კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

– რა მეთოდი?

– გამომძიებლის ოსტატობა, თუ გინდა – ეშმაკობა.  ისეთი ფანდია მოსაფიქრებელი და ისეთი მახე უნდა დავუგოთ რუბენ ჩოჩიანს, რომ გაებას და უკან დასახევი გზა მოეჭრას. საერთო სურათიდან, იცი, რა გამოდის?

– რა?

– რა და, თუკი ეს ფანტომი მართლაც არსებობს, ის საკუთარ კვალს შლის, პარალელურად კი გამოძიების ცრუ კვალზე გაშვებას ცდილობს. მან რუბენ ჩოჩიანი მოკლა, რომელმაც, ჩემი აზრით, იცოდა ფანტომის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. მოკლა ვიტალი ტარკილიც, გვამი გადამალა და, შეეცადა, გამოძიება ცრუ კვალზე გაეშვა, მაგრამ, არ გამოუვიდა. არ გამოვრიცხავ, რომ ტარკილიც სერგის ტაბელური „მაკაროვიდან“ იყოს მოკლული და, თუ ეს ასეა, მაშინ ჩემი ვერსია უფრო მეტად დამაჯერებელი გახდება.

– პრინციპში, მართალი ხარ. მაგრამ, ტიტე კალანდია რისთვისღა მოკლა?

– აი, ტიტე კალანდია კი ამ ჯაჭვში, სავარაუდოდ, შემთხვევით, ბედისწერის წყალობით მოხვდა. თუკი რუბენ ჩოჩიანისა და ვიტალი ტარკილის მკვლელობები ფანტომს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ტიტე მან დაუგეგმავად მოკლა.

– მაინც, რას ფიქრობ, რატომ უნდა მოეკლა მას ტიტე?

– ხომ გახსოვს, ის საცოდავი ცოცხალი და სხარტი გონების ბიჭი იყო?

– მაგას რა დამავიწყებს.

– თანაც, იურიდიულზე სწავლობდა, მილიციაში მუშაობდა და, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ჩვენს საქმეში გარკვეული ცოდნა და გამოცდილება გააჩნდა. ჰოდა, იმ საწყალმა, შეიძლება, რაღაც მნიშვნელოვანი აღმოაჩინა ტარკილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ან, უბრალოდ, რაღაცაზე ეჭვი აიღო და, თავისდა საუბედუროდ, ეს ყველაფერი იმ ფანტომს გაანდო, ფანტომმა კი მოიშორა. რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა, მერაბ, – ხელები გაშალა პესკასელმა, – შენ ისეთი კუთხით შემოაბრუნე ეს საქმე, რომ გასაკვირი არაფერია.

– ბოდიშს გიხდი, რომ მითითებასავით გამომდის, მაგრამ, იქნებ, შენს ბიჭებს დაადგენინო,  სად იმყოფებოდა ტიტე კალანდია მას  მერე, რაც მილიციის შენობიდან გავიდა, ანუ, საღამოს ათი საათის შემდეგ? ჩემი ვარაუდით, ის მკვლელს შეხვდა და ისინი ერთად გაემართნენ მიტოვებული საკონსერვო ქარხნისკენ, იქ კი ტიტე მოკლეს. გამორიცხული არაა, რომ ვინმემ დაინახა ტიტე და მკვლელი ერთად. ერთი სიტყვით, ეს მიმართულებაც შესამოწმებელია.

– რას მებოდიშები, მერაბ, რა მითითებები! ჩემს ბიჭებს უკვე დავავალე ეს.

– და, კიდევ ერთი: როგორც ვიცი, ტიტემ ორმოცდახუთი წუთი დაყო გაგრის მილიციის სამორიგეოში. რაღაც პერიოდი, შეიძლება, მარტოც კი იყო იქ და, არ გამოვრიცხავ, რომ იქიდან ვინმეს დაურეკა და ელაპარაკა.

– შენი აზრით, მკვლელს დაურეკა?

– არაა გამორიცხული, – დაუდასტურა მერაბმა, – იქნებ, „ატეესში“ გაარკვიო, დროის იმ მონაკვეთში სად დარეკეს გაგრის მილიციიდან. ასეთ შემთხვევაში, მკვლელის ძებნა უფრო გაადვილდება.

– მდაა... მრავალუცნობიანი განტოლებაა, – თქვა პესკასელმა, – ბოლო-ბოლო, რუბენ ჩოჩიანი ხომ მაინც ჩვენს ხელთაა და, თუ შენი ვერსია სწორია და ვფიქრობ, რომ სწორია, მაშინ, მისგან გამოვბერტყავთ ყველაფერს. ერთი აზრი მომივიდა თავში, მერაბ.

– რა აზრი?

– რუბენ ჩოჩიანის საქმეს ხომ სამინისტრო იძიებს?

– კი, კოტე სოხაძე.

– კოტე სოხაძეს ხომ არ დავურეკოთ. ყველაფერი მოვუყვეთ და ვთხოვოთ, რომ ის ნაძირალა ცოტა შეაჯანჯღაროს?

