კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N 1-29(708)

მამაკაცებმა დაბნეულებმა გადახედეს ერთმანეთს, მერე ყველა პარკი ქალის წინ დააწყვეეს და უთხრეს:
– ეს მოსაკითხი გუგას მოვუტანეთ, მაგრამ, რადგან შინ არ დაგვიხვდა, თუ არ გეწყინებათ, თქვენ გამოიყენეთ.
– დიდი მადლობა, შვილო, რა არის საწყენი, – ქალს აშკარად შეეტყო, რომ ძალიან გაუხარდა ამდენი სავსე პარკის დანახვა, – ისე, თქვენ ვინ ბრძანდებით, შემთხვევით რომ გამოჩნდეს გუგა, რა გადავცე?
– თუ გამოჩნდა, გადაეცით, რომ აუცილებლად დამირეკოს, – უთხრა კაცმა და პატარა ბარათი გაუწოდა, – აი, ჩემი ტელეფონის ნომერი.
– თქვენ თვითონ ვინ ბრძანდებით, რა ვუთხრა? – გაუმეორა შეკითხვა ქალმა და ეჭვი გაუკრთა თვალებში.
– უთხარით, რომ მიშა იყო მასთან და ძალიან უნდა მისი ნახვა.
– სიმართლე გითხრათ, არა მგონია, რომ გამოჩნდეს, რადგან გასაღები ბინის პატრონს ჩააბარა და ყელას ისე დაგვემშვიდობა, თითქოს სხვა პლანეტაზე მიეჩქარებოდა, მაგრამ, თქვენ საიდან იცნობთ გუგას? – ჩაეძია ქალი.
– ციხიდან, – ღიმილით უთხრა კაცმა, – ერთ საკანში ვისხედით და იქ დავმეგობრდით.
ქალმა ცოტა შიშით შეხედა კაცებს, კალთიდან ჩამოცოცებული ბავშვი სასწრაფოდ ისევ კალთაში ჩაისვა და გულზე მიიხუტა.
– ნუ გეშინიათ, ქალბატონო, – გაეცინა მიშას, – არც კაციჭამია ვარ, არც მკვლელი და არც ბანდიტი; უბრალოდ, მოხდა ისე, რომ სხვის სახლში ვიჩხუბე და ციხეში აღმოვჩნდი... კარგად ბრძანდებოდეთ. ბოდიშს გიხდით, რომ შეგაწუხეთ, – კაცები წავიდნენ და ეზოში გაოცებისგან პირდაღებული ქალი დატოვეს.
***
– კაბისა და ფეხსაცმლის საყიდლად ვის გაიყოლებ? – ჰკითხა გიორგიმ მზიას და ყავა ორ ფინჯანში დაასხა, – აბა, ნახე, როგორ ყავას ვადუღებ, მგონი, ვერ დამიწუნებ.
მზიამ ცხელივე მოსვა და მოწონების ნიშნად ცერი თითი ასწია.
– კაბის საყიდლად ვის გაიყოლებ-მეთქი, – გაუმეორა კითხვა გიორგიმ.
– არ ვიცი. ვფიქრობდი, ჩემი მეგობრისთვის დამერეკა, მაგრამ, ოთხი შვილი ჰყავს და, არ ვიცი შეძლებს თუ არა ორი-სამი საათით სახლიდან გამოსვლას. მეჯვარედაც ეგ მიმყავს და ასე ზედიზედ დიდი ხნით ბავშვებს ვერავის დაუტოვებს, – დაფიქრებით თქვა მზიამ, – თუმცა, სიმართლე გითხრა, სულაც არ მიმაჩნია საჭიროდ საქორწილო კაბის ყიდვა. შენ იმდენი ტანსაცმელი მომიტანე, იქიდანაც შეიძლება რამის შერჩევა, შლეიფიანი კაბის ყიდვას ისედაც არ ვაპირებდი, სადა მირჩევნია.
– მაშინ, სადა კაბა იყიდე, მაგრამ, ისეთი, ხელის მოწერასა და ჯვრისწერას რომ მოუხდება.
– კარგი, ასე მოვიქცევი, – დაეთანხმა მზია.
– ოღონდ, ერთ რამეს გთხოვ და შემისრულე. მპირდები?
– გპირდები. რა თხოვნა გაქვს?
