კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დასახლდა საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანი და რატომ არის ჭობარეთის არქეოლოგიური გათხრები საერთაშორისო მნიშვნელობის

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში, საერთაშორისო მნიშვნელობის არქეოლიგიური გათხრები მიმდინარეობს. ჩვენი რესპონდენტია კახა კახიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი და ჭობარეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი.

კახა კახიანი: სოფელ ჭობარეთში, არქეოლოგიური ძეგლი 2009 წელს აღმოჩნდა, როდესაც ამ ტერიტორიაზე ახალციხე-ასპინძის მაგისტრალური გაზსადენი გაჰყავდათ. იქ მოპოვებული კერამიკის მიხედვით, ცხადი გახდა, რომ ძეგლი მიეკუთვნებოდა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევარს. ეს არის ადრე ბრინჯაოს ხანა.
თავდაპირველად აღმოჩენელი მასალები ცხადყოფდა, რომ საქმე გვქონდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლთან. ნაპოვნი იქნა 4 ნაგებობა, 15 სამეურნეო ორმო და 9 სამარხი აკლდამა. ამ მასალებმა მიიქცია საერთაშორისო ყურადღება. 2011 წელს საფრანგეთიდან, ნიცის უნივერსიტეტის პალეო-ბიოლოგები დაინტერესდნენ აქ მოპოვებული პალინოლოგიური მასალებით. მომდევნო წელს საქმეში ჩაერთო ავსტალიიდან, მელბურნის უნივერსიტეტის ჯგუფი. მათი ხელმძღვანელი ანტონიო საგონა ადრე ბრინჯაოს ხანის სპეციალისტია.
– დღეს მოპოვებული მასალები რა დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა?
– აღმოჩნდა, რომ ეს ნამოსახლარი დაახლოებით 300 მეტრის სიგრძეზე ვრცელდებოდა, ხოლო სიგანე 150 მეტრამდე აღწევდა. ეს იმ დროისთვის ერთ-ერთი  დიდი დასახლებაა, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ წინა აზიაშიც კი. დღეისთვის გათხრილია 7 ქვის ნაგებობა. მათ შორის ერთი, განსაკუთრებით დიდია. მისი სიგრძე 17 მეტრს აღწევს, ხოლო შემორჩენილი სიგანე, რომელიც დაზიანებულია – 4,5 მეტრია. ბუნებრივია, თავის დროზე, ის გაცილებით განიერი იქნებოდა. ამ ზომის ნაგებობები, არათუ ბრინჯაოს ხანისათვის, არამედ დღეისთვისაც კი, ძალიან დიდია. ეს, თავისთავად, უსვამს ხაზს, რომ დასახლება მეტად მნიშვნელოვანია.
– შესაძლოა, ცენტალურიც?
– შესაძლოა, რეგიონის ცენტრიც კი ყოფილიყო. იმიტომ რომ, ის გამართულია ორ ბორცვზე – მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და აკონტროლებს იქ მდებარე რამდენიმე ხეობას. სტრატეგიულ ადგილასაა აგებული. ეს დიდი ზომის ნაგებობა 3 სხვადასხვა დანიშნულების ოთახისგან შედგება. ერთი ოთახი სამეურნეო დანიშნულებისაა. ამ ნაგებობაშიც და დანარჩენებშიც, დიდი რაოდენობით ხორბლის მარცვალი აღმოჩნდა. პალეობიოლოგმა, პროფესორმა ელისო ყვავაძემ გამოიკვლია ეს მარცვლები და დაადგინა, რომ არანაკლებ, 4 ჯიშის ხორბალი მოჰყავდათ იმ დროს ჭობარეთის ნამოსახლარზე. მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთი ისტორიულად საქართველოს ბეღლად ითვლებოდა. ჭობარეთის ნამოსახლარზე ადრე ბრინჯაოს ხანის ფენებში აღმოჩენილი ეს ხორბლის მარცვლები, იგივე ჯიშებს მიეკუთვნება, რაც ისტორიულად და ეთნოგრაფიულად, ამჟამადაცაა დაფიქსირებული სამცხე-ჯავახეთში. აქედან, 3 ტრადიციული ჯიშია, რომელიც, როგორც ჩანს, დაახლოებით 4-5 ათასი წლის განმავლობაში მოჰყავდათ ადგილობრივებს. გარდა ხორბლის მარცვლებისა, ვხვდებით იმდროინდელ წისქვილის ქვებს, ანუ ხელსაფქვავებს, რომლებიც ნავისებური ფორმისაა. ის შედგება 2 ნაწილისგან – ქვედა და ზედა ქვისგან. ამავე ნაგებობაში დაფიქსირებულია კაჟის ნამგლის ჩასართები, რაც ხორბლეულის მომკისთვის გამოიყენებოდა. ამ ნაგებობაში იყო კიდევ რამდენიმე თიხის ჭურჭელი, სადაც ინახებოდა ხორბლეული და შესაძლოა, ფქვილის მარაგიც კი. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შენობა მაშინვე სამეურნეო დანიშნულების უნდა ყოფილიყო.