– გამორიცხულია, – თავი გააქნია მერაბმა, – სოხაძე ხმასაც კი არ უწევს დაკითხვის დროს. თანაც, იმ დღეს უკვე დავურეკე კოტეს და ჩოჩიანისთვის ვაკითხვინე, ვიტალი ტარკილს ხომ არ იცნობს-მეთქი.

– მერე, რა უპასუხა?

– პირველად მესმის ეს სახელიო. დიდი იმედი არ მქონდა, რომ ჩოჩიანი გამოძიებასთან ითანამშრომლებდა, მაგრამ, ვიფიქრე, იქნებ, ბიძაშვილის მკვლელობის ამბავს რომ შეიტყობს, რამე წამოსცდეს-მეთქი.

– გასაგებია, – თქვა პესკასელმა და საათს დახედა, – რამდენი დრო გასულა. შვიდი დაიწყო. წავედით, წავედით... ფატი, ალბათ, უკვე ნერვიულობს, სად დაიკარგნენო. გვეყოფა სამსახურის ამბები, დასვენების უფლება ჩვენც ხომ გვაქვს. ცოტა განვიმუხტოთ. 

კაპიტანმა მანქანა ადგილიდან დაძრა და გზა განაგრძო.

ოციოდე წუთის შემდეგ პესკასელმა მანქანა მასიური ღობის წინ გააჩერა და მერაბს უთხრა:

– აი, მოვედით. შენ იჯექი. გადავალ და კარს გავაღებ.

კაპიტანი მანქანიდან გადავიდა. ამ დროს ეზოს კარი გაიღო და იქიდან დურბინდგადაკიდებული ლორიკ ბუთბა გამოვიდა. პესკასელმა და ბუთბამ ნახევარი წუთი ილაპარაკეს და ლორიკი წავიდა. კაპიტანი უკან რომ დაბრუნდა, მერაბმა ჰკითხა:

– ეგ კაცი ვინ იყო?

– ფატის დეიდაშვილის მაზლია. გიჟია, საცოდავი. ჩვენთან მოდის ხოლმე და ფატი საჭმელს აჭმევს, ფულსაც ვაძლევ ხოლმე. ერთი კვირაა, რაც საგიჟეთიდან გამოვიდა, – მიუგო მერაბს პესკასელმა, შემდეგ წამოწითლდა და დაამატა: – გაგონილი გექნება ძმები ბუთბები. დომარი კანონიერი ქურდი იყო და სამი წლის წინ თბილისში მოკლეს, დაური კი დღესაც ციხეში ზის, „კაციჭამიას” ეძახიან. სამარცხვინოა მათთან ნათესაობა, მაგრამ, რას იზამ. ასე მარგუნა ბედმა.

– დომარ ბუთბას არ ვიცნობდი, აი, დაურის დაჭერაში კი მონაწილეობა მაქვს მიღებული – ოთხი წლის წინ თბილისში, პლეხანოვზე ავიყვანეთ, – თქვა მერაბმა, – შენ კი, რა უნდა ქნა, რა შენი ბრალია, რომ შენი ცოლის დეიდაშვილის ქმარია?

– მაინც მეუხერხულება, – შეიშმუშნა პესკასელი, – რაც არ უნდა იყოს, ორგანოში ვმუშაობ. ის კი პირწავარდნილი ბანდიტია. სიმართლე გითხრა, არც ლორიკის სტუმრობაა სასურველი, მაგრამ, ეგ უბედური ფატის ძალიან ეცოდება და ცოლის ხათრით ვერაფერს ვამბობ.

– კარგი, კარგი. ხომ შევთანხმდით, განვიმუხტოთო, – გაუღიმა მერაბმა მასპინძელს, – წავედით, გამაცანი შენი ცოლ-შვილი.

კაპიტან ნესტორ პესკასელის ორსართულიანი სახლი საკმაოდ გემოვნებით იყო მოწყობილი და კარგი დიასახლისის ხელი ეტყობოდა. თავად დიასახლისიც, ფატი კილასონია პირმშვენიერი, ტანადი ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა და მერაბს არ გაჰკვირვებია, რომ პესკასელის ცოლი ძალიან ჰგავდა თამარს.

მერაბი ხელზე ეამბორა ქალს, შემდეგ ჩვილსაც მიეფერა. კოხტად შეხვეული საჩუქარი კომოდზე დადო და სასტუმრო ოთახში შეჰყვა პესკასელის, სადაც სუფრა იყო გაშლილი.

კოლეგებმა ლაზათიანად მოილხინეს. ფატი წამით არ გაჩერებულა და არც სუფრასთან დამჯდარა. არც მერაბს მიუპატიჟებია დიასახლისი სუფრასთან, რადგან, კარგად იცოდა იმ კუთხის ადათი – სტუმრის მხრიდან ასეთი საქციელი ოჯახის შეურაცხყოფად ითვლებოდა.

