კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცობრიობის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N29-31(710) 

ზუსტად მიზანში მოვარტყი, რადგან შუბლშეჭმუხვნილმა ვარვარამ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა:

– ეს კლუბი დიდი არაფერია... აქ ვერას ხათრით დავდივარ.

– მაგრამ, როგორც ვიცი, მისი ფეხსაცმელი დიდი პოპულარობით სარგებლობს...

– დამიჯერეთ, არც ისე, – სიტყვა გამაწყვეტინა ვარვარა ანტონოვნამ, – დარწმუნებული ვარ, ახლა აქ შეკრებილი საზოგადოების წევრებიდან მხოლოდ ერთს ეცმევა მის სახელოსნოში შეკერილი ფეხსაცმელი და ის ერთი თავად ვერა ობრაზცოვაა.

მივხვდი, იმან უფრო გააცხარა ქალი, რომ ის, უბრალოდ, ვარვარა ანტონოვნა იყო და სხვა არაფერი. თუმცა, როცა ფეხზე დავხედე და თავში გაელვებული პირველივე ბანალური კომპლიმენტით დავაჯილდოვე, მაშინვე გამოუკეთდა გუნება.

– უნდა ვთქვა, რომ ამ ლამაზ ფეხს, არათუ ვერას სახელოსნოში შეკერილი ფეხსაცმელი, გალოშიც ვერ დააუშნოებს.

ამ ფრაზით მისი გული საბოლოოდ მოვიგე. ღიმილით მომაჩერდა და ცარიელი ჭიქა ჩემკენ მოაცურა.

– ეი, ბარმენ! ესპანური პორტვეინი დაუსხი ჩემს დამას! მე – იგივე! – ფრაზა „ჩემს დამას“ ძალიან ეამა, თვალები უფრო მოწკურა და, რაც შეეძლო, კეკლუცად ჩაიღიმა.

– იმ ლონდონურ კლუბში კიდევ რას აკეთებთ ხოლმე? – მკითხა, როცა ბარმენმა პორტვეინი მოართვა.

– ეჰ, პრინცესა! – ისეთი მოწყენილი სახე მივიღე, რომ ვარვარას გამომეტყველება შეცვალა, – შენ არ იცი, როგორი მარტოსული ვარ... იმ კლუბშიც იმიტომ ჩავეწერე, რომ შავ მელანქოლიას არ მოვენელებინე იმ ნისლიან ქვეყანაში, სადაც ბურუსი კარგ ამინდად ითვლება, ხოლო ჭექაქუხილიანი ავდარი – ჟუჟუნა წვიმად.

– ძნელი იქნება თქვენთვის ლონდონში მარტო ცხოვრება, არა? მეჩვენება, რომ სამხრეთული ტემპერამენტი გაქვთ, – უფრო იმიტომ მკითხა, რომ გაეგო, ლონდონში მყავდა ვინმე თუ არა, რადგან სიტყვა „მარტო“ განსაკუთრებული ხაზგასმით გარმოთქვა.

– ჰო, ასეა. როგორც ნასტენკამ მითხრა, არც რუსს ვგავარ და არც – ინგლისელს...   თუმცა, რუსს არც შენ ჰგავხარ, – აღარც კი მახსოვს, როდის გადავედი შენობით ფორმაზე, ალბათ თავიდანვე, რადგან, როგორც შევამჩნიე, ეს საერთოდ არ სწყინდა ჩემს ახლად გაცნობილ „ჩიტს“.

– როგორ მიხვდი? მამა მყავდა ჩეჩენი. დედამ მითხრა, თვალები მისი გამოგყვაო.

– როგორ, მამა არ გინახავს?! – საუბარი სპეციალურად წარვმართე მის ირგვლივ, რადგან არ მინდოდა, ჩემი წარმოშობის შესახებ  კიდევ რამე ეკითხა.

– არ მინახავს... მე მოკლევადიანი საგასტროლო რომანის „შედეგი“ ვარ.

მართლა გამიკვირდა ასეთი გულწრფელობა. ალბათ, ეს შემამჩნია კიდეც და განაგრძო:

– დედა ძველი რუსული სიმღერების გუნდის სოლისტი იყო. გროზნოში ერთკვირიან გასტროლზე იყვნენ – კონცერტებს მართავდნენ. მამაჩემი კი იქაურ სასტუმროში გაუცნია... მხოლოდ სახელი ვიცი მისი – ილჰამი! ანტონი ჩემს მამინაცვალს ერქვა, მის გვარს ვატარებ.

