კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (160)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

რატომ გადაწყვიტა გიო გოდეტმა მამაკაცის კოლექციის შექმნა და როგორ გადიან წითელ ხალიჩაზე და მიღებებზე კანადის ცნობილი სახეები მისი გარდერობიდან აღებული სამოსით

დიზაინერი გიო გოდეტი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ნიჭიერებასა და ადამიანურ თვისებებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ალბათ, ამიტომაც, ის ჩემთვის არ არის ჩვეულებრივი რესპონდენტი... უკვე წლებია, გიო კანადაში ცხოვრობს და აქვს  ძალიან წარმატებული კომპანია „გოდე“. მიუხედავად იმისა, რომ გიო კანადაში საქმიანობს, ის მაინც ცდილობს, საქართველოში ააწყოს სერიოზული წარმოება, შექმნას სამუშაო ადგილები და დაასაქმოს ადამიანები. თუმცა, ამ კუთხით, მას სახელმწიფოსგან ჯერჯერობით არანაირი ხელშეწყობა არ მიუღია...

გიო გოდეტი: დიდი ხანია, საქართველოში არ ვყოფილვარ, თითქმის ორი წელია. ამ დროის განმავლობაში გადავწყვიტე, ტაიმაუტი ამეღო და უფრო მეტი დრო დამეთმო ჩემი თავისთვის. ვფიქრობ, საკუთარი თავის ძიებაში ინვესტიცია ყველამ უნდა ჩადოს. სწორედ საკუთარ თავში ჩაღრმავებამ დამანახვა ჩემი შესაძლებლობები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პროფესიული არჩევანი არის ის, რისი კეთებაც მსიამოვნებს, ამიტომ, მე არც ერთი დღე არ მიწევს მუშაობა. ნამდვილი ბედნიერებაა ნიჭისა და პროფესიის შეთავსება. ადრე არ ვაფასებდი საკუთარ თავს. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დიზაინერობა მინდოდა, მაგრამ, ვორჭოფობდი – მეშინოდა, ხომ არ ვცდებოდი. საბედნიეროდ, დავრწმუნდი, რომ არ ვცდები და, რაც მთავარია, ობიექტური დამკვირვებლის თვალითაც ჩანს, რომ ჩემში არის საკმარისი ენერგია და პოტენციალი. სწორედ ამიტომ მინდა, საკუთარ თავს მეტი დრო დავუთმო და მივყვე შინაგან ხმას. შემოქმედებითი ადამიანი ვარ, ოღონდ, ერთ ამპლუაში არ და ვერც ვჯდები, ძალიან ბევრი მიმართულებით შემიძლია, განვავრცო ჩემი ნიჭიერება. თუმცა, არ მინდა, რაღაცეებს მივედ-მოვედო; ამ ეტაპზე ზუსტად ვიცი, რა მინდა და მასში ჩავდებ მთელი ჩემი დროის ინვესტიციას.
– ეს რა მიმართულებაა?
– გადავწყვიტე, კაცის ტანსაცმელზე ვიმუშაო. ჩემი პირველი ნამუშევარი სწორედ  მამაკაცის ტანსაცმელი იყო – პირველად საკუთარ თავს ვაცმევდი. შემდეგ უფრო ქალის სამოსს ვქმნიდი. კაცის კოლექციის კეთება საკუთარი თავის გამო არ გადამიწვეტია. შეიძლება, არ დაიჯერო, მაგრამ, ხშირად მოდიან ჩემთან კანადური ბენდები, „ფეშენ-ფეისები,” რომლებიც წითელ ხალიჩაზე ან რაიმე მსგავს დაჯილდოებაზე გამოდიან და ჩემს ტანსაცმელს პირდაპირ გარდერობიდან ხსნიან და ირგებენ. სიმართლე გითხრათ, სხვისთვის უფრო რთულია რამის შექმნა, რადგან, სხვისი აზრის გათვალისწინების გამო, ხშირად საკუთარ თავს კარგავ. ამიტომ, კოლექცია საკუთარი თავისთვის უნდა შევქმნა და, ვიცი, ძალიან კარგი გამოვა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ უკვე ელოდებიან ჩემს კოლექციას, რომელიც არ იქნება  ციდან ჩამოვარდნილი აბსტრაქტი; არის მისაღები, განსხვავებული და, რაც მთავარია, იგრძნობა ჩემი ხელწერა.
– რა სტილი ჭარბობს შენს გარდერობში?