მოქეიფეები რომ აიშალნენ, ღამის პირველი საათი სრულდებოდა. პესკასელი საკმაოდ მთვრალი იყო. მან რის ვაი-ვაგლახით მოახერხა მერაბისთვის ეთქვა, ჩვენთან დარჩიო, მაგრამ, უარი რომ მიიღო, ოთახიდან გავიდა და აღარ გამოჩენილა. ხუთიოდე წუთის შემდეგ ოთახში სახეაწითლებული დიასახლისი შემოვიდა და მერაბს მორცხვად უთხრა:

– ბატონო მერაბ, საწოლი გაგიშალეთ და მოისვენეთ.

– არა, ფატი, უნდა წავიდე. ჩინებული სუფრა იყო და ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ნესტორი სად არის?

დიასახლისი კიდევ უფრო წამოწითლდა, თავი დახარა და სტუმარს მიუგო:

– ბოდიში, ბატონო მერაბ, ნესტორს ჩაეძინა და ვერასგზით ვერ გავაღვიძე. ეტყობა, ძალიან გადაიღალა სამსახურში და სასმელი იმიტომ მოერია.

– ეგ არაფერი, ჩემო ფატი, – მერაბი ხელზე ეამბორა დიასახლისს და დაამატა: – ხდება ხოლმე. კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას. ახლა კი უნდა დაგტოვოთ.

დიასახლისმა სტუმარი ჭიშკრამდე მიაცილა და სახლში შებრუნდა, მერაბი კი ფეხით გაუყვა უკაცრიელ ქუჩას. ხუთასიოდე მეტრი რომ გაიარა, მაიორს „მოსკვიჩი“ წამოეწია. მანქანიდან ორი ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა და ერთ-ერთმა მერაბს უთხრა:

– საით გაგიწევიათ ასე გვიან?

გამრეკელმა კოლეგები იცნო და მიუგო:

– გაგრაში.

– მერედა, ფეხით აპირებთ გაგრაში ჩასვლას? – ჰკითხა ახალგაზრდამ და მერაბს ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა.

– ალბათ, ტაქსით.

– ტაქსის სად ნახავ ასე გვიან? – ლაპარაკში ჩაერთო მეორე ახალგაზრდა, მერაბს შეუბღვირა და უთხრა: – საბუთები მაჩვენე!

მერაბმა მილიციის თანამშრომლის წითელი წიგნაკი გაუშალა კოლეგას და ღიმილით ჰკითხა:

– ეს გაკმაყოფილებთ?

ახალგაზრდა მილიციელი შეცბა, მაიორს გამოეჯგიმა და უთხრა:

– მაპატიეთ, ამხანაგო მაიორო, ვერ გიცანით! შემოვლაზე ვართ და, რომ დაგინახეთ, საეჭვოდ მოგვეჩვენა.

– ჩუმად, ბიჭო, – მეგრულად უთხრა პირველმა მილიციელმა მეორეს, შემდეგ კი მერაბს მიუბრუნდა:

– დაბრძანდით, ბატონო მაიორო, ჩვენ მიგიყვანთ.

– მერე შემოვლა? – ღიმილით ჰკითხა მერაბმა.

– შემოვლას ტრასაზე ვატარებთ. ასე რომ, დაბრძანდით. მაინც გაგრაში უნდა წავიდეთ და ჩვენ წაგიყვანთ.

მერაბი მძღოლის გვერდით მოკალათდა, ოპერები უკან დასხდნენ და „მოსკვიჩი“ ადგილიდან დაიძრა.

სოხუმი-გაგრის გზატკეცილი თითქმის ცარიელი იყო და მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ. მძღოლმა სისწრაფეს მოუმატა. სოხუმიდან ხუთიოდე კილომეტრის დაშორებით, ეგრეთ წოდებულ „მწვანე კალონკასთან“ ასი კილომეტრ-საათი სიჩქარით მოძრავ „მოსკვიჩს“ შორეულმა შუქმა შეანათა. მძღოლმა ორჯერ ჩაუქრო და აუნთო შემხვედრს შუქფარები, რაც იმას ნიშნავდა, რომ საპირისპიროდ მოძრავ მანქანას შუქფარები უნდა ჩაექრო, მაგრამ, შემხვედრმაც იგივე გაიმეორა. შუქი კი უფრო ახლოვდებოდა და მძღოლს თვალებს სჭრიდა.

– რას შვრება ეს შობელძაღლი! – თქვა მძღოლმა, – ღირსი არაა ეს შოფერი, რომ მანქანიდან გადმოიღო და ფეხქვეშ გაიგდო?!

– შეხედე, რა ნაგლია? – წამოიძახა მეორე მილიციელმა და თავის მძღოლს დაუყვირა: – მარჯვნივ აიღე, ხუტა, რული, თორემ, შეგვასკდება ეს ოხერი!