– იმსიგრძე კაბა იყიდე, მუხლები ოდნავ რომ დაგიფაროს – ძალიან ლამაზი ფეხები გაქვს და გამოაჩინე, – უპასუხა გიორგიმ და კმაყოფილი ღიმილით შეათვალიერა საცოლე, მერე კი უცებ შესთავაზა: – გინდა მე წამოგყვე?
გიორგის ორიგინალური ქათინაურით გახარებულმა მზიამ უარის ნიშნად თავი გაიქნია, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, ისე შეხედა საქმროს და ჰკითხა:
– შენ როგორ ფიქრობ, ნუცას და ნანიტას რომ დავურეკო და ვთხოვო, უარს მეტყვიან? თან, მაინც ხომ უნდა ვუთხრათ ჩვენი ამბავი... არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს მათ ჩუმად მოგყვები ცოლად, რაც არ უნდა იყოს, შენი რძალი და ძმისშვილი არიან...
– მართალი ხარ, უნდა ვუთხრათ, – დაეთანხმა გიორგი, – უარს კი არა, დარწმუნებული ვარ, ნუცას გაუხარდება კიდეც. თან, იმაზე კარგ მრჩეველს ამ საქმეში ვერსად იპოვი. ცოტა მოთენდეს და დაურეკე, ჯერ მხოლოდ 8 საათია და შეიძლება ეძინოთ.
– ჩემი აზრით, ჯობია, შენ დაურეკო, ასე უფრო სწორი იქნება.
– კარგი, როგორც შენ გინდა.
– ნუცას არ ეტყვი, რომ დიმიტრი ისრაელში მიგვყავს?
– ალბათ, უნდა ვუთხრა: ჩემი აზრით, არასწორი იქნება ასეთი მნიშვნელოვანი ამბის დამალვა. მართალია, რამდენიმე წელია, პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ, მაგრამ, რაღაცნაირად, უნდა მოვახერხოთ, რომ მამა და შვილები შევარიგოთ. თან, მინდა, ნუცამ თავისი სულელური შურისძიება მოინანიოს ამით.
მზიას უცებ თვალები აუწყლიანდა და მოიწყინა.
– რა მოგივიდა? – მაშინვე შენიშნა გიორგიმ ეს ცვლილება.
– შენმა სიტყვებმა დამაფიქრა. მეც ბევრი რამ მაქვს მოსანანიებელი...
– შენ? – გაუკვირდა გიორგის, – ვის წინაშე?
– ეს ბოლო ხანებია, მივხვდი, რომ მეც ჩვეულებრივი შურისმაძიებელი ქალი ვარ..
– შენ ვის რა დაუშავე?
– მამაჩემს და ჩემს და-ძმას, – თქვა მზიამ, მერე თვალები დახუჭა, რომ ცრემლი შეეკავებინა და ძალიან ჩუმად დაამატა: – და, კიდევ, საკუთარ თავს... მე ჩემს ყველაზე ახლობელ ადამიანებს ვატკინე გული და, მეგონა, რომ სწორად მოვიქეცი.
– ასე ნუ იტანჯავ თავს, შენი საქციელი ჩვეულებრივი უკურეაქცია იყო მათი შენდამი მოპყრობისა.
– მერე, ბავშვები რა შუაში იყვნენ?
– როგორც ვიცი, არც ისინი გექცეოდნენ კარგად.
– ისინი პატარები იყვნენ და არ ესმოდათ, რას აკეთებდნენ, მაგრამ, მე ხომ უკვე დიდი ვიყავი? თან, შენ არ იცი ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე... – მზია იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას და სახე ხელისგულებში ჩარგო.
გიორგი მიხვდა, რომ მზიას ამ აღსარებით გულიდან ტვირთის მოშორება უნდოდა და ხმა აღარ ამოუღია, აცადა, სანამ მისი საცოლე თვითონ დაასრულებდა სათქმელს. რამდენიმე წუთის შემდეგ, ისე, რომ სახიდან ხელები არ ჩამოუღია, მზიამ განაგრძო:
– შენ მე ძალიან კეთილი ადამიანი გგონივარ, მაგრამ ეს ასე არ არის...
– ასეა, – შეაწყვეტინა კაცმა, – და, ძალიან გთხოვ, სისულელეების გამო თავს ნუ იდანაშაულებ.
