კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უცნაური მოთხოვნებით მიმართავენ გოგონები ოთო გვარაძეს და რით ცდილობს ის მათთვის რთული პროცესის სასიამოვნოდ და სახალისოდ გადაქცევას

დღეს, ალბათ, იშვიათია თბილისში ახალგაზრდა, ვისაც ოთო გვარაძის სახელი და გვარი არ გაუგია, ან, უბრალოდ, მისი ინსტრუქციით სხეულის ფორმაში მოყვანა არ უცდია. სპორტის ინსტრუქტორი, ბოდიბილდერი, პერსონალური ტრენერი ოთო გვარაძე თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია – ეს, რა თქმა უნდა,  ვარჯიშთან ერთად, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და კვების სწორ რაციონსაც ეხება. ოთოსთან რამდენიმეწუთიანი საუბარიც საკმარისია იმისთვის, რომ რევულუცია მოხდეს შენს ფსიქიკაში, მაშინვე მოგინდეს დარბაზში წასვლა, ვარჯიშის დაწყება და, რაც მთავარია, სწორი და ჯანსაღი კვება. 

ოთო გვარაძე: ბავშვობიდან ვიყავი სპორტით დაკავებული, ფეხბურთს ვთამაშობდი, წარმატებებიც მქონდა, მაგრამ, 18 წლის ასაკში ზღვაზე სერიოზული ტრავმა მივიღე – კისრის მალები და თავის ქალა დავიზიანე, ამიტომ, გარკვეული პერიოდი შევწყვიტე ვარჯიში. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდი. ძალიან ძნელია, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შენი ცხოვრების წესი – ელოდები პასუხს, ვარჯიში შეიძლება თუ არა... საბოლოოდ, ეს ეტაპი გადავაგორე და გადავწყვიტე, მუშაობა დამეწყო. ტრენაჟორების მაღაზიაში ვმუშაობდი ძირითადად შეკვეთებზე და დარბაზებს ვაპროექტებდით. რეაბილიტაციის შემდეგ ვარჯიშიც შეიძლებოდა, მაგრამ, ფეხბურთს ვეღარ გავყევი.  წონა არ გამქცევია – ამ მხრივ, ჩავარდნა არ მქონია და ეტაპობრივად მივყვებოდი ჩემს საქმეს. ვიქირავე პატარა დარბაზი, სადაც გოგონებს ვავარჯიშებდი – დაახლოებით 20 გოგონა მყავდა. ერთი წლის შემდეგ, როდესაც „ასპრია“ გაიხსნა, შემომთავაზეს მუშაობა. ლიცენზია ავიღე და გადავედი სამუშაოდ. პარალელურად სამკურნალო მასაჟი ვისწავლე, თუმცა, დროის უქონლობის გამო, ამ საქმეს ვეღარ მივყვები. დაახლოებით ორი წელია, „ასპრიაში“ ვმუშაობ. გარდა ამისა, გვაქვს ნატურალური ბოდიბილდინგის ფედერაცია და ჩემპიონატებში ვმონაწილეობთ. ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი, მეხუთე ადგილზე გავედი, ახლა კი მსოფლიოზე ვიყავით მე და ვატო კოპაძე. ჩემს კატეგორიაში მეშვიდე ადგილზე გავედი, ხოლო ვატო – მეოთხე ადგილზე. სულ აქტიურად ვვარჯიშობ, ფორმაში ვარ, რადგან, საკუთარ პროდუქტს ვყიდი. იმისთვის, რომ ამ კუთხით შედეგს მიაღწიო, 70 პროცენტია სწორი კვება. რადგან თბილისში არ იყო ისეთი ადგილი, სადაც ჯანსაღი, „სპორტული” პროდუქტის ჭამა იქნება შესაძლებელი, მე, სალომე ღვინიაშვილმა და კიდევ  ერთმა ჩვენმა პარტნიორმა გავხსენით  „ფიტ კაფე“. ეს არის ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც შეგიძლია მიირთვა „სპორტული” და ჯანსაღი საკვები, თანაც, ძალიან გემრიელი.

– ადამიანების დიდი ნაწილი მხოლოდ ვარჯიშს აქცევს ყურადღებას და იმაზე არ ფიქრობს, რომ ჯანსაღი კვება და კვების რაციონის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც სურს, ლამაზი სხეული ჰქონდეს? 

