კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რატომ შეუკვეთეს იური მეჩითოვის მამას თბილისში ბრეჟნევის ჩამოსვლასთან დაკავშირებით 15 ერთნაირი ქუდი და რის გამო არ ელაპარაკებოდა ის შვილს 3 თვის განმავლობაში

ჩვენი ინტერვიუ, იური მეჩითოვთან დიდ დიღომში, მის საცხოვრებელ ბინაში შედგა. ცუდად არ გამიგოთ (უპირველესად, თვითონ მან), მაგრამ მასთან დამშვიდობებისას გავიფიქრე: არ უხდება ამ კაცს და მის სულიერ სამყაროს ეს უბანი-მეთქი...  თუმცა, 9-სართუალიანი კორპუსი, თავისი კომუნისტური არქიტექტურით, ვერ შეცვლის მის მობინადრეთა ხასიათს, ურთიერთობის ფორმებს, გენს... ასე მგონია, იური მეჩითოვს, ძველი თბილისის სურნელი თან დასდევს, ყველგან სადაც არ უნდა იყოს.

იური მეჩითოვი: ძალიან დაძაბული ცხოვრება მაქვს, უამრავ პოლიტიკურ პერიპეტიასა და გლობალურ პრობლემებში ჩაფლულსა თუ ლექციების კითხვაში, ერთადერთი საშუალება, რომ ყოველდღიურობას გამოვეთიშო, ამ ეტაპზე ჩემთვის ღვინის თემაზე ნატურმორტების შექმნაა. ცოტა ხნის წინ ძველი თბილისიც ჩავრთე ამ ნატურმორტებში.
– ძველი თბილისი და ღვინო... ისე, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ღვინოსთან?
– ძალიან კარგი. მე ღვინის გარეშე ვერ ვცოცხლობ, დღეში ერთ ან ორ ჭიქას ყოველთვის ვსვამ, განსაკუთრებით სადილზე.
– თქვენ თვითონ თუ აყენებთ ღვინოს სახლის პირობებში?
– მე არა, მამაჩემი აყენებდა ღვინოს და ეს მისთვის, ერთ-ერთი დიდი სიხარულის მომნიჭებელი საქმე იყო. მახსოვს, თვითონ ჩაყარა ქვევრები ჩვენი სახლის სარდაფში.
– სად ცხოვრობდით?
– ვარანცოვზე.
– ყურძენს ყიდულობდით?
– რა თქმა უნდა, ვყიდულობდით. აბა, ჩვენ ვენახები ვინ მოგვცა, გორელი ხალხი ვართ, სადა გვაქვს ვენახი... მეჩითოვები ყველანი გორელები ვართ, სოფელ ზერტიდან. მამაჩემის მამა ჩამოვიდა თბილისში. ახლაც ინახება ჩვენს ოჯახში, გორში, პაპაჩემის სახელზე გაფორმებული სავაჭრო დახლის პროექტი. ხედავთ, არშაკას, რამხელა დახლი ჰქონია?.. (იცინის)
– ვაჭრობდა, ესე იგი არშაკ მეჩითოვი?
– ჰო, საერთოდ ჩვენი გვარი მოდის ჩითის წარმოებიდან, ან გაყიდვიდან – მეჩითოშვილებით სავსეა მთელი ზერტი.
– მამათქვენი რას საქმიანობდა?
– პირველი მექუდე თბილისში მამაჩემი იყო. მანამდე იყო იოსება, ებრაელი მექუდე, მერე მამაჩემი.
– ცნობილი ადამიანები დადიოდნენ მისი შეკერილი ქუდებით?
– ივ სენ ლორანი, სერგო ფარაჯანოვი... (იცინის).
– ფარაჯანოვი მესმის, ივ სენ ლორანმა სად აღმოაჩინა თბილისელი, თუნდაც ნომერ პირველი მექუდე?
– 1988 წელს, სერგო ფარაჯანოვმა წაუღო მამაჩემის შეკერილი ქუდი საფრანგეთში ივ სენ ლორანს. ჩვენს ოჯახში ინახება, ამასთან დაკავშირებით, ფარაჯანოვის მიერ მამაჩემისთვის მოწერილი დეპეშა, სადაც ის წერს: გილოცავ, შემოქმედებით გამარჯვებას. ივ სენ ლორანი, მსოფლიოში სახელგანთქმული მოდელიერი, პარიზში თქვენი კეპით, თქვენი ოსტატობითა და გემოვნებით აღტაცებული გაფრინდაო.
ყველაზე სასაცილო ისტორია იყო ბრეჟნევთან დაკავშირებით. ბრეჟნევი რომ ჩამოვიდა 1981 წელს თბილისში, მამაჩემთან მისულან და დაუკვეთიათ 53-დან – 67 სანტიმეტრამდე, ყველა ზომის ერთნაირი, 15 ცალი ქუდი. ამდენი რად გინდათო? – უკითხვას მამაჩემს, რაზეც უპასუხიათ, – საჩუქრად გვინდა მაღალი სტუმრისთვის და რა ვიცით, რომელი მოერგებაო (იცინის).