ვერას იდუმალების ნასახიც არ ჰქონდა, ისეთი გულწრფელი იყო... მიუხედავად ამისა, რაღაცით მაინც მიმიზიდა და ის რაღაცა, ალბათ, ბრჭყვიალა კაბაში გამოკვართული უბრალოება იყო. ამიტომ, ხელზე ხელი ნაზად მოვუჭირე, თითქოს თანაგრძნობის გამოხატვა მინდოდა. ის მიხვდა, რომ გულწრფელობისთვის დაიმსახურა ეს ჟესტი და გამიღიმა.

– ნასტია როგორ გაიცანით? – მივხვდი, საკუთარი აღიარების საპირწონედ, ჩემგანაც გულწრფელობა მოითხოვა.

– ნასტია – ინტერნეტით... როცა კარნავის ქუჩის ბარებში უაზროდ ჯდომა ან სამეფო პარკებში უმიზნო ხეტიალი ყელში ამოგივა... ლონდონურ ბინაში მარტო ზიხარ და უზარმაზარი კათხით ლუდს მხოლოდ იმიტომ შეექცევი, რომ სწორედ ასე იქცევა იქაურ მცხოვრებთა 99 პროცენტი, ათას სისულელეს ჩაიდენ. კერძოდ, ტელევიზორში ფეხბურთის ყურებით გაირთობ თავს, ხან კი ინტერნეტით ისარგებლებ, რომ ვინმესთან საუბარს გადააყოლო ერთფეროვნებით გაწვრილებული გული.

– აქ ნასტიას გამო ჩამოხვედით? – ოდნავი უსიამოვნება ამოვიკითხე მის ხმაში.

– ნაწილობრივ. ნასტია ჩემი აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობ ფაქტორებს შორის მხოლოდ მცირე პროცენტს იკავებს, – ისეთი რახარუხი ავუტეხე სიტყვებს, რომ ვარვარას ორი წუთი მაინც დასჭირდა, გარკვეულიყო და შემდეგი კითხვა მიეყოლებინა:

– დიდ პროცენტს რა იკავებს?

– ის, რომ რუსეთი ჩემი წინაპრების სამშობლოა და მინდოდა, მისი გული მენახა.

– მერე კმაყოფილი ხართ?

– ნაწილობრივ! – ვთქვი და ამპარტავნულად გავიღიმე, როგორც იმ კაცმა, რომელსაც მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი.

ვარვარა მიმიხვდა:

– ალბათ, ბევრ ქვეყანაში გიმოგზაურიათ?

– დიახ, – ისეთი თავდაჯარებით ვუპასუხე, რომ არც შემრცხვენია... მე ხომ კეთილშობილური მიზანი მამოძრავებდა – ბოროტებას ვებრძოდი და ამის გამო ტყუილი თუ არა, ჰიპერბოლა მაინც, დასაშვებად მიმაჩნდა. ვარვარას თვალში უფრო ავმაღლდი და ამან ჩემს ძირითად სათქმელს მიმაახლოვა.

– თუმცა, ყველაფერი ისე მომბეზრდა, ცხოვრების აზრი დავკარგე...

– ღმერთის არ გწამთ? – მკითხა და თანაგრძნობით შემომხედა.

„ოჰო!“ – წამოვაგე ლიფსიტა ანკესზე, რათა მერე უფრო დიდი ღლავი გამოვიჭირო“, – გავიფიქრე და ისეთი სასოწარკვეთილი სახე მივიღე, მარლონ ბრანდოს შეშურდებოდა ჩემი სამსახიობო ნიჭი. თუმცა, ეს გრიმასა აბსოლუტურად ბუნებრივი გახდა, როცა დავინახე, როგორ წამოდგნენ ფეხზე ნასტია და  ვერა ობრაზცოვა, – „ახლა ღმერთი არ გაგიწყრეთ და აქეთ არ წამოხვიდეთ!“ – გავიფიქრე შიშით, მაგრამ მაშინვე გულზე მომეშვა, როცა გოგოებმა საპირფარეშოსკენ აიღეს გეზი.

– რა მკითხე? – ვითომ ვერ გავიგე ვარვარას შეკითხვა, – ამხელა პაუზას გამართლება ხომ უნდა ჰქონოდა.