– გააჩნია, დაკლება გინდა თუ გახდომა – ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. წონიდან გამომდინარე, ითვლება კალორაჟი, შემდეგ, ვარჯიში და კვება ერთად, იძლევა ძალიან კარგ შედეგს. ექვსი თვე არის პერიოდი, როდესაც შეგიძლია, კარგი შედეგი მიიღო; გაარჩიო, როგორი იყავი და როგორი გახდი. კვების მნიშვნელობა 70 პროცენტია, ხოლო ვარჯიშის  – 30 პროცენტი. როგორ კარგადაც არ უნდა ვივარჯიშოთ, თუ სწორად არ ვიკვებებით, მხოლოდ ვარჯიშს აზრი არ აქვს. რაღაც აკრძალვები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ, ჩვენ ვეხმარებით იმაში, რომ პროცესი სასიამოვნო იყოს. 

– წლების წინ წარმოგედგინა, რომ ლამის მთელი თბილისის გოგო-ბიჭები შენი დახმარებით, შენი სწორი რჩევებით დაიყენებდნენ ლამაზ სხეულს? 

– ამაზე. ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ, ახლა ეს ჩემი ცხოვრების წესია. თითოეული საათი გათვლილი მაქვს. დაახლოებით 10 საათიდან ვიწყებ მუშაობას: დილით კრივის ვარჯიშები მაქვს – გოგონებს ვავარჯიშებ, გასახდომად ძალიან კარგია, თან, სახალისოა და მოსწონთ; შემდეგ დარბაზში მაქვს ვარჯიშები. სამუშაო გრაფიკი გრძელდება ღამის 11 საათამდე. ასე რომ, მთელი დღის განმავლობაში ხან კუს ტბაზე ვარ, ხან დარბაზში, ხან ლისის ტბაზე და ხან კაფეში – სულ მოძრაობაში ვარ.

– ბოლო დროს ბიჭებს განსაკუთრებულად მოსწონთ დაკუნთული სხეული და ამაზე ის „სელფებიც” მიუთითებს, რომლებსაც ასე ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში. 

– ბიჭების „სელფმა” უფრო მოიმატა, ვიდრე გოგონების. ზოგადად, დარბაზში მოსვლა ძალიან სახალისოა. ვარჯიში განტვირთვის კარგი საშუალებაა და დეპრესიიდანაც გამოჰყავხარ. იქ, ვარჯიშზე, ყველა რაღაც კარგზე საუბრობს, პრობლემებზე არავინ დაგიწყებს ლაპარაკს. მერე ამას ხან „სელფი” მოჰყვება და ხან – „ჩექინი”. ადამიანს 15-20 კილოგრამი რომ აქვს დაკლებული, ის დადებს კიდეც ფოტოს და ამით ვიღაცას მისცემს სტიმულს. მეც, როცა კარგ ფორმაში ვარ ან შეჯიბრი მაქვს, ვიღებ ფოტოებს, რადგან, ხალხმა უნდა ნახოს, რომ ამის მიღწევა არ არის შეუძლებელი. თუმცა, ადამიანის ჩონჩხზე ანუ აღნაგობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ სხეული ხელს გიწყობს, იდეალურ ფორმამდე მიხვალ; თუ არ გიწყობს, ძალიან რთულია იდეალურ ფორმამდე მისვლა, მაგრამ, მაქსიმალურ შედეგს აუცილებლად მიიღებ. 

– როგორი მოთხოვნებით მოდიან ვარჯიშის დაწყებისას?

– ერთი მინუსი აქვთ: მოდიან და ძალიან მალევე უნდათ, ჰქონდეთ ლამაზი პრესი. ბიჭებს, ძირითადად, პრესის დაყენება უნდათ, გოგონებს კი არ სურთ ძალიან დაკუნთვა. „ძალიან დაკუნთვა“ და ეგრევე პრესის დაყენება – არ არსებობს. თავიდან სილუეტი მთლიანობაში კარგად უნდა იყოს ჩამჯდარი, რომ შემდეგ კარგი ვიზუალი აიწყოს. მთელი წლის განმავლობაში უნდა ივარჯიშო და ეს ფაზებად უნდა დაყო: წონის კლება, მომატება, ძალაზე მუშაობა და – წლის ბოლოს კარგ შედეგს მიიღებ. ორგანიზმში გარდაქმნა ხდება, იმდენი პროცესი მიმდინარეობს და უცებ გადაწყობა არ არის ადვილი. არადა, ძირითადად, მაისის ბოლოს მოდიან: „გამარჯობა, მე პრესი მინდა. ერთ თვეში 10 კილოგრამს ხომ დავიკლებ?” ერთ თვეში 10 კილოგრამი როგორ უნდა დაიკლო, თუ ხორცი არ მოიჭერი? კვირაში ერთი კილოც რომ დაიკლო – იდიალური ვარიანტია, ესეც ბევრია. თუ 20 კილოგრამი გაქვს დასაკლები, წელიწად-ნახევარში უნდა გაატარო შენი პროგრამა, კვირაში 600-700 გრამი უნდა დაიკლო და, დროთა განმავლობაში არც კანი დაგეკიდება და სხეულიც ისევ ფორმაში ჩადგება. 