– არ უნდოდა, რომ მის პროფესიას გაჰყოლოდით?
– არა. მამას უნდოდა, მე ინჟინერი ვყოფილიყავი. ეს აღსრულდა კიდეც. ჩავაბარე „გეპეიში“ და გამოვედი სამთო ინჟინერი, თუმცა ვაბარებდი, ავტომატიკა-ტელემექანიკაზე. ისე, ჩვენი 28-კაციანი ჯგუფიდან, 25 ვიყავით შეუმდგარი ავტომატიკოსი და ტელემექანიკოსი, რომლთაც ქულები არ გვეყო და სამთოზე მოვხვდით. მაგრამ კმაყოფილი ვარ. ბევრი ისეთი რამ შევისწავლე, რასაც სხვაგან ვერ ვისწავლიდი.
– ფოტოგრაფიაში როგორ მოხვდით?
– 8-9 წლიდან ვარ ამ საქმეში. უმაღლესი რომ დავამთავრე, ვმუშაობდი საპროექტო ინსტიტუტში და 92 მანეთი მქონდა გასამრჯელო. რაც ძალიან ცოტა იყო. მით უმეტეს, რომ 2 შვილი მყავდა უკვე იმ დროისთვის. მერე სხვაგან გადავედი, კიდევ ვცადე ინჟინრობა, იქ 120 მანეთი მქონდა. მერე ამ ყველაფერს თავი დავანებე და ამით ისე ვაწყენინე მამაჩემს, რომ 3 თვე არ მელაპარაკებოდა.
– ერთი ბიჭი ჰყავდით?
– სამი ვაჟკაცი!
– სერიოზულად როდის მოჰკიდეთ ხელი ფოტოგრაფიას?
– არც ერთი საბუთი არ მაქვს, რომელიც დაადასტურებს, რომ ფოტოგრაფი ვარ.
– რა მნიშვნელობა აქვს, პურს ხომ ამ საქმიანობით ჭამთ?
– ღვინოსაც ვსვამ (იცინის). სულ იყო ჩემს ცხოვრებაში ფოტოგრაფია, ოღონდ ხელობის დონეზე. ხან მჭირდებოდა, ვთქვათ, რაღაც აკრძალული ლიტერატურის გადაღება, ხან რა და ხანაც რა. პირველი გამოფენა 29 წლის ასაკში მოვაწყვე ჩემი მეგობრების მითითებით. სამი წლის შემდეგ ნამდვილად ძლიერი გამოფენა მქონდა.  მერე კი იგივე ფარაჯანოვის გავლენით შევედი ფოტოგრაფიის ხელოვნების სამყაროში.
რაც შეეხება ღვინოსა და თბილისს, ჩემთვის ეს ცნებები, როგორც ჩანს, განუყოფელია. ჯერ ერთი, თბილისი გეოგრაფიულად საქართველოს შუაგულშია და აქ დაირწა ღვინის აკვანი. ღვინის ტურებიც არის ტურისტებისთვის. მათ აქვთ საშუალება შეხვდნენ ოჯახებში უამრავ მეღვინეს, ვინც ღვინის წარმოებაში ბევრ ენდემურ ჯიშს იყენებს, რომელიც არსებობს საქართველოში. ჩვენი კომერციული ღვინის წარმოება ხომ  ძირითადად ორ ჯიშზეა დაფუძნებული – რქაწითელსა და საფერავზე.
– უფრო შავი ღვინისკენ იხრებით?
– იცით რა, რადგან მე დაბალი წნევა მაქვს, შავი ღვინო არ მვნებს. თუ ერთი-ორი ჭიქა უნდა დავლიო, შავ ღვინოს ვსვამ, ხოლო თუ ვქეიფობ, თეთრს ვამჯობინებ. ღვინო მიყვარს და თბილისი ხომ მიყვარს და მიყვარს.
– როგორი თბილისის ნოსტალგია გაქვთ?
– ასაკი აძლევს თავის ელფერს ნოსტალგიას. შესაძლოა, არც იქ იყო ყველაფერი დალაგებული, მაგრამ მასშტაბები, ან თუნდაც იგივე ურთიერთობა ჩემს სერგოსთან როგორი იყო: მე ვარანცოვზე ვცხოვრობდი, ის კიდევ – მთაწმინდაზე. რამ გაყო ვარანცოვი და მთაწმინდა? – ერთმა მტკვარმა და ორმა ხიდმა. ჰოდა, გადაირბენდი ვარანცოვის ხიდს, მერე მშრალ ხიდს, კიდევ „დააწვებოდი” ახალგაზრდულად და 15 წუთში ახვიდოდი მთაწმინდაზე.
– ფარაჯანოვზე მიამბეთ.
