კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იგერიებდა ცოლშვილიან კაცებს ასმათ ტყაბლაძე და რა ჩამოჰქონდა მას უცხოეთიდან გასაყიდად

მსახიობ ასმათ ტყაბლაძეს მაყურებელი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან” იცნობს, რომელშიც ის მკაცრი დედამთილის როლს თამაშობს. ცოტა ხნის წინ ის საზოგადოებამ პოლიტიკური კუთხითაც გაიცნო, როგორც „ლეიბორისტული პარტიის” წარდგენილი მერობის კანდიდატი, სადაც ის დამარცხდა, თუმცა, ქალბატონი ასამთი პოლიტიკური აქტიურობით მანამდეც გამოირჩეოდა – მაშინაც, როცა თბილისში უდენობა, უგაზობა და, ზოგადად, სრული განუკითხაობა იყო, მსახიობი გამოსვლებს მართავდა, საკმაოდ ხმამაღლა ამბობდა სათქმელს, გაჭირვების  ჟამს ხალხს გვერდით ედგა და ამის გამო ის დაისაჯა კიდეც – საყვარელი თეატრიდან გაათავისუფლეს, რაც მისთვის დღემდე ყველაზე მტკივნეული თემაა პირადი ცხოვრების შემდეგ, თუმცა, მისი ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდა. ამჟამად ასმათ ტყაბლაძეს ვერაზე, პეროვსკაიას ქუჩაზე, აქვს ძალიან ლამაზი პატარა კაფე-ბარი, ჰყავს ქალიშვილი და შვილიშვილი; საოჯახო თუ საგარეო საქმეებსაც ისევ ისე უძღვება, როგორც აქამდე უძღვებოდა და მამაკაცური საქმეებიც, დიდი ხანია, საკუთარ თავზე აქვს აღებული.                     

 

– ქალბატონო ასმათ, საზოგადოებას აინტერესებს, როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა ასმათ ტყაბლაძე, რა გზა აქვს გამოვლილი, რა სირთულეები ჰქონია, როგორ გახდა მსახიობი...   

–  სკოლაში ხშირად ვმონაწილეობდი ღონისძიებებში, ვცეკვავდი, ვმღეროდი, მხატვრულად ვკითხულობდი. რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე საქართველოს მასშტაბით სამჯერ ავიღე პირველი ადგილი. ლადო ასათიანის „კრწანისის ყაყაჩოები” რომ წავიკითხე, პიონერთა სასახლეში უმაღლესი ხარისხის ჯილდო – ოქროს მაჯის საათი და მხატვრული კითხვის ოსტატის წოდება გადმომცეს. სკოლა მედალზე დავამთავრე. სკოლის პარალელურად, არაყიშვილის სახელობის სამუსიკო ტექნიკუმში ვსწავლობდი. ძალიან მინდოდა თეატრალურზე ჩაბარება, მაგრამ, ასევე, მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი. ბოლოს ორივეზე ჩავაბარე. თეატრალურში 12 აბიტურიენტი იყო და ყველაზე მეტი ქულა მე დავაგროვე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ოცდაათი წელი ვიმუშავე მარჯანიშვილის თეატრში. ყველამ კარგად იცის, რომ ეს იყო გენიალური თეატრი, სადაც იყვნენ: ვასო გოძიაშვილი, სესილია თაყაიშვილი, კოტე მახარაძე, იაშა ტრიპოლსკი, ელენე ყიფშიძე, მარინე თბილელი (მერე გადავიდა რუსთაველის თეატრში), ზურაბ ლაფერაძე, სოფიკო ჭიაურელი, ტარიელ საყვარელიძე, მზია მახვილაძე... ძალიან მალე დავუმეგობრდი ყველას. თავიდან უშტატოდ ვიყავი, მაგრამ, გამოსვლებზე 150 მანეთს ვიღებდი. ყველა სპექტაკლში ვიყავი დაკავებული. მერე შტატში ამიყვანეს და ხელფასი 100 მანეთი მქონდა. ბოლოს სხვანაირად დამთავრდა თეატრში ჩემი ყოფნა. 

–  ბუნებრივია, ეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი რთული პერიოდი იყო. შეგიძლიათ, გაიხსენოთ თეატრიდან წამოსვლის  ეპიზოდები?  

