კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N27-29(708)

კოტემ სიგარეტი საფერფლეზე დასრისა, სავარძლის საზურგეზე ნებივრად გადაწვა და მობილური აიღო...
– სად ხარ? შენი ნახვა მინდა... დღეს ადრე მოვრჩი საქმეებს და, იქნებ, წყნეთში ან კოჯორში ავსულიყავით, ჩემს აგარაკზე... აუზში გავგრილდებით და ერთმანეთით დავტკბებით... რას ნიშნავს, ახლა არ შეგიძლია? – კაცი აშკარად უკმაყოფილო დარჩა პასუხით და არც უცდია ამის დაფარვა, – რატომ გინდა, ნერვები მომიშალო? გოგო... არ გესმის შენ? მინდა, რომ მოხვიდე, მიზეზები არ მაინტერესებს! რა?!. რას ნიშნავს, ახლა ვერ მეტყვი? უნდა მითხრა... ნუ მანერვიულებ-მეთქი, ნუ... რა?! – კოტემ მთელი ხმით იყვირა, – ახლა გავგიჟდები... კარგი, კარგი, შემეშვი და დღეს აღარ დამირეკო... რა აზრი აქვს, მომშხამე უკვე! – კოტემ ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე მიაგდო, თან უშვერად შეიგინა. რამდენიმე წუთი უაზროდ დაბოდიალობდა კაბინეტში, მერე თითქოს რაღაც გაახსენდა, ისევ აიღო მობილური და დარეკა. კარგა ხანს არავინ პასუხობდა. გაცოფებულმა კბილები გააღრჭიალა... რეკავდა და რეკავდა ჯიუტად. ბოლოს, როგორც იქნა, უპასუხეს...
– სად ხარ, ბიჭო, შენ? მეორე დღეა, გირეკავ და ხან გამორთული გაქვს, ხან საერთოდ არ მპასუხობ. შემჭამა დედაშენმა... რატომ?! იმიტომ, რომ ხასიათი აქვს ეგეთი, ვიღაც აუცილებლად უნდა ჭამოს, თორემ, ცუდად ხდება... შენ შორს ხარ და ჩემით გამოდის იოლად... ბილეთს ავუღებ და გამოვუშვებ შენთან, ცოტა ხანს ეგეც დაისვენებს და მეც. გადამიყვანა ჭკუიდან!.. ოჰ, კარგი ერთი!.. დედაშენია, ხომ არ გავიწყდება? ტვინის გაბურღვასაც უნდა გაუძლო და სხვა რამესაც... მოკლედ,  არ ვიცი, რა, მეტი აღარ შემიძლია. ფული გჭირდება? რამდენი?! – კოტე ლამის წამოხტა და ხელი გამეტებით დაარტყა მაგიდას, – რას აკეთებ მანდ, ბიზნესს იწყებ თუ ნახევარ ირლანდიას ინახავ?! როგორ გგონია, მე აქ ფულის საჭრელი მანქანა მაქვს თუ რაშია საქმე? ქალებს კი არ უნდა გადაჰყვე, ბიჭო, სასწავლებლად გაგიშვით მანდ... რა აღარ გინდა? მოიცა, მოიცა, გინდა, რომ ინგლისში ისწავლო?! შენ ნორმალური ხარ? დღეს რა ყველა გაგიჟდით და გადაირიეთ, პირი შეკარით თუ რა უბედურებაა? შენი საქმე არ არის, კიდევ ვის ვგულისხმობ... დედაშენი, რა, ცოტაა? არ ვიცი, არა... ჩამოეთრევი ზაფხულში და მერე დავილაპარაკოთ. კურსი მაინც დახურე, რომ ამდენი ფული წყალში არ გადავყარო. კარგი, კარგი... შემეშვი ახლა... – კოტე ჭარხალივით გაწითლდა ბრაზისგან.
– აუ, ესეც როგორ დაიმსგავსა ჩემმა ცოლმა... ორივე ერთად მიშხამავს სიცოცხლეს... რისთვის ვწვალობ ან ვისთვის... კაციშვილს არ ესმის ჩემი, საყვარელსაც კი... – კაცმა ისევ შეიგინა და თავი ხელისგულებში ჩარგო...
***
ტომასმა თანაგრძნობით შეხედა მეგობარს:
– მამაშენი იყო?
– ჰო, – მოკლედ მიუგო სანდრომ.
– ასეთი რა უთხარი, რომ მისი ყვირილი მე მესმოდა?
სანდრომ ხელი ჩაიქნია.
– რას ვეტყოდი? ფული ვთხოვე და გაგიჟდა – სად ხარჯავ ამდენსო. გეგონება, არა აქვს. ამ ბოლო დროს ძალიან გაძუნწდა.
