კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N27-32(711) 

თიკომ მობილურს დახედა: „როგორ ეძინა ჩემს სიხარულს?“ – მესიჯი კოტესგან იყო და ქალს მაშინვე მოეშხამა გუნება. „უყურე ამას, როგორი ნაძირალაა? გუშინ უცერემონიოდ გამომისტუმრა, ფაქტობრივად, სახლიდან გამომაგდო და ახლა მწერს, ჩემო სიხარულოო... დეგენერატი! თუ ჰგონია, ამას ასე ადვილად ვაპატიებ, ძალიან ცდება. ძვირად დავუსვამ გუშინდელ საქციელს. მოვიფიქრებ, როგორ უნდა დავსაჯო, უფრო სწორად, ჯარიმის რაოდენობას განვსაზღვრავ. მანქანა ხომ არ გამოვაცვლევინო?!” – თიკომ თვალები მოჭუტა, ხელები შიშველ მუხლისთავებს შემოხვია და ლოყით დაეყრდნო... „ჰო, ზუსტად ლენუკასნაირ მანქანას ვაყიდვინებ... რატომაც არა?! უკეთესსაც ვიმსახურებ, პრინციპში... რა გააკეთა, გუშინ როგორ მომექცა... კიდევ კარგი, რომ ჩემი ქმარი არ არის... ეგრევე ვუღალატებდი. ლენუკა სულელია, მაგას რომ შესციცინებს... ერთი უნდა ვურჩიო, ვინმე გაიჩინოს... კოტეზე ახია, რომ ცოლი ღალატობდეს... საზიზღარი. დარწმუნებული ვარ, მომენტი რომ ჩაუვარდეს, კიდევ ერთ ქალზე არაფრის დიდებით არ იტყვის უარს“, – ამის გაფიქრებაზე თიკო უფრო მეტად გაიბუსხა და მომდევნო გზავნილი ამრეზილმა წაიკითხა: „არ გამიბრაზდე, ჩემო ლამაზო... ზოგჯერ ცოლსაც უნდა მივხედო... სულ ტორტის ნაჭერიც მოსაბეზრებელია და წამიცდა ჭადისკენაც ხელი... უნდა შემირიგდე... დღეს საღამოს ჩვენს კაფეში გელოდები... უარს არ მივიღებ“... თიკომ მაშინვე წაშალა მესიჯი და პირველად ინატრა, თვითონ კი არა, ვიღაც სხვა ქალი ყოფილიყო კოტეს საყვარელი, რომ ეს გზავნილი ლენუკასთვის ეჩვენებინა, მერე კი გრანდიოზული სკანდალით დამტკბარიყო... კოტეს მიმართ ურთიერთობის დასაწყისში რაღაც გრძნობა ჰქონდა, რომელსაც მხოლოდ ძალიან ოპტიმისტი თუ დაარქმევდა სიყვარულს. თუმცა, როგორც კაცი, მოსწონდა და მისმა სოციალურ-მატერიალურმა მდგომარეობამაც შეიტანა მოკრძალებული წვლილი... თიკო შურიანი არ იყო, მაგრამ კარგი ცხოვრება მასაც უნდოდა. კოტემ თვითონ იაქტიურა და თიკოსაც ძალიან აღარ  გამოუდვია თავი... მართალია, თავიდან ლენუკას მიმართ მორიდების გრძნობა ჰქონდა და ცოტა სინდისიც აწუხებდა, მაგრამ მერე თავი დაიმშვიდა – ბოლოს და ბოლოს, ეს კოტე ისეა ატეხილი, საყვარლის გარეშე მაინც არ გაჩერდება და რაღა სხვასთან წავიდეს მისი ფულები... მე ზედმეტსაც არ მოვინდომებ და დავზოგავო... ამან საშუალება მისცა, გულდამშვიდებით გაეგრძელებინა ლენუკასთან მეგობრობაც და კოტესთანაც გააბა რომანი... საყვარელი ძალიან არ აწუხებდა და ძუნწიც არ იყო. თუმცა, შეჯანჯღარება ზოგჯერ მაინც სჭირდებოდა... მაგალითად, ახლა თიკოს უნდა ეგრძნობინებინა, რომ შეურაცხყოფილი იყო და კაცს ეს ადვილად არ ჩაუვლიდა... ამიტომ, გზავნილები წაშალა და უპასუხოდ დატოვა. მერე ყავა დალია. გახალისებულმა იმით, რომ მალე ახალი მანქანა ეყოლებოდა, ლენუკას დაურეკა.

– რას შვრები, ისევ აგარაკზე ხარ?

– ჰო... კოტე წავიდა და აღარ ვიცი, რა გავაკეთო... ხომ არ ამოხვალ?!