– ძალიან „ბუნტოვშიცა” ხარო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა პირდაპირ მითხრა, ურჩი ხარო. ურჩი კი არა, გენიალური ადამიანი ვარ, შემიძლია, დავიცვა ჩემი მეგობრები, ადამიანები, ჩემი ქვეყანა. სიავით კი არა, სიკეთით და სიყვარულით ვაკეთებ ყველაფერს! წამოვხტი და ვთქვი: ამას ვერ გააკეთებთ, მე შეგებრძოლებით-მეთქი. მთელი ამბები იყო, ცხრა სასამართლო პროცესი მოვიგე. არა მარტო თეატრის ხელმძღვანელობას, მის დამცველებსაც ვებრძოდი. მეღვინეთუხუცესსა და მის ცოლს ეგონათ, ყველაფრის უფლება ჰქონდათ. 35 კაცი დაგვითხოვეს. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო თეატრში საბუთების მხრივ, ზოგიერთი, შეიძლებოდა, ციხეშიც წასულიყო. შეეშინდათ და შემომითვალეს, ოღონდ გაჩერდი და რა როლიც გინდა და რა ხელფასიც, მოგცემთო. მე ვუთხარი ან ყველა დაბრუნდება, ან არავინ-მეთქი. უსინდისოდ მომექცნენ. მერე წავედი უცხოეთში, ჩამომქონდა საქონელი და ვაბარებდი. ვფიქრობდი, კიდევ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ოჯახს მივხედო-მეთქი. კრედიტი ავიღე და ვერაზე ეს ბარი გავხსენი. გარდა ამისა, შესანიშნავად ვკერავდი, ვქსოვდი და ჩემს ნახელავს ვაბარებდი. არასდროს გასჭირვებია ჩემს ოჯახს, პირიქით, მეგობრებსაც ვეხმარებოდი. შემიძლია, დიდ მშენებლობასაც ვუხელმძღვანელო. 

– თეატრთან დაკავშირებულ არასასიამოვნო მოგონებებს, ალბათ ბევრი სასიამოვნო მოგონებაც ახლავს. 

–  რა თქმა უნდა. მე მინდა, ვასო გოძიაშვილი გავიხსენო,  მართლაც გენიალური ადამიანი იყო. გვეჩხუბებოდა, გოგოები შარვლებით რომ დავდიოდით – მაშინ ახალი შემოსული იყო ქალზე შარვალი. ვემალებოდით, თეატრში უკანა შესასვლელიდან შევდიოდით. იქვე ჰქონდა საგრიმიორო. ან კაბით უნდა გამევლო, ან არ უნდა გამევლო. მივესალმებოდი, როგორ ბრძანდებით, ძია ვასო-მეთქი. ის კი მეტყოდა: აი, მალადეც, ქალურად გაცვია, ბიჭივით კი არ დადიხარო. მის სპექტაკლში – „მზის დაბნელება საქართველოში,” ბოშა გოგოს ვთამაშობდი. დამდგმელი ქორეოგრაფი ჯანო ბაგრატიონი გახლდათ. რეპეტიციაზე რომ შევედი და ვნახე, არა, ეს არ მინდაო, – თქვა გოძიაშვილმა. მისი მეუღლე, ჟენია, პიანისტი იყო. ჟენია, შენ დაუკარიო, – უთხრა, მერე სცენაზე ავიდა და ბოშა ქალის ცეკვა შეასრულა. თხუთმეტი წუთი ვუკრავდით ტაშს. გული მწყდება, რომ მაშინ ვიდეოკამერები არ იყო, რომ გადაეღოთ. ძია ვასოს თავისი უცნაურობები ჰქონდა. სახლში არაჩვეულებრივად მიგიღებდა, გაგიმასპინძლდებოდა, მაგრამ, ცოტა ხელმომჭირნეობაც იცოდა. მისმა გერმა, ჟენიას შვილმა, ცოლი შეირთო და, უნდოდა, საჩუქარი ეყიდა. მთხოვა: შენ კარგი გემოვნება გაქვს და წამოდი, რამე ავარჩიოთო. თეატრის წინ უნივერმაღი იყო. წავედით. ახალგაზრდა მსახიობისთვის ვასო გოძიაშვილთან დალაპარაკება და გავლა პრესტიჟი იყო. ავარჩიე. ახლა მეკითხება, რა ღირსო. 70 მანეთი-მეთქი. ვა, შენ რაებს მიჰქარავ, ჩამოდი ქვემოთ, „დალშე“ წავედითო. სხვა შევარჩიე. ეგ რა ღირსო, – ისევ მეკითხება. 50 მანეთი, ძია ვასო, – ვუპასუხე. ვა, რა ამბავია, კაცო, ორმოცდაათი მანეთი! ორმოცდაათი მანეთით შენ იცი, კაცმა რაები შეიძლება, ქნას? მთელი ოთხი სართული შემოვიარე და, ბოლოს, ხუთმანეთიან საჩუქარზე ჩამოვედით. აბა, როგორია, მოეწონებაო? როგორ არ მოეწონება, კარგია-მეთქი. ხომ არ ვეტყოდი, არ ვარგა-მეთქი. ის რა იყო, პირველად რომ მაჩვენე, რა მიქარვა იყოო, – მითხრა. 