– ეს სისულელე არ არის, – თქვა ქალმა და ამოიკვნესა, – შენ არ იცი, როგორ ვიტანჯები ამის გამო.
– ასეთი რა ჩაიდინე? – ბოლოს მაინც ჰკითხა გიორგიმ.
– მე ეს არავისთვის არ მითქვამს, მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ არც ისეთი ანგელოზი ვარ, როგორიც შენ გგონივარ. როგორც უკვე გითხარი, მეც ჩვეულებრივი შურისმაძიებელი ქალი ვარ. რა მნიშვნელობა აქვს, ვისზე იძიებ შურს, რის გამო და რა ფორმით...
– მზია, ნუ მაშინებ! – შეშფოთდა გიორგი.
– რადგან დავიწყე, ბოლომდე გეტყვი, – უცებ მტკიცედ თქვა მზიამ, – ორი წლის წინ ქუჩაში შემხვდა ჩვენი მეზობელი – სოფელში ჩვენ გვერდით ცხოვრობდა – და იმან მითხრა, რომ სწორედ წინა დღით გარდაცვლილა ჩემი დედინაცვალი, თან საშინელი წამებით – გაზის ბალონი აუფეთქდა, საშინელი დამწვრობა მიიღო და ვერ გადაარჩინეს.
– მერე, შენ რა შუაში ხარ?
– ბავშვები დაობლდნენ, დედას მათ თვალწინ წამებაში ამოხდა სული და მე არ წავედი, არც კი მივუსამძიმრე, მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის. იმ დღიდან ყოველდღე ვებრძვი საკუთარ თავს, რომ ჩავიდე და ვინახულო, მაგრამ, ვერ მოვერიე იმ ტკივილს, რაც ბავშვობიდან მწარედ მახსოვდა. მხოლოდ ახლახან გავაცნობიერე, რომ ის ტკივილი თანდათან გადამეზარდა ჩუმ ბოღმაში, რომელმაც მძლია და ცუდ ადამიანად მაქცია.
– ეს ბოღმა არ არის... – გიორგი მზიას დამშვიდებას შეეცადა.
– ძალიან გთხოვ, ბოლომდე მათქმევინე, – მზია მაგიდაზე დადგმულ წყლიან ჭიქას დასწვდა და დიდი ყლუპებით დალია, – მერე ისიც გავიგე, რომ მატერიალურადაც საკმაოდ გაუჭირდათ, მე კი არ დავეხმარე...
– შენ თვითონ რა გქონდა, რომ მათთვის გაგეგზავნა? – ისევ სცადა გიორგიმ მისი გამართლება, – რა, გთხოვეს და არ მიეცი?
– იცი, რაშია საქმე? როცა შენს ახლობელს უჭირს და შენ ეს იცი, ისე უნდა დაეხმარო, რომ არ დაამცირო, ანუ, არ უნდა ათხოვნინო. თუ მუხლებზე დაგიდგა, შეგეხვეწა, თავი შეგაცოდა და მერე გაუწიე დახმარება, ეს უკვე მადლი აღარ არის. ყველაზე მეტად კი, იცი, რაში ვამტყუნებ საკუთარ თავს? განა იმიტომ არ გავუგზავნე ფული, რომ დამენანა... რომ დამნანებოდა, უფრო გავამართლებდი ჩემს საქციელს – ვიტყოდი, ძუნწი ვარ და ვერ ვიმეტებ-მეთქი, მაგრამ, ამით ყველას ერთად გადავუხადე სამაგიერო, ანუ, გარკვეულწილად, შური ვიძიე და ამას ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს. სიმართლე გითხრა, სიხარულით შევურიგდებოდი მამაჩემსაც და ჩემს და-ძმასაც, მაგრამ, ვეღარ ვდგამ ამ ნაბიჯს, სითამამე არ მყოფნის. თან, მეშინია, რომ არ მიმიღებენ...
– და, შენ გგონია, რომ შენი საქციელიც ქალური შურისძიების ერთ-ერთი ფორმაა?
– ქალური... კაცური... რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ? მთავარი ის არის, რომ, შურისმაძიებელი ადამიანი, გინდა ქალი იყოს, გინდა კაცი, თუ ის ფსიქიკურად ნორმალურია და თუ ოდნავ ინტელექტი და ოდნავ ღვთის რწმენა გააჩნია, აუცილებლად მიხვდება, რომ თვითონ დამარცხდა საკუთარ თავთან ბრძოლაში და სინანულის გრძნობაც გაუჩნდება.
