კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცობრიობის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N29-32(711) 

***

ვარვარა ანტონოვნასთან ბოლო შეხვედრით უკმაყოფილო დავრჩი, ამიტომ, როცა საღამოს მიხაილი და ნასტია მოვიდნენ, ოდნავ უხალისოდ დავხვდი. ანასტასიამ მაგიდა სწრაფად გააწყო და, როცა ოდნავ შევნაყრდით, მიხაილმა მკითხა:

– აბა, ალექსანდრ, ახალი არის რამე?

– მოსაყოლი ბევრი არაფერია, – ჩავიქნიე ხელი და თვალი ანაზდეულად ნასტინკასკენ გამექცა, რომელიც ჩანგლით ბარდის მარცვალს „დასდევდა“ თეფშზე, – ვარვარა ანტონოვნა, ანუ კაბანის საყვარელი, არცთუ ისე გულახდილია, როცა საქმე ვლად რიმსკისა და ეგორ კაზაკოვს ეხება. მისი თანაკლასელი  რომა აკოინიკოვი კი, რომელსაც მშვიდობის გამზირზე აქვს ბინა, კომუნის თავკაცი ყოფილა და ქალაქგარეთ რომელიღაც სახლში ცხოვრობს. ის უფრო „დაზვერვის“ თანამშრომელი, ანუ შეიძლება ასეც ვუწოდოთ – „სახალხო ტაძრის“ უშიშროების გენერალი“ აღმოჩნდა. მარტივად რომ ვთქვა, მის ბინაში მიყვანის ერთადერთ მიზანს ჩემი პერსონის „დათვალიერება“ წარმოადგენდა და არა ვლად რიმსკისთან ჩემი წარდგენა.

ასე რომ, ყველაფერი უფრო გართულდა და რიმსკისთან ასე უბრალოდ მიახლოება თითქმის შეუძლებელია. არ ვიცი, ეს ინფორმაცია რამეში წაგვადგება თუ არა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ვარვარას თანაკლასელი რიმსკის მარჯვენა ხელი მგონია. ჩემი ვარაუდით, მას ძალიან არ უყვარს, უფრო მეტიც, სიძულვილით არის განმსჭვალული იმ ავადსახსენებელი კაბანისადმი, რომელიც, ასევე ჩემი ვარაუდით, არ არის წითელკარველთა სასურველი წევრი. მისი ოდნავ ეშინიათ კიდეც, ერიდებიან. სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი – კაბანი სასტიკი წინააღმდეგია, რომ ვარვარა ანტონოვნა შეკრებებს დაესწროს. სავარაუდოდ, „სახალხო ტაძრის“ სათავეში მოხდა ის რაღაც, რამაც ეგორ კაზაკოვი აიძულა, ვარვარა „წითელი კარვისთვის“ ჩამოეშორებინა. ესე იგი, ის თავის ჭკუაზე დადის და არად დაგიდევს ვლად რიმსკის აზრს. თანაც, ვერაფერს უხერხებენ, რადგან იცის ის, რისი ცოდნაც იმის უნარს აძლევს, მისი ეშინოდეთ კიდეც... და კიდევ ერთი... მისი მხოლოდ ვარვარას როდი ეშინია... მგონი, ამავე გრძნობას იზიარებენ „სახალხო ტაძრის“ ელიტჯგუფშიც. მე კი შაბათს, დილის ათ საათზე საყოველთაო შეკრებაზე მივდივარ... თუმცა ვფიქრობ, მალე მოვახერხებ და ვლად რიმსკის დახურულ თათბირზეც შევაღწევ, რომელზეც ალბათ „აქტივი“ იკრიბება და იმაზე მსჯელობენ, როგორ განავრცონ თავიანთი რელიგიური მოძღვრება ჩვეულებრივ მოქალაქეებზე.

მონოლოგს მოვრჩი და მიხაილსა და ნასტიას გადავხედე. მეგონა, ისინიც ჩემსავით იმედგაცრუებულები დარჩებოდნენ... მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მათ ერთმანეთს ღიმილით გადახედეს.

– არ გეჩვენება, რომ პირველი შეხვედრისთვის ბევრიც მოახერხე? – ნასტია ფეხზე წამოდგა, – ყავა მოგიდუღოთ?

– არა, ჩაი მირჩევნია, – ვუპასუხე მისი მსუბუქი ქათინაურით ნასიამოვნებმა.

