კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს მთავრობაში ცნობილი კანონიერი ქურდის, „ენაბლუს“ შვილიშვილი

უხუცესი ქართველი კანონიერი ქურდი ვახტანგ ფერაძე, მეტსახელად „ზაიკა“ (ენაბლუ), ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფიგურა იყო საბჭოთა კავშირის შავ სამყაროში და კოლეგებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ზაიკა (ენაბლუ), სინამდვილეში, ბრწყინვალე ორატორი იყო და რამდენიმე ქურდულ პროფესიასაც ერთნაირად მაღალ დონეზე ფლობდა. მას შეეძლო, ეჯიბგირა, გაეხსნა ყველაზე რთული საკეტები და გაექურდა ბინა. ყველაფერ ამას კი ვახტანგ ფერაძე მახვილოგნივრულად აკეთებდა და მისი ძებნით გამწარებულ ოპერებშიაც კი სიმპათიებს იწვევდა...

„ენაბლუ“

ვახტანგ ფერაძე 1896 წელს თბილისში იყო დაბადებული და ადრე დაობლდა. მას ბებია ზრდიდა, რომელიც, ასევე, ადრე გარდაიცვალა და თერთმეტი წლის ბავშვს მეურვედ ბიძა (დედის ძმა) დაუნიშნეს. პატარა ვახუნას მეურვე ლოთი, მოთამაშე და მექალთანე იყო. სწორედ მან იქონია ბავშვზე უარყოფითი გავლენა და თორმეტი წლის ვახტანგ ფერაძემ ქუჩურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. მასზე ბევრად უფროსმა ბიჭებმა ვახოს მოპარვა და კარტის თამაში ასწავლეს. ერთხელ ვახუნამ ჩვიდმეტი წლის სოლოლაკელ ალიმასთან შვიდი მანეთი წააგო. ალიმამ ჯიბის საათს დახედა და წაგებულს უთხრა:

– თუ ერთ საათში ფულს არ ჩამაბარებ, შერცხვები და ქუჩაში თავს ვერ გამოჰყოფ.

– არ შევრცხვები, – მტკიცედ მიუგო ვახო ფერაძემ და ერევნის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე დაეშვა.

პატარა ვახომ პოლიცმაისტერი აბესალოვი შენიშნა. ის დინჯად მიაბიჯებდა პუშკინის სკვერისკენ. ჯიბეში კი უზარმაზარი საფულე ედო. აბესალოვი შიშის ზარს სცემდა ქურდებსა და ყველა ჯურის ბოროტმოქმედს. მისი სახელის გაგონებაზეც კი ძრწოდნენ ისინი. პატარა ვახუნამ კი წინ გააურბინა, ქვას ფეხი წამოსდო და ძირს დავარდა. პოლიცმაისტერი ბავშვისკენ დაიხარა და მისი წამოყენება სცადა, თუმცა, ის არ იძროდა. სანამ აბესალოვი ბავშვს „ასულიერებდა“, ვახომ ჯიბიდან საფულე ამოაცალა და იმდენი მოახერხა, რომ ახლომდებარე შადრევანში მოისროლა. პოლიცმაისტერმა ბავშვი სკამზე დასვა და ჰკითხა:

– როგორ ხარ?

– მმშია... – ენა დაიბა ბავშვმა.

აბესალოვმა ჯიბეები მოიჩხრიკა, მაგრამ საფულე ვერ იპოვა. შემდეგ ხელი ჩაიქნია. ახლომდებარე საფუნთუშედან ბავშვს უზარმაზარი ქიშმიშიანი ფუნთუშა გამოუტანა, მიაწოდა და უთხრა:

– ჭამე და სახლში წადი. გაგაცილო?

– მმადლობ, ძძია. უკკეთ ვარ. არ მმინდა, – მიუგო ვახომ.

აბესალოვი პუშკინის სკვერს გაუყვა, თან საფულეს ეძებდა. ვახომ კი საფულე შადრევნიდან ამოიღო, ვიწრო ქუჩებით სოლოლაკში დაბრუნდა და ალიმას შვიდი მანეთი ჩააბარა. დანარჩენი ორმოცი მანეთი კი ძმაბიჭებთან ერთად დახარჯა და ჯიბგირობის ისტორია რომ მოუყვა მათ, „ენაბლუ“ უწოდეს...

