კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო თქვა მანუჩარ მაჩაიძემ უარი უამრავ სახარბიელო შემოთავაზებაზე და რა უსამართლობას წააწყდა ის კარიერის განმავლობაში

მეოცე საუკუნის 70-იანი წლები ქართული ფეხბურთის ისტორიაში „ოქროს ხანა“ იყო. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კი, რომელმაც ამ ეპოქის შექმნაში, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, მანუჩარ მაჩაიძეა. მის მიერ ჩატარებული თამაშის, მოპოვებული ჯილდოებისა და დიდოსტატური გოლების ჩამოთვლას არ დავიწყებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მის ტრანსფერში 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდნენ. რაც იმ დროს ძალიან დიდი თანხა იყო. ლეგენდარულ მანუჩარ მაჩაიძეს კი მაშინ 200-მანეთიანი ხელფასი ჰქონდა. სანაცვლოდ – ქართველი ხალხის უზომო სიყვარული არ აკლდა.
დარწმუნებული ვარ, უფროსი თაობის წარმომადგენლებმა მის შესახებ ყველა დეტალი ზეპირად იციან, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცეები ახალგაზრდა თაობისთვისაც შეგვეხსენებინა, ბატონ მანუჩარს ვეწვიეთ. მან იმ უამრავ წარმატებაზე, სიხარულსა და უსამართლობაზე გვიამბო, რომელიც მის მოღვაწეობას ახლდა თან.

– ბატონო მანუჩარ, როგორც გავიგე, სპორტის სხვა სახეობებშიც გქონდათ წარმატებები. რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ფეხბურთი?
– კი, ნამდვილად ასე იყო. ვჭიდაობდი, ვცურავდი. ფრენბურთს, კალათბურთს და ჭადრაკს კარგად ვთამაშობდი. მაგრამ მაშინაც, ისევე როგორც ყოველთვის, ფეხბურთი ყველაზე მეტად პოპულარული იყო და მეც ძალიან მიყვარდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ფეხბურთელი გავმხდარიყავი.
– როგორ იქცა პატარა, ეზოს ბიჭი „დიდ მანუჩარად“?
– თავიდან ეზოში ვთამაშობდი, შემდეგ 35-ე სკოლაში დავიწყე ვარჯიში. 1967 წელს ჩემი თამაში თბილისის „დინამოს“ მწვრთნელმა ვიაჩესლავ სოლოვიოვმა ნახა და დუბლებში ამიყვანა. თავიდან ამხანაგურებით დავიწყე, თუმცა მალევე ძირითადში გადამიყვანეს. უამრავ თამაშში მაქვს მონაწილეობა მიღებული. აბსოლუტურად ყველა რომ შევკრიბო, სხვადასხვა თანრიგისა და სხვადა სხვა ჯგუფის სახელით ნათამაშები, 900-დან 1 000-მდე გამოვა.
– ბევრი საინტერესო მატჩი გაქვთ ჩატარებული, თუმცა ორი, განსაკუთრებით მინდა, გამოვყო. მოდი, გავყვეთ ქრონოლოგიას და ჯერ ერევნის „რაზდანის“ გახსნასა და „არარატთან“ ჩატარებულ თამაშზე გვიამბეთ.
– 1971 წელს ერევნის „არარატს“ მათსავე ახალგახსნილ მოედანზე, „რაზდანზე“ შევხვდით. ეს პირველი თამაში იყო ამ მოედანზე. ჩვენ შორის ძალიან დიდი კონკურენცია გახლდათ, ამიტომ თამაშს დიდი მოლოდინი და გამოხმაურება ჰქონდა. „დინამომ“ ძალიან კარგად ითამაშა – ანგარიშით 1:0 ჩვენს სასარგებლოდ. ეს ერთი და ამ მოედნისთვის პირველი გოლი, მე გავიტანე. რაც ძალიან დიდი სიხარული იყო. მეორე გოლიც გავიტანე, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა.
– საფრანგეთი – „პარკ დე ფრენსის“ მოედანზე მოპოვებული გამარჯვება.
– აქაც პირველი გოლი მე გავიტანე, დაახლოებით 45 მეტრიდან. გახსნის მატჩი იყო და საფრანგეთის ნაკრები დავამარცხეთ. კიდევ ერთი თამაში მქონდა 1973 წელს როსტოვში, „სკას“ სტადიონის გახსნაზე. 3:0 მოვუგეთ და ამ თამაშზეც პირველი გოლი მე გავიტანე.
– ჩატარებული თამაშებისა და გატანილი გოლების მიხედვით, დღესაც რეკორდსმენი ხართ. რომელი იყო მათ შორის, პირადად თქვენთვის, ყველაზე გამორჩეული?
– ყველა მატჩს ერთნაირი მონდომებით ვთამაშოდი. ყოველთვის მაქსიმალურს ვაკეთებდი, თუმცა, რასაკვირველია, რამდენიმე თამაში განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. მაგალითად, საკავშირო თასის 1979 წლის ფინალური შეხვედრა. თამაში არგენტინასთან, რომელიც 1977 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ლუკე, არდილესი, პასარელა, რომლებთანაც „ბონ ბონერას“ მოედანზე ფრე ვითამაშეთ.