– მე კონიაკს დავლევ, – მიხაილი ბართან მივიდა, – მოკლედ, შენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაემთხვა იმას, რაც ჩვენთვის არის ცნობილი. კერძოდ, ეგორ კაზაკოვის ამოუცნობი ფიგურა, რომელიც ალკოჰოლის მიღებაზე უარს არ ამბობს და ამას აშკარად აკეთებს მაშინ, როცა ვლად რიმსკის მრევლისთვის ალკოჰოლიანი სასმელი მიზანშეწონილი არ არის. ჩნდება კითხვა: რატომ ეგუება „სახალხო ტაძრის“ წინამძღოლი ისეთი არაორდინარული ადამიანის მის გვერდით ყოფნას, როგორც კაბანი გახლავთ. აი, ეს უნდა შავიტყოთ... ეჭვი მაქვს, ძალიან სასარგებლო ინფორმაცია იქნება და მას საჩვენოდ კარგად გამოვიყენებთ.

– ახლა რა გეგმები გაქვს? – მკითხა ნასტიამ, რომელიც ჭიქებით ხელში შემოვიდა სამზარეულოდან, ერთი მე დამიდგა, ხოლო მეორე თვითონ მოსვა და დივანზე ჩამოჯდა.

– უპირველესად, უნდა დავუახლოვდე ვარვარა ანტონოვნას, – ანაზდეულად ნასტიას გავხედე, მან მზერა ამარიდა და ფანჯარაში გაიხედა, – მისგან უნდა გავიგო, რას მალავს ასე საგულდაგულოდ და ამ საიდუმლოს ამოხსნის შემდეგ, შევეცადო, ვლად რიმსკის ნდობა მოვიპოვო.

– იქნებ სჯობდეს, ჯერ რიგითი წევრი გახდეს და ვარვარასგან კი არა, რომელსაც წითელკარაველებთან მიახლოებაც კი ეკრძალება, არამედ თვით აქტიური წევრებისგან მიუდგეს რიმსკის? – რატომღაც მიხაილს მიმართა ნასტიამ ისე, რომ ფანჯრისთვის თვალი არ მოუცილებია.

– ვგონებ, პირველი გეგმა ჯობია, – მიხაილმა კონიაკი მოსვა, – მგონია, ასე უფრო მალე მივიღებთ შედეგს.

– თუ ასეა, ვარვარას გული უნდა მოვიგო... ამიტომ, ასეთ ეტაპზე ჯობია, საზოგადოებაში ნასტიასთან ერთად აღარ გამოვჩნდე, – წარმოვთქვი და შევამჩნიე, როგორ შეირხა ანასტასია.

– მეც ასე მგონია. ნასტენკას ამ ბინაში აღარ შეხვდები... ჯობია, ინფორმაციის გასაცვლელად სამსახურში მიაკითხო ხოლმე. მაშ ასე... ახლა დავიშალოთ! – მიხაილი წამოდგა, გასვლისას მომიტრიალდა, ხელი ჩამომართვა და ღიმილით მითხრა: – ხვალ დაგირეკავ, შაბათამდე ცოტა გართობა არ გაწყენდა.

ნასტია გაბუტულივით მიჰყვა მიხაილს უკან.

***

მიხაილ კირსანოვი დაპირებისამებრ მეორე დღეს საღამოსთვის დამიკავშირდა და შეხვედრა ბოლშაია პოლიანკას ქუჩაზე დამითქვა. როცა მივაკითხე, თავისი ვერცხლისფერი „ტოიოტას“ „ჯიპი“ ავტოსადგომზე გააჩერა და ჩემს მანქანაში გადმოჯდა. ახლა ჩემს მეგობრებს გაგაცნობ. დაქოქე და, საცობს რომ თავი ავარიდოთ, პარალელურ ქუჩაზე უნდა მოვხვდეთ, – მითხრა ჩაჯდომისთანავე.

– მიხაილ, გარდა იმისა, რომ „დევნის ჯგუფის“ წევრი ხარ, რა პროფესია გაქვს? ვკითხე, როცა ორდინკაზე გავედით.

– ექიმი-თერაპევტი ვარ, – მიხაილმა ისე გაიღიმა, თითქოს რაღაცას იბრალებდა, – არცთუ ურიგო... მაგრამ კვირაში ორჯერ მივდივარ კლინიკაში. თვეში სულ რაღაც, 54 საათს ვმუშაობ. ანაზღაურება ცუდი არ მაქვს... ამას თუ დავამატებთ „ფესიქიურითიდან“ მიღებულ ჰონორარს... მარტოხელა კაცის კვალობაზე კრეზივით მდიდარი ვარ, ძმობილო.