– დიანასთვის გინდა, ხომ? – ტომასმა მრავალმნიშვნელოვნად მოჭუტა თვალები, – ალექსანდრე, შენ გელაპარაკები.
– ჰო, მაგრამ, კორექტული არ ხარ. შენ ფიქრობ, დეას ფულით ვიყიდი?! რა სისულელეა! სხვანაირი გოგოა, დამიჯერე. უბრალოდ, სადმე რომ დავპატიჟო და, ისედაც, ფული არ მინდა?
ტომასმა ამოიოხრა.
– სილვიას უკვე ელაპარაკე?
– შენც რას გადამეკიდე სილვიათი, რაზე ველაპარაკო? ჯერ ერთი, მასთან სერიოზული არაფერი მქონია და, რაც მქონდა, ისიც დამთავრდა.
– მე გითხარი და, შენი საქმის შენ იცი. ისტერიულად გირეკავს ის გოგო... გუშინ მეც დამირეკა და მერე პრობლემა არ შეგიქმნას.
 – რა პრობლემა უნდა შემიქმნას სილვიამ?
– ვერ ხვდები, ხომ? გაიგებს, დიანას რომ დასდევ უკან და ერთ კარგ სკანდალს მოგიწყობს. შეიძლება, დიანაც მოყვეს გაუგებრობაში. გინდა ეს? როგორ ფიქრობ, მოეწონება?
სანდრომ ამოიოხრა:
– საერთოდ წასვლა მინდა აქედან...
– ამ ბინიდან? ჰო, ისე, მეც დიდად არ მომწონს. უკეთესი კოტეჯის ქირაობა შეიძლება ამ ფულით, უფრო კომფორტულის... გინდა, მოვძებნო?
– მაგას არ ვგულისხმობდი. ირლანდიიდან მინდა წასვლა.
– გაგიჟდი? არ მითხრა, რომ საქართველოში ბრუნდები, ვერ დავიჯერებ. ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა წახვიდე?
– ინგლისში. იქ გავაგრძელებ სწავლას.
– აჰა, ყველაფერი გასაგებია. დიანა, ისევ დიანა... აღიარე, რომ უკვე გიყვარს ეგ გოგო.
– „აღიარე, რომ უკვე გიყვარს ეგ გოგო“, – გამოაჯავრა სანდრომ, – დავუშვათ, ვაღიარე, მერე შენ რა, ამით?
– ის, რომ, არ მინდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი შარში გაებას.
– სიყვარული შარია?
– აბა, რა არის? მით უმეტეს, რომ უკვე თავი დაგაკარგვინა.
– რას მიედ-მოედები... თავი არ დამიკარგავს. შენ ამძიმებ სიტუაციას და, საერთოდაც, შემეშვი შენი რჩევებით, აღარ მელაპარაკო დიანაზე!
ტომასმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ენა გააწკლაპუნა:
– ეგოისტი ხარ შენ, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ და მეგობარი არც კი გახსენდება.
– რა გინდა, მაგით, რომ თქვა, რატომ ვარ ეგოისტი?
– ლინა მომწონს-მეთქი, ხომ გითხარი? სულ არ ცდილობ ჩემთვის.
– აბა, სიყვარული შარიაო?
– მე ვთქვი „მომწონს” და არ „მიყვარს,” განსხვავებას ვერ ხედავ?
– ვხედავ, მაგრამ ჯერ მეც არ ვარ შეყვარებული, – მოუჭრა სანდრომ. ტომასი ახლოს მიუჩოჩდა მეგობარს და ეშმაკური ღიმილით ჰკითხა:
– დღეს ხვდები დიანას?
– ჯერ არ ვიცი. რატომ მეკითხები?
– ლინასაც დავურეკავდი და მეც ცოტათი წინ წავიწევდი ურთიერთობაში. თუ, აუცილებლად მარტონი უნდა იყოთ შენ და დიანა?
– აჰა, კიდევ! დაურეკე ლინას და შენ შეხვდი, მე რაღაში გჭირდები, არ მესმის. მართლა არ მესმის... როდის აქეთ გახდი გოგოებთან ასეთი მორიდებული და ფრთხილი?
– ეგ რა შუაშია, უბრალოდ, ვატყობ, ლინა ძალიან არის დამოკიდებული დიანაზე.
– კარგი, რა, არ მითხრა, რომ ლინას დეა არ უშვებს შენთან პაემანზე, ნუ მაცინებ.
– რა მოხდება, ერთად რომ შევხვდეთ გოგოებს? – ყელი „გამოიგლიჯა“ ტომასმა.
– კი ბატონო, შევხვდეთ. მაგრამ დღეს, ალბათ, არ გამოვა... – ამოიოხრა სანდრომ, – სილვია მყავს სანახავი.
ტომასს თვალები აუციმციმდა:
– აბა, მორჩა ყველაფერიო? დიდი მატყუარა ხარ შენ.