– როდესაც მოდის გოგონა და აინტერესებს შენი აზრი, პირდაპირ ეუბნები – აი, აქ გაქვს დასაკლები, აი, ეს ნაწილი არ გაქვს ლამაზი, ამას მიხედვა სჭირდებაო?

– ჩემგან არ სწყინთ ხოლმე. ნებისმიერ მინუსს ვეუბნები, რა თქმა უნდა, თუ ამის გამოსწორება შეიძლება, ანუ, ბუნებრივი დეფექტი თუ არ არის და საკუთარი შეცდომის გამო აქვს დარღვეული. ვეუბნები, რა სჭირდება, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა ჭამოს, როდის უნდა ჭამოს, მერე ყველაფერს ავუწყობ და, თუ გამომყვება ექვსი თვე, ნებისმიერ ადამიანზე ვარ პასუხისმგებელი, რომ ძალიან დიდ შედეგს ვაჩვენებთ. უბრალოდ, უჭირთ ორ თვეზე მეტხანს გამოყოლა. რთულია, არ არის მარტივი – ტკბილეული გინდება, გავლა-გამოვლა... მაგრამ, ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ: მთელი კვირის განმავლობაში თუ ჯანსაღად იკვებები, იცავ ყველაფერს, მერე, შაბათ-კვირას, რაც არ უნდა ჭამო, დალიო და მოწიო, არ არსებობს იმან  დააზიანოს შენი რეჟიმი, რა თქმა უნდა, თუ ამას სისტემატურ ხასიათს არ მისცემ. მიღებული საკვები 72 საათის განმავლობაში არ გადადის ცხიმში, ამიტომ, თუ მეორე ან მესამე დღეს მოხვალ დარბაზში, ივარჯიშებ და ჩადგები რიტმში, არანაირი უკუჩვენება არ გექნება. ასეთი განტვირთვას მეც ვიწყობ კვირაში ერთხელ, რომ დავისვენო და ცოტა მოვეშვა. თავიდანვე ასეთი ვიყავი – სულ ვცდილობდი, სწორად მეკვება, ცხიმიან, შემწვარ საკვებს ვერიდებოდი. რთულია, მაგრამ, ცოტა მონდომებაა საჭიროა. კვირაში ოთხი დღე მაინც რომ შეირბინოს ადამიანმა სავარჯიშოდ და  სწორად იკვებოს, შედეგს აუცილებლად მიიღებს. 

– როგორი მწვრთნელი ხარ, გიწევს სიმკაცრის გამოჩენა თუ არა? 

– ყველას ინდივიდუალურად ვუდგები. ჩემი აზრით, შეცდომაა ნებისმიერი დიეტოლოგის მიერ  მიცემული ამობეჭდილი კვების სისტემა, რომელსაც პაციენტი შემდეგ რობოტივით მიჰყვება. მე ვცდილობ, ყველას ავუხსნა თითოეული პროდუქტის შემადგნელობა, კალორაჟი, ორგანიზმისადმი დამოკიდებულება. შემდეგ ვუხაზავ სქემას, დღის განმავლობაში რა უნდა ჭამოს, რადგან, როცა უმარილო და უცხიმო საკვებს იღებ, მერე მალევე გშივდება; ამიტომ, სამ საათში ერთხელ უნდა ჭამო, რომ არ ჰქონდეს ორგანიზმს შიმშილის მომენტი. ვუწყობ სისტემას და თან ვუხსნი: რატომ იწყება ცხიმის წვა, როგორ უნდა შეინარჩუნოს კუნთური მასა და მისთვის უკვე მარტივი ხდება კვების რაციონის შედგენა. ქართულ სუფრასთანაც რომ მოხვდება, უკვე იცის, რა ჭამოს, რა სჭირდება. ვარჯიშის პროგრამასაც ინდივიდუალურად ვუწყობ; ვასწავლი სწორ სავარჯიშო მეთოდიკას და დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ შეუძლია, აღარ ჰყავდეს ტრენერი, თვითონ ივარჯიშებს სწორად, ჩამოწერილი სისტემის მიხედვით. 

– პრეტენზიულები არიან?

– უფრო – მომთხოვნები. ზოგს რა უნდა და ზოგს – რა. მეცინება, როცა მეუბნებიან, რომ რაღაც კონკრეტულ ადგილებში უნდათ დაკლება. ფეხზე რომ ვდგები ან ქუსლიანს, რომ ვიცვამ, მუხლთან ვიკეთებ ქონსო – ძირითადად ამაზე წუხან გოგონები. ცოტა რთული მოთხოვნები აქვთ – მუხლთან ცხიმის მოკლება უცნაურია. ცხიმის კლება ორგანიზმში ხდება ინდივიდუალურად – ორგანიზმი ზედმეტ ცხიმს გასცემს იქიდან, საიდანაც საჭიროდ მიიჩნევს; მერე რომ გამოელევა, მარაგს იღებს ამა თუ იმ ადგილიდან, საბოლოოდ კი, ექვს თვეში, ყველაფერი ლაგდება და საერთო სურათს ვიღებთ. 