მიხაილმა ოთხსართულიან შენობასთან გამაჩერებინა მანქანა და შესასვლელი კარისკენ გამიძღვა. თვალი ფირნიშისკენ გამექცა. პატარა დაფაზე მხოლოდ ერთი, რუსულენოვანი წარწერა ბრწყინავდა ნარინჯისფრად – „რუსსკაია მისლ“.

– დაიმახსოვრე, შენ ჩემი დეიდაშვილი ხარ და სულ ახლახან ჩამოხვედი ლონდონიდან, – გადმომიჩურჩულა მიხაილ კირსანოვმა და მოზრდილი სახელური ჭრაჭუნით ჩამოსწია.

– გასაგებია! – მეც ხმადაბლა გადავულაპარაკე და ნათელ ფოიეში აღმოვჩნდი, რომელიც მწვანედ, შინდისფრად და იისფრად შეეღებათ. თვალში მეორე სართულიდან ჩამოშვებული გრძელი, უცნაური დიზაინის ჭაღი მომხვდა და მუნდირიანი კარისკაცი, რომელიც დიდი პატივისცემით მიესალმა მიხაილს, მე კი ცერად ამათვალიერა. მივხვდი, რომ იქ ყველას არ უშვებდნენ.

– ეს ჩემი დეიდაშვილია, – გადაულაპარაკა ღიმილით კირსანოვმა და გრძელ დერეფანს გავუყევით, რომლის აქეთ-იქითაც რამდენიმე კარი იყო ჩამწკრივებული. დერეფნის ბოლოში ოქროსფერ ტიხრებში მოზაიკურად ჩასმული ფერადმინიანი კარის ოქროსფერივე სახელური ჩამოსწია და, ჩემდა გასაკვირად, დიდ დარბაზში აღმოვჩნდით, რომლის მსგავსი მანამდე არაფერი მენახა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, კედლებზე მიჭედებული სხვადასხვა ფორმისა და ზომის გადაჯვარედინებული ხმლები და ძველებური დამბაჩები იყო... მწვანემაუდისგადასაფარებლიანი მაგიდები დარბაზის ნახევარს იკავებდა. მეორე ნახევარზე კი ამაღლებული ფიცარნაგი დაეგოთ, რომელსაც ოქროსფერი თოკები ყოფდა დანარჩენი სივრცისგან. მაგიდებთან თეთრი როიალი იდგა და სკამებზე საქსოფონს, ტრომბონსა და ტრემპეტსაც მოვკარი თვალი. დარბაზს კედლებზე მიმაგრებული ძველებური სტილის უამრავი ბრა ანათებდა და ეს ლოკალური განათება გარემოს სიმყუდროვეს მატებდა.

მაგიდებთან აქა-იქ ისხდნენ მამაკაცები, უფრო მეტი ასაკოვანი იყო. ისინი დიდი კათხებით ლუდს შეექცეოდნენ და ჩვენს დანახვაზე, როგორც არისტოკრატულ სალონებში სჩვეოდათ ძველად, ფეხზე წამოიშალნენ. მიხაილმა, როგორც მისი დეიდაშვილი, ისე წარმადგინა და სათითაოდ ხელის ჩამორთმევისა და გაცნობის შემდეგ, მაგიდასთან დავსხედით. ჩვენს მერე კიდევ ორნი მოვიდნენ, მათაც სწორედ ისევე შეხვდნენ. ბოლოს მაგიდებთან დავიკავეთ ადგილები. ერთ-ერთმა სოლიდურმა მამაკაცმა, რომელსაც თმა შუაზე გადაეყო და რაღაცით რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს ჩამოჰგავდა, დიტერ ფორტესსა და მის ნაწარმოებებზე ჩამოაგდო საუბარი, რომელიც გერმანულენოვან მოსახლეობაში ყველაზე პოპულარული მწერალი ყოფილა. ამან ლიტერატურულ თემაზე დისკუსია გამოიწვია.

– ეს მსოფლიო ლიტერატურის კარგი მცოდნე და კრიტიკოსი ვიქტორ შჩერბიცკია, – გადმომიჩურჩულა მიხაილმა.

ლიტერატურისა და კრიტიკოსის ხსენებაზე ისეთი სახე გამიხდა, როგორც იმ კაცს, სუფრაზე შემწვარი გოჭის მაგივრად, ბოლოკს ან პირშუშხას რომ მიართმევენ.

– მას თავისუფლად შეუძლია ისაუბროს როგორც რუსი მწერლების შემოქმედებაზე, ასევე ავსტრალიური და კუბური სალიტერატურო ტრადიციების შესახებაც.