– ფარები გამორთე! – იღრიალა მერაბმა. შემდეგ თავადვე გამორთო საჭეზე მიმაგრებული შუქფარების ჩამრთველ-გამომრთველი და თავადვე დაამუხრუჭა... „მოსკვიჩმა“ ნახევარწრე გააკეთა, ტრასაზე თხუთმეტიოდე მეტრით გასრიალდა და გამყოფ ხაზზე გაჩერდა და ამ დროს მარჯვნიდან უზარმაზარმა „კამაზმა“ ჩაუქროლა. მძღოლმა ხუტამ გაოცებით შეხედა მაიორს და ნაწყენი ტონით უთხრა:

– ეს რა ქენით, კინაღამ „კამაზმა“ გადაგვიარა!

– ფანარი გაქვთ? – ჰკითხა მერაბმა კოლეგას.

– გვაქვს, – გაბრაზებით მიუგო მაიორს მეორე მილიციელმა.

– მომეცით. მანქანა კი მარცხნივ გადააყენეთ, – უთხრა მერაბმა, ფანარი გამოართვა და მანქანიდან გადავიდა.

ოციოდე მეტრი რომ გაიარა, მერაბმა ფანარი ტრასისკენ მიმართა და საპირისპირო შუქიც გამოჩნდა. მაიორმა კიდევ ათი მეტრი გაიარა, შეჩერდა და კოლეგებს დაუძახა. მილიციელები რომ მოვიდნენ, უთხრა:

– აი, რა ანათებდა – ეს ჩვენი მანქანის შუქს ირეკლავდა.

– რა არის? – იკითხეს მილიციელებმა.

– ჩვეულებრივი სარკე, – მიუგო მერაბმა და რკინის სადგამზე მიუთითა, რომელზეც სარკე იყო მიმაგრებული, – გზიდან მოაშორეთ, ვინმე არ იმსხვერპლოს.

მილიციელებმა სწრაფად მოაშორეს ტრასიდან სარკე და პირველმა მილიციელმა თქვა:

– ვინ სულელმა ქნა ეს, მეტი საქმე არ ჰქონდა?

– მაიმუნებს რა გამოლევს ამქვეყნად, – დაასკვნა ხუტამ, – ხელები უნდა დაამტვრიო, ვინც ეს ქნა!

მეორე მილიციელი კი მერაბს მიუახლოვდა და მოუბოდშა:

– მაპატიეთ, ამხანაგო მაიორო, ცოტა უხეშად გამომივიდა თქმა და ნუ მიწყენთ.

– არა უშავს, ხდება ხოლმე, – მერაბმა მხარზე ხელი მოუთათუნა კოლეგას, – წავედით. უკვე გვიანია.

მილიციელებმა მერაბი გაგრაში ჩაიყვანეს, გამოემშვიდობნენ და წავიდნენ.

– გმადლობთ, ბიჭებო, აბა, თქვენ იცით. ფრთხილად იარეთ, – უთხრა მერაბმა კოლეგებს და ფრთხილად შევიდა სახლში.

ღამის სამი საათი სრულდებოდა. ასთამურს არ ეძინა, მაგრამ, სტუმარი უხერხულობაში რომ არ ჩაეგდო, ხმა არ ამოუღია და მალევე ჩაეძინა. მერაბიც დაწვა, თუმცა, არ ეძინებოდა. მაიორი ტრასაზე დადებულ სარკეზე ფიქრობდა და ცდილობდა, გარკვეულიყო, რას ნიშნავდა ყოველივე ეს. ბოლოს მასაც ჩაეძინა.

მაიორი კივილისა და გოდების ხმამ გამოაღვიძა. საწოლზე წამოჯდა და გაახსენდა, რომ ტიტე კალანდიას დასაფლავების დღე გათენდა. ოთახში მასპინძელი შემოვიდა და სტუმარს მიესალმა:

– დილა მშვიდობისა, მერაბ.

– დილა მშვიდობისა, ძია ასთამურ, – მერაბი ლოგინიდან წამოდგა.

– იწექი, იწექი. როგორ ხარ, შვილო?

– არა მიშავს, ძია ასთამურ. თქვენ როგორ ხართ?

– მეც არა მიშავს. რა ქენი, როგორი დრო გაატარე ნესტორთან?

– მშვენიერი სუფრა ჰქონდა და კარგად მოვილხინეთ. საუცხოო ცოლ-შვილი ჰყავს, – მიუგო მერაბმა.

– „პახმელიაზე“ ხომ არ ხარ? თუ გესიამოვნება, ცოტა ჭანჭურის არაყს დაგალევინებ, – შესთავაზა მერაბს ასთამურმა.

– არა. გმადლობთ. დილით ვერაფერს ვსვამ და ვჭამ, – თქვა მერაბმა და მასპინძელს ჰკითხა: – დღეს ტიტეს ასაფლავებენ ხომ?

– კი, დღეს ასაფლავებენ იმ საცოდავს. სამ საათზეა გასვენება. წამოხვალ?

– აუცილებლად, ძია ასთამურ. ცოტა გონს მოვალ და ჩავიცვამ.

– მაშ, კარგი. საჭმელი კარადაშია და თუ მოგინდა, მიირთვი, მე კი სატირალში გადავალ. ყველანი იქ არიან და უხერხულია, – თქვა ასთამურმა და წავიდა.

