კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახსნა საბჭოთა უშიშროებამ თეირანში ფაშისტური შეთქმულება და რა სიურპრიზი მოუმზადა დაბადების დღეზე სტალინმა ჩერჩილს

1943 წლის ნოემბრის მიწურულს, ირანის დედაქალაქ თეირანში, ცნობილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. მსოფლიოს ამ წამყვან ქვეყნებს მათი ლიდერები წარმოადგენდნენ: სტალინი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი – ფრანკლინ დელანო რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – უინსტონ ლეონარდ-სპენსერ ჩერჩილი.

კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენდა და ამის თაობაზე ფაშისტური გერმანიაც იყო ინფორმირებული. ჰიტლერის დავალებით, გერმანულმა დაზვერვამ ზესაიდუმლო ოპერაციისთვის დაიწყო მზადება. ამ ოპერაციის მიზანი გახლდათ, სამივე სუპერსახელმწიფოს ლიდერის ერთდროული ლიკვიდაცია. ჰიტლერს იმედი ჰქონდა, რომ თუკი სტალინს, რუზველტსა და ჩერჩილს მოკლავდა, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში გარდატეხას შეიტანდა და გაიმარჯვებდა.

ამ მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელების თარიღად 30 ნოემბერი იყო დანიშნული. იმ დღეს ჩერჩილს 69 წელი უსრულდებოდა. ფაშისტები ვარაუდობდნენ, რომ სამივე ლიდერი ამ დღეს ბრიტანეთის საელჩოში შეიკრიბებოდა დაბადების დღეზე.

საბჭოთა დაზვერვას უკვე გახსნილი ჰქონდა ეს შეთქმულება. ტერორისტს კუდზე ასხდნენ და მის გამოჩენას ელოდნენ. სტალინი ინფორმირებული იყო ყველაფრის შესახებ. ამიტომ, როდესაც 29 ნოემბერს, საბჭოთა საელჩოში გამართული სხდომის შემდეგ ჩერჩილმა რუზველტი და სტალინი მეორე დღისთვის დაბადების დღეზე დაპატიჟა, სტალინმა მას მიუგო:

– ბატონო პრემიერო, ხვალისთვის მე ორი სიურპრიზი მოგიმზადეთ.

1943 წლის 30 ნოემბერს, ჩეკისტებმა ტერორისტი ბრიტანეთის საელჩოს ქვეშ, გვირაბში დააპატიმრეს. ფაშისტს თან ჰქონდა სპეციალურად დამზადებული უხმო პისტოლეტი და ოფიციანტის უნიფორმა.

საზეიმო ვახშმის დაწყების წინ, ბერიამ სტალინს ტერორისტის დაპატიმრების შესახებ ამცნო და დიდი ბელადი კმაყოფილი სახითა და საზეიმო განწყობით შევიდა დარბაზში.

– ბატონო სტალინ, თქვენს სიურპრიზს ველოდებით, – შეახსენა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სტალინს.

სტალინმა ბერიას რაღაც ანიშნა და ბერია გავიდა. საბჭოთა ბელადმა კი ჩერჩილს უთხრა:

– ბატონო პრემიერო, გილოცავთ სამოცდამეცხრე დაბადების დღეს და გისურვებთ დიდი ხნის სიცოცხლეს. თქვენი ასი წლის იუბილეზე შევკრებილიყავით და ეს დიდებული თარიღი ერთად აღგვენიშნოს!

დარბაზში ამ დროს სამი ჩეკისტი შემოვიდა, რომლებსაც წინ ლავრენტი ბერია მოუძღოდა.  საბჭოთა უშიშროების შეფს ლამაზად გამოყვანილი, ერთლიტრიანი, დაბეჭდილი ბოთლი ეკავა ხელში. ჩეკისტებს კი ყუთები ეჭირათ და თითოეულ ყუთში ოცდასამი ასეთი ბოთლი იყო ჩაწყობილი.

სტალინმა ბერიას ანიშნა და მან დაბეჭდილი ბოთლი გახსნა. შემდეგ სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტისთვის განკუთვნილ კონიაკის ფუჟერებში სითხე ჩამოასხა. სტალინმა ჭიქა ასწია და თქვა:

– ბატონი პრემიერი, ალბათ, არ მიწყენს, თუკი ტრადიციას ოდნავ გადავუხვევ და იუბილარის სადღეგრძელოს მაგივრად, საბჭოთა „ჩეკას“ ვადღეგრძელებ.