კიდევ ერთხელ დამწყდა გული იმ უაზროდ გატარებული საათების გამო, რომლებიც ქუჩაში ბიჭბუჭურ გარჩევებსა და საკუთარი თავის „დამკვიდრებას“ მოვანდომე, რადგან შემეძლო, ეს დრო განათლებისთვის გამომეყენებინა. არა... მთლად უწიგნური როდი ვიყავი... დედაჩემის დიდი ძალისხმევით მე-19 საუკუნის რუსული ლიტერატურისა და ფრანგული მწერლობის გამოჩენილი ნაწარმოებები მქონდა წაკითხული, თუ არ ჩავთვლით იმ სათავგადასავლო რომანებს, რომლებსაც მაშინ ახალგაზრდების უმრავლესობა კითხულობდა. ყველაზე საყვარელი ნაწარმოები, ჰექტორ მალოს „უსახლკაროც“ კი გამახსენდა, რომელმაც მაშინ წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა. მაგრამ სად – ამათი ცოდნა და სად – ჩემი ერთი-ორი წიგნი. თუმცა, თავი ვაიძულე, მართალია, სიტყვის უთქმელად, მაგრამ მაინც ღირსეულად დამეჭირა თავი და ყური მაინც მეგდო მათი სალიტერატურო პაექრობისთვის. საუბარი თანამედროვე მწერლებზე ჩამოვარდა. ამ თემაზე განსაკუთრებით აქტიურობდა ხანში შესული მელოტი მამაკაცი, რომელიც მიხაილმა ვლადიმირ ობლინსკიდ გამაცნო. ის აღშფოთებით იქნევდა ხელებს და ახალგაზრდა მწერლებზე ილაშქრებდა, რომელთა ნაწარმოებებში ვერაფრით იპოვიდი რუსულ სულს. თურმე ის, ანუ რუსული სული, თავის ხელით ამოუძრიათ ლიტერატურისთვის ევროპულობის გზაზე შემდგარ „ჩხაპნიებს“. განსაკუთრებით სალიტერატურო ჟურნალები გათათხა, რომლებიც ავხორცი ქალების ფამილარული თავგადასავლებით რყვნიან საზოგადოებას. მათი ვაირომანების ფურცლებზე მამაკაცებს მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი აკისრიათ და ამ ფურიების, ანუ, როგორც პატივცემულმა ხანდაზმულმა კრიტიკოსმა ბრძანა, თანამედროვე ამორძალების დაკმაყოფილებაც არ ძალუძთ. „და სად არის აქ სიყვარული?!“ – ასეთი ორაზროვანი შეკითხვით დაასრულა ორატორმა თავისი სიტყვა.

ლიტერატურული პაექრობა მომდევნო გამომსვლელმა გააგრძელა. ის დაეთანხმა წინამორბედს და აღნიშნა, რომ თანამედროვე რუსული მწერლობა – ეს ქიმერაა, რომელსაც არწივის თავი, ლომის ტანი და გველის კუდი აქვს და რომელიც ბოლომდე არც ერთია, არც მეორე და არ მესამე... არამედ რაღაც ნაზავი, მიქსი, სიმახინჯე – ის ფესვებმოჭრილი ხე, რომელსაც ტოტებიც ჩამოაცალეს და ფოთლებიც; ასე რომ, ის ხე კი არა, უკვე მორია – მკვდარი და მისგან ტივი თუ შეიკვრება, რომლითაც რუსული თანამედროვე მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის ოკეანეში შორს ვერ გაცურავს.

– ეს ჩვენი კლუბის თავმჯდომარეა, კონსტანტინ ნარიშკინი, რომელიც ამაყობს თავისი გვარ-წარმომავლობით და მონარქიის აღდგენაზე ოცნებობს, – გადმომიჩურჩულა კვლავ მიხაილმა. მან შემატყო, რომ მთელი ეს ლიტერატურული მიმოხილვა ჩემში მხოლოდ მთქნარების რეფლექსს იწვევდა, რომელსაც იქ შეკრებილი ზეპური საზოგადოების ხათრით ძლივს ვიკავებდი.

– და რადგან საზოგადოების მსოფლმხედველობა შობს ლიტერატურას, ის სწორედ ისეთივე ღარიბი და მწირია, როგორც მისი მშობელი... მწერლობა საზოგადოების სარკეა, – აგრძელებდა ნარიშკინი, – და ამ სარკეში დღეს ჩვენ ვხედავთ არა ტოლსტოის, დოსტოევსკის, ტურგენევის ტრადიციების გაგრძელებას, არამედ უსახურ და ცუდად შეკრულ ტივს, რომლითაც წყნარ დონსაც ვერ გადაცურავ!