– მორჩა, მაგრამ, ეს სილვიამაც ხომ უნდა იცოდეს?
ტომასს ჩაეცინა და თავი გადააქნია:
– ჰმ, შენ გგონია, ასე მარტივად გაიგებს?
სანდრომ მუხლზე დაირტყა ხელი:
– აუ, აბა, ევროპელი ქალები უფრო მარტივები არიანო?! საქართველოში გოგოს წესიერად ვერ დაელაპარაკები, ეგრევე დარწმუნებულია, რომ ცოლად უნდა მოიყვანო.
– ეე, ყველა ქალი ქალია, საქართველოშიც, აქაც და მთვარეზეც, – ბრძენი კაცივით დაასკვნა ტომასმა, – სილვიას მაგრად დაუდექი. ბოლოს და ბოლოს, ხომ არაფერს დაჰპირებიხარ და რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს? გეუბნები, ერთი ნაბიჯიც არ დათმო...
***
საშუალო ასაკის, მაგრამ ძალიან ეფექტური გარეგნობის ქალი ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში. იქვე, კომფორტულ სავარძელში მჯდარმა თმაშევერცხლილმა, ძალიან სიმპათიურმა მამაკაცმა რამდენჯერმე შეავლო მზრუნველი მზერა და ამოიოხრა. ბოლოს ტელევიზორი გამორთო და ალერსიანად სთხოვა:
– საყვარელო, იქნებ დამშვიდდე? არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა.
– ახლა მეუბნები ამას? თავიდანვე რატომ არ იფიქრე იმაზე, რომ ვინერვიულებდი? – აღშფოთდა ქალი და ლამაზ თვალებში რისხვა ჩაუდგა, – სიგარეტი მომაწოდე!
კაცმა უკმაყოფილო გამომეტყველებით გაუწოდა კოლოფი.
– რატომ ეწევი? თანაც ამდენს... გულს გაფრთხილება უნდა. ხომ ხედავ, მე აღარ ვეწევი.
– შენ არც ნერვიულობ, დევიდ, განსხვავებას ხედავ? მე კი, რაც დიანა წავიდა, მას მერე ღამეები არ მძინავს... და ეს ყველაფერი შენი ბრალია.
კაცი შეწუხდა:
– ანა, უსამართლო ნუ იქნები. მე მინდოდა, რომ დიანა წასულიყო და შენ გენერვიულა?!
– დიახ, სწორედ შენ გინდოდა. ვინ მოუყვა ყველაფერი, შენი გადაწყვეტილება არ იყო? რატომ არ დამიჯერე, რა გინდოდა?..
– მინდოდა, დიანას სიმართლე სცოდნოდა. სიმართლე ყველასთვის აუცილებელია, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში.
ქალმა ხელები გაშალა:
– ეს შენი პრინციპები ბოლოს მომიღებს. ჩემზე რატომ არ იფიქრე? რატომ არ მკითხე, ჩემთვის რა იქნებოდა უკეთესი?!
კაცი მოიღუშა:
– ანა, ჩვენ ხომ ბევრჯერ ვილაპარაკეთ ამაზე?
– მერე? ვილაპარაკეთ და, მახსოვს, ვერ დამითანხმე. მაგრამ, მაინც დასვი და მოუყევი ყველაფერი. ახლა რა ვქნა? ნერვიულობას მაინც რატომ მიშლი?
– იმიტომ, რომ არა აქვს აზრი. ახლა მხარში უნდა დავუდგეთ. თვითონაც ხომ ნერვიულობს...
– აჰა, ხედავ? ხვდები, რომ თვითონაც ნერვიულობს. რას ერჩოდი ბავშვს? – სიგარეტი ბრაზით დასრისა საფერფლეზე ანამ და მკერდზე მიიდო ხელი, – ნახავ, თუ ეს ამბავი არ გადამიყოლებს, ნახავ... მერე იძახე, რომ სიმართლე უმთავრესია.
დევიდი სწრაფად წამოხტა და წყლის მოსატანად თითქმის სირბილით წავიდა. ოთახში რომ დაბრუნდა, ცოლი სავარძელზე მიწოლილი დაუხვდა, სახეზე ხელისგულები ჰქონდა აფარებული... კაცმა ჭიქა ახლოს მიუტანა და თითქმის შეევედრა:
– გთხოვ, დალიე... ნუ მაშინებ, ანა, ძვირფასო. რა ვქნა, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დიანასთვის ისე ჯობდა, როგორც მოვიქეცი.
– ღმერთო, გაჩუმდი მაინც და ნერვებს ნუღარ მიშლი. არ მინდა წყალი, მომაშორე აქედან... აიღე ტელეფონი და დაურეკე... უთხარი, ახლავე ჩამოვიდეს, დედაშენი ცუდად არის-თქო!