– დანარჩენ ოთახებში რა აღმოაჩინეთ?
– მეორე ოთახში, კედელთან მეტრ-ნახევარი სიგანისა და 5 მეტრი სიგრძის, 10-15-სანტიმეტრიანი შემაღლება იყო. როგორც ჩანს, ეს საცხოვრებელი სათავსო უნდა ყოფილიყო. აქ აღმოჩენილია თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და რაც მთავარია – კერიის ნაშთი, სადაც შუაცეცხლი ინთებოდა. აღმოჩენილი თიხის ჭურჭლიდან რამდენიმე სიახლეა მტკვარარაქსული კულტურისთვის.
ჩვენი წლევანდელი და შარშანდელი გათხრები ცხადყოფს, რომ ჭობარეთში გავრცელებული იყო ტერასული დასახლება ქვის ნაგებობებით. მათ ბანური გადახურვა უნდა ჰქონოდათ. აქ კუთხეებში შემორჩენილია ძელის ჩასასმელი ადგილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დამჭერ ბოძებად ხის ძელები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. სულ 6-7 ტერასაა დადასტურებული ვიზუალურად. ერთი ნაგებობის ბანი, მეორე ნაგებობის გზაც იყო. ჩვენი მცდელობაა, არქეოლოგიური გათხრებით დავაფიქსიროთ და დავადგინოთ, თუ რა ურთიერთმიმართება არსებობდა ამ ტერასებს შორის.
– სამარხებზეც მიამბეთ.
– წელს ერთი სამარხი გაითხარა, რომელიც სამეურნეო ორმოში იყო ჩაშვებული და მის თავზე დაფიქსირდა იმდროინდელი ხელსაფქვავები. ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ მიცვალებულის საქმიანობა დაკავშირებული იყო ხორბლეულის მოყვანასთან. მიცვალებულს ჩატანებული აქვს ხელსაფქვავები, თიხის ჭურჭელი. კიდევ ერთი საინტერესო ნივთი აღმოჩდა ამ ორმოში – ეს გახლავთ თიხის ყალიბი. ეს ყალიბი სამგანყოფილებიანია, მცირე ზომის სხმულებით. მასზე ძალიან კარგად ჩანს ლითონის ჩამოსხმის კვალი. ასევე, ხშირი გამოყენების კვალიც თვალშისაცემია, რადგან დაზიანებულია.
– რას ასხამდნენ ამ ყალიბით?
– ბრინჯაოს და შემდეგ მისგან სხვადასხვა ნივთს ამზადებდნენ. ამ ყალიბის აღმოჩენით, შეიძლება, დავასკვნათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევარში მეტალურგიასაც მისდევდა.
– დაკრძალვის როგორი ტრადიცია იყო იმხანად გავრცელებული?