ცოტა ხანში მერაბიც ადგა, იბანავა, თავი მოიწესრიგა და ჩაიცვა. მას კვლავ წუხანდელი შემთხვევა წარმოუდგა თვალწინ, ჩაეცინა და ჩაილაპარაკა: „ჩვენი ბედი, რომ მძღოლის გვერდით ვიჯექი და მანქანა დროზე დავამუხრუჭე, თორემ, ან „კამაზი“ გადაგვივლიდა, ან კლდეზე გადავიჩეხებოდით“.

კარზე ფრთხილი დაკაკუნების ხმა გაისმა. მაიორმა კარი გამოაღო და ზღურბლზე მდგარ ნესტორ პესკასელს მოჰკრა თვალი. კაპიტანი მილიციის ფორმაში იყო გამოწყობილი და შეწუხებული სახე ჰქონდა. მერაბი რომ დაინახა, წამოწითლდა და უთხრა:

– შეიძლება?

– შემოდი, შემოდი, რას უდგახარ!

პესკასელი ოთახში შევიდა და მერაბს უთხრა:

– ბოდიში მერაბ, ძალიან ცუდად გამომივიდა და სირცხვილისგან არ ვიცი, სად წავიდე. მირჩევნია, მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს.

– რას ამბობ, რას მებოდიშები?

– რას და, აი, ახლაც ისეთი გაბრუებული ვარ, რომ სულის შებერვაც კი მეყოფა წასაქცევად. სასმელი ისე მომერია, რომ, დამეძინა და ვერ მოგხედე. ამ დილით რომ გავიღვიძე და ვერ გიპოვე, ფატი კინაღამ მოვკალი. ეს როგორ მომივიდა! ჩვენში სტუმარს ასე არ ექცევიან, მომეჭრა თავი. ჩემი ბრალია და დიდ ბოდიშს გიხდი. ეგ როგორ მომივიდა, რომ ნაქეიფარი კაცი ამსიშორეზე მარტო გამოგიშვი.

– რას ამბობ, პირიქით. მშვენიერი სუფრა იყო და ბრწყინვალე დრო გავატარე. ულამაზესი და უკეთილშობილესი ცოლ-შვილი გყავს. დიდი მადლობა პატივისცემისთვის. გადამეხადოს.

მერაბის სიტყვებზე პესკასელმა ამოისუნთქა და უთხრა:

– ესე იგი, არ მიბრაზდები?

– რას ამბობ! პირიქით, დიდი მადლობა. ფატის ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცი.

– მე კი ის საცოდავი კინაღამ მოვკალი. იფიცა ყველაფერი – ვეხვეწე, დარჩი, მაგრამ, არ ქნაო.

– სწორი უთქვამს. ფატის რას ერჩოდი? არსად დარჩენა არ მიყვარს, მით უმეტეს, ძია ასთამური ინერვიულებდა. შევპირდი, სახლში მოვალ-მეთქი და, რომ არ მოვსულიყავი, არ გამოდიოდა. ასე რომ, ნურაფერზე დარდობ, ფატის კი ბოდიში მოუხადე.

– გაგრაში რით ჩამოხვედი?

– ჩვენმა კოლეგებმა ჩამომიყვანეს. შემოვლაზე იყვნენ და საბუთები შემიმოწმეს, მერე კი წამომიყვანეს.

– ვინ იყვნენ, ნეტავ?

– „მოსკვიჩით“ მოძრაობდნენ.

– ხუტა, ვალერა და სლავიკა. კარგი ბიჭები არიან, ცხონებული კალანდიას ტოლები, – თქვა პესკასელმა და მერაბს ჰკითხა: – დაკრძალვაზე ხომ იქნები?

– აუცილებლად.

– კარგი, მერაბ. წავედი. მაგის თქმა მინდოდა. ქელეხში შევხვდებით.

პესკასელი წავიდა. მერაბს კვლავ ტრასაზე დადებული სარკე გაახსენდა და ჩაფიქრდა. მაიორი ცდილობდა ამოეცნო, თუ რას ნიშნავდა წუხანდელი შემთხვევა. გამრეკელი არც შემთხვევითობას გამორიცხავდა, მაგრამ ინტუიცია კარნახობდა, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ დაგებული ჯოჯოხეთური მახე.