– ღმერთის გწამთ-მეთქი, გკითხეთ.

– ღმერთის? როგორ გითხრა... ჩემი რწმენა უფრო სუსტია, ვიდრე სურვილი, რომ მწამდეს! არ მინდა, სამყაროს აღსასრული დავიჯერო. აი, ვინმე რომ ჩემს დახმარებას შეძლებდეს და ამ სიცარიელეს შემივსებდეს...

– მე! მე ვიცი ადამიანი, ვინც შეძლებს თვალი აგიხილოთ და თქვენს სიცოცხლეს აზრი შესძინოს.

– არა მგონია, ასეთი ვინმე არსებობდეს, – ყასიდად მოწყენილი სახე მივიღე.

– სულ ტყუილად! მან თავგამოდებული ათეისტებიც კი დაარწმუნა ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში. იცი, – ვარვარამ იდუმალი სახე მიიღო და ხმადაბლა გადმომილაპარაკა: – მას ციურ ძალებთან აქვს კავშირი და მათი სახელით საუბრობს. ის ღმერთს გვანახვებს არა ისეთად, როგორც მუსლიმანიზმი, ქრისტიანიზმი, ან თუნდაც იუდაიზმი... არამედ ისეთად, როგორიც სინამდვილეში არის.

– არც კი ვიცი, რა გითხრა! – კვლავ ეჭვიან-მოწყენილი გამომეტყველება მოვირგე, – ნუთუ ეს შესაძლებელია?!

– ეს უდავო ჭეშმარიტებაა და ამაში მალე თავად დარწმუნდებით.

– როგორ?

– პირადად გაგაცნობთ ჩვენს მოძღვარს, სახალხო მკურნალსა და „სახალხო ტაძრის“ დამფუძნებელს, ვლად რიმსკის. ის დაგარწმუნებთ, რომ ჩვენ ამქვეყნად მარტონი არ ვართ!

– ნუთუ ვლად რიმსკის პირადად იცნობ? – გავიოცე და გავიფიქრე, რომ ყველაფერი თავისთავად აეწყო ჩემი მცირედი ძალისხმევის გარეშეც კი.

– მე მის „წითელ კარავში“ ვირიცხებოდი, – სიამაყით წარმოთქვა და დააყოლა: – მასთან მიახლოება რთულია, მაგრამ მოგიხერხებთ.

– ბევრი რამ მსმენია მასზე, თუ შეძლებ, რომ პირადად გამაცნო, მადლიერი დაგრჩები... ნუთუ მართლა ასე ახლოს იცნობ?

– მე მასთან ისევე მისაუბრია, როგორც ახლა თქვენ გესაუბრებით, – ისეთი სიამაყით წარმოთქვა, რომ უნებურად გამახსენდა რუსული ლიტერატურიდან ცნობილი ფრაზა მდაბიო დედაკაცისა: „ჟî ìíîé ქჭíჭåâ ñïჭë!“

– ვატყობ, მე და შენ ძალიან დავმეგობრდებით! – პათეტიკურად წარმოვთქვი და ხელი მკლავზე მოვუთათუნე, – შენთან ერთად ვლად რიმსკის ქადაგებებზე სიარული ნამდვილი ბედნიერება იქნება.

– სამწუხაროდ... ეს უკვე შეუძლებელია, – ამოიოხრა ვარვარამ.

– რატომ?

– იცით... ამას თავისი მიზეზი აქვს... – საუბარი მოულოდნელად აწკრიალებულმა მობილურმა ტელეფონმა გააწყვეტინა. მე კი სიბრაზით ავივსე იმ უსაქმურისადმი, რომელმაც ასე მშვენივრად აწყობილი საუბარი ჩამიშალა.

„დიახ... ვერას კლუბში ვარ... ჰო, „2X2-ში.” – პასუხობდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, – ეგორ, დამშვიდდი... ნახევარ საათში? კარგი, კარგი, მოვალ!“

– ჩემი მეგობარი რეკავდა. უნდა წავიდე, – წამოდგა ნირწამხდარი და, როცა ჩემს დაღრეჯილ სახეს შეხედა, გაეღიმა.  ნუ წუხხარ. აი, ჩემი ტელეფონის ნომერი, – ჩანთიდან წითელი სავიზიტო ბარათი ამოიღო და წინ დამიდო, – დამირეკე და მამა ვლადთან შეხვედრას მოგიხერხებ! 

