კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქართველი მსახიობი მოიაზრებოდა შტირლიცის როლზე და როგორ აღმოჩნდა „გაზაფხულის 17 გაელვების“ შემოქმედებითი ჯგუფი ბორჯომ-ბაკურიანის მთებში, კადრში კი – მანქანა ქართული ნომრით

მართალია ფილმი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება” დიდი ხნის წინ არის გადაღებული, მაგრამ დღემდე არ კარგავს თავის ხიბლს და მაყურებელიც სიამოვნებით ადევნებს თვალს. შტირლიცი, უამრავი ქალბატონის სასურველი და იდეალური მამაკაცი გახდა. მართალია, ფილმზე ბევრი დაწერილა და ხშირადაც გამოჩენილა ტელესივრცეში, მაგრამ, ბევრი უცნობი ფაქტია, რაც საინტერესო და შეიძლება, წარმოუდგენელიც კი იყოს, განსაკუთრებით ქართველებისთვის. მაგალითად ის, რომ ფილმში რამდენიმე სცენა საქართველოშია გადაღებული. არც ის ამბავი იცის ვინმემ, რომ ფილმის მთავარი როლის შემსრულებლად, თავდაპირველად, ქართველი მსახიობი, არჩილ გომიაშვილი მოიაზრებოდა. ამ და სხვა უცნობი ფაქტების შესახებ, კინომცოდნე, ქეთი ჯანელიძე გვესაუბრა. 

ქეთი ჯანელიძე: შტირლიცის ისტორია 1970 წელს დაიწყო, როდესაც გამოვიდა რომანი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება”,  სადაც ვლადიმეროვ-შტირლიცის პერსონაჟი მთავარ გმირად მოევლინა მკითხველს. ამას წინ უძღოდა იულიან სემიონოვის რამდენიმე რომანი საბჭოთა მზვერავებზე, მაგალითად, „მაიორი ვიხრი,” „ესპანური ვარიანტი,” „პაროლი საჭირო არაა,” სადაც შტირლიცის პერსონაჟი უკვე არსებობდა.  ეს უკანასკნელი ეკრანიზებულიც კი იყო ამავე სახელწოდებით და ფილმს ბევრი მაყურებელი ჰყავდა. არც ერთ სხვა საბჭოთა კინოგმირს არ ჰქონია მსგავსი წარმატება და პოპულარობა როგორც შტირლიცს. ეს გამოგონილი პერსონაჟი განსაკუთრებით დიდი სიყვარულით სარგებლობდა მანდილოსნებს შორის. 

– ვინ იყო შტირლიცის რეალური პროტოტიპი?

– დღემდე არ ცხრება კამათი იმის შესახებ, თუ ვინ იყო შტირლიცის რეალური პროტოტიპი. აღსანიშნავია, რომ 60-იანი წლების ბოლოს  იულიან სემიონოვს დაევალა დაეწერა პატრიოტული ნაწარმოები საბჭოთა მზვერავზე. სიუჟეტის მაქსიმალური რეალისტურობისათვის, თვით იური ანდროპოვის დავალებით, მწერალს უფლება მიეცა, ემუშავა საიდუმლო არქივებში დაცულ მასალებზე. სემიონოვი მოგვიანებით ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ფაქტების უმეტესობა აღებულია რეალური საქმეებიდან და გაერთიანებულია ერთ ლიტერატურულ ბიოგრაფიად. თუმცა, არის მოსაზრება, რომ მთავარი პროტოტიპი იყო გერმანელი აგენტი ვილი ლემანი, გაუფტშტურმფიურერი, საკმაოდ წარმატებული კარიერაში – აგენტური ნომრით ა-201, საიდუმლო მეტსახელით „ბრაიტენბახი.” შტირლიცისაგან განსხვავებით, მის ცხოვრებაში მრავლად იყო ვნებიანი თავგადასავალი.

ფილმის გამოსვლის შემდეგ, ცნობილმა საბჭოთა შპიონმა, კიმ ფილბიმ განაცხადა, რომ ტიხონოვის გმირი, ასეთი კონცენტრირებული და დაძაბული, რეალურ ცხოვრებაში შპიონად ერთ დღესაც კი ვერ გაატანდაო. კრიტიკოსები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ სერიალში შექმნილი ფაშისტური გერმანიის სახეც არ იყო დამაჯერებელი და სტალინური პერიოდის საბჭოთა კავშირს უფრო წააგავსო, – „ასეთი მესამე რეიხი არ არსებობდა.”

– ამბობენ, რომ ფილმის რამდენიმე ეპიზოდი საქართველოშია გადაღებული. თუმცა, ფაქტის დადასტურებას თავს არიდებენ. თქვენთვის თუ არის ამის შესახებ ცნობილი? თუ შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს?

