კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნივთმტკიცება – რწყილები

სერჟანტ როლანდსს ლამის ლუკმა გაეჩხირა ყელში. იმ დღეს ძლივს მოახერხა ჰამბურგერი ეყიდა, მაგრამ ვინ აცალა, ბოლომდე შეეჭამა.

– როკ პლენეში მკვლელობაა, – ამცნო მორიგემ, – პატარა, დასახლებული რაიონია მდიდრებისთვის, თავისი პარკით და კოტეჯებით. ტერიტორია შემოღობილია. ჭიშკართან დარაჯის ქოხია. სწორედ დარაჯმა გაიგონა გასროლის ხმა და პოლიციაც მან გამოიძახა... ფანჯრიდან უსვრიათ. მსხვერპლი სავარძელში იჯდა და ასევე ნახეს ჩვენმა ბიჭებმა. ექსპერტი უკვე გზაშია... წადი, გელოდებიან.

– დიასახლისია მოკლული?

– არა. გუვერნანტი. სახლში მის გარდა, არავინ ყოფილა. გეყოფა შეკითხვები, დანარჩენს იქ გაარკვევ.

სერჟანტმა ამოიოხრა და მანქანა შემოაბრუნა. 

ერთსართულიანი მდიდრული კოტეჯის პარმაღზე ორი ადამიანი იდგა. ერთი – პოლიციელი, მეორე – უნიფორმაში ჩაცმული შუახნის მამაკაცი – ალბათ, დარაჯი.

– ლარს ჯონსონი ვარ, – გაეცნო ინსპექტორს.

– იცნობდით გარდაცვლილს?

– ო, დიახ. როგორ არა. საწყალი, ძალიან ლამაზი კი იყო. მგონი, სწორედ ამან დაღუპა. მის ჯინა ნოლანი გუვერნანტი იყო მისის კორდინგტონთან. მისტერ კორდინგტონი გულგრილი არ იყო მის მიმართ და ქალბატონმა ერთი კვირის წინ სამსახურიდან დაითხოვა. ვფიქრობ, მისი მხრიდან ეს არ იყო გონივრული ნაბიჯი,  რადგან, თუ მისტერ კორდინგტონს მართლაც მოსწონდა მის ჯინა და ვიცი, რომ მოსწონდა – ჩემი ცოლიც დაგიდასტურებთ ამას – ის ისედაც მოახერხებდა საყვარელთან შეხვედრას.

„რამდენს ლაპარაკობს“, – გაიფიქრა ინსპექტორმა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ დარაჯის ჩვენება, გარკვეულწილად, ფასდაუდებელიც კი იყო.

– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ მის ნოლანი ქალბატონმა მოკლა ეჭვიანობის ნიადაგზე? – ჩაეკითხა ინსპექტორი.

– ღმერთმა დამიფაროს, ასე ხელაღებით დავაბრალო მას მკვლელობა. ვფიქრობდი, რომელიმე ბრაკონიერმა შემთხვევით ხომ არ მოკლა-მეთქი. რამდენიმე კვირაა, ჩვენს პარკში ირემი გამოჩნდა...

ინსპექტორმა როლანდსმა მთელი ოთახი დაათვალიერა და გახვრეტილი ფანჯრის მინასთან მივიდა. ტყვია გარედან მისი გავლით მოხვდა მის ჯინას კეფაში, მარჯვენა ყურის უკან... ინსპექტორმა თავი გადაიქნია.

– სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დამიზნებით არის ნასროლი. გარეთ უნდა დავათვალიერო პერიმეტრი.

მისის კორდინგტონი მკვლელობაზე მეტად იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ ჯინა მის სახლში აღმოჩნდა.

– რა ჯანდაბას აკეთებდა აქ? მე ხომ გავაგდე ეგ ნაგავი და სახლთან მოახლოებაც კი ავუკრძალე, – მისის კორდინგტონი აშკარად ძალიან საშიში ქალი ჩანდა, მაგრამ ინსპექტორმა გამოცდილებით იცოდა, რომ ამ ტიპის ქალები იშვიათად ჩადიან მკვლელობას. თანაც, წინასწარ დაგეგმვით და ცივი გონებით. თუმცა, ალიბის გადამოწმება მაინც საჭირო იყო.

– სად იყავით დღეს საღამოს?

– ქალაქში, ჩემს ფირმაში. პარტნიორს, რობერტ პეინს ვხვდებოდი. ჩვენ სადაზღვევო კომპანია გვაქვს. ჩემი ნაძირალა ქმარიც ჩემთან აზღვევდა იმ ავტომობილებს, რომლებსაც ყიდდა. გაბედა და იმ ქუჩის ქალის გამო განქორწინება მომთხოვა. არ ვიცი, ვინ მოკლა და არც მაინტერესებს, მაგრამ ნამდვილად არ მწყინს. ის მიიღო, რაც დაიმსახურა.

ინსპექტორმა დიასახლისის დაკითხვა დაამთავრა და თანაშემწეს მიუბრუნდა.

– სტივ, ქალაქში მივდივართ. რობერტ პეინი უნდა დავკითხო. რატომ იქექებით? კი, მაგრამ, რა დაგემართა?

