კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ითხოვს საქართველოს კანონი, პაციენტს ეცნობოს ლეტალური დიაგნოზი, არის თუ არა მზად ჩვენი საზოგადოება ასეთი დიაგნოზის მისაღებად და რატომ ურჩევნიათ ექიმებსა და ოჯახის წევრებს პაციენტის მოტყუება

ექიმების, ისევე, როგორც სამედიცინო დაწესებულების დამოკიდებულება პაციენტებისადმი ხშირად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც ერთხელ ერთმა ყოფილმა პოლიციელმა შენიშნა, თანამედროვე ექიმების ნაწილი ისეთი ინტონაციით ელაპარაკება პაციენტის ოჯახის წევრებს, როგორც მილიციელები ვესაუბრებოდით დამნაშავეებსო. რა უფლებებით სარგებლობენ საქართველოში პაციენტები, რამდენად არიან დაცულნი, რით სცოდავს მედპერსონალი და რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა, რომ მაქსიმალურად ისარგებლონ კანონმდებლობით მინიჭებული საჯანდაცვო უფლებებით, საკითხს საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანდაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოების თავმჯდომარე და მასთან არსებული პაციენტთა უფლებების ცხელი ხაზის (2-103-003) პროექტის ექსპერტი, გივი ჯავაშვილი განგვიმარტავს.

– რა ფუნქცია აქვს პაციენტთა უფლებების ცხელ ხაზს და ვის შეუძლია ჰქონდეს თქვენი დახმარების იმედი?

– პროექტის მიზანია პაციენტის უფლებების დაცვის ხელშეწყობა ჩვენს ქვეყანაში. ის ითვალისწინებს პაციენტთა ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ. თუ მათ შეექმნებათ პრობლემა ან კითხვები გაუჩნდებათ სამედიცინო მომსახურების მიღების შესახებ, შეუძლიათ, მიიღონ რჩევა-კონსულტაცია, შესაძლებელია, დავეხმაროთ მათი უშუალო პრობლემის მოგვარებაში სადაზღვევო კომპანიასა თუ სამედიცინო დაწესებულებასთან; მეტიც, შესაძლოა იურიდიული კონსულტაციის გაწევა, იურიდიული დახმარება და სასამართლოშიც კი ადვოკატის ფუნქციის შესრულება.

– რა უფლებები აქვს მოქმედი კანონმდებლობით, პაციენტს, რამდენად სრულყოფილია ეს უფლებები და აძლევს თუ არა პაციენტს თავისი ძირითადი უფლების დაცვის საშუალებას?

– საზოგადოებაში არის აზრი და ჩვენი ცხელი ხაზის მუშაობაც ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. ამ თემაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, იმიტომ რომ, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყნის რესურსებსა და წყობაზე. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყველაზე მეტი თანხა იხარჯება მსოფლიოში ერთი ადამიანის ჯანდაცვაზე, სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილებაც ყველაზე მაღალია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არის ეს პრობლემა. ამდენად, მომართვების 95 პროცენტამდე ეხება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემას. არის კიდევ პაციენტთა ინდივიდუალური უფლებები, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ ისინი ძალიან კარგადაა გაწერილი ჩვენს კანონმდებლობაში. იმდენად კარგად, რომ, როდესაც 2000 წელს მივიღეთ პაციენტთა უფლებების შესახებ კანონი, საქართველო ევროსაბჭოს სივრცეში იყო მერვე ქვეყანა, რომელსაც ასეთი გამართული კანონმდებლობა ჰქონდა.

– და როგორ სრულდება ეს კარგი კანონი?

– როგორც გითხარით, კანონში პაციენტის ინდივიდუალური უფლებები კარგადაა გაწერილი და მოიცავს პაციენტის უფლებას, იცოდეს თავისი დაავადების, მდგომარეობის შესახებ; ასევე, პროგნოზისა და გაწეული მომსახურების შესახებ; თუ რა გვერდითი ეფექტები ახლავს მკურნალობას, არსებობს თუ არა ალტერნატიული მკურნალობა და, ცხადია, ჰქონდეს ინფორმაცია მომსახურების საფასურისა და  გადახდის მეთოდების შესახებ. მეორე –  პაციენტთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, პაციენტი უნდა იყოს მონაწილე და გადაწყვეტილების მიმღები. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის პაციენტის ინფორმირების, ინფორმირებული თანხმობის გაცხადების, ასევე, პირადი ცხოვრებისა და კონფიდენციალობის უფლება. ანუ ჟურნალისტებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა თუ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს ხელაღებით არ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ცალკეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს ძირითადი პრიცნიპები მკაფიოდაა გაწერილი კანონში, მაგრამ მათი განხორციელება ჭირს, ძირითადად, პაციენტთა არაინფორმირებულობის გამო.