დევიდმა ჭიქა დადგა და დაჯდა. ცოლი გაოცებული მიაშტერდა:
– არ აპირებ დარეკვას, დევიდ?
– არა. არ ვაპირებ. რატომ უნდა მოვატყუო და ავაფორიაქო? ანა, ეგოისტი ნუ იქნები!
ქალს ტუჩები აუცახცახდა.
– ზოგჯერ მგონია, რომ ისე არ გიყვარს დიანა, როგორც... როგორც...
დევიდი გაფითრდა.
– რისი თქმა გინდა ამით? ანა, ეს უკვე მეტისმეტია. რადგან სიმართლე ვუთხარი, იმიტომ არ მიყვარს?! შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარს. სიცოცხლეს უყოყმანოდ დავთმობ მისთვის. შეცდი, ანა, ჩემთვის ეს არ უნდა გეთქვა. ძალიან მატკინე გული...
ქალი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, ქმართან მიიჭრა და მოეხვია:
– რა ვქნა, დევიდ, ვნერვიულობ, ძალიან ვნერვიულობ... ხომ იცი, რანაირია – ჯიუტი და თავისნათქვამა. მეშინია, გესმის? მეშინია, რამე სისულელე არ ჩაიფიქროს.
– დიანა ჭკვიანი გოგოა. ზედმეტად ჭკვიანიც კი – ამ მხრივ მშვიდად ვარ.
– ზედმეტად ჭკვიანი გოგოებიც სჩადიან სისულელეებს. თან, ყველაფერი რომ მოუყევი, შელამაზების გარეშე... ოი, ღმერთო, რატომ გაგვიმეტე ასე?!
– ნახევარი სიმართლე რაღა სიმართლეა? ანა, დამიჯერე, აუცილებელი იყო ამის გაკეთება.
– შეიძლება, მაგრამ, საქმე ჩემს შვილს ეხება, ჩემს შვილს!
– ვიცი, მაგრამ, დიანა, ჩემი შვილიც არის და მაგიტომაც გავაკეთე ის, რაც გავაკეთე.
– აღარ შემიძლია მეტი. დარეკე აეროპორტში და ბილეთი მაინც ამიღე, უნდა ჩავაკითხო.
– არ გინდა, დამიჯერე. მარა და ვილი კარგად მიხედავენ; ხომ იცი, რომ არაფერს გაუჭირვებენ. ლინასთანაც გაერთობა, ქვეყანასაც ნახავს.
– მერჩივნა, გვერდით მყოლოდა. უფრო მშვიდად ვიქნებოდი, – ამოისლუკუნა ქალმა.
– ჩემო საყვარელო, მალე ჩამოვა და ყველაფერი კარგად იქნება.
– არა, – თავი გააქნია ანამ, – ყველაფერი კარგად აღარ იქნება.
დევიდი მოეხვია ცოლს და თავზე აკოცა. ანას გული ამოუჯდა და ატირდა... კაცი უსიტყვოდ ეფერებოდა მხარზე...
***
კოტემ კარი თავის გასაღებით გააღო. ფეხსაცმელები იქვე მიჰყარა, უწესრიგოდ. ხელები  მარმარილოთი მოპირკეთებულ აბაზანაში დაიბანა და სასტუმრო ოთახში შევიდა. ვრცელ, უზარმაზარი ვიტრაჟებით დამშვენებულ დარბაზში რამდენიმე ტყავის სავარძელი იდგა. კედელზე უზარმაზარი, ბოლო მოდელის ტელევიზორი ეკიდა... კოტე დივანზე წამოწვა და თვალები დახუჭა. ცოტა ხანში ოთახში ქალმა შემოიხედა:
– ბატონო კოტე, თქვენ ხართ? რა ადრე დაბრუნდით! არ გელოდებლოდით და ვახშამი ჯერ მზად არ არის. თუ გნებავთ, ლორითა და ყველით სენდვიჩებს მოგიმზადებთ.
– არ მინდა, მარიკა, არ შეწუხდე. ყავა მომიდუღე მხოლოდ, შენ რომ იცი, ისეთი – მაგარი და დარიჩინით.
– ვახშამს რა ვუყო? – შეყოყმანდა ქალი,
– დაველოდები ლენუკას და ერთად ვივახშმებთ; ალბათ, ისიც მალე მოვა.
– ქალბატონმა ელენემ დარეკა და მითხრა, რომ ამაღამ კოჯორში რჩება. მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა.
– რა?! – კოტეს შეაჟრჟოლა, როცა წარმოიდგინა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, საყვარელი აგარაკზე რომ წაჰყოლოდა. მღელვარებისგან ერთიანად გაწითლდა და წამოხტა.
– აღარ მინდა ყავა, მეც კოჯორში ავალ. აღარ მოამზადო ვახშამი, მეც იქ დავრჩები...


გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3