– რა თქმა უნდა, დაგირეკავ. ნახვამდის, პრინცესა! – დავემშვიდობე და, როცა ის თვალს მიეფარა, ბარმენს გაღიზიანებულმა მივუგე:

– ეს ჭიქები აქედან მომაშორე და ფრანგული წითელი ღვინო დამისხი!

გასაბრაზებლად მართლაც მქონდა საქმე, ის არამკითხე ეგორი თუ ვიღაც რომ არა, დაწყებულ ფლირტს ბოლომდე მივიყვანდი და იმასაც შევიტყობდი, რატომ ვერ ესწრებოდა ვარვარა რიმსკის ქადაგებებს. ვგრძნობდი, რომ მისგან რაღაც მნიშვნელოვანი  უნდა შემეტყო.

– მითხარი, ანასტასია, რიმსკის პირად მცველს – კაბანას, ეგორი ხომ არ ჰქვია? – ვკითხე ნასტიას, როცა საჭეს მივუჯექი და გასაღები გადავატრიალე.

– შენ რა, ესეც გაარკვიე? – ღიმილით გადმომხედა და მკლავზე შემეხო. მივხვდი, ამ ჟესტით ჩემი „ნიჭიერების“ გამო აღფრთოვანებას გამოხატავდა.

– ნასტენკა, ეს ყველაზე იოლი იყო... ის რომ არა, ვარვარასგან უფრო მეტ ინფორმაციას „გამოვწურავდი“.

– ალექსანდრ... როგორც საქმიანი პარტნიორი ძალიან მოხერხებული და მარჯვე ხარ, ხოლო როგორც „საყვარელი“ – უყურადღებო, მოღალატე და ლაველასი!

– მართლა ასე ფიქრობ?! – თვალები მოვწკურე და ნასტიას მუშტრის თვალით მივაჩერდი, – შეგიძლია, გამომცადო და დარწმუნდები, რომ ასე არ არის.

– წინ იყურე! – გაეცინა ნასტიას და დააყოლა: – ხომ არ დაგავიწყდა – მხოლოდ საქმე და საქმიანი ურთიერთობა!“

– ამას რა დამავიწყებს, ლამის ყოველი ორი წინადადების მერე მახსენებ!

– ახლა საით, შინ მიგიყვანო?

– არა, ბალშაია გრუზინსკაიას ქუჩით წადი, ზოოპარკთან ჩემი მეგობარი ცხოვრობს, ღამე იქ დავრჩები.

– კარგი, – ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ. რატომღაც ეჭვი ჩამისახლდა და ქართულად, გულიანად შევიგინე, როცა სადოვაიაზე შევუხვიე და ხუთმწკრივიან საცობში გავეჩხირე.

***

ვარვარა ანტონოვნას, რა თქმა უნდა, მეორე დღესვე დავურეკე... მაგრამ, ჩემი ხმა გაიგონა თუ არა, გადაჭარბებული თავაზიანობით მომმართა: „დიახ! გასაგებია... დღეს მთელი დღე დაკავებული ვარ და გთხოვთ, მიღებაზე ხვალ, შუადღისთვის ჩამწეროთ!“ – რა თქმა უნდა, ვარვარა ანტონოვნა, ხვალისთვის „ჩაგწერთ“-მეთქი, – ავყევი ტყუილში და მივხვდი, რომ ქალბატონი ვარვარა კაბანისგან თავს მხოლოდ ამ დროისთვის დაიძვრენდა. ასეც მოხდა. ვარვარას მანქანით სპა-სალონთან დავხვდი. შენობიდან გამოვიდა, მიცნო, შორიდანვე გამიღიმა და გვერდითა კარი გამოაღო. რუსული გრილი გაზაფხულის კვალობაზე საკმაოდ შილიფად ეცვა: თხელი, ლილისფერი ტულის ბლუზა და ტანზე მოტმასნილი მოკლე ქვედატანი; თმა კვლავ მრგვლად დაეხვია კეფაზე. ახლა უფრო სრული მეჩვენა, ვიდრე პირველად – შავ კაბაში გამოწყობილი.

– საით მივდივართ? – ვკითხე პირველი, მოკლეწინადადებიანი კომპლიმენტის შემდეგ.

