანიზაცია  1919 წელს  შეიქმნა. მასში გაერთიანდა უნგრული  არმიის ელიტა,   რომელსაც  ჰორტი ეყრდნობოდა. სალაშიანცს სულითა და გულით სურდა, რაინდების რიგებში მოხვედრა, გვარიც გადაიკეთა და სალაშად გადაიქცა.  მიუხედავად ამისა,  რაინდთა ორგანიზაციაში მაინც არ მიიღეს.  ეს მთელი ცხოვრება   ხინჯად  დარჩა. სალაში არმიაში  სამსახურს განაგრძობდა.  1929  წლისთვის, უკვე გენშტაბის მაიორი  იყო. 

– საბჭოთა  ისტორიოგრაფია  ამტკიცებდა, რომ  ჰორტის  რეჟიმი  ნაცისტური  იყო.

– ნიურნბერგის პროცესზე  ცალსახად  ითქვა,  რომ ჰორტის რეჟიმი ნაცისტური  არ იყო და ადმირალი ჰორტიც  სამხედრო დამნაშავე  არ   გახლდათ.  ჰორტი პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლეს.  ნაცისტად  ან ფაშისტად ის   მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტ ქვეყნებში შერაცხეს.

მიკლოშ  ჰორტი (სრული გვარია მიკლოშ ნადიაბანიაი დი ჰორტი) უნგრელი არისტოკრატი  გახლდათ. უნგრელთა უმრავლეოსობა კათოლიკეა, ჰორტი კი პროტესტანტულ ეკლესიას მიეკუთვნებოდა. მე-20 საუკუნის 20-40-იანი  წლები  ევროპისთვის  შოვინიზმისა და ავტორიტარიზმის ხანაა: ნაცისტური დიქტატურა გერმანიაში, ფაშიზმი იტალიაში.  რა გასაკვირია,  რომ უნგრეთში,  რომელმაც პირველ  მსოფლიო ომში მარცხი განიცადა, შოვინისტურ-ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბებულიყო.  მიუხედავად ამისა, ჰორტიმ შეინარჩუნა პარლამენტი,  ოპოზიცია,  პრესა შედარებით  თავისუფლებით სარგებლობდა. უნგრეთში არ იყო ანტისემიტიზმი, პირიქით, ებრაულ კაპიტალს ქვეყნის ეკონომიკაში წამყვანი როლი ეკავა.   სალაში  ამას მწვავედ დაუპირისპირდა.  ჰორტის რეჟიმის ალტერნატივად მას ნაციონალ-სოციალიზმი  მიაჩნდა. 

– ანუ,  ნახევრად სომეხი და ნახევრად  სლოვაკი სალაში უფრო  შოვინისტი იყო, ვიდრე  უნგრელი არისტოკრატი  ჰორტი?!

– დიახ.  ჰორტის  არ სჭირდებოდა  იმისი მტკიცება, რომ უნგრელია.  სალაში კი  მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ამის დამტკიცებას ცდილობდა.

– თქვენ აღნიშნეთ,  რომ  სალაში სამხედრო იყო.  პოლიტიკოსი როგორ გახდა?

– სალაში უნგრეთის  არმიის გენშტაბის   მაიორი იყო,  როცა იატაკქვეშა  ორგანიზაცია „ერის ნება“ ჩამოაყალიბა და გადატრიალების  მომზადებას  შეუდგა.  კონტრდაზვერვამ   სალაში დააპატიმრა.  ციხეში მან ექვსი თვე დაჰყო.  გამოძიებით მისი ბრალეულობის დამტკიცება ვერ მოხერხდა.  სალაში  გაათავისუფლეს, თუმცა მისი,  როგორც ოფიცრის კარიერა, დამთავრდა.  ამის შემდეგ,  ის პოლიტიკაში წავიდა. თავის თანამოაზრეებთან  ერთად, შექმნა პარტია „ჯვარედინი ისრები“ (უნგრულად „ნილაშპარტ“. აქედანაა  ტერმინი ნილაშისტი) და  ლეგალური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. ჰორტი,  თავდაპირველად,  ამას  ღიმილით შეხვდა,  მაგრამ  სალაშის  ორგანიზაციამ  მალე უდიდესი პოპულარობა  მოიპოვა.  ნილაშისტებმა  მიიმხრეს მუშები,  ღარიბი გლეხობა,  სტუდენტობის ნაწილი.  ჰორტიც დარწმუნდა,  რომ სალაში და მისი თანამოაზრენი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ და მათ წინააღმდეგ  ღონისძიებები განახორციელა. 1938 წელს  სალაში დააპატიმრეს.  ერთხანს საგიჟეთში ჰყავდათ  გამომწყვდეული,  შემდეგ  ციხეში უკრეს თავი. სასამართლომ  მას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა,  ნილაშისტური პარტია კი აიკრძალა. თუმცა,  ამით ულტრა-მემარჯვენეების შეჩერება ვერ მოხერხდა. სალაშის  მომხრეებმა  სახელწოდება შეიცვალეს,  „ჰუნგარისტულ მოძრაობად“ გადაიქცნენ  და 1938 წლის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.  ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ. უნგრელი ისტორიკოსი იშთვან პინტერი წერს: რეპრესიები და გაყალბება  რომ არა, ნილაშისტები არჩევნებს მოიგებდნენო.