– შენ რა, მანდ დიდხანს აპირებ დარჩენას? თბილისში არ ჩამოდიხარ?

– რა ვიცი, აბა? სახლშიც საქმე არ მაქვს. კარგი ამინდია. ცოტას გავირუჯები. ეს სოლარიუმი დიდად არ მიყვარს. კანს მიშრობს. ბუნებრივ სხივებს მაინც სხვა ეშხი აქვს. ამოდი, რა... არ მითხრა, რომ არ შეგიძლია და შენს საყვარელს უნდა შეხვდე, – სიცილი დაიწყო ლენუკამ.

– გატყობ, კარგ გუნებაზე ხარ...

– ჰო, გოგო... ჩემს ქმარს ზოგჯერ აქვს ხოლმე ასეთი „გამონათებები“, თორემ ისე მაგასთან ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, დილით მაინც მოახერხა და მომიშალა ნერვები.

– რაო? – დაინტერესდა თიკო და გაეღიმა.

– ჯანდაბა მაგას! ამ ბოლო დროს ფულზე ლაპარაკს როგორც კი ვიწყებ, ცოფდება და დორბლებს ყრის?

– ჰო? რა ვიცი, გუშინ იმ დოლარებს რომ ხარჯავდი, დადორბლილის არაფერი ეტყობოდა?! – ირონიულად ჩაიკისკისა თიკომ.

– კარგი რა, ეს რა იყო... კაპიკები. ფულის მეტი რა აქვს მაგ საზიზღარს, მაგრამ ჩვენთვის ძნელად იმეტებს.

– ჩვენთვის?! – ჩაეკითხა თიკო.

– ჰო. რა დაგემართა? ჩემს თავს და სანდრიკას ვგულისხმობდი. ბავშვს ლონდონში უნდა სასწავლებლად გადასვლა და უარს ეუბნება. წარმოგიდგენია? ან თავიდანვე რა უნდოდა ჩემს შვილს ირლანდიაში, იმ ველურებში.

– კარგი ახლა, ლენუკა... ირლანდიელებზე მაგას როგორ ამბობ. აბა, ის გერჩივნა, აქ დაეტოვებინა?!

– აქ რატომ უნდა დაეტოვებინა? რა სჭირს სანდრიკოს სამაგისო. შტერი კი არ არის. რა მოხდება, ლონდონში რომ გადაიყვანოს... მაგრამ ძუნწია, ეგ საზიზღარი.

– ტყუილად წუწუნებ და ბობოქრობ. ხომ ზუსტად იცი, რომ შენსას მაინც გაიტან, – უგულისყუროდ უთხრა თიკომ და მობილურს დახედა. კოტე ურეკავდა... მეორე ბარათზე...

– ვიცი, მაგრამ რის ფასად დამიჯდება? დამაწყვეტს ნერვებს.

– კარგი, კარგი... კიდევ ვიღაც მირეკავს და მერე გადმოგირეკავ...

– გასაგებია. მალე შემეხმიანე, ნუ გადაჰყვები მაგ შენს რაინდს. ისე, თუ გინდა, ჩემთან ამოდით ორივე, – დაპატიჟა ლენუკამ, თან გავიცნობ კიდეც.

– გაგიჟდი? ჯერ ასეთი ურთიერთობა არ გვაქვს, – მორჩა, წავედი!

თიკომ ცოტა ხანს კიდევ აცალა და კოტემ რომ კიდევ რამდენჯერმე დარეკა, უხალისოდ გასცა პასუხი.

– რა გინდა? მეძინა და გამაღვიძე.

– რა დროს ძილია, ორი საათი დაიწყო.

– შენი საქმე არ არის, ორ საათამდე ვიძინებ თუ სამამდე... – უხეშად მიუგო თიკომ და მიახვედრა, გაბრაზებული ვარო. მაგრამ კოტემ არ შეიმჩნია.

– მესიჯებზე რატომ არ მიპასუხე?

– იმიტომ. შენ თვითონ ვერ ხვდები?

– თიკუნ, ნუ „იბერები“ ბეღურასავით, შენ შემოგევლე. საკუთარ ცოლთან გიღალატე, საყვარელთან ხომ არა?! – ახითხითდა კოტე. თიკო გაცხარდა.

– შენ სულ „განაგლდი“, ხომ იცი?! იმის მაგივრად, რომ გუშინდელი საქციელისთვის ბოდიში მომიხადო, აქეთ „მეღადავები“. ახლა გაგითიშავ და აღარ დამირეკო, იცოდე.

– მოიცა, ნუ „ვარდები“. მე შენ დაგპირდი, ცოლს გავშორდები-მეთქი?