– ჩემს მეგობართან, მშვიდობის გამზირზე.

– ჩემი „შტურმანი“ იქნები, ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობ მოსკოვის ქუჩებს.

– დიახ, სულ დამავიწყდა, რომ მოსკოვში სულ ახლახან ჩამოხვედით. 

პროსპექტიდან ქუჩისკენ ჩავუხვიე და კორპუს უკანა ეზოდან მოვუარე. ვარვარამ მთხოვა, მის მეგობართან ავყოლოდი. რამის კითხვა ზედმეტად ჩავთვალე და ხმისამოუღებლად მივყევი არცთუ სუფთა სადარბაზოში.

მე-6 სართულზე ლიფტით ავედით. ვარვარამ უბრალო ხის კარზე დააკაკუნა და მალე, გაღებულ კარში ახალგაზრდა, თეთრთმიანი მამაკაცი გამოჩნდა. მობრძანდით, – კანის ფერთან შედარებით მოყვითალო კბილებში გამოსცრა და გვერდზე გაიწია.

– გაიცანი, ალექსანდრ ორლოვი... ეს კი ჩემი თანაკლასელი და მეგობარი – რომან აკოინიკოვი! – ერთმანეთს წარგვიდგინა ვარვარამ და რომან აკოინიკოვს უკან მიჰყვა.

ასე აღმოვჩნდი მინიმალისტური სტილით „გაწყობილ“ სადა, უსუფთაო მისაღებში, სადაც მხოლოდ ერთი დივანი, მაგიდა და ოთხი სკამი იდგა... ჰო, კიდევ ერთი, ძველებური, სერვანდს რომ ეძახდნენ – შემინული კარადა. შმორის სუნი, რომელიც სადარბაზოშივე ვიგრძენი, ბინაში უფრო შესამჩნევი იყო. ალბათ, ოთახს არასდროს ანიავებენ-მეთქი, გავიფიქრე და ფანჯარას გავხედე, რომელიც ახმაურებულ პროსპექტზე გადიოდა და რომელზეც დაუდევრად ჩამოეკონწიალებინათ რაღაც უსახურყვავილებიანი, ჩრჩილისგან შეჭმული ფარდა.

მე და ვარვარა, სადაც მასპინძელმა მიგვითითა, დივანზე, გვერდიგვერდ ჩამოვსხედით. რომა აკოინიკოვმა კი მაგიდასთან ისე მოიკალათა, ჩვენთვის რომ პირდაპირ ეყურებინა.

– რომა, გუშინ როგორც გითხარი, ალექსანდრს სურს, ჩვენი სულიერი მამა პირადად გაიცნოს, – წამოიწყო ვარვარამ და გვერდულად გადმომხედა.

– ვარა, ხომ იცი, რომ მამა ვლადთან შეხვედრა ყველას სურს...

– მე ყველაზე არ გესაუბრები... ეს ჩემი ნათესავია, – ვარვარა ოდნავ დაიბნა, – ჰო, თითქმის ნათესავია... თანაც, ლონდონიდან რუსეთში, წინაპრების სამშობლოში დაბრუნდა.

– ოდესმე მოგისმენიათ მამა ვლადის ქადაგება? – მომიბრუნდა რომა აკოინიკოვი.

– არა, მაგრამ... გამიგონია. ისიც ვიცი, რომ რუსეთი არ იცნობს მასზე აღმატებულ სულიერ წინამძღოლს, – ძლივს მოვუყარე ამ სიტყვებს თავი და გულში გავიფიქრე, კარგი იქნებოდა, წინასწარ მცოდნოდა, სად მივყავდი ვარვარა ანტონოვნას, რათა ყოველი სიტყვა ამეწონ-დამეწონა. ჩემი გამოაშკარავება ოპერაციის ჩაგდებას ნიშნავდა და ამ პათეტიკური ფრაზის წარმოთქმის შემდეგ, თავი ისე დავიჭირე, თითქოს ეჭვიც არ მეპარებოდა წარმოთქმული სიტყვების ჭეშმარიტებაში.

– ძალიან ცუდი, – ჩაფიქრებით წარმოთქვა რომამ და გამჭოლად შემომხედა, – თუ მოძღვრის მიერ წარმოთქმული ჭეშმარიტი სიტყვა არ მოგისმენიათ, მაშ, რამ ჩაგაგონათ მისი პირადად გაცნობა?

