კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გზებს მიმართავენ თანამედროვე მამაკაცები საყვარელი ქალების გულის მოსაგებად

ვინ თქვა, რომ თანამედროვე სამყაროში რომანტიკული ადამიანები აღარ არსებობენ; რომ საყვარელი გოგონას გულის მოგება ყვავილებით – ბუნების ამ მშვენიერი ქმნილებებით შეუძლებელია, რადგან ის უკვე ეგრეთ წოდებულ „ბანალურ საჩუქართა“ რიცხვს მიეკუთვნება?!
ქალბატონებო! შეიძლება, მთლად თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი არ მოგადგეთ კარს, მაგრამ ულამაზესი თაიგულებით გოგონების მოხიბვლა რომ თანამედროვე სამყაროშიც ძალიან აქტუალური ყოფილა, ამაში მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც თბილისში არსებულ ყვავილების მაღაზიებში შევიარე – მათ კურიერებს რამდენიმე საინტერესო და სამახსოვრო ისტორიის მოყოლა ვთხოვე...


ყველაზე მოულოდნელი რეაქცია
... წელს, წინასაახალწლოდ ჩვენთან ახალგაზრდა მოვიდა და გვთხოვა, გაგვემზადებინა ყველაზე ლამაზი 500 ცალი ვარდი და შეგვეფუთა, ასევე, ძალიან ლამაზად. გარდა ამისა, დაგვავალა შოკოლადის ასორტის მომზადება და გვთხოვა, ეს ყველაფერი ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე მის საყვარელ გოგონასთან მიგვეტანა.
დადგა 12 საათი და გოგონას კარს მივადექით. მოსალოდნელი ემოციების მოლოდინში, ერთი სული გვქონდა, კარი როდის გაიღებოდა. დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდა. კარი ულამაზესმა გოგონამ გაგვიღო და ჩვენც საჩუქარი გადავეცით. ადამიანის ფანტაზიას ხომ ზღვარი არ აქვს, ამიტომ, რა არ წარმომედგინა, მაგრამ ასეთ რეაქციას არ ველოდი. გოგონა დგას, ცოტა ხანს გვიყურებს და გვეკითხება: „სად წავიღო ამხელა რაღაც?“ შემდეგ კარგად „ჩხრეკს“ მირთმეულ საჩუქარს და როცა დარწმუნდება, რომ „მხოლოდ“ შოკოლადები და 500 ცალი ვარდი მივუტანეთ, მთელი სერიოზულობით გვეკითხება: „მეტი არაფერია“.
„ცდა ბედის მონახევრეაო“
ერთი ბიჭი გოგონას, რომელიც ძალიან მოსწონდა, კვირაში ერთხელ, ზუსტად ერთსა და იმავე დროს ერთ ვარდს უგზავნიდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ბუნებრივია, ამ გოგონასთან დავახლოვდით. როცა ვურეკავდი იმის გასაგებად, თუ სად იყო იმ, კონკრეტულ მომენტში, რომ იქ მიმეტანა ყვავილები, უკვე კითხვა აღარ მჭირდებოდა, ეცინებოდა და პირდაპირ მეუბნებოდა.
ახლა ისე ახლო კონტაქტი აღარ გვაქვს, თუმცა ვიცი, რომ ბიჭის დაუღალავმა მცდელობამ, თავი შეეყვარებინა იმ გოგონასთვის, შედეგი გამოიღო და დღეს ისინი ერთად არიან.
გამომძიებელი ადრესატი
ერთხელ, ერთმა ბიჭმა თაიგული შემიკვეთა გოგონასთვის და თვითონვე მიმიყვანა მის საცხოვრებელ სახლთან. იქვე, შორიახლოს დამელოდა, რადგან უნდოდა, გოგონას რეაქცია ენახა. მხოლოდ მთხოვა, მისთვის ვინაობა არ გამემხილა, რაც პირნათლად შევასრულე. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ გოგონა ძალიან ინტერესიანი იყო და უნდოდა, აუცილებლად სცოდნოდა, ვინ გაუკეთა ეს საჩუქარი. რადგან მისი ცნობისმოყვარეობა ვერ დავაკმაყოფილე, გადაწყვიტა, უკან გამომყოლოდა და როგორმე გაეგო სიმართლე. სხვა გზა არ მქონდა, იმ ადგილას უნდა გამევლო, სადაც ის ბიჭი მანქანით მელოდა. გოგონამ რომ დაინახა, აშკარად იცნო. მანქანას მივარდა და ყვავილები უხეშად მიაყარა. შემდეგ რა მოხდა, სამწუხაროდ, არ ვიცი.
გამოცდა ცოლისთვის
ბევრ უცნაურ ხალხთან გვიწევს ურთიერთობა ჩვენი პროფესიის წყალობით. თუმცა, ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით, ვინმესთვის შეიძლება, სულაც არ იყოს უცნაური.
მამაკაცმა თაიგული შეგვიკვეთა საკუთარი ცოლისთვის. ზედ ორაზროვანი და საეჭვო წარწერა გაგვაკეთებინა და გვთხოვა, მისი ვინაობა საიდუმლოდ შეგვენახა. თურმე, ამ გზით ცოლის გამოცდას აპირებდა და მისი რეაქციით უნდა მიმხვდარიყო „რაღაცეებს“. ისეთ დროს დაგვიბარა, თვითონაც რომ სახლში იქნებოდა. ჩვენ მისი თხოვნა და ჩვენი მოვალეობა კი შევასრულეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, ჩააბარა თუ არა ცოლმა გამოცდა.
