კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თითოეული ადამიანი ხელის მოწერით ადასტურებს თანხმობას მოცემულ პირობებზე და აქტიურს ხდის მათ. ასეა დღეს და ასე იყო ოდითგანვე. მეფეებიც თავისი ხელმოწერით ადასტურებდნენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რაც შემდგომში მნიშვნელოვნად განაპირობებდა ჩვენი ქვეყნის ბედს.

როგორ აწერდნენ ხელს ქართველი მეფეები და რა ინფორმაციას შეიცავს მათი ხელმოწერა

თითოეული ადამიანი ხელის მოწერით ადასტურებს თანხმობას მოცემულ პირობებზე და აქტიურს ხდის მათ. ასეა დღეს და ასე იყო ოდითგანვე. მეფეებიც თავისი ხელმოწერით ადასტურებდნენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რაც შემდგომში მნიშვნელოვნად განაპირობებდა ჩვენი ქვეყნის ბედს.
 ვფიქრობ, საინტერესოა იმ ხელრთვების გაცნობა (ასე ერქვა ხელის მოწერას ძველად), რომლებიც ამა თუ იმ დოკუმენტს იურიდიულ ძალას აძლევდა და კანონიერს ხდიდა.
რას წარმოადგენს ხელრთვა, უფრო ზუსტად, მოაღწია თუ არა ქართველ მეფეთა ხელრთვებმა ჩვენამდე და რა ინფორმაციას გვაწვდიან ისინი ავტორთა შესახებ, ამ საკითხებში გასარკვევად ისტორიის დოქტორს, ქალბატონ გულიკო მჭედლიძეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვეწვიეთ.

– ქალბატონო გულიკო, რას წარმოადგენს ხელრთვა?
– ქართულ ისტორიულ საბუთებზე, რომლებიც, ამავდროულად, იურიდიულ აქტებს წარმოადგენენ, მოთავსებულია ხელრთვები. ეს ხელრთვები ეკუთვნის ამ ისტორიული დოკუმენტის გამცემ პირებს, დამამტკიცებლებსა და მოწმეებს.
ხელრთვა, ანუ, დღევანდელი ტერმინოლოგიით – ხელის მოწერა, საბუთს იურიდიულ ძალას ანიჭებდა და ქართული ისტორიული დოკუმენტის შემადგენელ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა, რომელსაც მოგვიანებით ბეჭედი ჩაენაცვლა.
– ჩვენამდე არის მოღწეული ქართველ მეფეთა ხელრთვები?
– ბევრი ისტორიული დოკუმენტი განადგურდა ჟამთა სიავის გამო. უამრავი რბევა-განადგურება, ძარცვა და აწიოკება განუცდია ქართულ ეკლესია-მონასტრებს, წიგნსაცავებს, სასახლეებს, სადაც ინახებოდა ხელნაწერები, დოკუმენტები. თუმცა, ღვთის წყალობით, ჩვენამდე მაინც მოაღწია ამა თუ იმ მეფის მიერ გამოცემულმა იურიდიულმა აქტებმა და ისტორიულმა დოკუმენტებმა, რომლებსაც ჩვენი სასიქადულო მეფეების ხელმოწერა ამშვენებს.
– რა განასხვავებს სხვადასხვა მეფის ხელრთვებს ერთმანეთისგან?
– თითოეული ხელრთვა ორიგინალურია. საკმაოდ ლამაზად შესრულებული. აქ ჩანს მეფეების მაღალი წიგნიერების დონე, წერის კულტურა. მეფეთა ხელრთვები ქართული კალიგრაფიის შესანიშნავი ნიმუშებია, თუმცა ისინი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ასოთა მოხაზულობის, სიდიდის მხრივ. ზოგი პატარაა, ზოგი კი დიდ ასოებს იყენებს ხელის მოსაწერად; ზოგი მოკლეა, ზოგი კი – ვრცელი.
– გარდა იმისა, რომ დოკუმენტს იურიდიულ ძალას ანიჭებს, რა ინფორმაციას ატარებს ხელრთვა?
– ხელრთვების საშუალებით, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შესაძლებელია, ვიმსჯელოთ მეფეთა ხასიათის ძირითად შტრიხებზე, მათ ფსიქიკაზე, მენტალიტეტზე, პიროვნულ სიძლიერესა თუ სისუსტეზე.
გავეცნოთ რამდენიმე ქართველი მეფის ხელრთვას:
დავით აღმაშენებელი (1089-1125)
ყველა დროის უდიდესი ქართველის, დიდი მხედართმთავრისა და უდიდესი მონარქის, დავით აღმაშენებლის ორი ხელრთვა-დამტკიცებაა ჩვენამდე მიღწეული: ანდერძი (ასლი) და წიგნი – სამოციქულო.
 