– ჩემი პირადი შთაბეჭდილებით, ექიმთა უმეტესობას არ მოსწონს, როდესაც ფლობ ინფორმაციას საკუთარი დაავადებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ, ამას პირად შეურაცხყოფად აღიქვამენ, თითქოს ეს მათ პროფესიულ ღირსებას აკნინებს. ეს მე მხვდებიან ასეთი ექიმები თუ ზოგადი ტენდენციაა?

– პირადად მეც ექიმი ვარ, თუმცა ამწუთას აქტიური პრაქტიკა არ მაქვს, ცხადია, ექიმს უნდა, რომ იყოს კომპეტენტური და თავისი საქმე კარგად აკეთოს, თუმცა კარგ ექიმს სჭირდება მომზადებული და ინფორმირებული პაციენტი. ეს ზოგავს ექიმის დროს, ძალისხმევას და უფრო კარგი შედეგიც მოაქვს მკურნალობას. ის, რაც თქვენ თქვით, ალბათ, მაინც იმის ბრალია, ჩვენ ბოლომდე ვერ დავადექით იმ გზას, რომ პაციენტი უნდა იყოს ჩვენი დამხმარე გადაწყვეტილების მიღებისა და დანიშნულების შესრულებისას. 

– თქვენ ჩამოთვალეთ ინდივიდუალური უფლებები, ამ უფლებების არსებობა იმთავითვე იგულისხმება? დამატებითი ხელშეკრულებაც ხომ ფორმდება ხოლმე პაციენტსა და კლინიკას შორის? 

– ეს არის კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მიუხედავად იმისა, რაზე აწერს ხელს კლინიკაში პაციენტი, კანონი დგას უფრო მაღლა და თუ იქ რაღაც შეუსაბამობაა, პრობლემა წყდება კანონის სასარგებლოდ. კერძოდ, ის, რომ ექიმს არ აქვს პაციენტის საიდუმლოს გაცხადების უფლება; პაციენტის ნების გარეშე არაფერი არ უნდა გაკეთდეს. თუ ამ უფლებების რეალიზება რაღაც მიზეზების გამო არ შეუძლია პაციენტს, მაშინ ამ უფლებებით სარგებლობს მისი კანონიერი წარმომადგენელი.

– სამედიცინო პერსონალის არცთუ მცირე ნაწილი ძალიან უპატივცემულოდ ეპყრობა პაციენტებსა და პაციენტის ოჯახის წევრებს. მე ამას პირადადაც შევსწრებივარ, სხვის ნაამბობს არ ვყვები.

– თუ მოქალაქეები მოგვმართავენ, ვისაც მსგავსი პრობლემა შეექმნა, ჩვენ ამას ჩავიწერთ, გავაანალიზებთ, მივმართავთ შესაბამის დაწესებულებებს და შემდეგ შევისწავლით. ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებულია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა. ასეთი შემთხვევების მოსმენისას პირველი რეაქციაა სამედიცინო პერსონალის განკითხვა. ეს ბუნებრივია, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან დიდი გაფრთხილება უნდა ამ ურთიერთობას.

– თუ ექიმი თავად არ უფრთხილდება მის ურთიერთობას პაციენტთან, მე რატომ უნდა გავუფრთხილდე?

– ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ყველაზე სათუთია. თუ მხოლოდ ნეგატიური ფაქტები მივაწოდეთ საზოგადოებას და, თუ ისე განეწყო, რომ ექიმისა და ჯანდაცვის სისტემის ნდობა არ შეიძლება, კარგი ექიმიც დაიჩაგრება. თუ პაციენტის გვერდით ყველა შემთხვევაში დადგება ადვოკატი და უფლებადამცველი, ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა იკარგება, ამიტომ, რაც თქვენ ბრძანეთ, უნდა ითქვას გაუმჯობესების სურვილით. მაგრამ, თუ აქედან გამომდინარე, დასკვნა იქნება, რომ ყველა ექიმი არაპროფესიონალი და წამგლეჯია, ამით დაზარალდება ყველა.