– სალაშიმ ციხეში რამდენ ხანს დაჰყო?

– 1940 წელს  ჰორტიმ,  მუსოლინის თხოვნით, სალაში გაათავისუფლა. ნილაშისტების ბელადმა უნგრეთი  დატოვა და იტალიაში გაემგზავრა.   

ნილაშისტები  მოითხოვდნენ, მსხვილი მრეწველობის  ნაციონალიზაციას,  გლეხებისთვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას,  უფასო ჯანდაცვას,  რვასაათიან სამუშაო  დღეს,  მუშებისათვის უფასო დაზღვევას.  ყველაფერმა  ამან, პლუს სალაშის ორატორულმა ნიჭმა,  სიმამაცემ, ენერგიულობამ,  შედეგი გამოიღო. ნილაშისტები მაშინდელ უნგრულ პოლიტიკურ ელიტაში დამკვიდრდნენ.

კომუნისტებისგან  ნილაშისტებს მხოლოდ ანტისემიტიზმი  და დიდი უნგრეთის  შექმნის ლოზუნგი განასხვავებდათ.  ამ  ეგრეთ წოდებულ „დიდ უნგრეთში“ სალაში მთელს სლოვაკეთს, ნახევარ იუგოლსავიას, ტრანსილვანიასა  და  მთელ  დასავლეთ უკრაინას მოიაზრებდა. ასეთმა  ექსტრემიზმმა თვით ფიურერიც კი შეაშფოთა.  1936-1938  წლებში,  როცა  ჰორტისა და სალაშის დაპირისპირება გამწვავდა, ჰიტლერმა მხარი ადმირალს დაუჭირა. სალაშის  რადიკალიზმი იმხანად თვით ნაცისტური გერანიისათვისაც კი მიუღებელი იყო.

– შემდგომში ჰორტისა  და სალაშის დაპირისპირება როგორ წარიმართა? 

– როგორც  ცნობილია, უნგრეთი ჰორტის მეთაურობით ღერძის ქვეყნების ბლოკს (გერმანია-იტალია-იაპონია)  შეუერთდა.  ამის  წყალობით,  უნგრეთმა დაიპყრო  იმიერკარპატისპირეთი,  ჩრდილოეთ ტრასილვანია, ვოევოდინა. სტალინგრადის მარცხის შემდეგ,  ჰორტი დასავლეთთან სეპარატისტული ზავის დადებას შეეცადა. გერმანელებს ეს არ გამოჰპარვიათ.  გერმანულმა დაზვერვამ  სალაშისთან კონტაქტი დაამყარა.  მალე ნილაშისტების  ფიურერი  ბერლინში ჩაიყვანეს,  სადაც  მას პირადად ჰიმლერი შეხვდა. ამ  საუბრის შემდეგ, სალაში უნგრეთში ბრუნდება.  ჰორტიმ  მისი დაპატიმრება ვერ გაბედა, რადგანაც გერმანიასთან აშკარა კონფრონტაციას გაურბოდა. სალაშიც ნილაშისტური პარტიის რეორგანიზაციას შეუდგა. მან  მოკლე დროში უდიდესი სამუშაო გასწია  და ყველა პროგერმანული  ძალა  ერთიან   ბლოკში გააერთიანა.  ამ ბლოკის მიზანი იყო არ დაეშვა დასავლეთთან და რუსეთთან ზავის დადება და ჰიტლერელთა მხარეს ბოლომდე ებრძოლა.

– მას  არ ესმოდა,  რომ  გერმანია უკვე განწირული  იყო?

– სალაშის სწამდა,  რომ კაცობრიობის მხსნელი მხოლოდ ნაციონალ-სოციალიზმია.  გამომდინარე აქედან, დარწმუნებული იყო, რომ გერმანელების დამარცხება შეუძლებელია.  