დავითის ხელრთვა სწორედ მის ძლიერ ხასიათზე მიუთითებს. თუ მას დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ის დაწერილია ძლიერი ხელით, ასოები მკაფიოდ არის გამოხატული. ამგვარი დაწერილობა პიროვნების ძლიერ და მტკიცე ხასიათზე მიუთითებს. ასეთმა პიროვნებებმა ზუსტად იციან, რას და რატომ აკეთებენ.
თამარ მეფე (1160-1207/10/13)
ჩვენამდე თამარ მეფის ხელით შესრულებულმა სამმა ხელრთვა-დამტკიცებამ მოაღწია: სიგელი გელათის მონასტრისადმი და 2 სიგელი შიომღვიმისადმი.

ხელრთვის მიხედვით ჩანს თამარის ფაქიზი და მშვენიერი ბუნება. ის წერს ლამაზი კალიგრაფიით. შეიძლება ვიფიქროთ, რომ შეკავებული ემოციების პატრონია. თუმცა, ის, რომ, კარგად იცის, როგორ მიაღწიოს მიზანს, ხელნაწერსაც ეტყობა.
გიორგი მეხუთე (ბრწყინვალე) (1318-1346)
გვაქვს, ასევე, გიორგი ბრწყინვალის ხელრთვაც, რომელიც მონღოლების დროინდელ ეპოქას ასახავს. როცა მის ხელრთვას უყურებ, გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ მეფეს ხელის მოწერის დროც კი არ ჰქონდა – მისი ხელმოწერა ძალიან გაკრულია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან ქვეყნიდან განდევნა მონღოლები, შემოიერთა სამცხე-საათაბაგო, დაიბრუნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, მას ეკუთვნის კანონთა კრებული „ძეგლისდება“ და „ხელმწიფის კარის გარიგება“, ააგო და აღადგინა უამრავი ეკლესია-მონასტერი, მაშინ აღარ გაგვიკვირდება, რომ გიორგი მეფეს ხელის მოსაწერად დრო ნამდვილად ცოტა ჰქონია.
თეიმურაზ პირველი (1606-1632)
თეიმურაზ პირველი რთული ხასიათისა და ბედის კაცი იყო. ის გახლდათ მეფე-პოეტი, რომლის თავზეც ბევრმა უბედურებამ გადაიარა: რთული პოლიტიკური მდგომარეობა, უამრავი ბრძოლა, შვილების სიკვდილი, დედის წამება თუ მრავალი სხვა.
მის ხელრთვაში აშკარად ჩანს აფორიაქებული და მშფოთვარე ხასიათი. მისი ყველა ხელრთვა ერთმანეთისგან განსხვავებულია.

ვახტანგ მეექვსე (1703-1724)
გარდა პოლიტიკური მოღვაწეობისა, ვახტანგ მეექვსემ ქართული კულტურის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა. მან 1709 წელს თბილისში გახსნა სტამბა, 1712 წელს კი დაბეჭდა პოემა „ვეფხისტყაოსანი“. დღემდეა შემორჩენილა მის მიერ ხელმოწერილი მრავალი საბუთი.

მისი ხელნაწერი აჩვენებს, რომ მას შინაგანად აქტიური და ემოციური ბუნება ჰქონდა და დიდ ყურადღებას აქცევდა ესთეტიკას.
მის ხელრთვაში იკითხება მხოლოდ „ვახტანგი” – ეს არის გამორჩეული ნიშანი, რომელიც მას ინდივიდუალობას ანიჭებს.
ერეკლე მეორე (1744-1798)

ერეკლე მეორის ხელრთვა განსხვავებულია სხვა მეფეთა ხელრთვებისაგან, ისევე, როგორც  თავად იყო ყველასგან განსხვავებული. იგი ძალზე მკაფიოდ აწერს ხელს, გამოყოფს თითოეულ ასოს, რაც მის მტკიცე ხასიათზე მიგვითითებს. მას ახასიათებდა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, იყო კარგი სტრატეგი და მხედართმთავარი.
მისი ხელრთვა განსაკუთრებით მკაფიოდ ატყვია გეორგიევსკის ტრაქტატს (1783 წელი).
– როგორც ჩანს, ხელრთვები საკმაოდ დიდ ინფორმაციას შეიცავს. შესაძლებელია თუ არა მათი საშუალებით ისტორიული დოკუმენტების დათარიღება?
–  რა თქმა უნდა, შეიძლება. არის უამრავი უთარიღო დოკუმენტი, რომელთა დათარიღება, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ხელრთვების მეშვეობითაც ხდება.

скачать dle 11.3