კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეკორდი დაამყარა დათო ქლიბაძემ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატებზე და რაში დაეხმარნენ მას არგენტინელი ფეხბურთელების ცოლები

სპორტული ჟურნალისტი დათო ქლიბაძე იმ ქართველთა შორისაა, ვისაც ბედმა გაუღიმა და მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დიდ დღესასწაულზე,   მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე ბევრჯერ მოუწია დასწრება. მისი „რეკორდი” ათი  მსოფლიო და ცხრა ევროპის ჩემპიონატია, რასაც დღეს ის ჩვენთან საუბარში  სიამოვნებით იხსენებს. გვიამბობს იმ ისტორიებს, რაც მაყურებლისთვის  მუნდიალის კადრს მიღმა რჩება.    

დათო  ქლიბაძე:  ჩემი და  ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია დაიწყო ძალიან ადრე, 1978 წელს, როდესაც  პირველად მოვხვდი   მსოფლიო ჩემპიონატზე,  არგენტინაში.  არეგინტინიდან დავიწყე და ბრაზილიამდე მოვედი.  მაშინ ჩემპიონატები სამი კვირა გრძელდებოდა. საბჭოთა კავშირში იქმნებოდა ჯგუფები. ჩემპიონატის პირველი  ათი დღე  მიჰყავდათ ფეხბურთის სპეციალისტები და სპორტული ჟურნალისტები საბჭოთა კავშირის  „მეორეხარისხოვანი” ქალაქებიდან და რესპუბლიკებიდან, სადაც ფეხბურთი არ იყო ისე პოპულარული, როგორც ჩვენთან, თბილისში. მათ „ვალს” რომ მოიხდიდნენ, მერე იქმნებოდა განსაკუთრებული  ჯგუფი – ჩემპიონატის მთავარ ნაწილს ვესწრებოდით მოსკოველები და ქართველები.  ეს პრივილეგია ჩვენ ნამდვილად გვქონდა. ქართული ფეხბურთი საბჭოთა კავშირში  მიიჩნეოდა, როგორც   გამორჩეული ფეხბურთი. რუსებმა კარგად იცოდნენ ჩვენი ფასი. მაშინ  ჩვენ გვყავდა იმ რანგის ფეხბურთელები, რომლებიც დღესაც კი სანატრელი შეიძლებოდა, ყოფილიყო თანამედროვე  მსოფლიო ფეხბურთისთვის.  ჩემამდე ქართველი  ჟურნალისტები იყვნენ ნამყოფი  1966 წლის ჩემპიონატზე,  უფრო ადრე, ბორის პაიჭაძე და  ჩვენი  ფეხბურთის სპეციალისტები ჩავიდნენ 1958 წლის ჩემპიონატზე, შვედეთში.  ეს იყო ქართველების პირველი შეხება მსოფლიო ფეხბურთის ამ დიდ დღესასწაულთან.  1962 წელს ჩვენგან, ფეხბურთელების გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე არავინ წასულა. მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, მიშა მესხი, სლავა მეტრეველი. სპეციალისტების ჯგუფში იყო ავთანდილ ღოღობერიძეც.  1990 წელს, როცა საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო,  ჯგუფი აღარ შედგა. მე და დათო კაკაბაძე იტალიაში ჩემპიონატზე უკვე დამოუკიდებლად წავედით, საქართველოს სახელით.  მინდა,  გითხრათ, რომ ყველა ჩემიონატს ვესწრებოდი სპორტული ჟურნალისტის სტატუსით. ფეხბურთი, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, მაგრამ  პროფესიონალურად   არ არის სწორი, იქ შენი, როგორც გულშემატკივრის ემოციები გამოხატო.
–  ძალიან ბევრ ფეხბურთელს შეხვედრიხართ, როგორია ჩემპიონატების კულისები? რა ხდება კადრს მიღმა ასეთი მაღალი რანგის ტურნირებზე, რასაც მაყურებელი ვერ ხედავს?