1944 წლის 18  მარტს ჰიტლერმა უნგრეთში  ჯარი შეიყვანა.  ადმირალ ჰორტის წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ ჰქონდა.  ჰორტი, რომელიც ხელისუფლებაში დარჩა,  ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც  ცდილობდა, უნგრეთი ომიდან გამოეყვანა.  გერმანელების რეაქციამაც არ დაახანა. 1944 წლის ოქტომბერში ნილაშისტებმა  პუტჩი მოაწყვეს.  უნგრეთში დისლოცირებულმა გერმანულმა ნაწილებმა მას მხარი დაუჭირეს. სალაშის ცნობილი დივერსანტი, ოტო სკორცენი ეხმარებოდა, რომელიც ჰიტლერმა ბუდაპეშტში სპეციალურად მიავლნა.  რაც შეეხება თავად უნგრელებს,  მათი  ნაწილი სალაშის მიემხრო, ნაწილმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ეს  სტალინის პოლიტიკამაც  განაპირობა.

– რატომ?

– სტალინი აღმოსავლეთ ევროპას  რუსული გავლენის ზონად აღიქვამდა  და უკვე   მეორე მსოფლიო ომის წლებში,  იქ მარიონეტული პრორუსული რეჟიმების  შექმნა დაიწყო. თავდაპირველად,  ეს რეჟიმები კომუნისტური  არ იყო.  მეტიც,  ეგრეთ წოდებული  მთავრობებში  არც  ერთი კომუნისტი არ ერია. თუმცა, მთლიანად მოსკოვის აგენტებით იყო  დაკომპლექტებული  და მათი მართვაც კრემლიდან ხდებოდა. ასეთ პირობებში სალაშიმ,  გერმანული არმიისა და სპეც-სამსახურების უშუალო დახმარებით, პუტჩი მოაწყო და ხელისუფლებაში მოვიდა.

– ჰორტის  რა ბედი  ეწია?

– ადმირალი გერმანელებმა დააპატიმრეს და ბავარიაში გადაიყვანეს. ჰორტის ვაჟს  კი  საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი. სალაში უნგრეთის რეგენტად გამოცხადდა.  პარლამენტმა  ის ამ  პოსტზე დაამტკიცა და ერის ბელადის ტიტული მიანიჭა. რაც  შეეხება ჰორტის,  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის პორტუგალიაში გაემგზავრა. გარდაიცვალა ლისაბონში.   1957  წელს  უნგრეთში, პრორუსული კომუნისტური დიქტატურის დამხობის შემდეგ, ჰორტის  ნეშტი უნგრეთში გადაასვენეს და  მის საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. თანამედროვე უნგრეთმა  ადმირალი გმირად შერაცხა. 

– საოცარია!  1944 წლის შემოდგომაზე  თვით ჰიტლერიც კი, მოკავშირეებთან კონტაქტებს ეძებდა, სალაში კი კვლავ ჰიტლერის მომხრედ დარჩა.

– ის კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ  ცუდი სტრატეგი გახლდათ.  სალაშიმ  იცოდა, რომ ხელისუფლებაში პუტჩის გარეშე  ვერ მოვიდოდა.   ზუსტად გათვალა მომენტი, როცა ამ პუტჩის წარმატებით დაგვირგვინება  შეიძლებოდა,  მაგრამ ვერ გაითვალისწინა, თუ  უახლოეს პერსპექტივაში ამას რა შედეგები მოჰყვებოდა.  სალაშის ხელისუფლებაში მოსვლამ  უნგრეთს ომიდან გამოსვლის  მინიმალური შანსებიც კი მოუსპო.  ქვეყანამ განაგრძო ომი უკვე დასაღუპად განწირული, ჰიტლერული გერმანიის მხარეზე. ამას უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა.  ბუდაპეშტი მთლიანად დაინგრა. უამრავი უნგრელი ბრძოლის ველზე დაეცა.  ამას გარდა, ანტისემიტისტ სალაშის ხელისუფლებაში მოსვლამ  ებრაელთა მასიური ჟლეტა განაპირობა. სალაშიმ საგანგებოდ მიიწვია უნგრეთში ცნობილი ჰიტლერელი ჯალათი ეიხმანი.  თვითმხილველები ამბობენ, რომ  ნილაშისტები სისასტიკეში ეიხმანის ბიჭებს სჯობნიდნენ და უნგრელი ებრაელები  დახმარებისთვის ისევ ესესელებს მიმართავდნენო. 

– სალაშის   ბედი  როგორ წარიმართა? 

– მეორე  მსოფლიო  ომის  შემდეგ,  სალაში ავსტრიაში გაიქცა.  ამერიკელებმა  ის დააპატიმრეს და უნგრეთს გადასცეს.  1946  წელს  ნილაშისტების ფიურერი  და  მისი უახლოესი თანამებრძოლები გაასამართლეს.  უნგრეთში  იმხანად უკვე პრორუსული კომუნისტური დიატქტურა იყო. პროცესი, ისევე როგორც გამოძიება, უხეში დარღვევებით წარიმართა.