– საკმაოდ სერიოზული, მკაცრი ქალბატონის შთაბეჭდილებას ტოვებთ, სინამდვილეში კი ხართ ლაღი, კარგი უმორის მქონე ადამიანი. ეს, ალბათ, ყველამ არ იცის. კიდევ მოგვიყევით რამე. 

– ექვსი წლის წინანდელი ამბავი მინდა გავიხსენო. სახლში მოხუცი დედა მყავდა და კონდიციონერი დავაყენე. ზაფხულში შეუძლებელია, არ ჩართო. ჩავრთე კონდიციონერი და წავედი საქმეზე. დამავიწყდა გამორთვა. მარტო დედა იყო სახლში. მეზობელს ვურეკავ – ლია, შენი ჭირიმე, ხომ გაქვს ჩემი გასაღები, გეხვეწები, ადი ჩემთან სახლში და კონდიციონერი გამორთე-მეთქი. ავიდა და რას ხედავს: დედაჩემი ზის, აცვია წინდები, პალტო, შალი აქვს მოხვეული წელზე და თავზე. ამ დროს კი გარეთ იწვის ყველაფერი, 42 გრადუსი სიცხეა. თამარა დეიდა, რა ხდება, თოვლი მოვიდა გარეთო? – უკითხავს ლიას. ლია სიცილით კვდებოდა, ამას რომ მიყვებოდა.

– ელექტროენერგიაზე გამახსენდა: ერთხელ „თელასის” ხალხი შეგიშინებიათ სერიოზულად – როცა დავალიანებაზე მოგაკითხეს სახლში, თქვენ გითქვამთ, ერეკლე მეფემ გამათავისუფლა გადასახდებისგანო.  

– მაშინ, ამ ისტორიას წინაპრებით დავიწყებ:  იცით, როცა ასეთი წინაპრები გყავს, თავს უფლებას არ აძლევ, უღირსად მოიქცე – ხომ არ შეარცხვენ შენს წინაპრებს, თან, გინდა, რომ შენც გამორჩეული იყო. მამით იმერელი გახლავართ, დედით – ფშაველი. ძალიან კარგი წინაპრები მყავდა დედის მხრიდან, გვარად ჭინჭარაულები. მათი ერთ-ერთი წინაპარი შატილიდან წამოვიდა ოჯახით, დასახლდა თუშეთის ერთ-ერთ სოფელში – ეგნისში. როგორც ვიცი, სისხლი ემართა და, ერთმანეთი რომ აღარ დაეხოცათ, იქაურობას გამოერიდა. დედაჩემის პაპის პაპა ერთ-ერთი სამასარაგველთაგანი იყო – კარგი მებრძოლი, თავის ქვეყანას ღირსეულად იცავდა, ხშირად იგებდნენ ბრძოლას. ერეკლე მეფე კარგი ბრძოლისთვის მებრძოლებს აჯილდოებდა: ზოგს აზნაურობას ანიჭებდა, ზოგს გადასახადებისგან ათავისუფლებდა. ჩემი წინაპრისთვისაც შეუთავაზებია, რომელი გინდაო. ხევსურები თავისუფალი ხალხია, მათთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა აზნაურობას. რად მინდა აზნაურობა, ხარკისგან თუ გამათავისუფლებთ, ყველაზე კარგი ეგ იქნებაო, – მიუგო მან და ერეკლემაც გაათავისუფლა. ჩვენმა ოჯახმა იცოდა ეს ამბავი, რომ ასეთი სახელოვანი წინაპარი გვყავდა, რომელიც ერეკლე მეფემ გადასახადებისგან გაათავისუფლა და მოხდა ასეთი რამ: ყველას გახსოვთ ის პერიოდი, როცა არც შუქი იყო, არც გაზი. ბავშვს პალტოსა და ხელთათმანებს ვაცმევდი, ქუდს ვახურავდი და ისე ვაძინებდი. გაოცებული თვალებით მიყურებდა და მეკითხებოდა – დედა, სად მივდივართო. არსად, შვილო, ვიძინებთ-მეთქი. ვერავინ მაჩერებდა, აქციას აქციაზე ვაწყობდი, გადაკეტილი მქონდა მთელი თბილისი. ვაკე რამდენიმე დღე გვქონდა გადაკეტილი. ყველა მხედავდა ტელევიზორში, რომ ასე აქტიურად ვიბრძვი დენისთვის, გაზისთვის. მოუმატებდნენ გადასახადს და – მარეგულირებელ საბჭოში მივდიოდი დიდი ჩხუბით, რომ ტარიფისთვის დაეკლოთ. ამ პერიოდში ჩემთან სახლში მოდის ინკასატორი. სინათლე არ გვქონდა, მაგრამ, რაღაც გადასახადი მაინც იყო. ძალიან მოკრძალებით მეუბნება: ქალბატონო ასმათ, იცით, სინათლის ფული გაქვთ გადასახდელი და ამისთვის ვარ მოსულიო. მე არ ვიხდი გადასახადს, გათავისუფლებული ვარ გადასახადებისგან-მეთქი. შეცბა, რადგან მაშინ არავინ არ იყო გათავისუფლებული ამისგან და მკითხა, ვინ გაგათავისუფლათო. ერეკლე მეფემ-მეთქი. ამ კაცმა იფიქრა, დენსა და გაზზე ამდენი ლაპარაკით, ეტყობა, გააფრინა ამ ქალმაო. კი გენაცვალე, როგორ არაო, – მიპასუხა და გარბის. მოიცადეთ! – ვუძახი, – მართლა ვარ გათავისუფლებული გადასახადებისგან-მეთქი.