„კიდევ ერთხელ რომ ახსენონ სიტყვა „ლიტერატურა“, ალბათ, ჩამეძინება“: – გავიფიქრე და, ცოტა არ იყოს, გამწყრალმა გადავხედე მიხაილ კირსანოვს, რომელმაც დროსტარება აღმითქვა წინა საღამოს, ახლა კი გაჯგიმული იჯდა და ყველა გამომსვლელს გულისყურით უსმენდა, – ალბათ, მშვიდად ცდის ჩემს მეფურ მოთმინებას... თანაც, ეს ლიტერატურული პაექრობა ლუდის სმის თანხლებით, უკვე ყელში ამომივიდა!“

მაგრამ უარესი წინ მელოდა, რადგან ახლა საუბარი რუსულ სალიტერატურო ენას შეეხო.

ახალგაზრდა, რომელიც რატომღაც ოდნავ მოსულელოდ მომეჩვენა თავიდან, გადაჭარბებული გულუბრყვილობის გამო, ჩემს  გასაკვირად, ისეთი რუსულით ალაპარაკდა, რომელიც ტოლსტოის თუ არა, გორკის მაინც შეშურდებოდა. თანამედროვე სალიტერატურო რუსული ბაბილონის გოდოლის დაშლის მერე გაჩენილ მრავალენოვან ადამიანთა მეტყველებას დაემსგავსა; რომ ის აივსო სარეველა სიტყვებით, ბარბარიზმებით და მდაბიური ჟარგონით; რომ ნამდვილი რუსული, ახალი რუსების „დაბადებასთან“ ერთად, უკან-უკან წავიდა.

– არც ასე ცუდად უნდა იყოს საქმე, თუ გავიხსენებთ, რომ დიდი იმპერატრიცას კარზე რუსულად მეტყველება ცუდ ტონად ითვლებოდა და სამეფო ელიტა ფრანგულად ურთიერთობდა ერთმანეთთან, – გადავულაპარაკე მიხაილს. ჩემი რეპლიკის პირველი ფრაზა ორატორის პაუზას დაემთხვა...  მან თხრობა შეწყვიტა და სამწუხაროდ, ჩემი სიტყვები მთელმა იქ დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა.

ორატორმა ჩაახველა და სკამს რატომღაც გამოუპასუხებლად დაუბრუნდა. მცირე ხნით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც მიხაილმა დაარღვია:

– დუმას ზოგიერთი დეპუტატის მეტყველება, რბილად რომ ვთქვათ, ტრაქტორისტ-მექანიზატორისას ჰგავს. თუმცა, გლეხები უფრო დახვეწილი რუსულით საუბრობენ, ვიდრე ეს პიშკოვები, პეშკოვები და ძმანი მათნი, რომელთაც, საუბედუროდ, ქვეყნის მართვის სადავეები უპყრიათ...

გულში მადლიერი დავრჩი მიხაილ კირსანოვის, რადგან ამ ფრაზას თანხმობის გამოძახილები მოჰყვა და ჩემი რეპლიკა მიავიწყდათ. თუმცა, სულ ტყუილად ვიფიქრე ასე. დაახლოებით კიდევ ერთ საათს ვიჯექი და ვისმენდი ცისფერსისხლიანი რუსების დახვეწილ რუსულს... ბოლოს, როცა ყველა დაიღალა და ლუდის სმით გაითანგა, დარბაზში ვიოლინო აწრიპინდა. ის-ის იყო, ლუდის კათხა კვლავ პირთან მივიტანე, რომ ჩვენს მაგიდას კარგად ჩაცმული ახალგაზრდა მიუახლოვდა, შეიძლება? – თავისუფალ სკამზე მიანიშნა და, როცა თანხმობა მიიღო, ნელა ჩამოჯდა და თან თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.

– ჩემო ბატონო, – მომმართა მოწიწებული სიტყვებით, მაგრამ, როცა შევხედე, მის თვალებში შეფარული ბრაზი და ოდნავი ირონია ამოვიკითხე, – დიდი ხანია, გაკვირდებით...

– ნუთუ?! – იმავე ტონითა და გამომეტყველებით მივუგე და თვალი თვალში გავუყარე.