– ვაიმე, ვინ გითხრა, რომ მინდა, ცოლს გაეყარო... მაგრამ, გუშინ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტულად მოიქეცი. შეურაცხყოფილი და დამცირებული ვარ. შენ კი ბოდიშიც არ მოგიხდია.

– ბოდიში და შევრიგდით. ერთ საათში ჩვენს კაფეში გელოდები.

– არა, – ჯიუტად გაიმეორა თიკომ.

– რას ნიშნავს, არა! არ გშია?

– არ შეგხვდები...

– თიკო, ახლა ნერვები არ მომიშალო... გეუბნები, შემხვდი-მეთქი, თორემ სახლში მოგადგები.

– ვერა. ჩემთან ვერ მოხვალ... იმიტომ რომ, შეიძლება, შენი ცოლი მოვიდეს. წეღან მელაპარაკა.

– აუ, გინდა, გამაგიჟო? – აყვირდა კოტე, – პირი გაქვთ შეკრული ჩემ წინააღმდეგ თუ რაშია საქმე?

– ნუ ყვირი. მართლა შენი ცოლი ხომ არ გგონივარ?! არ მოგწონვარ და შეგიძლია, ლენუკასთან განაგრძო გუშინდელი ღამე, არ არის პრობლემა, – ცრემლნარევი ხმით ჩასძახა თიკომ.

კოტემ ამოიოხრა.

– თიკუნია, გეხვეწები, შემირიგდი... რა გავაკეთო, რომ დანაშაული გამოვისყიდო?

– არაფერი. შენი არაფერი მჭირდება, საერთოდ.

– გეყოფა ახლა. ხომ იცი, შენ გარეშე გამიჭირდება. ისედაც მძიმე ცხოვრება მაქვს. ჯორივით ვმუშაობ... ვწვალობ და რად გინდა?! ყველას რაღაც უნდა... ყველა რაღაცას მთხოვს... მე არავის ვუნდივარ. მარტო მე – ყველაფრის გარეშე!

– საწყალო... ლამის შემეცოდე... არაფერს გთხოვ და არაფერი მინდა შენგან. მეტი რა ვქნა?!

– ახლავე მოვალ შენთან და ისე დავილაპარაკოთ. მითხარი, რა წამოვიღო, რა გაგიხარდება?

– არაფერი გამიხარდება. მომეშვი! – თიკომ ამოისლუკუნა, ტელეფონი გათიშა და კმაყოფილმა გაიღიმა. შეეძლო, მშვიდად ყოფილიყო. ახლა უკვე ზუსტად იცოდა, რომ კოტეს მანქანის ყიდვაზე დაითანხმებდა.

***

სანდრო გაშტერებული შესცქეროდა დიანას. თვალიც არ დაუხამხამებია... გარშემო ვერავის და ვეღარაფერს ხედავდა. თითქოს სმენაც დაეხშო და მხოლოდ დიანას ხმა ესმოდა.

ლინამ წვენი მოსვა და ტომასს გაუღიმა.

– შენი მეგობარი, მგონი, სერიოზულად არის შეყვარებული ჩემს ნათესავზე... ნახე, როგორ მისჩერებია.

– ჰო. ძალიან სერიოზულად არის საქმე. მშობლებსაც კი დაურეკა სახლში.

– რაო, დიანა შემიყვარდაო? – აკისკისდა ლინა, – ვაიმე, რა საინტერესოა!

ტომასმა თავი გააქნია.

– არა. უნდა, რომ ლონდონში გადავიდეს სასწავლებლად, დიანასთან უფრო ახლოს რომ იყოს.

– ოჰო, ეგ აღარ ხუმრობს... – ლინამ ეშმაკურად გაიცინა, – შენზე რას მეტყვი? შენც ასე სერიოზულად ფიქრობ ჩემზე?

ტომასი კითხვის ასე დასმას არ ელოდა და დაიბნა. ერთბაშად ვერაფერი უპასუხა. ლინა არ მოეშვა.

– მითხარი, მართლა მინდა, ვიცოდე.

– რატომ, შენ ხომ არ მოგწონვარ უკვე სერიოზულად? – კითხვა შეუბრუნა და ამით შეეცადა თავის დაძვრენას ბიჭი.

– რა ვიცი... ჯერ გაკვირდები... დიანამ მითხრა, არ უნდა დაუშვა, რომ ბიჭი მაშინვე შეგიყვარდეს და მოგეწონოსო. დრო უნდა გავიდეს, რომ ემოცია დაცხრეს... ერთმანეთი გამოსცადოთო.

– აჰა, ესე იგი, მე და ალექსანდრე დაკვირვების ობიექტები ვართ? ლაბორატორიის თაგვებივით... ვაუ, არასოდეს მიგრძნია თავი გამოსაცდელ ვირთხად. ახლა ვფიქრობ, ეს უნდა მეწყინოს თუ გამიხარდეს... თუ ასეა, მაშინ ერთმანეთი ხშირად უნდა ვნახოთ.

