კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სთხოვენ მარიამ გიგუაშვილს პატრულის თანამშრომლები და როდის ხდება ის მორიელივით საშიში

იშვიათად მინახავს ისეთი მიზანდასახული ადამიანი, როგორიც მარიამ გიგუაშვილია. ის საკმაოდ ლამაზი, დახვეწილი და, ამავდროულად, ჭკვიანია. იცის, რომ ახლა იმ ასაკშია, როცა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს შანსები, ბევრი იშრომოს, ისწავლოს და მომავალში ამით მიაღწიოს წარმატებებს. როგორც თავად ამბობს, უნდა, ის სტერეოტიპი დაანგრიოს, რომ თითქოს, ლამაზ გოგონებს ჭკუა არ მოეკითხებათ. ასე რომ, 23 წლის მარიამისთვის სილამაზე საქმეში მხოლოდ ხელის შემწყობი ფაქტორია, თუმცა, არასდროს ცდილობს გარშემო მყოფების მხოლოდ ამ „იარაღით” მოხიბვლას.

მარიამ გიგუაშვილი: ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და, ვცდილობ, ბევრი ვისწავლო, მივიღო გამოცდილება და ჩემი შრომითა და ცოდნით მივაღწიო დასახულ მიზნებს. თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე დრამატურგიის განხრით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ვწავლობდი ერთი წელი სარეჟისოროზე. ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტშიც ვისწავლე. ახლახან კი პროექტ „იღბლიან დებიუტში” მივიღე მონაწილეობა და გამარჯვებულებს შორის მოვხვდი. ეს არის რადიო „ფორტუნა ჰოლდინგის” პროექტი, სადაც უნდა დაგეწერა მასალა და იმის მიხედვით შეირჩეოდა გამარჯვებული. მე დავწერე სტატია იმ ქალებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს და გამარჯვებულ სამეულში მოვხვდი. ტელევიზიაშიც გავდიოდი სტაჟირებას დოკუმენტური კინოს განხრით.
– ასაკით პატარა ხარ და ამდენი როგორ მოახერხე?
– (იცინის) ძალიან ენერგიული ვარ, არ მეზარება შრომა და, ვცდილობ, ყველგან მოვსინჯო ძალები. სულ ძიებაში ვარ. სხვათა შორის, გარკვეული პერიოდი, თეატრში ვთამაშობდი ეპიზოდურ როლებს; ასევე, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც” ვარ ეპიზოდურ როლში გადაღებული. ჟურნალისტიკაშიც ვთანამშრომლობ – ვწერ სტატიებს და ვბეჭდავ. ფოტოსესიებზეც მიწევს სიარული. სამოდელო სტუდიებიდანაც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ, თავს ვიკავებ. ახლაც მაქვს პატარ-პატარა შემოთავაზებები და ვნახოთ. ძალიან მიყვარს ხელოვნება და, განსაკუთრებით – კინემატოგრაფია. მეხუმრებიან ხოლმე მეგობრები, როგორი ადამიანი ხარ, ცხოვრებას რქებით აწვებიო. ზუსტად ასეა. თუ გინდა, რომ  ცხოვრებაში რამეს მიაღწიო, ასეთი „რქიანი“ უნდა იყო (იცინის). ზუსტად ვიცი, უახლოეს მომავალში ძალიან წარმატებული ადამიანი ვიქნები – ამის მჯერა. თან, ზოდიაქოთი მორიელი ვარ, ცოტა კბენაც მეხერხება და ჩემს გაბრაზებას არავის ვურჩევ (იცინის). სხვათა შორის, წაკითხული მაქვს, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სექსუალურები, მიზანდასახულები და ჭკვიანებიც არიან, მაგრამ მათი გაბრაზება ყველას ძვირად უჯდება.
– უცხოეთშიც ხომ არ აპირებ ძალების მოსინჯვას?
– რატომაც არა! მინდა, არა მარტო საქართველოში, არამედ, მის ფარგლებს გარეთაც ვიყო ცნობილი და წარმატებული. საქართველოში პატარა ჩარჩოებია და ძნელია მასში ჩაეტიო, უცხოეთში კი მეტი გასაქანია და უფრო გეძლევა შანსი, მაქსიმუმს მიაღწიო.
– გამორჩეული გარეგნობა გაქვს. ქუჩაში, ალბათ, ბევრი გაყოლებს თვალს და თაყვანისმცემლების სიმცირესაც არ განიცდი, ხომ ასეა?
– საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს, მაგრამ, ფაქტია, ქუჩაში რომ მივდივარ, ყურადღებას მაქცევენ (იცინის). მანქანებიდან ყურებას, კომპლიმენტებსა და თვალის გამოყოლებას მიჩვეული ვარ. არ დამავიწყდება, ჩემს მეგობარ გოგონას ვაცილებდი. გაჩერებაზე ვიდექით და მე მობილურ ტელეფონზე ვლაპარაკობდი. უცებ, ვიღაც ტიპი დამეტაკა და ტუჩებში მაკოცა. ისე დავიბენი და შემეშინდა, ვერაფერი ვუთხარი. მაშინვე გავვარდი სახლში და აბაზანაში კბილის ჯაგრისით ვიხეხე ტუჩები (იცინის). დედამ არ იცოდა, რა მოხდა და, რომ დამინახა ტუჩებს ჯაგრისით ვიხეხავდი, ეგონა, გავგიჟდი (იცინის). არც საჩუქრებსა და ყვავილებს მაკლებენ უცნობი თაყვანისმცემლები, მაგრამ, ყვავილების მირთმევა გოგოსთვის ცოტა ბანალური მეჩვენება, უფრო რომანტიკული სიურპრიზი მირჩევნია ბიჭისგან. ჩემთვის რომანტიკა ცოტა სხვა რამაა. მოკლედ, ბანალური რომანტიკა არ მხიბლავს.
– შეყვარებული არ გყავს?
– შეყვარებულს ახლახან დავშორდი. ასე რომ, ჩემი გული თავისუფალია (იცინის).
– ამბობენ ლამაზი ქალები ადვილად აღწევენ წარმატებას გარეგნობის წყალობითო – ამ აზრს ეთანხმები?
– გეტყვით. მე მინდა, დავანგრიო სტერეოტიპი, რომ ლამაზი ქალები ჭკვიანები არ არიან. ანუ, ის აზრი, რომ არ შეიძლება, ქალი ერთდროულად იყოს წარმატებული თავის საქმეში, ჭკვიანი, განათლებული და, ამავდროულად, მოწესრიგებული და ლამაზიც, სრული აბსურდია. სილამაზე, უბრალოდ, გეხმარება, ადვილად მიაღწიო დასახულ მიზანს, მაგრამ, თუ განათლება,  გამჭრიახობა და ცოდნა არ გაქვს, ამას ვერ მიაღწევ. მე კი არ ვოცნებობ, რეალურად ვსახავ ჩემს მიზნებს და, ზუსტად ვიცი, რომ ავიხდენ. აუხდენელი ოცნებები და არარეალურზე ფიქრი არ მიყვარს, თორემ, ფანტაზიის უნარი საკმაოდ განვითარებული მაქვს. დღეს ძიებაში ვარ და ამ ეტაპზე არ მივიჩნევ თავს წარმატებულ ადამიანად, მაგრამ პერსპექტიული გოგო ვარ. ჩემი აზრით, კარგი და სექსუალური გარეგნობა, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ კი – ცუდი.
– ცუდი რატომ?
– სადაც არ უნდა მიხვიდე, მაგალითად, გასაუბრებაზე, სხვანაირად გელაპარაკებიან და სხვა თვალით გიყურებენ, თორემ, იმ სამსახურში მოხვედრის სხვაზე დიდი შანსი გაქვს.
– ასეთი ფაქტები შენს ცხოვრებაშიც ყოფილა?
– რამდენიც გინდათ, იმდენი. ეს კი არა, პატრულსაც გავუჩერებივარ და, გული რომ გამხეთქვია, ნეტავ რა დავაშავე-მეთქი, ტელეფონის ნომერი უთხოვია (იცინის). ზოგადად, ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს ბევრ ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ, მსგავს რამეებს ვერ ვიტან.
– თავის მოვლას რამდენ დროს უთმობ?
– საერთოდ არ დავდივარ სალონში, ერთადერთი წარბებს ვიკეთებ. ბუნებრივი თმის ფერი მაქვს, არც ვიჭრი და არც ვიღებავ. მანიკიურ-პედიკიურსაც ჩემით ვიკეთებ. არც ვეწევი, არც ვსვამ და, ვხუმრობ ხოლმე, ნატურალური, პერსპექტიული და ჯანმრთელი სარძლო ვარ-მეთქი (იცინის). დამიჯერეთ, არც დიეტაზე ვყოფილვარ არასდროს, წონას ისე ვინარჩუნებ – 47 კილო ვარ. ჭამას კი ვაკონტროლებ, მაგრამ, შოკოლადის „ნარკომანი” ვარ. ისე ძალიან მიყვარს, ღამის 3 საათზე ჩავსულვარ მაღაზიაში, მიყიდია და მიჭამია. ბევრი მეუბნება, ქეთა თოფურიას ჰგავხარო. ვერ გეტყვით, რამდენად ვგავარ ქეთას, მაგრამ, მგონი, მსგავსი ცხვირები, თმა და მოყვანილობა გვაქვს. არ დაგიმალავთ, ქეთა თოფურია ძალიან მომწონს. ისიც მიზანდასახულია და მეც, ისიც მებრძოლი ადამიანია და მეც და, მგონი, ესეც საკმარისია ჩვენს მისამსგავსებლად. უბრალოდ, ის უკვე წარმატებულია, უცხოეთში ცნობილი, მე კი ჯერ ამ გზას ვადგავარ და, იმედი მაქვს, დავეწევი (იცინის).

скачать dle 11.3