– ჭობარეთში აღმოჩენილ სამარხებს აკლდამის სახე აქვს. გვხვდება როგორც კოლექტიური, ასევე ინდივიდუალური აკლდამები. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, შესასვლელი აქვს აღმოსავლეთის მხრიდან. წინიდან კი აფარებული ჰქონდა ბრტყელი ფილა. რადგან კოლექტიური სამარხი იყო, ამ ფილას გაწევდნენ, ძველ მიცვალებულს მიწევდნენ ერთ მხარეს და ახალ მიცვალებულს დაკრძალავდნენ, შემდეგ ისევ ამ ფილას აფარებდნენ. ერთ-ერთ აკლდამაში 5 მიცვალებული იყო დაკრძალული. 4 მიცვალებული მიეხვეტათ სამარხის ერთ-ერთ კუთხეში, მეხუთე კი – დაკრძალული იყო მოხრილი კიდურებით, მარცხენა გვერდზე.
– ეს რას ნიშნავს?
– ადრე ბრინჯაოს ხანაში უმეტესად გავრცელებულია დაკრძალვის ასეთი წესი: მიცვალებულებს კრძალავდნენ მარჯვენა, ან მარცხენა გვერდზე ხელ-ფეხმოკეცილს.
– ემბრიონივით... ანუ როგორც მოევლინენ ქვეყანას, ისევე მიდიან?..
– სამეცნიერო ლიტერატურაში ასეთი ვარაუდიც არსებობს.
აქვე, დადასტურდა დაკრძალვის მეორე ფორმაც. ერთ-ერთ ნაგებობაში იატაკი იყო ჩაჭრილი, შიგ დიდი დერგი (თიხის ჭურჭელი) იდგა რომელშიც 2 წლის ბავშვი გახლდათ დაკრძალული. დაკრძალვის მსგავსი ფორმები წინა აზიის ადრეულ და ამ პერიოდის ძეგლებზე გვხვდება. კავკასიაში დერგში დაკრძალვის თითო-ოროლა შემთხვევაა დაფიქსირებული. 
– დერგს ძირითადად რისთვის იყენებდნენ?
– ეს სამეურნეო დანიშნულების ჭურჭელია, რომელშიც შესაძლოა, შეინახო, სითხე, ხორბლეული, ან ფქვილი. სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ. ამ შემთხვევაში, გამოყენებულია დასაკრძალავადაც.
გათხრებმა ცხადყო ისიც, რომ 5500 წლის წინათ, ანუ ადრე ბრინჯაოს ხანაში, ჭობარეთში მცხოვრები მოსახლეობა არ იყო ჩაკეტილი. მათ ურთიერთობები ჰქონდათ წინა აზიის მოსახლეობასთან.
– ეს რით დასტურდება?
– ერთ-ერთ ნაგებობაში აღმოჩენილია ქვის მცირე ზომის საბეჭდავი, რომელიც თავისი ფორმით წინააზიური წარმოშობისაა. ასეთი საბეჭდავები იმდროისთვის ძალაუფლებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებლად მიიჩნეოდა. აქვეა, ნაპოვნი თიხის ჭურჭლის ნატეხები, რომელიც წინა აზიიდან უნდა იყოს იმპორტირებული.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, კერძოდ, ასპინძის ტერიტორიაზე, სოფელ ჭობარეთში, ტერასულ დასახლებაზე მოსახლეობა ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის, მეორე ნახევარში. ამ მოსახლეობას ჰქონდა თავისი ტრადიციები, არქიტექტურა, კულტურა, ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვიცით, რომ დმანისის ნაქალაქარზე, ქვედა ფენებში ადრეული ქვის ხანის ადამიანების ნაშთებია აღმოჩენილი. რაც მიუთითებს, რომ მილიონ შვიდასი-მილიონ რვაასი ათასი წლის წინ, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე სახლდება ადამიანი. იქედან მოყოლებული, ბუნებრივი, კლიმატური და გეოლოგიური პირობები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ადამიანს ნაყოფიერად ეცხოვრა ამ ტერიტორიაზე დღემდე.

скачать dle 11.3