კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ვინ და რატომ იღებდა სტალინის პირად ცხოვრებას ფარული კამერით

სტალინის პირველი დიდი იუბილე 1929 წლის 21 დეკემბერს გაიმართა, რომელიც მთელმა ქვეყანამ დიდი ერთსულოვნებით აღნიშნა. თავად ბელადი ამის მომხრე არ ყოფილა, მაგრამ ეს საკითხი პოლიტბიურომ ერთხმად მიიღო და, მიუხედავად სტალინის საკმაოდ აქტიური პროტესტისა, დადგენილება არავის შეუცვლია. ქვეყანა საამისოდ ორი თვე საგანგებოდ ემზადებოდა და ამ ხნის განმავლობაში სტალინის რევოლუციური მოღვაწეობის ამსახველი რამდენიმე წიგნი გამოიცა, რომლებშიც ჩვენი პარტიის გამოჩენილი, ძველი ბოლშევიკები დოკუმენტური სიზუსტით გადმოსცემდნენ ბელადის საქმიანობის დეტალებს. გარდა ამისა, ასობით ქალაქს, სოფელს, საწარმოს, გემსა და გიგანტ თვითმფრინავს მიენიჭა დიდი სტალინის სახელი. მრავალი სპექტაკლი შეიქმნა მის ცხოვრებაზე, ხოლო კინოდოკუმენტალისტებმა მასზე უნიკალური მასალა გადაიღეს, რომელიც დღემდე სპეცარქივებშია „ჩამარხული“ და, როდის იხილავს მას ფართო საზოგადოებრიობა, არავინ უწყის. საქმე ისაა, რომ, როდესაც სტალინის იუბილის აღნიშვნის საკითხი გადაწყდა, წამოიჭრა მასზე დოკუმენტური ფილმის შექმნის იდეა და საამისოდ ქრონიკიორთა (ასე ერქვათ მაშინ კინოოპერატორებს) სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ფარულად უნდა გადაეღო ფოტომასალა სტალინზე და შემდეგ სიურპრიზის სახით ეჩვენებინა მისთვის. ერთი სიტყვით, ყველაფერი ეს, როგორც ჩვენთან, ასევე, „გეპეუსთან“ იყო შეთანხმებული და მკაცრად კონტროლდებოდა. იაგოდა და ვლასიკი კი ამ ნაბიჯზე მხოლოდ და მხოლოდ სერგო ორჯონიკიძის დაჟინებული თხოვნისა და პოლიტბიუროს წევრთა წერილობითი დასტურის შემდეგ წავიდნენ. ხუმრობა ხომ არ იყო, მათ სტალინთან შეთანხმების გარეშე, მისი ფარული გადაღებისთვის უნდა შეეწყოთ ხელი და, თუმცა ყოველივე ეს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს მიერ იყო სანქცირებული, ვლასიკიც და იაგოდაც საკმაოდ შეშინებულები იყვნენ. ფილმის შექმნის იდეა კი თავად ორჯონიკიძეს ეკუთვნოდა, რომელმაც ჯერ პოლიტბიუროს წევრები დაარწმუნა, შემდეგ კი პირადად ესაუბრა იაგოდასაც და ვლასიკსაც. ორჯონიკიძე სტალინის პირადი მეგობარი იყო და, პოლიტბიუროს ყველა დანარჩენი წევრისგან განსხვავებით, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბელადთან. „თავებს დაგვაყრევინებს“, – უთქვამთ ვლასიკსა და იაგოდას ორჯონიკიძისთვის, მას კი ორივე დაუიმედებია: „ნუ გეშინიათ, ის არც ისეთი სასტიკია, როგორიც გეჩვენებათ, – შემდეგ კი ხუმრობით დაუმატებია: – ის არა, მაგრამ, მე კი ნამდვილად ვერ გადამირჩებით ორივე“. ერთი სიტყვით, სტალინის მოშიში ხელქვეითების დაყოლიება ორჯონიკიძემ მაინც შეძლო და მუშაობაც გაჩაღდა. მე თავად შევსწრებივარ ამ გადაღებებს. ვლასიკისგან მკაცრად ვიყავით გაფრთხილებულები, რომ ენაზე კბილი დაგვეჭირა და, რასაც ვხედავდით, არავისთვის გაგვემხილა. ქრონიკიორები საკმაოდ შენიღბულად მოქმედებდნენ და თითოეულ გადაღებაზე სამი კამერა მუშაობდა. იღებდნენ თითქმის ყველგან – კრემლში, ზუბალოვოში, სხვადასხვა შეხვედრაზე, შავიზღვისპირეთში. იმ პერიოდში მე იმ კადრებს ვინ მაჩვენებდა და, მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ მოვახერხე ამ უნიკალური მასალის ნახვა, რომელიც თორმეტ საათზე მეტს მოიცავს (რა თქმა უნდა, მონტაჟის გარეშე), ხოლო  თავად ფილმი ზუსტად ერთსაათიანია და იმდენად ბრწყინვალედაა შესრულებული, რომ დღესაც (1974 წელი) ანალოგი არ მოეპოვება. აქაა ერთი უნიკალური ეპიზოდი, როდესაც ზუბალოვოში სტალინი თავის შვილებსა და მათ მეგობრებს ეთამაშება. ამ კადრებში სტალინი იმდენად სხვანაირია, რომ მის მნახველს, შესაძლოა, მსახიობიც კი ეგონოს. ერთ ეპიზოდში სტალინი დაოთხილი დგას, მას ზურგზე სვეტა აზის, მიქოიანის ბიჭი კი მოხრილია და ცხვირი ცხვირზე აქვს მიდებული მისთვის. ერთი სიტყვით, როდესაც ეს ფილმი სტალინს აჩვენეს, ყველაზე მეტი ამ სცენაზე უცინია. იქაა კიდევ ერთი უნიკალური კადრი, როდესაც სტალინი თავის აგარაკზეა გაგრაში და ზღვაში ცურავს. თვით ეს პერიოდი მეც კარგად მახსოვს, რადგან, იქ ვიმყოფებოდი და დიდი ბელადის უშუალო უსაფრთხოება მევალებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ სტალინი მშვენივრად ცურავდა და დასვენებისას დიდ დროს უთმობდა ამ საქმიანობას. ჩემ მიერ ხსენებული ეპიზოდის დროს, სტალინი წყლიდან ამოვიდა, მყვინთავის მოწყობილობა მოირგო, „გორპუნი” (ხელის თოფი) აიღო და ჯერ ზღვაში შეცურა, შემდეგ კი ჩაყვინთა. ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, იღებდნენ. უეცრად, სტალინი წყლის ზედაპირზე ჩნდება, ნაპირისკენ მოცურავს და როდესაც გამოდის, თავზე უზარმაზარი თევზი აწევს, რომელიც „გორპუნის“ ისრითაა განგმირული. მოგვიანებთ ეს თევზი ავწონეთ და 23 კილოგრამი გამოვიდა. სხვათა შორის, შავიზღვისპირეთში გადაღებული კადრები ყველაზე კარგია ამ ფილმში. იმ პერიოდში, ანუ 1929 წლის აგვისტოში, ლავრენტი ბერია საქართველოს „ჩეკას“ მაღალჩინოსანი იყო და სტალინის დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს ადგილობრივი ორგანოების მხრიდან, სწორედ პირადად მას ევალებოდა. სტალინთან მისი დაახლოების პირველი ეტაპი სწორედ იმ პერიოდს მოიცავს. მშვენივრად მახსოვს, როგორ ცდილობდა ბერია სტალინთან სიახლოვეს და მისი მოწონების დამსახურებას. ბერია იმ პერიოდში საკმაოდ გამხდარი, მოძრავი და ახალგაზრდა იყო. ამასთანავე, იგი სულ იღიმებოდა. თუმცა ეს ღიმილი საკმაოდ ავისმომასწავებელი იყო. ბერია ძალზე ხშირად ახერხებდა სტალინთან განმარტოებას, მაგრამ, რაზე საუბრობდნენ კონკრეტულად, არავინ უწყის. თუმცა, სტალინის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, ბერია დააწინაურეს. საგულისხმოა, რომ, როცა სტალინის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში მოწვეული სტუმრების სია წარუდგინეს ბელადს, მან საკუთარი ხელით ჩაამატა ლავრენტი ბერია.