– მოდი ჩემთან, – გიორგი მზიასთან მივიდა, სკამიდან წამოაყენა და გულში ჩაიკრა, – ნუ გეშინია, ყველაფერს ეშველება; ხომ იცი, ყოველთვის და ყველა სიტუაციაში შენ გვერდით ვარ...
– ვიცი, – მადლიერი თვალებით შეხედა მზიამ, კიდევ უფრო მაგრად მიეხუტა და ასე ღრმად, ასე მკვეთრად პირველად იგრძნო, რომ მარტო აღარ იყო, რომ ჰყავდა ძალიან ძლიერი მფარველი და დამცველი და ბედნიერებისგან ტირილი დაიწყო.
***
გიორგიმ იმ დღესვე დაურეკა ნუცას და ყველაფერი შეატყობინა – თავისი დაქორწინებაც და დიმიტრის ისრაელში წაყვანის შესახებაც. მართალია, თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ გიორგიმ იგრძნო, რომ გოგო შეაცბუნა მამის მდგომარეობამ. საუბრის ბოლოს, როცა ნუცა შეჰპირდა, კაბის საყიდლადაც გავყვები მზიას და ჯვრისწერაზეც მოვალო, რაღაცნაირი ჩამქრალი ხმით ჰკითხა ბიძას:
– შეიძლება, მამა ვერ გადარჩეს?
– ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა რაღაც იმედსაც გვაძლევენ, – სიმართლის თქმა ამჯობინა გიორგიმ.
 ნუცამ უხმოდ გათიშა ყურმილი.
***
ჯვრისწერამაც და ხელის მოწერამაც სადად და ლამაზად ჩაიარა. თინანომაც მოასწრო ჩამოსვლა ქმარ-შვილთან ერთად და ძალიან უხაროდა, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველად ხედავდა მამას ასეთ ბედნიერს. მისალოცად ნუცასთან ერთად ნანიტაც მივიდა, თუმცა დიდხანს არ დარჩენილა – ნეფე-პატარძალს გაბედნიერება მიულოცა, მზიას ულამაზესი ოქროს ბეჭედი აჩუქა და წავიდა. ირაკლი ქებაძე თავის სიმაღლეზე იყო – ღირსეულად შეასრულა დაკისრებული მისია. ტაძრიდან რომ გამოდიოდნენ,  გიორგი მზიასკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა:
– სიურპრიზი მოგიმზადე. შეიძლება, ცოტა აღელდე, მაგრამ, ვიცი, რომ ძალიან გაგიხარდება...
მზიამ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო – ტაძრის შესასვლელთან ხნიერი მამაკაცი დაინახა, რომელსაც ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები, აქეთ-იქიდან ორი ახალგაზრდა ქალი და ორი წარმოსადეგი ვაჟი ამოსდგომოდნენ, რომლებიც შორიდან უღიმოდნენ პატარძალს და ახლოს მისვლას ვერ ბედავდნენ.
– მამა?! – იკივლა მზიამ და კინაღამ მუხლები მოეკვეთა. ჯერ ქმარს მიეყრდნო, შემდეგ ცოტა ძალ-ღონე რომ მოიკრიბა, გაიქცა და ტირილით ჩეხუტა მოხუცს. და-ძმაც მაშინვე შემოეხვია და ისეთი ამბავი ატყდა, ხალხი გაოცებით უყურებდა ერთდროულად ატირებულ და გაცინებულ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც რიგრიგობით ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ ნეფე-პატარძალს.
– არ იცი, როგორი მადლობელი ვარ შენი, – უთხრა მზიამ ქმარს, როცა ყველანი მანქანებში ჩასხდნენ, – ახლა მართლა ბედნიერი ვარ. ერთადერთი, დიმიტრის გამო ვნერვიულობ, თორემ...
– დიმიტრიც კარგად იქნება, მთავარია, გვჯეროდეს. ახლა კი საავადმყოფოში მივიდეთ, რომ ჩემს ძმას დავენახვოთ, თორემ, არასდროს გვაპატიებს...