– რატომ? – თვალები მოჭუტა ლინამ.

– რას ჰქვია, რატომ? უკეთ რომ დამაკვირდეთ, თანაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში. პრინციპში, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

– ძალიან ეშმაკი ბრძანდებით, მისტერ ტომას, მაგრამ ეს ამბავი ასე მარტივად არ გამოვა.

– გააჩნია, მონდომებას და პირადად მე, ენთუზიაზმით ვარ სავსე.

– ჰა, ჰა... არა, არა... რა გვეჩქარება... თანაც, რამდენიმე დღით ჩემს მშობლებთან მივემგზავრებით მე და დიანა.

– შორს მიემგზავრებით?

– არც ისე... დიანას ირლანდიური კოშკი უნდა ვაჩვენო. ძალიან აინტერესებს.

– მართალია? აი, მე ირლანდიელი ვარ – სანახევროდ ნამდვილად ვარ და ჯერ ირლანდიური კოშკი არ მინახავს. შენნაირ გიდთან ერთად, სიამოვნებით დავათვალიერებდი.

– არ გამოვა... – სიცილით გადააქნია ლინამ თავი, – ყოველ შემთხვევაში, ჯერ...

– ეს „ჯერ“ მომწონს... თანაც ძალიან... მაშინ, დღეს გავერთოთ.

– რომ არ ვიცით, ამათ რა გეგმები აქვთ?

– ოჰ, რა გეგმები უნდა ჰქონდეთ?! სხედან და შეჰყურებენ ერთმანეთს. ჩვენ წავიდეთ სადმე – მარტო მე და შენ.

– სად?

– ჩავსხდეთ მანქანაში და იქ მოვიფიქროთ ერთად. თანახმა ხარ?

ლინამ ცოტა ხანს იფიქრა, მერე თავი დაუქნია. ბარიდან ხელჩაკიდებულები გავიდნენ. დიანამ დაინახა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ჩუმად იჯდა და ბიჭს უყურებდა. სანდრო თითქოს ღრმა ბურანიდან გამოერკვა.

– იცი, როცა შენ გვერდით ვარ, მეჩვენება, რომ დრო ჩერდება და კიდევ ის, რომ იმ დღეს, პაბში შემთხვევით არ შევხვედრივართ ერთმანეთს.

დეა ოდნავ შეკრთა. რაც სანდროსთვის შეუმჩნეველი დარჩა.

– რატომ გგონია ასე. იმიტომ ხომ არა, რომ შემთხვევითობის არ გჯერა.

– არა... უკვე ყველაფრის მჯერა, რაც შენთან არის დაკავშირებული, – ამოიოხრა სანდრომ.

დიანამ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.

– სულ ოთხჯერ შევხვდით ერთმანეთს და ძალიან წინ ხომ არ უსწრებ მოვლენებს. არ მომწონს უპასუხისმგებლო და ზერელე ადამიანები.

– მე არც უპასუხისმგებლო ვარ და მგონი, არც ზერელე. თუმცა, ახლა საერთოდ ვეღარაფერზე ვფიქრობ... მარტო ის ვიცი, რომ სულ მინდა, ასე ვიჯდე და გიყურო.

– ან ძალიან რომანტიკული ხარ, ან... – დიანამ წინადადება აღარ დაასრულა.

– ან სულელი, ხომ? ვიცი, ჩემი საქციელით სულელს უფრო ვგავარ, მაგრამ რა ვქნა, თუ საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ და არც მაქვს ამის სურვილი. დიანა, მითხარი, რომ ცოტათი მაინც მოგწონვარ.

გოგოს გაეღიმა ბიჭის გულწრფელ, გულუბრყვილო შეკითხვაზე.

– სულ ცოტათი მომწონხარ. ყოველ შემთხვევაში, სხვებს არ ჰგავხარ. მაგრამ, როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ურთიერთობა? მე მალე ლონდონში დავბრუნდები. შენც დაასრულებ სწავლას და შენს სამშობლოში გაემგზავრები. ღირს კი, საერთოდ, მოწონება-არმოწონებაზე საუბარი და ჩვენი ხანმოკლე ნაცნობობის, რომელიც მაინც შემთხვევით მოხდა, გასერიოზულება?! დღეს ხომ არ დავემშვიდობოთ ერთმანეთს?!

დიანამ ეს თქვა და სანდროს ისე შეხედა, რომ ბიჭს ეგონა, ცა ჩამოექცა თავზე... ფეხქვეშ მიწა გამოაცალეს და ჭაობისფერ ნისლში ჩაიკარგა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3