ამ კითხვას ნამდვილად არ ველოდი. დაბნევა არ შევიმჩნიე. გავიფიქრე, რომ ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანი იყო, როცა აჩქარება საქმეს ღუპავს. ამიტომ, თავი ხელში ავიყვანე და, რაც შემეძლო, მშვიდად წარმოვთქვი:

– მართლაც, ვარვარა, მგონი, ძალიან აჩქარდი... რა საჩქაროა, პირადად ვნახო ეს ღირსეული ადამიანი მაშინ, როცა საშუალება მაქვს, დავესწრო მის ქადაგებას. 

ეს გონიერი, ტაქტიკური უკუსვლა იყო. თავი რომ არ გამემჟღავნებინა, ჩემი აჩქარება ჩემს თანმხლებ ქალბატონს გადავაბრალე. თუმცა, ეს ბრალდება არც იყო – პირველად მან შემომთავაზა „სახალხო ტაძრის“ დამფუძნებელთან „აუდიენციის“ მოწყობა.

ვარვარამ უკმაყოფილოდ შეხედა რომა აკოინიკოვს და ოდნავ ბრაზით წარმოთქვა:

– რომა, ალექსანდრს შევპირდი, რომ ვლად რიმსკის პირადად შევახვედრებდი, რადგან იმედი მქონდა, რომ...

– მიკვირს, ვარა, ჩემთან რომ ამ თხოვნით მოხვედი. შეგეძლო, მამა ვლადი პირადად გენახა და ამის შესახებ თვითონვე გეთხოვა...

– შენ ისევ შენებურად დაიწყე, რომა, – ვარვარა წამოწითლდა, შეყოვნდა და მალევე განაგრძო: – კარგად იცი, რომ მე მამა ვლადთან ვეღარ მივალ.

– ეგორ კაზაკოვი მთელ დროს მამა ვლადდთან ატარებს, თუ ალექსანდრი შენი ნათესავია, შეგეძლო, მისთვის მიგემართა.

– შეუმჩნეველი არ დამრჩენია, როგორი ზიზღით აენთო თვალები აკოინიკოვს, როცა ეგორ კაზაკოვი ახსენა. „ოჰო, როგორც ჩანს, ჩვენი თეთრთავა კაბანს არ სწყაობს... კარგია. იქნებ მომავალში ეს ფაქტი რამეში გამომადგეს“, – გავიფიქრე და მივხვდი, რომ სწორედ დრო იყო, დამესრულებინა ორი წითელკარველის „პაექრობა“.

– კარგი, რა საჭიროა კამათი, – წარმოვთქვი მშვიდად და მასპინძელს მონდომებული კაცივით ვკითხე: – სად და როდის შეიძლება, დავესწრო ვლად რიმსკის ქადაგებას?

– შაბათობით, დილის 10 საათზე... კალათბურთის ძველ დარბაზში, – აკოინიკოვი ფეხზე წამოდგა: – ჩაის ხომ არ მიირთმევთ?

მივხვდი, ჩაი მხოლოდ საბაბი იყო... რომას ჩვენი წასვლა ეჩქარებოდა. მის შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, თავაზიანი უარით ვუპასუხე და გამოსვლისას მხურვალედ ჩამოვართვი ხელი, თანაც, არ დამვიწყებია, რჩევისთვის მადლობაც გადამეხადა.

– ახლა შინ მიგიყვანო? – ვკითხე ჭრელთვალა ვარვარას, რომელიც გულმოსული ათვალიერებდა მოსკოვის ქუჩებს მანქანის გვერდითა შუშიდან.

– არა, მეგობართან უნდა შევიარო, აქვე ცხოვრობს... სულ სამი გაჩერებაა, – ჩაილაპარაკა გაბუტულივით, – რომამ იმედი გამიცრუა, ნამდვილი ხეპრესავით მოიქცა. არადა, როცა დავურეკე, უარი არ უთქვამს.

– არა უშავს, – გავუღიმე ნირწამხდარ ვარვარას, თუმცა არანაკლებ იმედგაცრუებული ვიყავი. მივხვდი, რომ რომამ ეს შეხვედრა ჩემს „დასაზვერად“ გამოიყენა. ბოლომდე არავის ენდობიან და მან მცირე ინფორმაცია მაინც მოიპოვა ჩემ შესახებ, – ვფიქრობდი, – ახლა კი ჩემი ჯერია, მე უნდა შევიტყო მეტი წითელკარველებზე. 