დარბაზში შეკრებილ ადამიანებს სახეებზე დაბნეულობა დაეტყოთ. სტალინმა კი ღიმილით განმარტა:

– ერთი საათის წინ, საბჭოთა უშიშროებამ ფაშისტი ტერორისტი დააპატიმრა. მას ჩვენ, სამი სახელმწიფოს ლიდერები უნდა მოვეკალით და ასე რომ მომხდარიყო, ამ საუცხოო კონიაკს ვეღარ დავლევდით. გაუმარჯოს „ჩეკას“!

„ჩეკა”, რუზველტმა და ჩერჩილმაც ადღეგრძელეს და კონიაკი შესვეს. დანარჩენმა შეკრებილებმა კი ჩერჩილის დაბადების დღისთვის სპეციალურად ჩამოსხმული, შოტლანდიური ვისკით ადღეგრძელეს „ჩეკა“!.. ჩერჩილს ალკოჰოლი ძალიან უყვარდა. ის ბრწყინვალედ ერკვეოდა სასმელებში. ამიტომ, კონიაკი რომ დალია, თავი გააქნია სიამოვნებისგან და სტალინს უთხრა:

– ეს ყუთები ამ ბანკეტისთვის მოიტანეს?

– არა. ეს ის მეორე სიურპრიზია, რომელზეც გუშინ ვამბობდი – თქვენი საჩუქარი.

– გმადლობთ, ბატონო სტალინ. ვფიქრობ, ამ საუცხოო კონიაკების სერია უპირველეს ადგილს დაიკავებს სასმელების ჩემს კოლექციაში, – თქვა ჩერჩილმა. თანაშემწეს სთხოვა, რომ სასმლით სავსე ყუთები წაეღოთ და სტალინს მიმართა:

– სამწუხაროა, ბატონო სტალინ, რომ ასი წლის არ გავხდი დღეს...

ჩერჩილი ბოთლების რაოდენობას გულისხმობდა. მას ხომ 69 წელი შეუსრულდა და 69 ბოთლი კონიაკი მიიღო საჩუქრად.

ჩეკისტებმა კიდევ ოცი ბოთლი კონიაკი შემოიტანეს. საუცხოო სასმელი ყველამ მიირთვა და ერთხმად აღნიშნეს მისი განუმეორებელი გემო. ჩერჩილი აღფრთოვანებული იყო და სტალინს ჰკითხა, თუ სად დამზადდა ეს სითხე.

საბჭოთა ბელადს გაეღიმა და ჩერჩილს უთხრა:

– ეს კონიაკი ჩემი მეგობრის, კახელი გლეხის, გურამ გეთიაშვილის დამზადებულია. ჯერ კიდევ ახალგაზრდა რევოლუციონერი ვიყავი, როცა კახეთში, ეს საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა, ისევე, მაგალითად, როგორც ინგლისში – სასექსი, კომუნისტურ აგიტაციას ვატარებდი. სწორედ იქ გავიცანი გურამი და სახლში რომ ვეწვიე, პირველად მაშინ გავსინჯე ეს სითხე...

ჩერჩილმა, გურამ გეთიაშვილის გაცნობის სურვილი გამოთქვა და მისი სადღეგრძელო პირადადაც შესვა.

ერთი წლის შემდეგ. 1944 წლის 30 ნოემბერს, ლონდონში, ბრიტანელი პრემიერის რეზიდენციაში ჩარჩილის სამოცდაათი წლის იუბილე გაიმართა. საზეიმო ვახშამზე სტალინიც იყო დაპატიჟებული, მაგრამ საბჭოთა ბელადმა მხოლოდ დეპეშით მიულოცა თავის ბრიტანელ კოლეგას იუბილე და ბოდიში მოუხადა, რომ ვახშამს ვერ ესწრებოდა. საზეიმო მიღებაზე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი მივიდა, რომელმაც ჩერჩილს ასი ბოთლი გეთიაშვილის ჩამოსხმული კონიაკი მიუტანა. მოლოტოვს, თავად 65 წლის გურამ გეთიაშვილიც ახლდა. როდესაც კახელი გლეხი ბრიტანელ პრემიერს წარუდგინეს, ჩერჩილმა მას მაგრად ჩამოართვა ხელი. კონიაკი დიდად შეუქო და საჩუქრად ოქროს საათიც უბოძა.

გურამ გეთიაშვილის კონიაკს ჩერჩილი სიცოცხლის ბოლომდე სვამდა და როგორც ამბობენ, ამ სასმელს ის არავის უნაწილებდა.

 

скачать dle 11.3