მერაბმა ოთახში გაიარ-გამოიარა და გაიფიქრა: „თუ სარკე მე დამიდეს, ესე იგი, ჩემი მოკვლა უნდოდათ. ჩემი მოკვლა, ალბათ, ბევრს სურს – იმ ბოროტმოქმედებს, ვინც დამიჭერია და უნდათ, რომ შური იძიონ ჩემზე. მაგრამ, მათ გამოვრიცხავ. მით უმეტეს, რომ ისინი ციხეში სხედან და ვერ მომწვდებიან. თანაც, ასეთ რამეს არც და ვერც მოიფიქრებენ. არა, ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო ჭკვიანი და ვერაგი მტერი მოქმედებს. ფანტომი რომ არსებობს, თითქმის დადასტურებული ფაქტია. თუ ამ ფანტომის გამოაშკარავებასთან ასე ახლოს ვარ, მაშინ სწორედ ის ცდილობს ჩემს მოშორებას. თუ ეს ასეა, მაშინ ფანტომი პესკასელია. იმიტომ, რომ გუშინ მას ჩემი ვერსია გავანდე. მან იცის, რომ ეს ვერსია მის გარდა არავისთვის მითქვამს. პესკასელი რუბენ ჩოჩიანს ვერ მიწვდება. ნესტორს ეშინია, რომ რუბენს ავალაპარაკებთ, მასზე, ანუ ფანტომზე გავალთ და ჩემი ასე სასწრაფოდ მოშორება, იმიტომ გადაწყვიტა. არ გამოვრიცხავ, რომ პესკასელმა სიმთვრალე გაითამაშა. თუ ჩემი ვერსია სწორია, თუ ფანტომი მართლა პესკასელია, მაშინ ნესტორი ამ სიჩქარემ გაყიდა და როგორმე რუბენ ჩოჩიანი უნდა ავალაპარაკოთ, რომ მან პესკასელზე გაგვიყვანოს“.

მერაბმა საათს დახედა. დილის თერთმეტი საათი სრულდებოდა. ტიტე კალანდიას დაკრძალვამდე ოთხი საათი რჩებოდა. მაიორი უკანა ეზოში ჩავიდა. ორღობეში გაძვრა და ვიწრო ქუჩებით გაგრის მთავარ ქუჩაზე ამოჰყო თავი. ოციოდე წუთის შემდეგ კი ქალაქის მთავარ ფოსტაში მივიდა და კოტე სოხაძეს სამსახურში დაურეკა. სოხაძე არ პასუხობდა. მერაბმა თავის განყოფილებასთან სცადა დაკავშირება, მაგრამ არც იქ იღებდნენ ყურმილს. მაიორმა ბოლოს რესპუბლიკის მთავარ მორიგეს დაურეკა.

– რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მორიგე მაიორი გიგაური გისმენთ, – მოესმა მერაბს მკაცრი, ბოხი ხმა.

– გამარჯობა, პავლე. მერაბ გამრეკელი ვარ, – მიესალმა მაიორი მთავარ მორიგეს.

– გაგიმარჯოს, მერაბ. როგორ ხარ, სად დაიკარგე, ბიჭო?

– არა მიშავს. შენ როგორ ხარ?

– კარგად  ვარ. სად ხარ, რატომ დაგვივიწყე?

– გაგრაში ვარ. მალე ჩამოვალ და გნახავ. პავლე, ვერც კოტე სოხაძეს ვუკავშირდები და არც ჩემები მპასუხობენ. ხომ მშვიდობაა, სად წავიდნენ, ხომ არ იცი?

– მინისტრი გაფართოებულ ოპერატიულ თათბირს ატარებს და ყველანი იქ არიან. „ჩეპე“ მოხდა ამ დილით.

– რა „ჩეპე“?

– რა და რუბენ ჩოჩიანი გაიქცა ციხიდან.

– კი მაგრამ, როგორ? – ელდა ეცა მერაბს, – ჩვენთან არ იჯდა, შინაგან ციხეში?

– კი. ჩვენთან იჯდა. დილის ცხრა საათზე მასთან კოტე სოხაძე მივიდა დაკითხვაზე, მაგრამ საკანი ცარიელი დახვდა. მორიგე სერჟანტს გამოუყვანია და ერთად გაქცეულან. „ნადზორის“ ფორმა გადაუცვამს ჩოჩიანს. „სმენაში“ კი ახალბედა ბიჭები იყვნენ, მოტყუვდნენ და გაატარეს. გენერალი გაგიჟებულია. მთელი პირადი შემადგენლობა ფეხზე დგას და ცდილობენ, ცხელ კვალზე დააკავონ. მოკლედ, საგიჟეა აქ.

– სერჟანტს რა ჰქვია?

– ვინც ჩოჩიანი გაიყვანა? – გასტონ მურღულია.

– კარგი პავლე, კარგად იყავი. კოტეს ახლა ჩემთვის არ ცხელა და მოგვიანებით დავურეკავ.

– მერაბ, მე ხომ ვერ დაგეხმარები? რა გინდოდა?

–არც არაფერი. უბრალოდ, მომენატრეთ და დავრეკე. ერთი სული მაქვს, სამსახურში როდის გამოვალ. კარგი, კარგი პავლე. ხაზს აღარ დავაკავებ. ჩამოვალ და გნახავ. ნახვამდის!