– მაგალითად, ძალიან კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე საჭმლის გადამამუშავებელ ერთ-ერთ ორგანოზე. გაუკეთდა ოპერაცია, ჩაუტარდა ქიმია და მეცხრამეტე პოლიკლინიკის ონკოლოგთან იკითხა, ხომ არ ეკუთვნოდა პენსია, რაზეც ონკოლოგმა უპასუხა, რომ პენსიას მაშინ დაუნიშნავდნენ, როდესაც 2-დან 6 თვემდე სიცოცხლე დარჩებოდა. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანს არ ეკუთვნის პენსია, მაგრამ ნუთუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უკვე ასე ზუსტად ადგენს ავადმყოფის გარდაცვალების თარიღს?

– შეშლია ექიმს, არსებობს სპეციალური სამედიცინო პროგრამა –  განუკურნებელ პაციენტთა პალიატიური მკურნალობის შესახებ, რაც გულისხმობს პალიატიურ მზრუნველობას როგორც შინ, ისე სტაციონარში. ამ პროგრამაში პაციენტის ჩართვის კრიტერიუმი, სამწუხაროდ, ასეთია: პაციენტის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ამერიკაშია ასეთი მიდგომა და ჩვენთან, ალბათ, იქიდანაა გადმოტანილი. ექიმები ამას არ ეთანხმებიან, ფიქრობენ, რომ სხვაგვარი მიდგომა უნდა იყოს.

– მესმის, მაგრამ ეთქვა, რომ პენსია არ ეკუთვნოდა, რა საჭირო იყო დაზუსტება, ორ თვეში მოკვდებოდა თუ 6 თვეში?

– ეს კიდევ სხვაა, კერძოდ, კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენთან მომართვების დიდი ნაწილი სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალია. პარალელურად, ვასწავლი სამედიცინო უნივერსიტეტში და პირველ-მეორე კურსზე შემოვიღეთ საგანი, რომლის მიზანიცაა პაციენტთან სწორი კომუნიკაციის დამყარების უნარის განვითარება მომავალ ექიმში. მეექვსე კურსზე უფრო რთული საკითხებია, როგორ უთხრა პაციენტს ფატალური დიაგნოზი. ჩვენი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს.

– მაგრამ პრაქტიკაში ნაკლებად იყენებენ. სხვანაირადაა მიჩვეული ჩვენი საზოგადოება და ურჩევნია, არ იცოდეს, რა ელის, თუ ცუდი რამ ელის.

– დიახ, უმრავლესობა ძველ წესს მისდევს. ოჯახის წევრების ნებას დაჰყვება და ექიმიც და ოჯახის წევრებიც ხშირად ატყუებენ პაციენტს.

– მენტალურად ვიყავით მომზადებული ამ ჩანაწერისთვის კანონში? ანუ მომზადებულები ფატალური დიაგნოზის გასაგებად?

– ჩვენი ტრადიციაა, რომ პაციენტს არ ვეუბნებით რეალურ სურათს. მეც ასე მასწავლიდნენ თავის დროზე. ჰიპოკრატეს ცნობილი პრინციპი –  „არ ავნო“ –  ასე იყო გაგებული –  პაციენტმა არ უნდა იცოდეს თავისი დაავადების შესახებ, რაც მოიცავს პაციენტისთვის ისტორიის არ მიცემას, შემოვლითი გზით ინფორმირებას ოჯახის წევრებისა და სამედიცინო დაწესებულების. თუმცა, თუ ჩვენს კულტურულ ტრადიციებს გავყვებით, ჩვენი მსოფლმხედველობით, ადამიანი დღევანდელი დღით კი არ ცხოვრობს, არამედ, ემზადება იმქვეყნიური ცხოვრებისთვის და მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იცოდეს, რა ელის. ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენს წინაპრებს უმალავდნენ ჯანმრთელობის რეალურ მდგომარეობას. საერთოდ, ტყუილი არ უნდა უთხრა ადამიანს. თუ ადამიანს პატივს სცემ, რატომ მოატყუებ?! ღმერთმა გაშოროთ და კიდევ 100 წელს არ დაგჭირდეთ ექიმისთვის მიმართვა, მაგრამ ისურვებდით, ეთქვათ ფატალური დიაგნოზი?