– კონკრეტულად?

– ლასლო დიურკო  წერს,  რომ გამომძიებელმა  სალაშის  განუცხადა, სიცოცხლეს შეგინარჩუნებენ,  ოღონდ  ერთი პირობით:  დანაშაული უნდა მოინანიო და  ამხანაგ სტალინს  შეწყალების თხოვნით მიმართოო.  სტალინი კავკასიელია  და  დაგეხმარებათ, აკი ეროვნებით   სომეხი ბრანდებითო.  ამაზე სალაშიმ მიუგო: „სომეხი კი არა, უნგრელი ვარ“. გამომძიებელმა  გაიცინა.  „მართლა?  აკი თქვენი ნამდვილი გვარი სალაშიანცია?  სომხურ ოჯახში აღიზარდეთ,  უნგრელი როდის აქეთ გახდით?“ პასუხად სალაშიმ გამომძიებელს სახეში    შეაფურთხა. ის  მუდამ მტკივნეულად რეაგირებდა, როცა თავის სომხურ წარმოშობას შეახსენებდნენ.  თვით  სიკვდილის  წინაშეც  კი საკუთარი თავის ერთგული დარჩა.

– ამისთვის  არ დასაჯეს?

– ამან  სალაშის  ბედიც განსაზღვრა. სასამართლომ, რომელიც უხეში დარღვევებით წარიმართა,  მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა.  სალაშის  თავი ბოლოდე ღირსეულად ეჭირა, განაჩენს  უდრტვინველად შეხვდა. სახრჩობელაზეც  ამაყად თავაწეული ავიდა,  რაც  ფირზეა დაფიქსირებული. ნილაშისტების ფიურერი, თავის რამდენიმე  თანამებრძოლთან ერთად, დუნაის სანაპიროზე ჩამოკიდეს. მათი გვამები სახრჩობელაზე  რამდენიმე  დღის განმავლობაში ქანაობდნენ, სანამ ყვავ-ყორნებმა არ   დაფლითეს. 

– რა საშინელი აღსასრულია!

– ამან    ცუდი  შედეგი იქონია.  ნაცისტი სალაში უნგრელთა თვალში ტრაგიკულ გმირად  იქცა.  სამწუხაროდ,  დამკვიდრდა მოსაზრება, რომ  სალაში  რუსებისაგან ქვეყნის დაცვას ცდილობდა  და ამას შეეწირა.  მართალია, ამის ხმამაღლა თქმას გაურბოდნენ, რადგანაც  დასავლეთის თვალში  სალაში ნაცისტი იყო.  ცნობილმა  უნგრელმა მწერალმა  ლაიოშ მეშტერხაიმ  ერთ-ერთ სუფრაზე,  როცა ტრადიციულად,  სამშობლოსთვის  თავდადებული გმირების სადღეგრძელოს  სვამდნენ,  თქვა: „მოდი,  მას  გაუმარჯოს, ვინც რუსებს  ბოლომდე შეებრძოლა! მის თავზეხელაღებულ ბიჭებსაც  გაუმარჯოს!”

ამის შემდეგ ეს ტრადიციად დამკვიდრდა.  სამწუხაროდ, უნგრულ  სუფრაზე სალაშის სადღეგრძელოს  დღესაც  ამ  სიტყვებით სვამენ.  

– დღევანდელ  უნგრეთში სალაშის მიმდევრები თუ  არიან?

– არიან  ნაციონალ-რადიკალები,  მათ ჰყავთ მომხრეები,  წარმომადგენლობა პარლამენტში.  სალაშის ისინი გმირად მიიჩნევენ,  თუმცა,   ანტისემიტიზმზე უარი თქვეს.   დღევანდელი უნგრელი ნაციონალ-რადიკალები  ბოშებისა და მიგრანტების  წინააღმდეგ გამოდიან. მოგეხსენებათ, უნგრეთში ბოშათა მაფიის პრობლემა ძალზე მწვავედ დგას.  უკანასკნელ  ხანს  შეინიშნება უნგრელი შოვინისტების  მჭიდრო კონტაქტები რუსულ სპეცსამსახურებთან.  შედეგად, უნგრელმა  რადიკალებმა  იმიერკარპატისპირეთის კვლავ უნგრეთთან  შეერთება  მოითხოვეს.  ასეთი მოწოდებები  პარლამენტშიც გაისმა.  რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამძაფრებასთან ერთად  გრძელდება  იმიერკარპატისპირეთში პროუნგრული სეპარატიზმის აგორების მცდელობები,  რასაც რუსეთი ხელს  უწყობს. ჯერჯერობით   ძლიერი ტალღის აგორება  ვერ ხერხდება.

скачать dle 11.3