ერთი სიტყვით, სტალინზე გადაღებული მასალის მონტაჟი ნოემბრის ბოლოს დასრულდა და ფილმი მზად იყო, მაგრამ, ორჯონიკიძის ინიციატივით, ეს ფილმი სტალინისთვის 21 დეკემბერს, ზუბალოვოში უნდა ეჩვენებინათ. მოკლედ, სტალინის იუბილემ ბრწყინვალედ ჩაიარა, იყო უამრავი მილოცვა და, ყველასთვის გასაკვირად, სტალინმა ბერიაც მიიწვია ზუბალოვოში. ფილმი უკვე ადგილზე იყო და, ორჯონიკიძის იდეის მიხედვით, ერთ-ერთი სადღეგრძელოს შემდეგ მას სტალინისთვის უნდა ეთქვა: „ახლა კი, მეგობრებო, ყველამ ერთად ვიხილოთ  არაგენსეკი სტალინის სახე” – და სიურპრიზიც უნდა ენახვებინათ. ზუბალოვოში სულ 40-მდე ძალიან ახლობელი ადამიანი შეიკრიბა და მათ შორის ბერიას გამოჩენა უჩვეულო იყო. თუმცა, გაოცება სტუმრებს ჯერ კიდევ წინ ელოდათ. ჩვეულებისამებრ, სტალინის ყველა წვეულებას ორჯონიკიძე თამადობდა და, ამჟამადაც დარწმუნებული იყო, რომ ეს მისია არ ასცდებოდა. მაგრამ, როდესაც სტუმრები სუფრას მიუსხდნენ, სტალინმა სასმისი ასწია და წარმოთქვა: „მეგობრებო, დღევანდელ სუფრას გაუძღვება ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი საქართველოდან, ამხანაგი ლავრენტი ბერია. გთხოვთ, პატივი ვცეთ მას და მისი სადღეგრძელო შევსვათ!” სუფრა გაირინდა, თუმცა ყველამ შესვა ბერიას სადღეგრძელო, ამ უკანასკნელმა კი სამადლობელოს მაგიერ სტალინის სადღეგრძელო შესთავაზა სტუმრებს. ცოტა ხნის შემდეგ სიტყვა ორჯონიკიძემ ითხოვა, რათა წინასწარ დაგეგმილი ჩანაფიქრი განეხორციელებინა და სიურპრიზი შეეთავაზებინა თანამესუფრეებისთვის, მაგრამ სტალინმა უეცრად ხმამაღლა თქვა: „რა სულ ჩემზე და ჩემზე... მოდი, სხვა რამეზე, თუნდაც კინოზე ვისაუბროთ, ან, სულაც, რაიმე ფილმი ხომ არ გვენახა, თუნდაც დოკუმენტური? – ამ სიტყვებით მან ბერიას გადახედა და განაგრძო: – ამხანაგებო, სერგოს, თურმე, სცენარისტობა და რეჟისორობა განუზრახავს, უფრო სწორად კი, უკვე დაუწყია და, ამბობენ, რომ წარმატებებსაც მიაღწია. მოდი, ერთი ვნახოთ, როგორ გამოვიყურები შავი ზღვის ფონზე!..” საქმეში ჩახედულები გაშრნენ, ჩაუხედავები ცნობისმოყვარეობით აცეცებდნენ თვალებს, ხოლო სერგო ორჯონიკიძე მწველ მზერას არ აშორებდა სუფრის თამადას, რომელიც სტალინს შესციცინებდა თვალებში. ნათელი იყო, რომ ფილმის გადაღების საიდუმლო ამბავი სტალინს ბერიამ აუწყა.


სტალინის პირადი დაცვის უფროსის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3