ასევე, „დინამოს“ თამაში „ბოკა ხუნიორთან“, სადაც მთელი შეხვედრა 1:0 ვიგებდით და მასპინძლებმა მხოლოდ თამაშის ბოლოს გაგვიტანეს საპასუხო გოლი.
თამაში მილანის „ინტერთან“, სადაც თამაშობდნენ: ფაკეტი, ბარეზი, მარინი, ორნო, არტიბელი. ისინი ჩვენ ამ თამაშში დავამარცხეთ.
– უამრავი სახელგანთქმული გუნდი გთავაზობდათ თანამშრომლობას, „ლივერპულის“ მწვრთნელი – ბობ პეისლიზე 5 მილიონ გირვანქას იხდიდა თქვენს ტრანსფერში. რატომ ანაცვალეთ ამ ყველაფერს 200-მანეთიანი ხელფასი?
– ახლა ამისთანა რამ შეიძლება, წარმოუდგენელია, მაგრამ მაშინ, საბჭოთა პერიოდში, მე რომ ასეთ შემოთავაზებას დავთანხმებოდი, ამას სამშობლოს ღალატად ჩამითვლიდნენ და ოჯახს გამიციმბირებდნენ. არც მე მელოდა კარგი დღე (იცინის).
– რას ნიშნავს თქვენთვის, როცა, როგორც ფეხბურთელს, გადარებენ არწივს და გიორგი სააკაძეს?
– არწივს, ალბათ, იმიტომ, რომ გრძელი ცხვირი მაქვს (იცინის). თან, გამორჩეული სტილი მქონდა, გრძელ თმას ვატარებდი. აქ უფრო მწერლის ფანტაზიაა, თუმცა, ძალიან სასიამოვნოა. ალბათ, იმიტომ, რომ ორიგინალურად ვთამაშობდი. 5 წელი კაპიტანი ვიყავი და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ.
– გაიხსენეთ პერიოდი, როცა პოპულარობის ზენიტში იყავით, როგორ გამოხატავდა ხალხი თქვენ მიმართ სიყვარულს?
– ქუჩაში რომ გავდიოდი, ტრანსპორტიდან მიყურებდნენ, მეფერებოდნენ. 1978 წელს, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით, მთელი ქალაქი გარეთ იყო გამოსული, გვეგებებოდნენ, გვეფერებოდნენ და გვილოცავდნენ.
1976-ში ერევნის „არარატთან“ თასის ფინალი მოვიგეთ. აეროპორტში უამრავი ხალხი დაგვხვდა და იქიდან დიღმის ბაზამდე დიდი სიყვარულით და მოლოცვებით მიგვაცილეს.
1981 წელს კი, როცა ქუთაისის „ტორპედოში“ ვთამაშობდი და პირველი ლიგიდან უმაღლესში გადავედით, მთელი ქალაქი მანუჩარს იძახდა და მთელი ღამე ქეიფი მიდიოდა.
– თქვენი წასვლა ფეხბურთიდან გარკვეულ უსამართლობას უკავშირდება, ზოგადად, ეს ფონი მთელ თქვენს მოღვაწეობას გასდევს. რას გვეტყვით ამაზე?
– მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი, 4-ჯერ მოვიგე ბრინჯაოს მედალი, ვერცხლის მედალი, 1976, 1979 წლებში – ორჯერ საბჭოთა კავშირის თასი და ასე შემდეგ, მაშინდელი პრესა და ხელისუფლება უსამართლოდ მექცეოდა. ვიღაცეებმა შურის გამო შექმნეს მითები, რაც რეალობას არ შეეფერებოდა.
საქართველოში ყველა ფეხბურთელი ლეგენდარულია – ის, ვინც სულ 10-15 თამაში ითამაშა და ისიც, ვინც 10-15 წელი. ამ ცრუ მითებმა და ლეგენდებმა დაღუპა ქართული ფეხბურთი. ამ სფეროში დიდი შური ტრიალებს და ეს მეც შემეხო. ყველანაირად ცდილობდნენ ფეხბურთისგან ჩემს ჩამოშორებას და მოახერხეს კიდევაც. თუმცა, დრო ყველაფერს ნათელს ფენს და როგორც ხედავთ, დამტკიცდა, რომ ხალხი, რომელთაც თავი ფეხბურთის დიდი სპეციალისტები ეგონათ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ, არარაობები აღმოჩნდნენ და ქართული ფეხბურთი დაღუპეს.
– რა მიგაჩნიათ მდგომარეობის გამოსწორების საშუალებად?
