კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რას არ თაკილობდა სალომე ტეტიაშვილი და რა მიიღო მან ცხოვრებისგან

გოგონა, რომელიც ხალხის მიერ იქნა აღიარებული და საქართველო თავისი ხმით დაიპყრო – სალომე ტეტიაშვილი, თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ის 20 წლისაა და ნაქირავებ ბინაში დედასთან ერთად  ცხოვრობს. გთავაზობთ ყველასათვის საყვარელი და ნიჭიერი მომღერლის ცხოვრების დეტალებს.

– სალომე, მოგვიყევი შენ შესახებ.
– განსაკუთრებული არაფერი მაქვს მოსაყოლი, ჩვეულებრივად ვცხოვრობ. ოჯახში მხოლოდ მე და დედა ვართ. მამა  ბოლოს რომ ვნახე, პატარა ვიყავი. დედისერთა ვარ. ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს – დედაჩემი მუშაობს, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. სხვა ოჯახებისგან განსხვავებული ჩვენთან არაფერი ხდება. მე და დედას ძალიან მეგობრული და თბილი ურთიერთობა გვაქვს.
– იქნებ, გაიხსენო, რამდენი წლის იყავი როცა მამა წავიდა?
– 6 თუ 7 წლის, ზუსტად აღარ მახსოვს. მგონი, 6-ის ვხდებოდი, იმიტომ, რომ სკოლაში უნდა შევსულიყავი. მამა კარგად არ მახსოვს, თუმცა, სადმე რომ შემხვდეს, ვიცნობ. ერთი რამე მინდა აღვნიშნო მამაზე: დედა მასზე ცუდად არასდროს ლაპარაკობდა, ალბათ იმიტომ, რომ ერთად ყოფნის პერიოდში ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მე რაც მახსოვს, არ უჩხუბიათ. ზუსტი მიზეზი ვიცი, რატომაც წავიდა მამა – ვიდრე დედას გაიცნობდა, მას ჰქონდა ოჯახი და მას დაუბრუნდა. მყავს უფროსი ძმა მამის მხრიდან. ჩემს მშობლებს ერთად ცოტა ხანს არ უცხოვრიათ,  წლები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, ვიცი, რომ დედა გათხოვდა 22 წლის, ხოლო, მე გავჩნდი, როცა ის 38 წლის იყო.
– დღეს თუ ეხმიანები მამას?
– დღეს მასთან არავითარი შეხება არ მაქვს, 13 წელია არ მინახავს და არც დავკონტაქტებივართ ერთმანეთს. მისი ნახვის სურვილი არა ერთხელ მქონია, მაგრამ, მარტო სურვილი არაფერია. როცა ასეთი სიტუაციაა, სურვილი ორივეს მხრიდან უნდა მოდიოდეს. მე ვფიქრობ,  მამაჩემს უნდა გამოეჩინა ინიციატივა და ვენახე, მაგრამ, ალბათ, არ უნდოდა და ეს მისი გადაწყვეტილება იყო. მე შემიძლია, ხვალაც მოვინდომო და ვნახო, მაგრამ, ამას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ გამოუჩენია ჩემ მიმართ ინტერესი.
– როცა პოპულარული გახდი ამის შემდეგაც არ შეგხმიანებია?
– საერთოდ არა. არც ზარი ყოფილა ჩემს ტელეფონზე, არც სოციალური ქსელით დაკონტაქტება. ერთადერთხელ დამეკონტაქტა ჩემი ძმა.  ვიდრე კონკურსში გავიდოდი, პირველად გამოვჩნდი ერთ-ერთ გადაცემაში და ამის შემდეგ დამირეკა, მითხრა, რომ უნდოდა, ვენახე და გვერდში დამდგომოდა, მხარი დაეჭირა ჩემთვის. სულ ეს იყო, მას მერე აღარ დაურეკავს.
– ყველაზე მეტად როდის გაგიჭირდა?
– მაშინ, როდესაც მამა წავიდა. მახსოვს, დედა არ მუშაობდა, მაგრამ, ის ძალიან ძლიერი ქალია, არ გატყდა და ყველაფერი გააკეთა ჩემთვის. ბავშვობა იყო ყველაზე რთული პერიოდი. ყოფილა შემთხვევა, რომ სახლში არც საჭმელი გვქონია, არც გათბობა. დეტალებში აღარ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ ხალხში გაჩნდა აზრი, თითქოს ჩემმა ისტორიამ შეიტანა წვლილი ჩემს, ასე ვთქვათ, პოპულარობაში. მართალია, საზოგადოებაზე მოქმედებს მსგავსი ისტორიები, მაგრამ, ვიდრე ჩემი ისტორია გახმაურდებოდა, მანამდე უკვე მიცნობდა ხალხი. ვფიქრობ, რომ ჩემმა გულწრფელობამ იქონია გავლენა და არა ჩემმა ისტორიამ, რასაც ვმღერი, ეს მივიდა მათ ყურამდეც. ყოველთვის მიხარია, როდესაც ვკითხულობ:  „მაჟრიალებს, ეს გოგო რომ მღერის”.