მაიორი მერაბ გამრეკელი გაოგნებული გამოვიდა მთავარი ფოსტის შენობიდან და ნელი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. მერაბმა სოხაძეს იმიტომ დაურეკა, რომ გაეფრთხილებინა – რუბენ ჩოჩიანი შინაგანი ციხიდან არსად გადაეყვანა, თან გაეგო, რამე სიახლე ხომ არ იყო გამოძიებაში. შინაგანი ციხე ერთადერთი საიმედო ადგილი იყო განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედის იზოლაციისთვის. სხვა დანარჩენი საპყრობილეებისგან განსხვავებით, იქ არც ინფორმაციის შეტანა და გამოტანა იყო შესაძლებელი, არც პატიმრის ლიკვიდაცია და არც იქიდან გაქცევა. თუმცა, რუბენ ჩოჩიანის გაქცევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და გამრეკელი დარწმუნდა, რომ ამ საქმეში ფანტომის ხელი ერია.

მერაბმა კიდევ უფრო შეანელა ნაბიჯი, გააბოლა და გაიფიქრა: „ნუთუ მართლა პესკასელია ფანტომი და ჩემი მკვლელობის მცდელობა და ჩოჩიანის გაქცევა მისი ნახელავია? უკანასკნელი მოვლენების ანალიზი ამაზე მიუთითებს. თუმცა, გამორიცხული არაფერია და შეიძლება, ვცდები კიდეც. ასეა თუ ისე, პესკასელთან ფრთხილად უნდა ვიყო. თუ მართლა ისაა ფანტომი, მაშინ მანამდე არ მოისვენებს, სანამ ყველა კვალს არ წაშლის და ღმერთმა უწყის, რა მოუვა თავში“.

გამრეკელმა საათს დახედა. პირველი სრულდებოდა და ნაბიჯს მოუჩქარა, რომ ტიტე კალანდიას დაკრძალვაზე  ცოტა ადრე მისულიყო. ნახევარი საათის შემდეგ, მერაბი უკვე იმ ზღვა ხალხს შეუერთდა, რომლებიც კალანდიების კარ-მიდამოსთან იდგნენ და მოკლული მილიციელის გამოსვენებას ელოდნენ. ირგვლივ საშინელი ატმოსფერო სუფევდა. შავ კაბებში გამოწყობილი შავთავსაფრიანი ქალები საზარლად კიოდნენ და სახეს იხოკავდნენ. შაოსანი მამაკაცები კი გოდებდნენ და თავში ხელს იცემდნენ. რაც უფრო ახლოვდებოდა ტიტე კალანდიას გამოსვენების დრო, მგლოვიარე ხალხის მასა მით უფრო იზრდებოდა და ეს ტრაგედია მით უფრო მეტ მასშტაბებს იღებდა.

სამს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, სამძიმარზე აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოხუმის მილიციის სამმართველოს ხელმძღვანელობის სრული შემადგენლობა მივიდა. მაღალჩინოსანი მილიციელები ფორმებში იყვნენ გამოწყობილები და მათ წინ მინისტრი მიუძღოდათ.

ტიტე კალანდია ექვსმა ფორმიანმა მილიციელმა გამოასვენა სახლიდან და ისეთი საზარელი წივილ-კივილი და გოდება ატყდა, რომ მერაბმა უნებლიეთ ხელები აიფარა ყურებზე. ხალხი ცხედარს გაჰყვა. მერაბიც ადგილიდან დაიძრა. ამ დროს მაიორმა მხარზე ხელის შეხება იგრძნო, შეტრიალდა და ნამტირალევ პესკასელს შეავლო თვალი. კაპიტანმა ცხვირსახოცით ცრემლები მოიწმინდა, ღრმად ამოისუნთქა და გამრეკელს უთხრა:

– მერაბ, მინისტრი გელოდება მანქანაში. შენ დასაძახებლად გამომგზავნა. წამოდი, მიგიყვან, – კაპიტანმა მაიორს ხელკავი გამოსდო, მარცხნივ წაიყვანა, თან თქვა:

– უბედური ტიტე. რა ახალგაზრდა, ჭკვიანი და წესიერი ბიჭი იყო. მის მკვლელს ცოცხლად გავატყავებ, თუკი ის ნაძირალა ხელში ჩამივარდება.

მერაბი უხმოდ გაჰყვა პესკასელს, თან თავისთვის გაიფიქრა: „ეს თუ ამ ყველაფერს თამაშობს, მაშინ მისი გამოაშკარავება და მხილება ურთულესი საქმე იქნება. მაგრამ, ვაი, თუ ვცდები, მაშინ?..“

მინისტრის მანქანა ვიწრო ჩიხში იყო გაჩერებული. გენერალი უკანა სავარძელზე იჯდა. პესკასელი და მერაბი რომ მივიდნენ, კაპიტანმა მინისტრს უთხრა:

– კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ, ამხანაგო გენერალო?

– არა. გმადლობთ. თავისუფალი ხართ, კაპიტანო, – მიუგო მინისტრმა პესკასელს და მერაბს მიუბრუნდა:

– გთხოვთ, მანქანაში დაბრძანდეთ, მაიორო.

გამრეკელი უხმოდ მოკალათდა მინისტრის გვერდით, გენერალმა კი ჰკითხა:

– გადატანილი ჭრილობის მერე თავს როგორ გრძნობთ, მაიორო?