– თანამედროვე ქართული ფეხბურთი ძალიან დაბალი დონისაა, რის გამოც ძალიან მტკივა გული. გაკვირვებული ვარ. კარგი, ჩვენმა თაობამ არ ვიცოდით ფეხბურთი, ნუთუ ახალგაზრდებშიც არავინაა კარგი მწვრთნელი? არ მინდა, რომელიმე მწვრთნელზე ცუდი შეფასება გავაკეთო, მაგრამ შედეგი სახეზეა. უამრავი გაჭირვებული ქვეყანაა, მაგრამ ძლიერი ნაკრებები ჰყავთ. თუნდაც კოსტა-რიკა. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ფეხბურთში ნეპოტიზმით, უბნელობითა და კუთხურობით შედეგს ვერ მივაღწევთ. მთავარი კი სწორედ შედეგია. დანარჩენი მითი და ლეგენდაა. თუ შედეგი არ გაქვს, რა აზრი აქვს რამეს?
– 33 წლის იყავით, როცა ფეხბურთელის კარიერა დაასრულეთ, რა ეტაპი დაიწყო ამის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?
– 35 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. ორი ქალიშვილი შემეძინა. ჩემი სპეციალობით დავიწყე მუშაობა. დავიცავი დისერტაცია და აკადემიური დოქტორის ხარისხი მაქვს სამშენებლო მექანიკაში. ჩავერთე პოლიტიკაში.
ახლა პატარა შვილიშვილი მყავს, მანუჩარი ჰქვია. ჯერ წლინახევრისაა, თუმცა საკმაოდ აქტიური და ღონიერი ბიჭია. ფეხბურთის თამაშს აუცილებლად ვასწავლი. თუ ფეხბურთელი არ გამოვა, იმედი მაქვს, ეყვარება მაინც.
– თქვენი გატაცებების შესახებაც გვიამბეთ.
– ძალიან მიყვარს ხატვა. ამ მიმართულებით სპეციალური განათლება არ მიმიღია, მაგრამ იმპრესიონისტმა მხატვრებმა იქონიეს დიდი გავლენა. 30-35 წელია, ფერწერაში ვმუშაობ და საკმაოდ ბევრი ნახატი დამიგროვდა. ძირითადად გავაჩუქებ, გაყიდვა არ მიყვარს. თუმცა, ერთი მაინც გავყიდე. მითხრეს, სხვა შემთხვევაში მხატვრად არ ჩაითვლებიო. ვფიქრობ, სამომავლოდ შეიძლება, კიდევ გავყიდო.
კიდევ ნადირობა მიყვარს ძალიან. როცა რაჭაში ვარ, ხშირად დავდივარ სანადიროდ. სიმართლე გითხრათ, კლდეებსა და მთებში სიარულის პროცესი უფრო მიყვარს, ვიდრე რამის მოკვლა. რამდენჯერმე კურდღელი და შველი შემხვდა, მაგრამ ვერ ვესროლე. რა ვქნა, ცხოველები მიყვარს. ძირითადად, ფრინველს თუ მოვკლავ. სახლში კურდღელი გვყავს, დეზი, რომელიც ჩემს ქალიშვილს საქმრომ აჩუქა. ახლა დაქორწინებულები არიან და შვილიც ჰყავთ. კურდღელი კი ჩვენ გვყავს.
კიდევ იარაღი მიყვარს ძალიან და მცირე კოლექციაც მაქვს.
– კვლავ ფეხბურთს დავუბრუნდეთ, ახლახან მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა. კმაყოფილი ხართ შედეგებით?
– ჩემპიონატზე ძალიან მაღალი დონე აჩვენა გერმანიამ, არგენტინამ, ჰოლანდიამ, კოსტა-რიკამ, ჩილემ. რაც შეეხება ესპანეთს, ინგლისს, იტალიას, საფრანგეთს და რა თქმა უნდა, ბრაზილიას, მათ იმედები ვერ გაამართლეს. მსოფლიო პირველობამ აჩვენა, რომ არცთუ ისე მდიდარ ქვეყნებსაც შეუძლიათ, ძლიერ გუნდებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ, რაც ჩვენთვის მისაბაძი უნდა გახდეს.
– დაბოლოს, რას იტყოდით ახალგაზრდა ფეხბურთელების გასაგონად?
– 1970 წელს, „დინამოში“ მწვრთნელად გავრილ კაჩალინი ჩამოვიდა. დამხმარედ ქართველი სპეციალისტი ჰყავდა. კაჩალინი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეებით დაინტერესდა, ერთადერთ უპერსპექტივოდ მე დამასახელეს. უთხრეს, რომ გულის მანკი მქონდა, თვალებში ვერ ვიხედებოდი და ასე შემდეგ. მაგრამ, ორ კვირაში, ჩვენზე დაკვირვების შედეგად, მან თავად მიიღო გადაწვეტილება – მოვწონდი და საყრდენ ნახევარმცველად დამაყენა. მომდევნო 12 წელი ასე ვითამაშე.
ასე რომ, ახალგაზრდებს ვურჩევ, ნუ დაუჯერებენ ხოლმე მწვრთნელებს, რადგან ისინი ხშირად ცდებიან. თუ ფეხბურთი უყვართ, იშრომონ დაუღალავად, დაიცვან რეჟიმი და თუ მისაღწევია წარმატება, აუცილებლად მიაღწევენ.

скачать dle 11.3