– ახალი რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– სიახლე ბევრია. ასე მგონია, ყველაზე მეტად რაც მინდოდა, გავაკეთე. პირველ ყოვლისა, ვგრძნობ ხალხის სიყვარულს და ამით ვარ ძალიან მდიდარი. საქართველოში სიმღერის კუთხით რთულია რეპუტაციის მოპოვება. ქართველები კრიტიკოსები ვართ – ყველას ჰგონია,  შენს ადგილზე რომ იყვნენ, თავად უფრო მეტს შეძლებდნენ. ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვაგავარად მოხდა – იყო კრიტიკაც, მაგრამ, ძალიან ცოტა და, ისიც ზომიერების ფარგლებში. ლანძღვა, გინება,  როგორც გვჩვევია ხოლმე, არ ყოფილა. მე ვგრძნობ მათ სიყვარულს და  ამით ვარ ბედნიერი. მინდოდა, რომ ხალხს გავეცანი და შევყვარებოდი და ამისათვის არავის დახმარება არ დამჭირვებია, რაც გავაკეთე ყველაფერი ჩემით შევძელი. მე არ მყოლია ვოკალის მასწავლებელი, დამხმარე ან ვინმე „პატრონი”. კიდევ, მონდოდა, რომ ცოცხალი ბენდი მყოლოდა და ესეც გავაკთე – ზურა მოსიავასთან ერთად შევქმენი ბენდი. სულ ვვარჯოშობთ, რომ მსმენელს არ მოვაკლოთ ჩვენი მუსიკა.
– რით შემოიფარგლება თქვენი ბენდის არეალი?
– საერთოდ, საქართველოში მუსიკალური ბაზარი პატარაა. მოიგებენ ხოლმე პროექტებს, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც  ბარში მღერიან. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ პროფესიაში შენი სიამოვნებისთვის უნდა გააკეთო ყველაფერი და ჩვენც ასე ვართ: სხვადასხვა ბარში ვმღერით, კორპორაციულ საღამოებზეც დავდივართ, თუ დაგვირეკავენ. ამჟამად ვგეგმავთ შავიზღვისპირეთში წასვლას, სადაც უკვე ჩვენს პატარა საღამოებს მოვაწყობთ.
– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში პოპულარობის შემდეგ?
– შეიცვალა ის, რომ საკუთარი შემოსავალი მაქვს და დედაზე აღარ ვარ დამოკიდებული; მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი ჯიბის ფული მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შრომა საკმაოდ იაფად ფასდება. კიდევ ის შეიცვალა, რომ ყურადღების ცენტრში ვარ. ქუჩაში რომ გამოვდიოდი, ადრე ამას ვერ ვგრძნობდი, ახლა კი მაკვირდებიან, თბილ სიტყვებს მეუბნებიან. ძალიან ხშირია  შემთხვევა, როდესაც უცხო ადამიანები მოდიან და მეხუტებიან და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მიმაჩნია, რომ, ისეთი ჩეულებრივი ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ, ეს დიდი ბედნიერებაა. ერთ დღეს უცხო ადამიანი ხარ ყველასთვის და მეორე დღეს რომ გცნობენ,  მაგარი შეგრძნებაა.  შეიცვალა ისიც,  რომ გავერკვიე, რა ხდება ჩვენს შოუ-ბიზნესში, გავიჩინე ბევრი მეგობარი, გავიცანი ადამიანები, რომლებიც დღეს რაღაცას წარმოადგენენ.  ჩემი კარიერული წინსვლისთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადავდგი, თავის დამკვიდრება დავიწყე. მინდა, ჩემი მქონდეს და ჩემი შევქმნა.
– რამდენი წლის იყავი, პირევლად მუშაობა რომ დაიწყე?
– ჩემი პროფესიით, ანუ სიმღერით, რამდენიმე თვეა, რაც ვმუშაობ, მაგრამ მანამდე ბევრგან მიმუშავია. არაფერი არ ვითაკილე, მაღაზიაშიც ვმუშაობდი გამყიდვლად, კონსულტანტადაც. ჩემს ოჯახს უჭირდა და არ მინდოდა, მარტო დედას დასწოლოდა ოჯახის მთელი სიმძიმე კისერზე, ამიტომ, ყველანაირად ვცდილობდი დახმარებას.