– მართლია, არავის უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაინც უნდა გკითხოთ: როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია? რატომღაც, მგონია, თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც დასამალი არც არაფერი აქვს.      

–  ხშირად მყავდა როგორც მსახიობი თაყვანისმცემლები, ისე დარბაზიდან. ზოგი ყვავილებს მიგზავნიდა, ზოგი სიმპათიებს მითვლიდა. პატარა სიმპათიები და რომანები გვქონდა მე და თენგიზ არჩვაძეს, რომელიც სპექტაკლ „თვალი პატიოსანის” მერე გაჩნდა. მაშინ თენგიზი 37 წლის იყო, ცოლთან ოფიციალურად იყო დაშორებული და ამიტომ დავუშვი ეს, თორემ, არასდროს მიფიქრია, ცოლშვილიან კაცთან რომანი გამება. მანამდეც მოვწონდი ცოლშვილიან მამაკაცებს, მაგრამ, არავისთვის მიპასუხია. მერე თენგიზი ცოლს შეურიგდა. ეს იყო, უბრალოდ, ახალგაზრდული გატაცება და სხვა არაფერი. ასე დამთავრდა ყველაფერი, მშვიდად და ლამაზად დავშორდით ერთმანეთს. მას შემდეგ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიყვარდა.

– თქვენ გყავთ შვილი. თქვენი გადაწყევტილება იყო, არ შეგექმნათ ოჯახი? ბევრი ქალი ვიცი, ვინც სულაც არ მიიჩნევს საჭიროდ, ჰყავდეს ქმარი, „ჩაჯდეს” ოჯახში და რეცხოს და ხეხოს. რატომ არ გათხოვდით? 

–  ამ თემაზე არ ვლაპარაკობ, არ არის საჭირო. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბუნებით ძალიან ძლიერი ქალი ვარ და არასდროს შემშინებია, მარტო გამეზარდა ბავშვი. შვილი აუცილებელი იყო ჩემთვის. ქვეყანას მირჩევნია, აღარც კაცი მახსოვს და აღარც სიყვარული. შვილი საკმაოდ გვიან, ორმოცი წლის ასაკში გამიჩნდა. ძალიან კარგი გოგოა, მყავს შვილიშვილიც.  პატარა რომ იყო, ჰკითხეს: თამუნა, როგორი მამა გინდა, გყავდესო და – მელ გიბსონი მომწონსო. მე რომ შევხვდები მელ გიბსონს, ვეტყვი და შენი ხათრით მითხოვს-მეთქი. ბრძოლის უნარი ყველაფერში მაქვს, პირად ცხოვრებაშიც, მეგობრობაშიც, ქვეყნისთვისაც. მამაკაცები სუსტები არიან, ძალა არ ჰყოფნით და, ამიტომ, ადვილად მართვადები არიან. სულ არ მჭირდება, ადვილად სამართავი კაცი მყავდეს გვერდით.

 

скачать dle 11.3