– მოკლედ, თბილისელი გოგონებისა და ბიჭების გარეგნობაზე დაუღალავად ზრუნავ.

– დიახ, ძალიან ბევრია ასეთი და მეც მსიამოვნებს, როცა ადამიანი შედეგს აღწევს. უფრო მეტად მსიამოვნებს, როდესაც ამის სურვილს გამოთქვამენ. არ უნდა თქვა, დარბაზში დავდივარო, ეს სხვამ უნდა გკითხოს – სად ვარჯიშობ, რა კარგად გამოიყურებიო. რადგან ამაში ხარჯავ დროს, ფულსა და ენერგიას, ეს უნდა გემჩნეოდეს. არა მხოლოდ „დასაჩეკინებლად” უნდა იყო დარბაზში, არამედ, შედეგის მისაღებად. ზოგადად, ჩემთან გოგონები ჭარბობენ, რადგან, წონის კლებაზე კარგად ვმუშაობ. ბიჭმა, შეიძლება, ორი-სამი თვე იაროს და მერე თავზე დადგომას აზრი არ აქვს. სწავლობს სწორ ვარჯიშს, კვებას, პროგრამას ვუცვლი და, ან თავის ტრენინგ-პარტნიორთან ერთად ვარჯიშობს ან ჩემთან ერთად. გოგონებს უფრო სჭირდებათ თავზე დგომა, რადგან, ცოტა ეზარებათ ინტენსიური ვარჯიშების კეთება. რამდენიმე მიმდინარეობას ვავარჯიშებ – ეს მრავალფეროვანს ხდის მათ ვარჯიშს და კიდევ უფრო მეტად სიამოვნებთ.

– და, ალბათ, შენთან არაერთი ცნობილი ადამიანი დადის.

–ძალიან ბევრი. ისინიც ბევრნი არიან, ვისაც ვარჯიში უნდა, მაგრამ, გრაფიკის გამო ვერ ახერხებენ. მე მაქსიმალურად ვცდილობ, ყველასთვის გამოვნახო დრო. ყოფილა შემთხვევა, როცა 11-12 პერსონალური მოსწავლე მყოლია. მარტო პერსონალურზე რომ ვმუშაობდე, ბევრს ავიყვანდი, მაგრამ, დარბაზზეც ვმუშაობ და სამუშაო საათებში ვერავის ავიყვან. ამიტომ ზოგჯერ ძალიან არარეალური გრაფიკი მაქვს – დღეში 15 საათი ვერ გამოვდივარ ხოლმე დარბაზიდან, მაგრამ, საჭიროა, მეც უნდა ვივარჯიშო.. 

– არ ხარ დაოჯახებული? 

– არ ვარ.

– ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იმას აქცევ, როგორი ნავარჯიშები სხეული აქვს გოგონას, როგორ ფორმაშია. 

– ვაქცევ ყურადღებას და, თან, დიდს. მე თუ ვცდილობ, მაქსიმალური გავაკეთო და შევძლო, რომ იდეალურ ფორმაში ვიყო, ნებისმიერი გოგონაც უნდა შეეცადოს ამას. მერე ასეთ გოგონებს უფრო მეტი პრეტენზია აქვთ და მათი ბიჭებიც ცდილობენ, კარგ ფორმაში იყვნენ – აი, ასე სისტემურად ეწყობა ყველაფერი. ახლა ისეთი გრაფიკი მაქვს, თითქმის არ მრჩება თავისუფალი დრო. ჯერ ვცდილობ, საკუთარი პრობლემები მოვაგვარო, რომ ფინანსური მხარე მქონდეს გამართული, თუ შენ თვითონ არ ხარ მატერიალურად პასუხისმგებელი, ძნელია, ვინმე დაგეხმაროს. ასაკიც არ მაქვს დიდი – ჯერ 24 წლის ვარ. 

– იდეალური სასიძო ხარ – ვარჯიში, ჯანსაღი კვების რაციონის შერჩევა, პლუს მასაჟები, კარგი ხასიათი – მეტი რაღა საჭიროა?

– ჰო, „ფულ პაკეტი“ ვარ, თუმცა, ვისთვის – იდეალური, ვისთვის – არა. ყველასთვის იდეალური ვერ ვიქნები...

скачать dle 11.3