– შევხვედრივარ ბევრ ვარსკვლავს: ბეკენბაუერს, დი სტეფანოს, მენოტის, ლუის კუბალას,  პუშკაშს, რომელიც ერთ-ერთი  უდიდესი ფეხბურთელი გახლდათ. აღარ ვსაუბრობ პლატინიზე, რომელიც ბოლო დროს თბილისშიც ხშირად ჩამოდის. მე მქონდა პატარა საფეხბურთო  ბურთი, რომლითაც იტალიაში დაგვასაჩუქრეს სპორტული ჟურნალისტები ჩემპიონატის წილისყრის დროს. ამ ბურთზე პირველი ავტოგრაფი პელემ დატოვა, მერე და მერე მოჰყვა დანარჩენი ფეხბურთელების ავტოგრაფებიც.  ეს ბურთი არგენტინელი მეგობრის დახმარებით მარადონასთანაც მოხვდა. ჩემი არგენტინელი მეგობარი  მიდიოდა ნეაპოლში, სადაც ცხოვრობდა არგენტინის ნაკრები. დილის ექვს საათზე შევხვდი, რომ ბურთი გამეტანებინა მარადონასთან. სამი დღის მერე პრესცენტრში მომიტანა მარადონას ავტოგრაფიანი  ბურთი.  როცა ვკითხე, ეს როგორ მოახერხე-მეთქი, მითხრა: კარგად ვიცნობ კანიჯას ცოლს, ის კი მარადონას ცოლთან მეგობრობს. მოკლედ, ცოლების დახმარებით გადავეცი ბურთი მარადონასო (იცინის). სადაც დავდიოდი, ეს ბურთი ყველგან თან დამქონდა, მერე გაქრა სახლიდან. ჩემი შვილიშვილი გურამი პატარა იყო, როცა  ხუმრობდა:  ნეტავ, ეს ბურთი მე როდის გადმომეცემაო. მგონი, მან მომპარა, ჩვენს ოჯახში ის ერთადერთია, ვინც ფეხბურთში ერკვევა და ფეხბურთზე მესაუბრება. თუმცა, როცა მივიკითხ-მოვიკითხე, ვერც მისი „კვალი” აღმოვაჩინე ამ საქმეში. ალბათ, ბებიამისმა დამიმალა, კარგად უნდა დავძებნო  (იცინის).    
– ჩემპიონატებიდან მხოლოდ ავტოგრაფები ჩამოგქონდათ?
– ერთხელ ერთ-ერთი ჩემპიონატიდან ჩამოსულმა სახლში დიდი ჩანთა მოვიტანე. გაუხარდა ჩემს ცოლს, იფიქრა, ჩამოიტანდა რამე ხეირიანსო. გავხსენით ჩანთა და ამოვალაგე სპორტული ჟურნალ-გაზეთები. ახლაც ასე ვიყავი,  ბრაზილიიდან მთელი იქაური სპორტული პრესა გამოვზიდე. მე აბსოლუტურად უსმენო და უხმო კაცს, რომელიც კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარული გახლავთ, ყველა ქვეყნიდან ჩამომქონდა მუსიკალური  დისკები. ხულიო იგლესიასი მე გავაცანი საქართველოს, მაშინ მას არავინ იცნობდა. მე ჩამოვიტანე სამი ტენორის ცნობილი კონცერტი იტალიიდან, რომელიც გამოვიყენე ჩემს გადაცემაში იქამდე, სანამ მოსკოვი გაუშვებდა. მათ ნაყიდი ჰქონდათ ამ კონცერტის გაშვების უფლება. ჩემპიონატებზე  ყოფნას ხშირად ახლავს კურიოზული სიტუაციებიც,  ახლა ერთი ისტორია გამახსენდა, რაზეც ადრეც მისაუბრია, მაგრამ მაინც მოვყვები. 1986 წელს, მექსიკაში ჩემი დაბადების დღეს, 22 ივნისს დაემთხვა  არგენტინა-ინგლისის  თამაში.  არ ვთქვი, რომ  იუბილარი ვიყავი.  ჩემთან ერთად იყვნენ კახი ასათიანი, გურამ ფანჯიკიძე,  აჩიკო გოგელია და ავთო გოგოძე. მეხიკოში ვართ, „აცტეკას” სტადიონზე. ჩემს გვერდით სომხური  სპორტული გაზეთის რედაქტორი იჯდა. სულ იძახდა: მცხელა, მცხელა, გავალ „კოკა-კოლას” დავლევო. არც მიმიქცევია ყურადღება.  სწორედ ამ თამაშზე გავიდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ნომერ პირველი გოლი – მარადონამ მიიღო ბურთი მოედნის ცენტრში, მოატყუა ორი ინგლისელი და გაიტანა ისეთი ფანტასტიკური გოლი,  ინგლისის მწვრთნელმა  რობსონმაც კი,  ტაში დაუკრა.  ისეთი გოლი იყო, ემოციებს ვერ დამალავდი, რომელ ლოჟაშიც არ უნდა მჯდარიყავი. უნებურად წამოვხტი ფეხზე და უცებ თავზე დამესხა ადუღებული ცხელი სითხე. ყველა ჩემსკენ იყურება და იცინის, თურმე ამ ჩვენს სომეხ რედაქტორს „კოკა-კოლა” აღარ დახვედრია და ასე გადამავლო ცხელი ყავა სახეზე, თავიდან ბოლომდე შავი ვიყავი – ხუთი ფინჯანი მქონდა თავზე გადასხმული (იცინის).    