მანქანა პირველივე შემხვედრ კაფესთან შევაჩერე და ვარვარას ვუთხარი:

– ჩაიზე უარი იმიტომ ვთქვი, რომ შენთან ერთად ჭიქა ყავა დამელია... თუ კადნიერად მოგეჩვენება ჩემი თხოვნა, მაშინ ახლავე მიგიყვან შენს მეგობართან.

– არა, რატომ?! ყავა ახლა მეც არ მაწყენდა, – ისე სწრაფად მიპასუხა, მივხვდი, ეს რომ არ შემეთავაზებინა, ნაწყენიც დარჩებოდა.

10 წუთის შემდეგ მე და ვარვარა მრგვალ, მომცრო მაგიდას ვუსხედით და ცხელ კოლუმბიურ ყავას მივირთმევდით. ვარვარამ კატეგორიული უარი განმიცხადა მსუყე,  ფრანგულ საკონდიტრო ნაწარმზე და მეც „დავმორჩილდი“.

– იმ საყოველთაო კრებებსაც არ ესწრები, ვარვარა? – ვკითხე მოულოდნელად.

– სამწუხაროდ, „წითელი კარვიდან“ წამოვედი და ვეღარც მოძღვრის საყოველთაო კრებებს ვესწრები.

შემეძლო მეკითხა, რატომ-მეთქი, მაგრამ ცოტა შორიდან მოვუარე:

– არა მგონია, ასე იმიტომ იქცეოდე, რომ სახალხო მოძღვრის ჭეშმარიტებაში ეჭვი გეპარებოდეს.

– ო... არა, რას ამბობთ?! ღმერთმა დამიფაროს! – ვარვარა გაჩუმდა და პაუზა იმდენ ხანს გაიწელა, ნერვი სიმივით დამეჭიმა.

– მაშინ, კარგი იქნებოდა, შაბათს ერთად წავსულიყავით...

– ეს შეუძლებელია, ალექსანდრ, – შემაწყვეტინა მწუხარე ტონით.

– კი მაგრამ, რატომ?! – ახლა პირდაპირი კითხვის დასმა აუცილებლობად მივიჩნიე.

– ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, ამიტომაც გთხოვთ, ნუ ჩამეძიებით! – ისე მითხრა, მივხვდი, ანტონოვნა ისეთი გულახდილი სულაც არ იყო, როგორც მაშინ, საკუთარი წარმომავლობის ფამილარულ ისტორიას რომ მიყვებოდა. ინსტინქტურად მივხვდი, რომ საქმე იმაზე სერიოზულად იყო, ვიდრე აქამდე ვფიქრობდი და მეგონა. ამიტომ, დროებით უკან დახევა ვამჯობინე. ან კი რა მეჩქარებოდა? ვარვარა ანტონოვნას უკვე აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემთან ურთიერთობა ძალიანაც მოსწონდა... მე კი ყველაფერი წინ მქონდა. ამიტომ, ალტერნატიული გეგმა შევიმუშავე გონებაში და დიალოგი სხვა კუთხით წარვმართე.

– ვარვარა, არ გეჩვენება, რომ უკვე დროა, მიმართვის მხოლობით ფორმაზე გადახვიდე? თუ შეამჩნიე, მე დიდი ხანია, შენობით მოგმართავ და ეს ძალიან მომწონს.

– მართლა?! – ვარვარა კვლავ წამეკეკლუცა და სწრაფად დამთანხმდა: – კარგი, ალექსანდრ.

– ვარვარა, ვლად რიმსკის მრევლად ჩემი ქცევა შენი იდეა იყო... ცოტა არ იყოს, დავიბენი. მეგონა, როგორც სულ „ახალთახალ“ წევრს, ან თუნდაც, დაინტერესებულ ადამიანს, გამესაუბრებოდი, ჭეშმარიტების გზაზე მის მოსაქცევად ძალას არ დაიშურებდი... შენ კი, თურმე კრებებზეც არ დადიხარ. „სახალხო ტაძარში“ ნაცნობი ხომ უნდა მყავდეს, რომ თუნდაც ჩემი აზრი გავუზიარო... იქნებ ვინმე რიგითი წევრი მაინც გამაცნო, რომ კრებაზე პირველად მისულმა თავი მარტო და უხერხულად არ ვიგრძნო... ჰო, მგონი, ვიღაც ეგორს ახსენებდი, – წარმოვთქვი და შევეცადე, გულუბრყვილო გამომეტყველება მიმეღო.