უხეში მამა და ცხვირწინ „ჩაქროლებული“ ყვავილები
ხდება ხოლმე, როცა ჰგონიათ, რომ რადგან მე მიმაქვს, ესე იგი, მე ვჩუქნი მათ ამ ყვავილებს. სანამ ავუხსნი, რომ მე მხოლოდ კურიერი ვარ და გამომგზავნი სხვა არის, გარკვეული უხერხული სიტუაცია იქმნება. ზოგი განსაკუთრებით აგრესიულია.
ერთი შემთხვევა მახსენდება. კარი გაიღო და გოგონას ყვავილები გადავეცი. ძალიან გაუხარდა, მაგრამ ამ დროს კართან მამამისი მოვიდა და უხეშობა დამიწყო. მითხრა, რომ უკან წამეღო, რაც მივიტანე. ავუხსენი, რომ ამის უფლება მე არ მქონდა და შეეძლო, თავად რაც სურდა, ის ექნა. იმდენად გაღიზიანდა, გინებაზე გადავიდა. მოკლედ, როგორღაც მოვახერხე, იმ ოჯახიდან მშვიდობით გამოვასწარი და კიბეებზე დავეშვი. სადარბაზოდან გამოსულს პირდაპირ ცხვირწინ „ჩამიქროლა“ ჩემმა მიტანილმა თაიგულმა და იქვე, ეზოში გაიფანტა.
ბედნიერი დასასრული
ხშირად ხდება, რომ გვიკვეთავენ ვინმესთვის საჩუქარს, საკმაოდ ძვირად ღირებულს, მაგრამ არ სურთ ადრესატისთვის საკუთარი ვინაობის გამხელა. ერთ-ერთი, ასეთი შემთხვევა ძალიან რომანტიკული იყო.
ერთ-ერთი ბანკის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირს ამ ბანკის მოლარე მოსწონდა და მთელი თვის განმავლობაში, ყოველ დილით უგზავნიდა ყვავილებს. გოგონა გვეხვეწებოდა, მისი ვინაობა გაგვემხილა, თუმცა ჩვენ ეს სასტიკად აკრძალული გვქონდა.
ერთი თვის შემდეგ, თავად გაუმხილა ვინაობა და როგორც ჩანს, სასურველი შედეგიც მიიღო. ამის შემდეგაც ხშირად უგზავნის ყვავილებს და, როცა მიგვაქვს, ერთად არიან რესტორანში თუ სხვა ადგილებში.
საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და, სხვათა შორის, ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, ქორწილშიც დაგვპატიჟეს, მხოლოდ ჯერ თარიღი აქვთ დასაზუსტებელი.
ყველაზე, ყველაზე, ყველაზე...
14 თებერვალი იყო... ახალგაზრდა კაცმა ულამაზესი თაიგული შეგვიკვეთა, თან ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და გვთხოვა, გადაგვეცა გოგონასთვის, მაგრამ ვინაობის გამხელა მასაც არ სურდა.
გოგონას სამსახურში მივართვით თაიგული. მისი რეაქცია გაინტერესებთ? – საშინელი. უარესს, რომ ვერ წარმოიდგენ. მან ყვავილებს ხელი მოჰკიდა, სულ სათითაოდ დაპუტა და ნაგავში გადაყარა. მეც და მისი თანამშრომლებიც გაოცებულები ვუყურებდით.
მამაკაცის რეაქციამ კიდევ უფრო გამაკვირვა. ქალის ამ საქციელმა მხოლოდ მისი ღიმილი გამოიწვია და მეორე საჩუქარიც მალევე შეგვიკვეთა მისთვის.
მეორე ჯერზე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მისი რეაქცია ვერ ვნახე. როცა ყვავილები მივუტანე, გასული იყო და თანამშრომლებს დავუტოვე გადასაცემად. შემდეგ საჩუქრებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, მძაფრმა რეაქციებმა ნელ-ნელა იკლო და შედეგმაც არ დააყოვნა.
დღეს ისინი ცოლ-ქმარი არიან და პატარაც ჰყავთ.
არ გეგონოთ, კლიენტი დავკარგეთ. ის მამაკაცი არც ახლა ტოვებს არც ერთ მნიშვნელოვან დღეს და ულამაზესი თაიგულებით ანებივრებს თავის მეუღლეს.
ბოლოს და... ზოგადად
ეს სამსახური ძალიან სახალისოა, რადგან უამრავ სხვადასხვა ადამიანთან გიწევს ურთიერთობა. თითოეულს თავისი გეგმა და მიზანი აქვს.
სხვათა შორის, თუ გგონიათ, რომ მხოლოდ მამაკაცები უკეთებენ ასეთ საჩუქრებს ქალბატონებს, ძალიან ცდებით. იცით, რამდენ რუს ქალბატონს გაუგზავნია ასეთი საჩუქრები ქართველი მამაკაცისთვის და რამდენს უთქვამს უარი, ქორწინებაში ყოფნის გამო?!
სხვათა შორის, დაურეკავთ და მისთვის მირთმეული საჩუქრის ღირებულებაც უკითხავთ. ზოგი ძალიან უხეშად გვექცევა, ზოგს კი ოჯახში, სუფრაზეც მივუპატიჟებივართ.
ზოგ ბიჭს გოგოს ნომერი მოუცია დასაკავშირებლად და მისთვის საჩუქარი შეუკვეთავს. შემდეგ კი მისამართი ჩვენთვის უკითხავს.
ბევრია კურიოზული, არასასურველი, სევდიანი ისტორიაც. თუმცა, გოგონებს, ძირითადად, დადებითი რეაქცია აქვთ. შესაბამისად, ბიჭებისთვის ეს მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

скачать dle 11.3