– დედა რას გეუბნება, როგორ უყურებს შენს პროფესიას?
– საერთოდ, დედაჩემმა აღმოაჩინა ჩემი სიმღერის ნიჭი. ბაღში რომ დავდიოდი, მაშინ მითხრა: „ხომ იცი, სალომე, მგონი, სმენა გაქვს“ (იცინის). როცა ჩემი სიმღერები ინტერნეტში აიტვირთა და ხალხმა აიტაცა, მაშინ დავფიქრდი სერიოზულად ჩემს შესაძლებობებზე, მანამდე მოყვარულის დონეზე ვმღეროდი ხოლმე. იყო კონკურსები, რომლებშიც ვცადე მონაწილეობის მიღება, მაგრამ, არ  გამიმართლა, ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერს მომზადება უნდა, მე კი მოუმზადებელი ვიყავი. არ ვგულისხმობ მხოლოდ პროფესიონალიზმს. როდესაც რამე კონკურსზე გადიხარ, ფსიქოლოგიური მომზადებაცაა საჭირო, მე კი ორივე მხრივ მოუმზადებელი ვიყავი. დედამ ითამაშა დიდი როლი, რომ მე ასპარეზზე გამოვჩენილიყავი. დედა ამაყობს ჩემით – იმედები არ გავუცრუე და, რაც უნდოდა, ნაწილობრივ შევასრულე. მას სურდა, რომ მევიოლინე ვყოფილიყავი და რვა წელი ვიარაე კიდეც, მაგრამ ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა (იცინის).
– როგორი ბავშვი იყო სალომე ტეტიაშვილი?
– სალომე იყო ჩვეულებრივი ბიჭი (იცინის). ძალიან ქაჯანა ვიყავი და სულ ბიჭური რაღაცეები მიზიდავდა – ვთამაშობდი ფეხბურთს, კალათბურთს. სკოლაში კლასებს შორის ჩემპიონატი რომ ტარდებოდა ფეხბურთში, მეც ვთამაშობდი ხოლმე. სულ მეჩხუბებოდნენ – სალომე, გოგო ხარ შენ და გაიგე! (იცინის) სწავლა მიყვარდა და კარგად ვსწავლობდი. მე-7 კლასში ტესტირება ჩატარდა გერმანულ ენაში და საბოლოოდ მოვხვდი 8 ბავშვში, რომლებიც წაგვიყვანეს გერმანიაში. სამწუხაროდ, სწავლა ვერ გავაგრძელე, რადგან, ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. აბიტურიენტობის დროს ვერ მოვემზადე და, კიდეც რომ ჩამებარებინა, უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდას ვერ შევძლებდი, მაგრამ, იმედი არ დამიკარგავს და აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას.
– რა სპეციალობა გინდა, სამომავლოდ აირჩიო?
– ბავშვობაში მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. ჩემი მხიარული ხასიათიდან გამომდინარე,  მეგობრები მსახიობობას მირჩევდნენ. ამ ყოველივეს ჩემი მუსიკალური ნიჭიც რომ დაემატა, მომინდა, გამოვსულიყავი მუსკომედიის მსახიობი, თუმცა, დღეს ასე აღარ ვფიქრობ. ისეთი პროფესია უნდა შეარჩიო, რომ ცხოვრებაში გამოიყენო, რათა  მყარად იდგე ფეხზე მატერიალურად. ზუსტად არ გადამიწყვეტია, რას ავირჩევ, ჯერ კიდევ ვფიქრობ.
– რომელია შენი ცხოვრების საუკეთესო მომენტი?
– ისე ცხელია ეს ჩემი „X ფაქტორის” თემა, ალაბათ, ეგ. ამ გადმოსახედიდან, ეგ არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი, რადგან, თვეების განმავლობაში ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს და შევიძინე უდიდესი გამოცდილება. ბევრი პატარ-პატარა მომენტი მქონია, მაგრამ, ეს ნაწილი გამორჩეულია. ეს იყო დიდ სცენაზე ხალხის წინაშე ჩემი პირველი გამოჩენა.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ჩემს პირად ცხოვრებაშიც არის სიახლე – გამოჩნდა პიროვნება, მაგრამ, ამ ეტაპზე არის მხოლოდ ურთიერთობის დასაწყისი – მოწონების დონეზეა ყველაფერი. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება და რა იქნება. სახელსა და გვარს გაიგებთ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებს (იცინის).

скачать dle 11.3