***
ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. მკურნალობის კურსმაც შედეგიანად ჩაიარა და ექიმებმა გიორგი დააიმედეს:
– მინიმუმ ექვსი-შვიდი წელი იცოცხლებს, ოღონდ, წელიწადში ერთხელ უნდა ჩამოიყვანოთ ხოლმე სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად და, რაც მთავარია, მკაცრად უნდა დაიცვას ჩვენი ყველა მითითება. სიმართლე გითხრათ, ასეთ შედეგს თვითონაც არ ველოდით...
დიმიტრის არავისთვის უთქვამს, მაგრამ, ძალიან ეშინოდა სიკვდილის. ახლა კი, როცა ეს დღე სადღაც მომავალში გადაიდო, შვებით ამოისუნთქა. ძალიან  უხაროდა სახლში დაბრუნება. დარწმუნებული იყო, შინ გაცილებით უკეთ იგრძნობდა თავს. გიორგი ძალიან დაღლილი, მაგრამ, კმაყოფილი იყო, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მანქანით სახლს რომ მიუახლოვდნენ, მზიას და დიმიტრის მიუბრუნდა:
– შევალ თუ არა სახლში, შხაპს მივიღებ, ტელევიზორს ჩავრთავ, ჩემს ტახტზე დავწვები და დავიძინებ.
ძმას სიცილი აუტყდა:
– თუ იძინებ, ტელევიზორის ჩართვა რაში გჭირდება?
– ვგიჟდები ჩართულ ტელევიზორთან ძილზე,– თქვა გიორგიმ და ნეტარებით გაიზმორა, – ეს ჩემი ერთგვარი ჰობია.
– მაგრამ, მოგიწევს მაგ ჰობიზე ცოტა ხნით უარის თქმა, – ორაზროვნად უთხრა მზიამ.
– რატომ? – გაუკვირდა გიორგის და ცოლს გამომცდელად შეხედა.
– სიურპრიზები მეც მეხერხება, – ეშმაკურად გაეღიმა მზიას.
ძმები დაინტრიგდნენ და ერთი სული ჰქონდათ, შინ როდის მივიდოდნენ, მაგრამ მზიას კინაღამ ძვირად დაუჯდა თავისი კეთილი განზრახვა.
კარი რომ შეაღეს, მთელი ბინა ჩაბნელებული იყო. გიორგიმ ჩამრთველს თითი მიაჭირა და მოულოდნელობისგან ისე შეუხტა გული, ლამის წაიქცა: ოთახში ერთმანეთის გვერდით იდგნენ ნუცა, თორნიკე და უცხო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც 2-3 წლის ბიჭისთვის ჰქონდა ხელი ჩაკიდებული და დაბნეული სახით უყურებდა შემოსულებს.
დიმიტრიმ იგრძნო, როგორ მისდიოდა გული და საშველად რძალს შეხედა. მზიამ მაშინვე რაღაც აბი ჩაუდო პირში და სასწრაფოდ ჩასვა სავარძელში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნუცა და თორნიკე თვალს არ აშორებდნენ მამას და მზერით სთხოვდნენ პატიებას, დიმიტრი კი თვალს ვერ უსწორებდა შვილებს და უნდოდა, ხმამაღალი ტირილით მოეხადა ბოდიში ყველაფრისთვის. ალბათ, დიდხანს გაგრძელდებოდა ეს უსიტყვო დიალოგი, მაგრამ უცებ ბავშვმა დედას ხელი გაუშვა, დიმიტრის მიმართულებით თითი გაიშვირა და თქვა:
– ბაბუ! – მერე კი მისკენ წაბაჯბაჯდა და გაოგნებულ დიმიტრის კალთაზე ააბობღდა.
– მამა, ჩვენ მოვედით. ეს ჩემი ცოლ-შვილია... – თქვა თორნიკემ და სამივე ერთად დაიძრა დიმიტრისკენ, მაგრამ მას შვილებისთვის და რძლისთვის აღარ ეცალა – გულში შვილიშვილი ჰყავდა ჩახუტებული, მთელი არსებით გრძნობდა ამ პატარა სხეულში გაგრძელებულ თავის სიცოცხლეს და, უცებ იგრძნო, რომ სიკვდილის აღარ ეშინოდა...
დასასრული

скачать dle 11.3