პატარა კურიერი

წლების შემდეგ ვახო ფერაძე და ანტონ აბესალოვი ციხეში შეხვდნენ ერთმანეთს და საფულის ისტორია გაიხსენეს. ვახო ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, აბესალოვი კი ახალმა, კომუნისტურმა მთავრობამ დააპატიმრა და მას პოლიცმაისტერობა გაუხსენეს. აბესალოვი სასტიკად დევნიდა არალეგალ კომუნისტებს ცარიზმის დროს და სწორედ ამის გამო დაიჭირეს. პატარა ვახო კი, პირიქით, ბავშვობიდანვე ეხმარებოდა იატაკქვეშელებს და კრიმინალური საქმიანობის პარალელურად, არალეგალთა კურიერის ფუნქციებს ითავსებდა. ვახტანგ ფერაძეს არაერთხელ გადაუტანია რევოლუციური პროკლამაციები ერთი ადგილიდან მეორეზე. ღამით კი აკრძალულ ფურცლებს ქალაქში აკრავდა. პატარა კურიერმა მალე მოიპოვა იატაკქვეშელი რევოლუციონერების ნდობა და მოგვიანებით, მას უფრო საპასუხისმგებლო დავალებებსაც კი აძლევდნენ. 1912 წელს, 16 წლის ვახომ თბილისის რკინიგზის სადგურიდან ავლაბარში 40 ცალი შაშხანა და 6 ყუთი ტყვიაწამალი მიიტანა დროგით. დროგზე შეშა ელაგა და სწორედ შეშის ქვეშ იყო შენიღბული შაშხანები და ტყვია-წამალი. 1913 წელს კი, იატაკქვეშელთა დავალებით, ვახო ფერაძე პოდპოლკოვნიკ ვიქტორ ხომიჩის ბინაში შეძვრა, რუსთაველის (მაშინდელი გოლოვინის) გამზირზე და ერთ-ერთი საიდუმლო საქმე მოიპარა, რომელშიც „ოხრანკის“ საიდუმლო აგენტების სია იყო. ხომიჩი „ოხრანკის“ განყოფილების უფროსი გახლდათ და საიდუმლო საქმის გარდა, ვახომ ძვირფასეულობაც გამოაყოლა ხელს. დამსახურების მიუხედავად, ვახო ფერაძე, არც ახალმა ხელისუფლებამ დაინდო – 1923 წელს 27 წლის ვახო ქურდობისთვის დააპატიმრეს და ხუთი წლით ციხეში ჩასვეს. სწორედ იქ შეხვდნენ ერთმანეთს ძველი ნაცნობები და ექვსი თვე ერთ საკანში გაატარეს.

კოლორიტი ქურდი

„ენაბლუ“ კანონიერ ქურდად 1927 წელს, 31 წლის ასაკში, მოინათლა ორთაჭალის ციხეში და 60 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე, ატარებდა ამ ტიტულს. თავისი კარიერის  განმავლობაში არაერთი ისეთი საქმე გაუკეთებია, რომლებიც ერთდროულად აღფრთოვანებასა და ღიმილს იწვევდა კოლეგებსა და სამართალდამცველებში.

1940 წელს, როდესაც „ენაბლუ“ მორიგი პატიმრობიდან გათავისუფლდა, მოსკოვის „ტაგანკის“ ციხიდან, მან ხელს გამოაყოლა ციხის დირექტორისა და რეჟიმის უფროსის საფულეები.  მაჯის ოქროს საათი კი ხელიდან მოხსნა ციხის უფროსს და იმავე საღამოს სასტუმრო „მოსკვას“ რესტორანში დილამდე იქეიფა.

1950 წელს ვახტანგ ფერაძემ სახლში დაურეკა საკომისიო მაღაზია „დიადემის“ დირექტორს, ფეოდორ კაცმანს. თაყვანისმცემელ ქალბატონად წარმოუდგინა თავი და პაემანზე გამოიტყუა. თავად კი მის ბინაში შევიდა და იქაურობა პირწმინდად გაასუფთავა.

თავისი ბოლო საქმე „ენაბლუმ“ 1976 წელს,  80 წლის ასაკში, თბილისში შეასრულა. მან მილიციის პოლკოვნიკ არსენ გუმბაროვს მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე უნივერმაღის შენობაში საფულე ამოაცალა და მიმალვა სცადა. თუმცა, მხცოვანი ჯიბგირი მარჯანიშვილის მეტროში დააკავეს და მართალია, საფულე ჩამოართვეს, მაგრამ ასაკოვნობის გამო ციხეში არ ჩაუსვამთ.

„ენაბლუს“ მას მერე აღარაფერი მოუპარავს და ქურდების მიერ დანიშნულ პენსიაზე ცხოვრობდა. ის 1987 წელს მოსკოვის მეორე კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა და მოსკოვშივეა დაკრძალული.

P.S. ვახტანგ ფერაძის შთამომავლები დღესდღეობით საქართველოში ცხოვრობენ და მისი შვილიშვილი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია.

скачать dle 11.3