– ეგორი?! – სახე შეეცვალა ვარვარას.

– ჰო, მგონი, ასე მოიხსენიეთ... ან შეიძლება, სახელი მეშლება, – კვლავ მიამიტის როლი ვითამაშე.

– არა, არ გეშლება, მაგრამ... – ვარვარა დაიბნა და დააყოლა: – ჯობია, ეგორისგან თავი შორს დაიჭირო.

– ასე მგონია, მორწმუნე ადამიანზე კი არა, ვიღაც მკვლელზე მეუბნები ამას. შიში არ მჩვევია, მაგრამ იქნებ არც ღირდეს, რომ მამა ვლადის ქადაგებებს დავესწრო... როგორ გგონია, ვარა? – ისე მივმართე, როგორც მისმა თანაკლასელმა და შევატყვე, რომ ეს შინაურული მიმართვა ესიამოვნა...

– არა, არა... ამას ნუ იფიქრებ! ჭეშმარიტებას ნუ განუდგები მცირე დაეჭვების გამო. კრებებს აუცილებლად უნდა დაესწრო და მოძღვრის პირველივე სიტყვით მიხვდები, რომ სწორად მოიქეცი... აი, ნახავ!

ოდნავ გავღიზიანდი. ეს ქალი ჯიუტად დუმდა და რაღაც მნიშვნელოვანს მიმალავდა, რომლის გაგება ახლა ძალიან მჭირდებოდა.

– ესე იგი, მომიწევს შეკრებაზე მარტოდმარტო მისვლა, – ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ.

– ამაზე ნუ წუხხარ... ეს რიგითი ფართომასშტაბიანი ქადაგებაა, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს შეუძლია.

– განა არსებობს დახურული შეკრებებიც?

– დიახ, რა თქმა უნდა. ეს შეკრებები მოძღვართან დაახლოებული პირებისთვის, „წითელი კარვის“ წევრებისთვის, სახლების მეთაურებისა და რჩეულთათვის იმართება.

– „სახლების მეთაურები“ რას ნიშნავს?

– საბედნიეროდ, „წითელ კარავს“ შეუძლია, შეიძინოს სახლები, კოტეჯები, რომლებშიც შეიძლება, იცხოვრონ იმ ადამიანებმა, ვისაც გარეშე საზოგადოებასთან ურთიერთობა აღარ სურთ, ან საცხოვრებელი აღარ აქვთ, რადგან ოჯახის წევრებს საკუთარი რწმენის გამო დაუპირისპირდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სახლის თავკაცია რომა აკოინიკოვიც, რომელიც მთელ დღეებს, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლის, ქალაქგარეთ, კომუნაში ატარებს.

– კომუნაში?! – სიტყვა მეცნობა. კი მაგრამ, ასეთი კომუნისტური ეტიმოლოგიის სახელი რატომ ჰქვია? – ჩავეძიე, რადგან მართლა გამიკვირდა.

ვარვარას გაეღიმა.

– კომუნისტებთან ჩვენს „ტაძარს“ საერთო არაფერი აქვს. „კომუნას“ იმ სახლებს უწოდებენ, სადაც ჩვენი წევრები ცხოვრობენ, ერთობლივად შრომობენ, ერთმანეთს გვერდში უდგანან და მიწასაც ამუშავებენ; არც ხელსაქმეს გაურბიან... მოკლედ, ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს. შედეგად, შეკრულ საზოგადოებას ვიღებთ, რომელზე დაყრდნობაც მოძღვარს შეუძლია.

– ვერაფერს იტყვი... გადასარევი იდეაა! – ვარვარამ, რა თქმა უნდა, ვერ შეამჩნია ჩემი მსუბუქი ირონია, რომელიც ამ სიტყვებს „ჩავუფინე“, – მაგრამ მაინც, ეგ თქვენი „კომუნა“ კომუნისტურ უტოპიურ იდეალს მაგონებს-მეთქი – უნდა მეთქვა, მაგრამ ენაზე სწრაფად ვიკბინე და ვარვარას, რაც შემეძლო, თბილად გავუღიმე.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3