– დიახ. და იცით, რას მივხვდი? თქვენ აქ ისე გრძნობთ თავს, როგორც ირმებში გარეული, უხედნი ცხენი.

– ვერ არის წარმატებული შედარება, – ბრაზი კბილებით დავიჭირე და თითები მაგიდაზე ავაკაკუნე.

– რა თქმა უნდა, „უხედნს“ რომ ვამბობ, თქვენი გარეგნული მხარე არ მაქვს მხედველობაში, არამედ – აზრის უხედნობა, – განაგრძო  კვლავ.

– სერგეი! – მხარზე ხელი ჩამოსდო მიხაილ კირსანოვმა, როცა ჩემს გაფითრებულ სახეს შეხედა.

– არა. განაგრძოს, ნუ შეაჩერებ! მსურს გავიგო, კიდევ რა აზრი „მოუმწიფდა“ თავში, – ხმადაბლა გამოვცერი და მხოლოდ მერე გავაცნობიერე, რომ მთელი დარბაზი ჩვენ მოგვჩერებოდა.

– მინდა, კიდევ ერთი რამ გითხრათ, – უტიფრად განაგრძო ქერა, ცისფერთვალება ახალგაზრდამ, რომელსაც ბამბასავით უფერული კანი ჰქონდა, – ის ფაქტი, რომ ლონდონში დაიბადეთ და ყოველდღე ბიგ-ბენს ხედავდით, უფლებას არ გაძლევთ, გამოთქვათ არაფრისმთქმელი რეპლიკა ისეთ თემაზე, რომლისაც არაფერი გაგეგებათ...

– მაშ, ახლა მე მომისმინე, – შენობით მიმართვაზე გადავედი,– შეიძლება, ლიტერატურასა და პოეზიაში ბევრი რამ არ ვიცოდე, სამაგიეროდ, კარგად ვიცი, შენისთანა თავხედს ჭკუა როგორ უნდა ვასწავლო! – ბრაზი ისე მომედო, როგორც გამომშრალ შეშას ცეცხლის ალი და ვიგრძენი, მრისხანების კანკალი მეწყებოდა.

– ალექსანდრ, – ახლა მე ჩამაფრინდა მკლავში მიხაილი, – აქ ცემა-ტყეპა არ შეიძლება.

– ნუ ღელავ, მიხაილ, – როგორღაც შევძელი და თავი ხელში ავიყვანე, – ამ ლაწირაკის ცემა რა საკადრისია, აქ შეკრებილი საზოგადოების მიმართ ჩემი პატივისცემა რომ არა, ამ თავხედს ყურებს დავუგრძელებდი!

გაცოფებული ახალგაზრდა, რომელსაც მიხაილმა ორი წუთის წინ სერგეი უწოდა, ისე წამოიჭრა ფეხზე, რომ სკამი ინერციით უკან გადავარდა.

– მე სერგეი შერემეტიევი ვარ, კეთილშობილი გვარის წარმომადგენელი და თქვენ ჩემი შეურაცხყოფისთვის დუელში გიწვევთ!

„მე კი გუგული ერისთავის შვილიშვილი ვარ და ბოლოს მოგიღებ!“ – გავიფიქრე და საბაბის მიუხედავად, დუელის ხსენებაზე პირზე ღიმი მომადგა.

– ადექით, თუ შეიძლება, ჩემ მიმართ ასეთ უპატივცემულობას არავის შევარჩენ... ჭკუა უნდა გასწავლოთ! – არ ცხრებოდა ახალგაზრდა.

– და ამას როგორ მოახერხებ?! – ირონიული სახე გამიხდა და მეც ფეხზე წამოვდექი, – იმ ძველისძელი დამბაჩით გინდა შემერკინო?! გაფრთხილებ: ათიდან ათ შემთხვევაში მიზანში ვარტყამ... არ მინდა,  „ბავშვების მჭამელის“ სახელი გამივარდეს.

– სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა სისხლიან ორთაბრძოლებს კრძალავს. მაგრამ, შანსს არ გავუშვებ, დაშნით სხეულზე ჩემი ინიციალები არ ამოგიტვიფროთ, რათა „სამახსოვროდ“ დაგრჩეთ!

სიტყვიერი პოლემიკა უაზროდ ჩავთვალე და მიხაილს გადავხედე. მან მხრები აიჩეჩა და კედელზე ჩამოკიდებული, გადაჯვარედინებული დაშნებისკენ მიმითითა.