–  დიახ.

–  თქვენს ახლობელს?

–  მირჩევნია, არ უთხრან.

–  ჩემმა კოლეგებმა ჩაატარეს ასეთი გამოკითხვა და უმრავლესობამ თქვა, მე მინდა, რომ მითხრან, მაგრამ ჩემს ახლობელს არ უნდა უთხრან. ანუ გამოვიდა, რომ გამოკითხულებს სჭირდებოდათ ეს ინფორმაცია, სხვები კი, მათი აზრით, ამას ვერ გადახარშავენ. მას შემდეგ შეიცვალა მიდგომა, რაც საფუძველი ჩაეყარა პაციენტის უფლებებს. მიჩნეულია, რომ, თუკი პაციენტმა სიმართლე არ იცის, ის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ძველ დროში თქვენი ყაიდის ადამიანსაც არ ეტყოდნენ არაფერს. ბოლო წლებში კი ასეთი შემთხვევაც მოხდა: ქალბატონმა უჩივლა ექიმს, რომელსაც პაციენტის ქმართან ჰქონდა კომუნიკაცია და მას კი უმალავდნენ, რომ სჭირდა ავთვისებიანი სიმსივნე. ყველა ინფორმაციას ფლობდა პაციენტის ქმარი. ამჟამად ქალბატონი უჩივის ექიმს.

– და ცალსახად მოუგებს პროცესს ექიმს?

– სხვათა შორის, კანონმდებლობაში არის გამონაკლისი: თუ ექიმს აქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ  პაციენტს ჰქონდა სუიციდის მცდელობა, დეპრესია, მას შეუძლია, ოღონდ სხვა ექიმებთან შეთანხმებითა და მათი  ერთობლივი დასკვნის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება: არ მიაწოდონ ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ, თუ ქმედუნარიანი პაციენტი დაჟინებით მოითხოვს თავისი ავადმყოფობის ისტორიას, რა დასკვნაც უნდა დაწეროს კონსილიუმმა ან ექიმმა, პაციენტმა უნდა მიიღოს ინფორმაცია თავისი ავადმყოფობის შესახებ.

–  თქვენც ბრძანეთ, რომ მომართვების 95 პროცენტი ეხება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემას. წანარჩენი 5 პროცენტი რა დარღვევებს უჩივის სამედიცინო პერსონალის მხრიდან?

– არაინფორმირებულობა, პაციენტის ღირსების შელახვა, მისადმი დამოკიდებულება, პირადი ცხოვრების კონფიდენციალობის დაცვა, არჩევნის უფლება. როგორც წესი, ინდივიდუალური უფლებები ნაკლებად ხდება მომართვის საგანი, ძირითადად საუბარია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე –  როდესაც პაციენტი ფიქრობს, რომ ეკუთვნის ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება და არ უწევენ ან საერთოდ არ იცის, რომ ასეთი და ასეთი სამედიცინო მომსახურება ეკუთვნის. არის შემთხვევები, როდესაც მეორე მხარე უარს ეუბნება.

– ჩემი გამოცდილებით, თუმცა პაციენტები უჩივიან ექიმთა მხრიდან მოპყრობას, მაგრამ უფრთხიან ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს. თქვენთან მომართვისას არ ერიდებიან სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობის გაფუჭებას?

– სწორად შეგინიშნავთ. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, ვინ დარეკა ჩვენთან, მაგრამ არ ვიცით, რამდენი რეკავს უკმაყოფილო ყოველი ასი ადამიანიდან. ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ რაოდენობით, ვინც გვიკავშირდება. ანუ ჩვენი სტატისტიკაც არ ასახავს რეალოაბას, თუმცა  შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმით, თუ რა ხდება მათ შემთხვევაში, ვინც მოგვმართა. მათი დიდი ნაწილი, ვინც მოგვმართავს, შემდეგ უარს ამბობს, დაუპირისპირდეს სამედიცინო პერსონალს ან მიმართოს შემდგომ ინსტანციებს.

скачать dle 11.3