– 1978 წელს გავიცანი და მაშინვე შევქმენი მისი პორტრეტი, რომელსაც მან „ჯოკონდა” დაარქვა და თავისივე ხელით მიაწერა. ბევრი ლამაზი ამბავია გასახსენებელი. ძნელი იყო მისთვის იმის მიღება, რომ მე არაფერი მესმოდა მატერიალურ კულტურაში, გაუნათლებელი ვიყავი ზოგადად ხელოვნებაში. ამიტომ, მტუქსავდა და გვქონდა ყოველთვის გაწევ-გამოწევა სხვადასხვა საკითხზე. მიაჩნდა, რომ ყველამ უნდა იცოდეს და აღიქვამდეს სილამაზეს; ესმოდეს სხვადასხვა სტილი თუ მიმდინარეობა. თვითონ იყო ძალიან განათლებული კაცი, თუმცა წიგნი მის ხელში არ მინახავს. სხვა ადამიანი იყო, მას არ სჭირდებოდა წიგნის ბევრჯერ წაკითხვა. როგორც ინგლისელები ამბობენ – ტორტის გემო რომ გაიგო, არ არის აუცილებელი, მთლიანად შეჭამოო.
ბევრი რამ მახსენდება. ერთხელ მახსოვს, რაღაც ნატურმორტივით გადავიღე და მივუტანე... შექებას ველოდი, მან კი შეხედა – ეს რა არის, შენ ასეთი 100 მაინც უნდა მოიტანო დღეშიო. ამბობდა, რასაც ვნებით აკეთებ, მხოლოდ ის გამოდის ფასეულიო... მე ვიცოდი კადრის დაჭერა, სერგომ კი მასწავლა კადრის შექმნა. ახლა რომ ნატურმორტებს ვიღებ, ყველაფერი სერგოს დამსახურებაა.
რაც შეეხება თბილისს... მახსენდება ბავშვობაში დავდიოდი „პესკებზე” – რიყე, იყო ასეთი უბანი, სადაც ძირითადად სომხები ცხოვრობდნენ. ბებიაჩემი ცხოვრობდა იქ, დედის მხრიდან. ძალიან მიყვარდა იქ სიარული. დიდი ეზო იყო, სადაც სამჭედლო ჰქონდათ, ამ სახელოსნოს თვალიერება მომწონდა. გვერდზე სასოსისე იყო, სადაც უგემრიელესი სოსისი იყიდებოდა, რომლის მსგავსსაც ახლა ვეღარსად შეხვდები, შავი პურითა და მდოგვით. ეს უბანი მერე მოსპეს სხვადასხვა მიზეზის გამო. 1956 წელს წყალდიდობა იყო, ხალხი დაიღუპა. მას შემდეგ წყალდიდობა აღარ ყოფილა, მაგრამ გადაწყვიტეს და ეს კოლორიტული უბანი მოსპეს.
წიგნი მინდა გავაკეთო თბილისზე... თბილისური პორტრეტებით... სხვადასხვა დროს გადაღებული სურათებით...
– თქვენი მეუღლეც თბილისში გაიცანით?
– ჩემი მეუღლე, ჩემი თანაკლასელია – თამილა ანგლიკოვსკაია. მისი წინაპრები პოლონეთიდან იყვნენ გადმოსახლებულები. 19 წლის ასაკში ვიქორწინეთ. 2 შვილი გვყავს, სამი შვილიშვილი...
– იყო წლები, როცა ძალიან ბევრმა მიატოვა საქართველო. თქვენ არასდროს გაგჩენიათ ამის სურვილი?
– მე არადროს მიფიქრია ამაზე. იმასაც განვიცდი, რომ ჩემი შვილი და 2 შვილიშვილი წასული არიან ინგლისში და არ ვიცი, როგორ მოვატრიალო აქეთ. ანეკდოტი რომაა ხომ იცით: ებრაელი გამოიძახეს სუკის განყოფილებაში, მისცეს გლობუსი და უთხრეს: შეარჩიე ადგილი, სადაც წასვლა გინდა და გიშვებთ, ოღონდ წადიო. ატრიალა ეს გლობუსი ებრაელმა: ისრაელში რომ არ მინდა ფაქტია, იმიტომ რომ, ჩემს ქალიშვილს ჯარში წაიყვანენ... იქ ანტისემიტიზმია, იქაც ცივა, იქ კიდევ ცხელა... სხვა გლობუსი არა გაქვთო?... (იცინის).
არ მეგულება გლობუსზე სხვა ადგილი, სადაც ვიცხოვრებდი... ჩემი სამშობლო საქართველოა. ისე, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მაგრამ, სხვისი ცხოვრების მაყურებელი არ მინდა ვიყო – ტურისტს არ აქვს თავისი ცხოვრება. საქართველოში ნურავის ეწყინება, მაგრამ ტურისტი არის იდიოტი აპარატით. მე ისედაც აპარატი ყოველდღე კისერზე მიკიდია და არ მინდა, პლუს ამას იდიოტიც ვიყო.

скачать dle 11.3