 – მსოფლიოს  ათ და ევროპის ცხრა ჩემპიონატზე ხართ ნამყოფი, რომელი ჩემპიონატი გახსოვთ განსაკუთრებულად და  როგორ იცვლება დიდი საფეხბურთო დღესასწაული წლებთან ერთად?
–  ხუთ ჩემპიონატს თავიდან ბოლომდე დავესწარი. ჩემპიონატის დაწყებამდე ორი-სამი დღით ადრე მივდიოდი და ერთი კვირა მაინც ვრჩებოდი კიდევ იქ. დანარჩენ ჩემპიონატებს, ძირითადად, ბოლო თამაშებზე ვუერთდებოდი.  ბოლო ორი კვირა ვესწრებოდი ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკაში, სადაც მაშინდელი სპორტისა და კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას დამსახურებით მოვხვდი. ძალიან კარგად მახსოვს არგენტინა, ალბათ, იმიტომ რომ, ეს იყო ჩემთვის პირველი ჩემპიონატი. უცხოეთში უკვე ნამყოფი ვიყავი, მაგრამ შორეული არგენტინის ეგზოტიკა მომხიბლავი აღმოჩდა ჩემთვის. დღემდე კარგად მახსოვს ყველა თამაში, რომელსაც არგენტინაში დავესწარი. ეს იყო ფეხბურთის ნამდვილი ზეიმი.  ძალიან ლამაზად მახსოვს 1990 წლის  იტალიის ჩემპიონატი, 42 დღე დავყავი იტალიაში. ეს იყო საოცრება და ახლა უკვე ვხვდები, წელს  ბრაზილიაში რომ არ წავსულიყავი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის დახმარებით, ძალიან ბევრი რამ დამაკლდებოდა. ბრაზილიელები არიან საოცრად ლაღი ხალხი, დაბადებული ბედნიერებისთვის. მეორე დღესვე ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს იქ ბევრჯერ ხარ ნამყოფი, ადვილად უშინაურდები იქაურობას. ეს არის ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს ფეხბურთით და იმის მიუხედავად, რომ მასპინძელი გუნდი ასე სასტიკად დამარცხდა გერმანიასთან, მეორე დღეს  ბელუ ორიზონტში,  სადაც თამაში  იყო, ჩვეულებრივ გაგრძელდა ცხოვრება. მხრების აჩეჩვით გამოხატავდნენ ბრაზილიელები თავის რეაქციას. მე დავესწარი ამ თამაშს, ერთი გოლი რომ გავიდა მოედანზე  ჩვეულებრივი ემოციები იყო, მეორეზეც, მერე უკვე ყველა გოლი ღიმილს იწვევდა. იმ ერთ გოლზეც კი, რომელიც ბრაზილიელებმა გაიტანეს, იქაურებმა ისეთი სიხარული გამოხატეს, გეგონებოდათ, თამაშს იგებდნენ. გერმანელებმა ის ღამე გაათენეს – რაც ლაპაში დილამდე  ლუდი დაილია, მგონი, ევროპაში არ დალეულა ერთად. ბრაზილიელებმაც კარგად იზეიმეს კოლუმბიასთან მოგება. იმ ღამეს ხუთი დინამიტი ააფეთქეს რესტორნებსა და კაფეებში.  ასე იყო მექსიკაშიც და არგენტინაშიც, სადაც, როცა მათი გუნდი იგებდა, მთელი ბუენოს-აირესი გარეთ იყო, ხელით გამოჰყავდათ მოხუცი ქალები.  
რაც შეეხება იმ ცვლილებებს,  რაზეც მკითხეთ და რასაც პროფესიონალის და მაყურებლის თვალით ვხედავ,  ფეხბურთი ჩემს, როგორც გულშემატკივრის  ცნობიერებაში  და გულში, შემოვიდა 1954 წლიდან. ოთხი წლის შემდეგ უკვე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა და პროფესიონალურად მივუდექი ამ საქმეს.  ჩემი სპორტული ჟურნალისტობა იმანაც გამოიწვია, რომ მაშინ იყო ქართული სპორტისა და ფეხბურთის  საოცარი აღმავლობის ხანა. ამას დაემთხვა ბრაზილიის ნაკრების პირველი გამარჯვება 1958 წელს. მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა იმაზე, რომ ბრაზილია არის ფეხბურთის განსახიერება. ბუნებრივია, ქართველი კაცისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვერ წარმომიდგენია ქართველი კაცი, რომელსაც უყვარს ქართული ფეხბურთი, იყოს ინგლისის გულშემატკივარი.  მას შემდეგ იცვლებოდა როგორც ჩემი მსოფლმხედველობა, იცვლებოდა ფეხბურთიც. დაიკარგა ის რომანტიკა, რაც წლების წინ ჰქონდა.  მაშინ, როცა ბრაზილიური ფეხბურთი იყო ყველაზე მაღალი დონის, არც ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი არ თამაშობდა ევროპაში. 1982 წლის ჩემპიონატის მატჩები რომ ნახოთ, გაგიჟდებით, ისე თამაშობენ, ხოცავენ ერთმანეთს. ახლა უკვე სხვანაირადაა საქმე, უფრო გაიოლდა თამაში. აღარც ის ოსტატები არიან, როგორებიც იყვნენ ადრე. ისე დამთავრდა მსოფლიო ჩემპიონატი, სულ ორი თამაში იყო, როცა ერთი ფეხბურთელი მეორეს პერსონალურად ეთამაშებოდა. ამით უპირველესად, ფეხბურთი კარგავს ეშხს.