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო, უკვე კარგად ვარ, – მიუგო მერაბმა.

– თქვენს პროფესიონალიზმზე უკვე მომახსენა სოხუმის მილიციის სამმართველოს უფროსმა და მინდა, პირადი მადლობა გამოგიცხადოთ. ყოჩაღ, მაიორო! ორი-სამი თქვენნაირი თანამშრომელი რომ მყავდეს, გაცილებით უკეთ ვიმუშავებდით. ვიტალი ტარკილის გვამის აღმოჩენა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს... ერთი საათის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა დამირეკა თბილისიდან. თქვენი მოძებნა დამავალა და მითხრა, გადმომეცა, რომ დღესვე გაემგზავროთ დედაქალაქში. ხვალ დილით მინისტრი გელოდებათ, თქვა გენერალმა.

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო. გმადლობთ, – წარმოთქვა მერაბმა. მინისტრმა კი გამრეკელს კონვერტი მისცა და უთხრა:

– აქ, სოჭი-თბილისის მატარებლის ბილეთია. შემადგენლობა ზუსტად საღამოს ათ საათზე შემოვა გაგრის რკინიგზის სადგურზე და არ დააგვიანოთ. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ, მაიორო. ნახვამდის. იმედია, კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს.

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო. შეხვედრამდე, – მიუგო მერაბმა მინისტრს. გენერლის გამოწვდილ ხელს მარჯვენა ხელი ჩამოართვა და „ვოლგიდან“ გადავიდა.

მინისტრი მანქანით გაემგზავრა სოხუმში. გამრეკელმა კი ნაბიჯს მოუჩქარა, რომ სასაფლაოზე მიმავალ ხალხს დასწეოდა. ასიოდე მეტრი რომ გაიარა, მერაბს პესკასელი მანქანით წამოეწია, გაუჩერა და უთხრა:

– ჩაჯექი. წაგიყვან.

მერაბი უხმოდ ჩაჯდა. კაპიტანმა კი მანქანა ადგილიდან დაძრა და გამრეკელს ჰკითხა:

– ხომ მშვიდობაა, მერაბ?

– ალბათ კი, – მიუგო მერაბმა.

– რატომ, ალბათ.

– შინაგან საქმეთა მინისტრმა სასწრაფოდ თბილისში გამომიძახა და ამ საღამოს მივემგზავრები.

– ეტყობა, რაღაც მოხდა, რადგან ასე სასწრაფოდ გიბარებს.

– როგორც ეტყობა, – მშრალად მიუგო მერაბმა.

პესკასელს მეტი არაფერი უკითხავს და არც მერაბს ამოუღია ხმა. მილიციის ოფიცრები უხმოდ შეუერთდნენ მგლოვიარე ხალხს და გაგრის სასაფლაოს აღმართს ფეხით აუყვნენ.

მერაბი აქეთ-იქით იყურებოდა და ზღვა ხალხში ასთამურს ეძებდა, რათა მასპინძლისთვის ეთქვა, რომ საღამოს თბილისში მიემგზავრებოდა.

გოლიათი მეტყევე განმარტოებით იდგა და იცრემლებოდა. მერაბი მასთან მივიდა და უთხრა:

– ძია ასთამურ, ამ საღამოს თბილისში მივემგზავრები.

– მოხდა რამე, შვილო?

– შინაგან საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ მიბარებს. დილით მასთან უნდა ვიყო და მატარებლის ბილეთიც გადმომცეს. ათ საათზე სოჭი-თბილისს მივყვები.

– ესე იგი თამარის დაბადების დღეზე ვერ მიხვალ.

– სამწუხაროდ, ვერა, – მიუგო მერაბმა, – ძია ასთამურ, თამარს ახლა ვერ დაველაპარაკები და სიმართლე გითხრათ, არც მინდა. იქნებ თქვენ აუხსნათ ყველაფერი და ჩემ მაგივრად მოუბოდიშოთ. არ ვიცი, რა უნდა მინისტრს და როგორც კი გავთავისუფლდები, მაშინვე დავბრუნდები უკან.

– შენ არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. თამარს კი მე დაველაპარაკები, – უთხრა ასთამურმა მერაბს და ჰკითხა:

– ქელეხზე ცოტა ხნით მაინც არ დარჩები?

– არა რა, ძია ასთამურ. ამ ცხონებულს რომ დავასაფლავებთ, სახლში დავბრუნდები და ცოტას დავისვენებ. საღამოს ცხრაზე კი სადგურზე წავალ.

– მაგ დროისთვის მეც მოვალ და გაგაცილებ.

კალანდია რომ დაკრძალეს, მერაბი ასთამურის სახლში დაბრუნდა, ტახტზე წამოწვა და ჩაფიქრდა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ლოგიკა ერთი მხრივ იმაზე მიუთითებდა, რომ ფანტომი პესკასელი იყო. მეორე მხრივ კი, მაიორი კაპიტნის გამართლებას ცდილობდა და თავისივე ვარაუდის გასაბათილებელ არგუმენტებს ეძებდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3