– როგორც გენებოს! – ვუთხარი და გამეღიმა, რადგან თავი 21-ე საუკუნის რუსეთში კი არა, ლუი მეთოთხმეტის დროინდელ საფრანგეთში მეგონა. აი, როგორ გამომადგა ფარიკაობის გაკვეთილები, რომლებიც საფრანგეთში ყოფნისას გავიარე, თუმცა თავიდან  ერთგვარი ურწმუნო ირონია მქონდა – რაღა დროს ფარიკაობაა-მეთქი. მაგრამ ინსტრუქტორმა დამარწმუნა, რომ სპორტის ეს სახეობა ყურადღების კონცენტრაციისთვის შეუცვლელი იყო.

მე და სერგეი შერემეტიევს თავზე ცხაურიანი ჩაფხუტები ჩამოგვაცვეს, სამკერდეები მოგვამაგრეს და, როცა ჩემმა მოწინააღმდეგემ ხელი მაღლა ასწია და დაშნა ჩემკენ მომართა, დარბაზს მოვავლე თვალი. ყველანი ამაღლებული ფიცარნაგის ირგვლივ შემოკრებილიყვნენ და სახეზე კმაყოფილი მოლოდინით სავსე ღიმილი დასთამაშებდათ.

სერგეი შერემეტიევი ორი ნაბიჯით მომიახლოვდა, მაჯები აიკაპიწა და ცალი ფეხი იატაკზე უკან გააცურა. წუთიც და დაშნა პირდაპირ მკერდთან მომიტანა, მაგრამ მე კარგად მოვიგერიე პირველი დარტყმა და მოწინააღმდეგის დაშნა ჩემზე ასრიალდა. სერგეი არ თმობდა და კვლავ ახალი იერიშით მომიახლოვდა. მე დაშნის წვერის მოძრაობით მოვიგერიე. კარგად მახსოვდა ჩემი მწვრთნელის სიტყვები: კარგი მოფარიკავე ჯერ მოწინააღმდეგის სიმარჯვეს მოსინჯავს, თავს სუსტად მოაჩვენებს და მერე მიაყენებს დარტყმას, როცა ის ყველაზე ნაკლებად ელისო. თუმცა, გავიფიქრე, რომ საკმარისი იყო თავდაცვა – ერთი დარტყმა და ჩემი დაშნის წვერი მის მკერდს შეეხო. ერთი! – წამოიძახეს ჩვენ ირგვლივ შემოკრებილმა სეირის მაყურებლებმა

– ხმალს კარგად ფლობს! – ხმამაღლა წამოიძახა კონსტანტინ ნარიშკინმა და ამ რეპლიკას სერგეის ხელახალი, მოულოდნელი შეტევა მოჰყვა. დროზე მოვიგერიე, მაგრამ მკლავზე გამკაწრა, პერანგი გამეხა და კანი ამეწვა... ეს საკმარისი იყო, რომ თამაშიდან ნამდვილ ფარიკაობაზე გადავსულიყავი. საბედნიეროდ, ჩემმა მასწავლებელმა ძალა არ დაიშურა, რომ ჩემთვის ფარიკაობის მრავალი კომბინაცია ესწავლებინა. შეტევა აღარ დავაცადე, დაშნა ავათამაშე და იერიში იერიშზე მივიტანე. სერგეი დაიბნა და შეცდომა შეცდომაზე დაუშვა. ჩემი დაშნა გულმკერდის არეში კიდევ ორჯერ დავატაკე. ორი! სამი! – გაისმა კვლავ დარბაზში. სერგეი უკან იხევდა. ბოლოს, კედელს მიეყუდა და ანგარიშმიუცემლად იგერიებდა ჩემს შეტევებს. ხმალი ელვისებურად და ზუსტად მოვიქნიე და სერგეიმ მარჯვენა ხელი ყელზე მიიდო.

– ოთხი! – წამოიყვირეს დარბაზში.

– ახლა კი ხოჭოსავით მიგარჭობ კედელზე და გეცოდინება, ვის რა უნდა უთხრა! – წამოვიძახე და ხელახალი დარტყმის განსახორციელებლად უკან დავიხიე.

– საკმარისია, ბატონებო! – წამოიძახა კვლავ ნარიშკინმა და ამაღლებულ ფიცარნაგზე, რომელიც, ალბათ, სახელდახელოდ ასეთი ორთაბრძოლებისთვის დაეგოთ, ამოვიდა, დუელი დამთავრებულია, სტუმარმა გაიმარჯვა!

სერგეიმ თეთრი ჩაფხუტი მოიხსნა და გაწბილებული სახით სასწრაფოდ დატოვა დარბაზი ისე, რომ ხელის ჩამორთმევა არც უფიქრია.