– და როცა, ამ ყველაფერში დიდი ფულიც ერევა, ფეხბურთიც აღარ „რჩება” მუნდიალის მოედნებზე?
– ასე ვერ ვიტყოდი, არ შემიძლია, იმის თქმა, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე რამე არაკანონზომიერი მოხდა. გამოკვეთილად, რომ ერთი გუნდი „დაუწვა” მეორეს, ასეთი რამ, ამ ჩემპიონატს მე ვერ შევატყვე. საქართველო გადასულია ტოტალიზატორზე, ამიტომაც ყველა საფეხბურთო შედეგს უყურებს ეჭვის თვალით, თავისი ჯიბიდან.   ვერ ვიტყვი, რომ მარტო საქართველოშია ასეთი ბუმი. ინგლისი ნიძლავების ქვეყანაა. დილით ინგლისელი რომ იღვიძებს, მეზობელს ამინდზეც კი ენიძლავება, მით უმეტეს, ნიძლავებს დებენ ფეხბურთზე, მაგრამ იქ არაა ისეთი საეჭვო ვერსიები, როგორც ჩვენთან. ტოტალიზატორის მოძალებამ ნულამდე დაიყვანა უნგრული და პოლონური ფეხბურთი, სადაც ჩაწყობილმა  თამაშებმა ძალიან მოიკიდა ფეხი. ასეთი ფაქტები მსოფლიო ფეხბურთში როგორ არ ხდება.  1995 წელს ორი მალაიზიელი ბიზნესმენი დაიჭირეს და გაასამართლეს იმის გამო, რომ საფეხბურთო ტოტალიზატორების მაფიაში იყვნენ ჩართულები. შავმა ტოტალიზატორმა მიიყვანა ამ დონემდე იტალიური ფეხბურთი, თუმცა  ვერ ვიტყვით, რომ  დღევანდელ ფეხბურთში ეს მასიურია. როცა ვსაუბრობთ ამ ჩემპიონატის  კანონზომიერებებზე, ალოგიკური არც არაფერი ყოფილა – გერმანია ღირსეულად გახდა ჩემპიონი მეკარის ხარჯზე. მე თუ ვინმეს საუკეთესოს ტიტულს მივცემდი, ეს იქნებოდა გერმანიის მეკარე.
– და მესი?
–  მესი გვარით იყო ვარსკვლავი,  ფეხბურთით ვერ იკაშკაშა. ბრაზილიაში ჩავიდა როგორც მესი და წამოვიდა, როგორც ჩვეულებრივი ფეხბურთელი, საერთო ჯამში, არაფრით გამოუჩენია თავი.
– ძველი ვარსკვლავები ესწრებოდნენ  ბრაზილიურ ჩემპიონატს?
–  მარადონა ვნახე ბევრჯერ საერთაშორისო  სატელევიზიო ცენტრში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს განაპირა მხარეს იყო გახსნილი. მოდიოდა და ექსპერტის რანგში ინტერვიუებს აძლევდა. ფინალზეც ისე იჯდა, ყველა რომ ხედავდა. დღეს უკვე საკმაოდ მობერებულია, აღარ არის საინტერესო. ის იყო უდიდესი ფეხბურთელი, მაგრამ  მოედანს გარეთ  თავისი ცხოვრებით, როგორც პიროვნება, არაფერს წარმოადგენდა. აი, ფეხბურთის ღმერთი იყო და ასე დარჩა ბოლომდე პელე, რომელიც ამ ჩემპიონატზე ხშირად არ გამოჩენილა. ბრაზილიას ისეთი გუნდი ჰყავდა, პელეს აქტიური გამოჩენა, ალბათ, არც სურდა. მე მას ბევრჯერ შევხვედრივარ სხვადასხვა ჩემპიონატზე. შევხვდი იაპონიაში, ასევე  ესპანეთშიც  1982 წელს. მოედანზე  ერთმანეთს ისე დავეჯახეთ, სანამ სიტუაციაში გაერკვნენ, მის დაცვას ტერორისტი ვეგონე (იცინის).

скачать dle 11.3