– ეს მართალია და მოგახსენებთ ამის შესახებ. ფილმს რამდენიმე ქვეყანაში იღებდნენ. საქართველოში დაიგეგმა ჩამოსვლა, რათა გადაეღოთ ბორჯომ-ბაკურიანის მთებში ეპიზოდი, სადაც პასტორი შლაგი გადადის ალპებში. სცენარის მიხედვით, შტირლიცი და შლაგი ალპებამდე „მერსედესით” მივიდნენ. ეს „მერსედესი” კი გადაღებებისთვის გამოუსადეგარი გახდა. საქართველოში, მართალია მსგავსი მოდელი არ აღმოჩნდა, თუმცა შეირჩა ფორდის ავტომობილი. თუ კარგად დააკვირდებით, კადრში ნომრებიც კია გაპარული - დპს. რაც შეეხება გადამღები ჯგუფის წევრებს, ეგრეთწოდებულ „ცეკას“, სასტუმროში ცხოვრობდნენ და საკმაოდ განებივრებული იყვნენ ქართული სტუმართმოყვარეობით. განსაკუთრებული დეტალები, თუ როგორ მიმდინარეობდა გადაღება, არსად აღწერილი არაა.

– არჩილ გომიაშვილი მართლა მოიაზრებოდა შტირლიცის როლზე?

– როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა ყვება, მას რომანი ჰქონდა მსახიობ არჩილ გომიაშვილთან. უნდოდა, მთავარ როლზე მისი დამტკიცება, თუმცა მთავრობამ არ მისცა უფლება, საბჭოთა მზვერავის როლი ქართველ მსახიობს ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა როლზე მსახიობები რეჟისორმა პირდაპირ დაამტკიცა, შტირლიცის როლზე ბევრი კანდიდატის სინჯების გადაღება მოუწიათ. ერთ-ერთ ვარიანტად ინოკენტი სმოკტუნოვსკისაც განიხილავდნენ. სწორედ ეს უარი გახდა მიზეზი ლიოზნოვას და გომიაშვილის რომანის დასასრულისა. ამას დაემთხვა ისიც, რომ იმ პერიოდში გომიაშვილი ოსტაპ ბენდერის როლზეც დაამტკიცეს.

არჩილ გომიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში წერდა, რომ შტირლიცის როლი იულიან სემიონოვმა ჩემთვის დაწერა და ტატიანა (ტატიანა ლიოზნოვა-რეჟისორი), იულიანი და მე ხშირად განვიხილავდით სცენარს. შემდეგ ტიხონოვი „ცეკაში“ წავიდა და განაცხადა, რუსი მზვერავის როლი ქართველმა რატომ უნდა ითამაშოსო. აქ ტატიანა შეშინდა, ვერ დაიცვა თავისი პოზიცია და დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას. მე გაბრაზებულმა დავტოვე ყველაფერი და მერე დიდხანს მეხვეწებოდნენ მიულერის როლი მაინც შეასრულეო... 

არავინ იცის, ვინ არის მართალი ამ ისტორიაში. შესაძლოა, გომიაშვილი-ლიოზნოვას რომანიც იმიტომ დაიწყო, რომ  შტირლიცის როლი მოეპოვებინა არჩილს, ეს არავინ იცის. ფაქტი კი ერთია, რომ შტირლიცი ზეპოპულარული კინოგმირი გახდა.

– დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ფაქტებისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენზეც გკითხოთ. მაროკოში იყავით კინოფესტივალის ჟიურის წევრი. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– Festival Souss International du Court Metrage-Ait Maloul/Morocco, ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი კულტურული ღონისძიებაა, სადაც თავს იყრიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კინოს ცნობილი წარმომადგენლები. ამ მიწვევას წინ უძღოდა საქართველოში ერთობლივი ქართულ-ქურთული ფილმის, „თორენის”  წარმოება (რეჟისორი – ნავზად შეხანი, სცენარის ავტორი – ჯასო ოსმანოვი, აღმასრულებელი პროდიუსერი – ქეთევან ჯანელიძე). სწორედ ნავზად შეხანის იდეა იყო წარგვედგინა ქართული კინო ახლო აღმოსავლეთის კინომწარმოებლებისთვის. ნავზადი იყო ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მაროკოს კულტურის სამინისტოს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექციის სურვილი იყო, მოგვეწყო ქართული ანიმაციური კინოს პრეზენტაცია. პროგრამაში შედიოდა ქართული ანიმაციის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ფილმები, სულ 15 ფილმი. ფესტივალზე საქართველო მნიშვნელოვანი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. გადმოგვეცა ფესტივალის პრიზი მოწონებისა და შემდგომი თანამშრომლობის სურვილის ნიშნად. 

გარდა ზემოხსენებული პროექტისა, მე მიწვეული ვიყავი, როგორც ფესტივალის ჟიურის წევრი. ჩემთან ერთად ასევე, სპეციალურ სტუმრად იყო მიწვეული ქალბატონი ხათუნა ხუნდაძე ფილმით „48 საათი თამარის ცხოვრებიდან.”  ფესტივალზე კიდევ ორი ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი თეატრისა და კინოს სახლემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტების - ზურა დემეტრაშვილის „Grossroads” და ლევან სიხარულიძის „As if here was the sea.” ეს პროექტი დააფინანსა ჩვენმა კულტურის სამინისტრომ. 

ეს იყო ძალიან საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ მაროკოში ახლა იწყება კინოხელოვნების განვითარება და მათი მხრიდან დიდია ინტერესი, დაიწყოს საქართველოსთან მჭიდრო კულტურული ურთიერთობები კინოს სფეროში, დაიგეგმოს შემდგომი თანამშრომლობა, ერთობლივი წარმოება, გაცვლითი მასტერკლასები, დაიდოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და მაროკოს სახელოვნებო უნივერსიტეტებთან.

скачать dle 11.3