– ჩემთვის ქსოვილი ყოველთვის მენანება, ნარჩენებისგან ვქმნი ტანსაცმელს და ამიტომ უფრო კარგი გამოდის. რაც შეეხება კოლექციას, რამდენიმე იქნება კლასიკური, რამდენიმე – ყოველდღიური; ასევე, ქეჟუალი. კაცის გარდერობი ერთი ტიპის სამოსით არ შემოიფარგლება – არის საღამოსთვის, ყოველდღიური, გასართობი, ბიზნესისთვის. მთელ მსოფლიოში მოდის ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ, რაც შეიძლება გაათანაბრონ სამოსი, ანუ, უნისექსი გახადონ – ეს წარმოებისთვისაც ძალიან კარგია. ჩემი ტანსაცმელი არის უფრო მეტად კაცური, მაგრამ არის რაღაც ნივთები, თუნდაც ჯინსები, რომელიც უფრო უნისექსია. ასევე, მაქვს ბიზნესლუქი, რომელიც კლასიკაშიც ჯდება.
– რა ეტაპზეა ახალი კოლექცია?
– ტორონტოში პირველად ჩატარდა მამაკაცის ფეშენ-კვირეული – „ტომ“. თავად ორგანიზატორმა, ჯეფ რუსტიამ მიმიწვია, მაგრამ, უარი ვთქვი: ჯერ ერთი, ასე უცბად არ ვქმნი კოლექციას, უნდა დავჯდე და ვიფიქრო და, მეორე – არ მქონდა ამის დრო, რადგან, მნიშვნელოვანი შემოთავაზება მაქვს: ოქტომბრიდან უნიფორმების ახალი დიზაინი უნდა შევქმნა ავიახაზებისთვის – „ვესტჯეტი.“ მე კოლექცია გასართობად არ მინდა, მინდა, მას ბიზნესდატვირთვა ჰქონდეს. ამიტომ, პირველი წელი გამოვტოვე და, მომავალი წლის გაზაფხულზე, როდესაც ჩატარდება „მამაკაცის ფეშენ-ვიქი,” გამოვიტან „გოდეს“ მამაკაცის კოლექციას – „შემოდგომა-ზამთარი 2014-1015“. თუმცა, ისევ გავაგრძელებ ქალის პალტოების შექმნას, რაც კომპანიის ერთგვარი ნიშაა.
– როცა თბილისში ჩამოდიხარ, ყოველთვის საინტერესო გეგმები გაქვს. რაც მთავარია, მუდმივად ცდილობ, ჩვენს ქვეყანაში ხალხი დაასაქმო, სამუშაო ადგილები შექმნა. ახლაც ხომ არ გაქვს ასეთი გეგმები?
– ბიზნესპროექტი მაქვს ჩამოტანილი, რომელიც, სავარაუდოდ, აქაურობისთვის საინტერესო იქნება. ქსოვილის წარმოებაზეა საუბარი, რომელიც იწარმოება საერთაშორისო ბაზრისთვის, მოდის სახლებისთვის, დიზაინერებისთვის, იმ კოლექციებისთვის, რომლებიც „ჰაი კუტიურიეა“. ანუ, მე ჩემი ტექნოლოგიით შევუქმნი დიზაინერებს ქსოვილებს – რა თქმა უნდა, თემიდან გამომდინარე. ეს იქნება გათვლილი ამერიკელ, კანადელ და ევროპელ დიზაინერებზე; ასევე, მინდა, ჩინეთზეც ვიმუშაო – ჩინეთისთვის ეს დიდი ეგზოტიკა იქნება... ის ტექნოლოგიები, რომლებიც ქსოვილების შესაქმნელად მაქვს შემუშავებული, საკმაოდ საინტერესოა და, მინდა, საქართველოში ავაწყო წარმოება. რა თქმა უნდა, „დამზადებულია კანადაში“ – უფრო პრესტიჟული და პატივსაცემია, მაგრამ, მე მინდა, ეს საქართველოში მოხდეს და ხალხი დავასაქმო. აქ იმდენი უმუშევარი ნაცნობი მყავს, ყველას სიამოვნებით დავასაქმებ – რატომ არ მივცე მათ ამის საშუალება?! ეკონომიკის სამინისტროში დავრეკე. მაინტერესებდა, რამდენად რეალური იყო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. როგორც მითხრეს, პროექტი ჯერ ბანკმა უნდა მომიწინოს, გამომიყოს თანხა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება სახელმწიფო, ანუ, ორი წლის განმავლობაში დაბალი პროცენტის მისაღებად თავდებში ჩამიდგება. ეს არის სისულელე, ბუტაფორიულად შეფუთული რაღაც. თუ საქართველოში შენი ფული არ გაქვს, სახელმწიფო არ დაგეხმარება და ვერც ვერავის დაასაქმებ. მე ფული კი არ მჭირდება, სამუშაო ადგილები მინდა შევქმნა, ხალხი დავასაქმო და სახელმწიფო ამაში ხელს ყველანაირად უნდა მიწყობდეს. გამოცდილება მაქვს; ვიცი, როგორ მუშაობს საერთაშორისო ბაზარი, როგორ გავყიდო ჩემი პროდუქცია, როგორ ვესაუბრო კოლეგას, როგორ ვიმუშაო მათთან... ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც ჰონკონგში მქონდა მოდის კვირეული. COACH არის ერთ-ერთი გლობალური კომპანია, რომელიც თავიდან ტყავის ჩანთებს ამზადებდა და შემდეგ outerwear-ზე გადავიდა; საშემოდგომო პალტოებიც გააკეთეს, რომელიც 800-900 დოლარი ღირს და არაფრით განსხვავდება „ბარბერისა“ და სხვა ბრენდებისგან. მათ რაღაც სიახლე სჭირდებოდათ და მე აღმომაჩინეს ჰონკონგში, შემდეგ ნიუ-იორკში, სათავო ოფისში შევხვდით და გამოთქვეს სურვილი, მათთვის მეწარმოებინა ქსოვილები. როდესაც ვუთხარი, რომ ორი წლის კომპანია მქონდა, უკან დაიხიეს, რადგან,  იმ დროს არ მქონდა ამხელა დატვირთვაზე გათვლილი საწარმო. მაგრამ ახლა შემიძლია, ეს კონტაქტი განვაახლო, თუმცა, ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აუცილებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ: მინდა, ხალხი დავასაქმო. აქ მყავს ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები, პედაგოგები, რომლებმაც ჩემში ამდენი რამ ჩადეს და მათთვის მინდა ამის გაკეთება... ამდენი წელია, ვცდილობ, საერთაშორისო ბაზრისთვის საქართველოში ავაწყო სერიოზული წარმოება, მაგრამ, მხარდაჭერა არ არის...
– იმედია, შენს პროექტს ექნება სერიოზული მხარდაჭერა... ქსოვილების შესაქმნელად ყოველთვის ახალ-ახალ ტექნოლოგიებს იყენებ. ამ მხრივ ხომ არ გაქვს სიახლე?
– 2015-2016 წლის კოლექციას ვამზადებ – ეს იქნება გაპარსული კანადური („ნორკა“ მატყლთან ერთად. აქ ქურქებს პარსავენ, შემდეგ რჩება „რისაიკლი“ ანუ – ნარჩენი და შემდეგ ნაკლები ხარჯით ქმნი იმას, რაც, შეიძლება, უფრო მეტად გაიყიდოს – ეს ბიზნესისთვის ძალიან სახარბიელოა. თან, „ნორკა“ მატყლთან ერთად არასდროს არავის დაუმზადებია. კანადის „ნორკა“ ყველასთვის ცნობილია. აქ არის ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფერმერი ქალი, რომელიც „ნორკით“ ამარაგებს იაპონიას, ჩინეთს. მასთან ვნახე ნაპარსი და მაშინვე დავინტერესდი, ტექნოლოგიურად გავაკეთე და გაამართლა. 2015 წლის გაზაფხულზე მოდის კვირეულზე კაცის კოლექციაც გამაქვს და ქალისაც, რომელიც უკვე ამ ახალი ტექნოლოგიით იქნება დამზადებული.
– შენი შარფები ძალიან წარმატებულად იყიდება სხვადასხვა ქვეყანაში.
– შარფების ბიზნესი მომგებიანია. ოთხი-ხუთი ადამიანი მყავს საქართველოში დასაქმებული, რომლებიც ხელით, ჩემი ტექნოლოგიების დაცვით ამზადებენ შარფებს, შემდეგ კი იყიდება ინტერნეტით, გამოფენა-გაყიდვებზე ან კერძოდ. რადგან კანადაში ვარ, იქ უფრო მეტი კონტაქტები მაქვს და შარფებიც უფრო იქ იყიდება. თუმცა, ევროპის ქვეყნებშიც აქტიურად ვყიდით და რუსეთშიც გვაქვს ბაზარი.
– როგორც ვიცი, მასტერკლასებსაც ატარებ ტორონტოში.
– მეხუთე წელია, რაც ტექსტილში ვატარებ მასტერკლასებს – ჩემს ტექნოლოგიებს, მამაკაცის შარვლისა და კოსტიუმის კონსტრუირებას,  თარგების დამზადებას ვასწავლი; ასევე, კერვისას ხელით როგორ დაამუშაონ სხვადასხვა დეტალი. ინტერესი საკმაოდ დიდია. სხვათა შორის, ისეთი რეპუტაცია მოვიპოვე, ძალიან მალე ივსება ჩემი კლასები და ოქტომბრის ჯგუფები უკვე წინასწარ არის შევსებული. ბევრი  ჩემი მოსწავლე ამ სფეროში ტრიალებს, ჩემთან კვალიფიკაციას იმაღლებენ და მიღებულ ცოდნას თავიანთ ბიზნესში დებენ, რაც ჩემთვის სასიამოვნოა.

скачать dle 11.3