– ყოჩაღ! – მხარზე დამიტყაპუნა ხელი მიხაილმა და დარბაზს მიუბრუნდა: – ხომ გითხარით, ის ჩემი დეიდაშვილია და რაინდული ორთაბრძოლების ნიჭი სისხლში აქვს.

– დიდი ხანია, ჩვენს კლუბში ასეთი სანახაობა არ გამართულა, – გადმომილაპარაკა მიხაილმა, როცა შენობა დავტოვეთ.

– ასე ერთობი ხოლმე, მიხაილ?! – ვკითხე ოდნავი წყრომით.

– დიახ. თუმცა, ახლა მინდოდა, შენთვის ორი რუსეთი გამეცნო.

– ოჰო? ერთის გაცნობა პერანგის გაფუჭების ფასად დამიჯდა; იმედია, მეორე შემთხვევაში უფრო გამიმართლებს.

– იმედია, – გაეღიმა კირსანოვს, – თუმცა რა იცი, მთელი ღამე წინ გვაქვს.

– საით? – ვკითხე, როცა მანქანა ადგილიდან დავძარი.

– ტვერსკაიაზე! – მითხრა მოკლედ და ნახევარ საათში ნათელ, ფართოშუშებიან შენობასთან გამაჩერებინა, – ამ შენობის სარდაფში კარგი ბარია... ნახავ.

– ცოტა „ახალგაზრდები“ ხომ არ ვართ ბარებისა და დისკოთეკებისთვის? – ვკითხე გაოცებით.

– მაგაზე არ იდარდო, ჩემო მეგობარო!.. არ დაგავიწყდეს, ეს მოსკოვია... მოსკოვში კი არ ბერდები.

მიხაილი კარისკენ გაემართა და მეც მივყევი. გზაში კვლავ გააგრძელა:

– იცი, როცა კარგი გართობა მინდა, აქ მოვიდვარ ხოლმე. სოლიდურ რესტორნებში გაბღენძილი სახით ჯდომას, ასეთ ხმაურიან ბარებში ყოფნას ვამჯობინებ.

– ყოჩაღ, ბებერი ბიჭი ხარ! – წარმოვთქვი თუ არა ბოლო სიტყვა, ნახევრად ბნელ, როკვით გაბრუებული ადამიანებით სავსე დარბაზში შევაბიჯეთ. მაღალ, ცალფეხა სკამებზე გვერდიგვერდ მოვკალათდით და, როცა ბარმენმა შეკვეთილი ვისკი ხელის პლასტიკური მოძრაობით განიერ ჭიქებში ჩამოგვისხა, მიხაილს მივუბრუნდი:

– ცოტა არ იყოს, უცნაური კლუბი გაქვთ, მიხაილ!

– რას გულისხმობ? – შევატყვე, გულწრფელად გაუკვირდა.

– თავი მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპაში მეგონა, თუმცა შენს თანაკლუბელებში ანტიევროპული განწყობა იგრძნობოდა. მაგარი ნაზავია, ვერაფერს იტყვი – ფრანგული დუელი, ინგლისური კლუბური გარემო, გერმანული ლუდი და ველიკორუსული შოვინიზმი...

– ეჰ! – ხელი ჩაიქნია მიხაილმა, – ვერაფერსაც ვერ მიხვდი – შენ ახლახან რუს პატრიოტთა შორის იყავი.

– ახლა სად ვარ?! – ვკითხე და ვისკი მოვწრუპე.

– ახლა – ობივატელებში, გამდიდრებულ ბურჟუათა შთამომავლებში, ეგრეთ წოდებულ, ოქროს ახალგაზრდობას შორის, – მიხაილმა სევდიანად მოავლო თვალი ახალი ყაიდის ნარკოტიკებით აბორგებულ ბრჭყვიალა საზოგადოებას და მე მივხვდი, მას ძალიან სტკიოდა გული იმის გამო, რომ თუნდაც პეტრე პირველის დროს არ მოევლინა ქვეყნიერებას. ამიტომ, აღარაფერი მითქვამს, ნახევრად შემოვატრიალე სკამი და დარბაზი მოვათვალიერე. სლავი კეკლუცები მომხიბვლელად იქნევდნენ თეძოებს...

– რატომღაც მგონია, რომ მე და შენ ამაღამ კარგად გავერთობით, – გადავულაპარაკე მიხაილს, – ჩვენ ხომ გადაცმული არისტოკრატები ვართ პლებეებს შორის.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3