– ბუჩქები, – შეჰყვირა დარაჯმა, – ბუჩქები რომ დაათვალიერეთ, რწყილებმა დაგკბინეს! მეც ასე დამემართა. ხომ გითხარით, ამ მიდამოებში ირმები გამოჩნდნენ-მეთქი. სასწრაფოდ შხაპი მიიღეთ და ტანსაცმელი გამოიცვალეთ. სპეციალური საცხიც წაისვით, თორემ ასე ადვილად ეგ არ გაგივლით...

რობერტ პეინი ლამის შოკში ჩააგდო ცნობამ ჯინას მოკვლის შესახებ... ატირებას აღარაფერი უკლდა.

– შეუძლებელია... წარმოუდგენელია... მე მიყვარდა ჯინა... ძალიან მიყვარდა, უფრო სწორად, გვიყვარდა ერთმანეთი და დაქორწინებასაც ვაპირებდით. სწორედ ამის სათქმელად მოვიდა ჯინა და მთხოვა, როგორმე მთელი საღამო ჯენისი ოფისში დამეკავებინა.

– ანუ, ადასტურებთ, რომ ჯენისი თქვენთან იყო მთელი საღამო?

– დიახ. მოვიგონე, რომ დოკუმენტები იყო გადასარჩევი. გამიჭირდა მისი სახლიდან გამოტყუება რვიდან ათ საათამდე.

– რატომ? – დაინტერესდა ინსპექტორი.

– საქმე ისაა, რომ ამ დროს ტელევიზორში სერიალ „კლაუსტროფობიას“ უჩვენებდნენ და ჯენისი შეშლილია ამ სერიალზე.  გაღიზიანდა კიდეც, რომ მის ნახვაში ხელი შევუშალე.

– ესე იგი, მის ნოლანი იქ მისტერ კორდინგტონს ელოდებოდა.

– დიახ. პოლი თავს აბეზრებდა. ყველანაირად ცდილობდა, ლოგინში შეეთრია. ჯინამ გადაწყვიტა, პირდაპირ ეთქვა, რომ ჩემზე აპირებდა გათხოვებას. თან, რაღაც პირადი ნივთებიც ჰქონდა წამოსაღები... ღმერთო, რა უსამართლობაა. ვის უნდა მოეკლა ჩემი ჯინა...

– სწორედ ამის გარკვევას ვაპირებთ, – ამოიოხრა ინსპექტორმა, – მისის კორდინგტონი მკვლელი აშკარად ვერ იქნება. ვნახოთ, რას გვეტყვის მისი ქმარი...

მისტერ კორდინგტონი თავის ოფისში დაუხვდათ. პოლიციელებს გაოცებული გამომეტყველებით მიეგება.

– რა ხდება, ოფიცრებო?

– თქვენი გუვერნანტი თქვენივე ბინაში მოკლული ვიპოვეთ. გვაინტერესებს, რას აკეთებდით რვიდან ათ საათამდე.

– კინოში ვიყავი, – დაუფიქრებლად წამოიძახა მისტერ კორდინგტონმა, – ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლში წასვლა არ მინდოდა... ალბათ, უკვე იცით, რომ ცოლთან იდეალური ურთიერთობა არა მაქვს.

– დიახ... – ინსპექტორმა ეჭვით შეხედა შესამჩნევად წამოწითლებულ კაცს, – შეიძლება, რაღაც გკითხოთ, მისტერ კორდინგტონ?

– დიახ, რა თქმა უნდა.

– კინოს ბილეთი, ალბათ, არ შეგინახავთ.

– სამწუხაროდ, არა.

– უცნაურად მოგეჩვენებათ ჩემი შეკითხვა, მაგრამ ასე გამწარებით რატომ იფხანთ ტანს.

კორდინგტონი შეცბა. შეკითხვა მართლაც მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მისთვის და ენის ბორძიკით ამოიბლუკუნა... – ე... ისა... ალერგია მაქვს...

– ალერგია? მე კი მგონია, რომ თქვენ ბუჩქებში რწყილებმა დაგკბინეს, როგორც ჩემი თანაშემწე.

– რა? ბუჩქებში რა მინდოდა?! – იყვირა კორდინგტონმა.

– გეტყვით. თქვენ იქ მსხვერპლს ჩაუსაფრდით და მოკალით კიდეც თქვენი გუვერნანტი, ერთ-ერთი იმ სანადირო თოფიდან, რომელიც მრავლად ვნახეთ თქვენს სახლში.

– სისულელეა. რატომ უნდა მომეკლა ჯინა. მე ის მიყვარდა...

– თქვენ არ იცოდით, რომ სავარძელში ჯინა იჯდა. გეგონათ, ცოლი უყურებდა საყვარელ ტელესერიალს. ხომ იცოდით, რომ მისის კორდინგტონი გიჟდებოდა „კლაუსტროფობიაზე“. განქორწინებაზე უარი გითხრათ, დაგემუქრათ, რომ ყველაფრის გარეშე დაგტოვებდათ... ჰოდა, თქვენც მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეთ... არაფრის თქმა არ არის საჭირო – რწყილის ნაკბენები საუკეთესო სამხილია თქვენ შემთხვევაში.

скачать dle 11.3