კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ხანი გავიდა ივანე მაჩაბლის გაუჩინარებიდან და რომელი ვერსიაა სარწმუნო

1898 წლის 26 ივნისის დილა შემაძრწუნებლად გათენდა ქართველი საზოგადეობითვის – უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა უბადლო ლიტერატორი, შექსპიროლოგი და საზოგადო მოღვაწე – ივანე მაჩაბელი. ამ ფაქტიდან საუკუნეზე ბევრად მეტი გავიდა, ივანე მაჩაბელი კი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელისაბედ ზარდიაშვილი, ვანო მაჩაბლის გაუჩინარებასთან დაკავშირებულ რამდენიმე ვერსიას მიმოიხილავს.

 

ელისაბედ ზარდიაშვილი: ვანო მაჩაბლის გაუჩინარების ამბავმა ქალაქში ჭორების კორიანტელი დააყენა. გაზეთი „ცნობის ფურცელი” წერდა, რომ პოლიცია და ჟანდარმერია ღონეს არ იშურებს დაკარგულის მოსაძებნად. მენავეები და ცხენოსნები მტკვარში და მტკვრის პირზე დაეძებენ, მათ ეხმარება ნათესაობაც. იგივე გაზეთი მკითხველებს აცნობდა, რომ ღამის 4 საათიდან ნაშუადღევის 2 საათამდე ვანო მაჩაბელი რამდენიმე კაცმა ნახა. თითქოს მოწმეებიც გამოჩნდნენ, რომ ის მტკვარს მიჰქონდა დილის 5 საათზე, მაგრამ დღის 11 საათზე და 2 საათზე ის ნახეს ლორის-მელიქოვის ქუჩაზე და პუშკინის ბაღთან, ერევნის მოედანზე...

ამის შემდეგ კვალი იკარგება...

ეს საიდუმლო ამბავი დღემდე ბურუსით მოცული დარჩა, თუმცა, იმ პერიოდშიც და მერეც, ვანო მაჩაბლის გაუჩინარების უამრავი ვერსია გაჩნდა.

ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ ვანოს ურთიერთობა ჰქონდა „დუხობორებთან” და მათ გაჰყვაო. იყვნენ თითქოს თვითმხილველებიც. არსებობდა აზრიც, რომ ის ნახეს პეტროზავოდსკში „დუხობორებთან” ერთად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ფაქტის გადამოწმება შეუძლებელი გახდა, რადგან, ომის დროს ქალაქი გადამწვარა და ყველა საბუთი განადგურებულა.…

ეს ყველაზე უხერხემლო და უინტერესო ვერსია იყო.

– საზოგადოებაში ტრიალებდა უფრო მტკივნეული ვერსიებიც. მათ შესახებაც გვიამბეთ.

– ვანო მაჩაბლის გაუჩინარებას ბევრი აკაკის აბრალებდა, ნაწილი – ვანოს არეულ საზოგადოებრივ საქმიანობას, ნაწილი კი – მის ავადმყოფობას. როგორც ცნობილია, ვანო მაჩაბელმა იმ ხანებში მძიმე ოპერაცია გაიკეთა. ამბობდნენ, ასეთი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა, თეორიულად, შეიძლებოდა, ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი მისი ცხოვრებიდან განრიდებისაო. სწორედ თვითმკვლელობის ვერსიაზე მინდა, გავამახვილო ყურადღება. მის დასაჯერებლად ძალიან მწირი ფაქტები რჩება, თუმცა, გამორიცხული ამქვეყნად არაფერია... ამ ვერსიაზე მსჯელობისას ერთი რეალობის გათვალისწინება მაინც მოგვიწევს: შეიძლება, ვანო მაჩაბელს შერყეული ჯანმრთელობის გამო ნერვები მთლად წესრიგში არ ჰქონოდა, მაგრამ, სულით ისეთ უძლიერესსა და უმტკიცეს კაცს, როგორიც იგი იყო, ნაკლებად სავარაუდოა, თავი მოეკლა. ვანო მაჩაბელმა მასზე ასეთი ფიქრის მიზეზი თავისი გამძლეობითა და ცხოვრებისადმი მყარი მიდგომით მოგვცა.

მკითხველისთვის ცნობილია მწვავე კამათი სათავადაზნაურო ბანკის გარშემო. ალბათ, ყველა ვხვდებით, რამდენად ძლიერი უნდა იყო ფიზიკურად, სულიერად, ინტელექტუალურად და ასე შემდეგ, რომ ილიას დაუპირისპირდე და ბრძოლას ისე გაუძლო, რომ სასწორი ხან ერთ მხარეს გადაიხაროს და ხან – მეორე მხარეს. მერე კამათში დამარცხდე და, სულით დაცემის ნაცვლად, ხელი მოჰკიდო ისეთ დიდ ეროვნულ საქმეს, როგორიც მისი დაარსებული გორის მაზრის სინდიკატი იყო... ასე რომ, ეს ვერსია, თვითმკვლელობას ვგულისხმობ, ფაქტობრივად, გამორიცხულად მეჩვენება. მით უმეტეს, არსებობს აკაკი წერეთლის წერილი, რომელშიც ის იხსენებს ვანო მაჩაბლის მდგომარეობას გაუჩინარების წინ და წერს, რომ იგი კარგ გუნებაზე იყო, მომავალზე საუბრობდა, ზაფხულში აბასთუმანში დასვენებას აპირებდა და სახლის დასაქირავებლად „ბეც” გაგზავნილი ჰქონდა...

ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული იყო ვანო მაჩაბლის გაუჩინარების ორი ვერსია – საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ტასოსა და აკაკის სიყვარული, რადგან, ვანოს არეულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბანკის გარშემო დატრიალებულ ამბებს გულისხმობდნენ, რომელშიც, თავისთავად, ილია ჭავჭავაძე ფიგურირებდა; სიყვარულის ისტორიაში კი – აკაკი მონაწილეობდა. სწორედ ილიას და აკაკის მტრებს აძლევდა ხელს ეს ორი ვერსია. 

– რა გაძლევთ ასეთი ვარაუდის საფუძველს?

– მოგახსენებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ილიასა და აკაკის მორალური განადგურების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა  სხვა ავტორიტეტის დაბადება. თუმცა, ილიას განადგურება წიწამურის ტრაგედიით მთავრდება. ფაქტია, ამ ტრაგედიამდე „ვიღაცას” განსაკუთრებით აძლევს ხელს ეს ორი ვერსია და ამიტომ ჭორები ელვის სისწრაფით გორდება და ვრცელდება. ეს „ვიღაცა” თუ „ვიღაცეები” ცდილობენ, ვანო მაჩაბლის გაუჩინარების ფაქტი ხელიდან არ გაუშვან, ტრაგედია ეროვნული მოღვაწეების კომპრომეტირებისა შეურაცხყოფისთვის, „მოღალეტეებად” მათი შერაცხვისთვის გამოიყენონ...

მაგრამ, როგორც ილია იტყოდა, ისტორიის ქერქში უნდა ჩავსხდეთ და იმ ეპოქის მორალით ავწონ-დავწონოთ ყველაფერი. იმ პერიოდის თითოეულ მოღვაწეს პირადი სიამოვნება გვერდზე ჰქონდა გადადებული ქვეყნის ინტერესების გამო. მათი კამათი, როგორც თაობათა შორის, ისე თაობათა შიგნით, მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ იყო მიმართული – მამათა და შვილთა ბრძოლა, პოლემიკა არჩევნების გამო, კამათი სათავადაზნაურო ბანკის გარშემო, საგრამატიკო პაექრობა და ასე შემდეგ ძალიან მწვავედ მიმდინარეობდა, მაგრამ, ყოველთვის კორექტულ ხასიათს ატარებდა, რადგან, იცოდნენ, რომ მათ „ბევრი მოეთხოვებოდათ და ცოტა შეენდობოდათ”; რომ მათი გადადგმული ყოველი ნაბიჯი, საქციელი „საშვილიშვილო ტაბლად დაედგმოდა თითოეულ მათგანს” და არა მარტო თითოეულ მათგანს, არამედ, ერის ზნეობასაც ზოგადად.

ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ამის უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს, მაგრამ, ეს შორს წაგვიყვანს. ისიც საკმარისია, აღვნიშნოთ, რომ აკაკისა და იაკობ გოგებაშვილის კამათში (ზმნის აღგიარებ-გაღიარებ ფორმათა სისწორის შესახებ) საზოგადოება და მედიატორები ჩაერთნენ, მაგრამ, გოგებაშვილის თავგანწირვაც ცნობილია აკაკის ავადმყოფობის დღეებში, ანდა, ზეადამიანურობისა და უწმინდესი მორალის ნიმუში არ არის, რომ ვანო მაჩაბელსა და ილიას შორის დაპირისპირების შემდეგ, ილია ხელმოუწერლად აქვეყნებდა დადებით რეცენზიებს შექსპირის ვანოსეულ თარგმანებზე. ასე რომ, მაშინდელი საზოგადოებრივი მორალი არც დღევანდელ დღეს იქნებოდა ურიგო. ამიტომ, ვანოსადმი ილიასა და აკაკის მტრობის დაჯერება ან სრულ უგუნურობას, ან განზრახ ბოროტებას შეეძლო და შეუძლია. ამიტომ, ილიაც და აკაკიც, დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით, გაუჩინარების საქმის ვითარებიდან მკაცრად და კატეგორიულად გამოირიცხნენ.

ვერსიათა შორის, აქცენტირების ნაცვლად, მზაკვრულად მიჩუმათებული იყო და ვარაუდებში არ ფიგურირებდა ვანო მაჩაბლის მოღვაწეობის ერთი მნიშვნელოვანი სფერო.

– კერძოდ?

– გორის მაზრის სასოფლო-სამეურნეო სინდიკატის საკითხი. სწორედ ამ სინდიკატის წარმატებამ შესძინა ვანო მაჩაბელს უამრავი მტერი, რადგან, თუ მანამდე ქართლის ჭირნახული ჩალის ფასად გადადიოდა ჩარჩების ხელში, სინდიკატის გამო მათ უკვე მილიონები ეკარგებოდათ. სწორედ გაუჩინარების დღეს უნდა წაეღო ვანო მაჩაბელს სასოფლო-სამეურნეო იარაღები გორში. ამ ვერსიის რეალობას მხარს უჭერს აკაკი წერეთელიც, რომელმაც ვანო მაჩაბლის გაუჩინარების ტრაგიკულ დღეეებში დაწერა სტატია, როგორც მეგობრის ცოცხლად ნახვის ბოლო მოწმემ. თუ გულდასმით გავჩხრეკთ მას, ვნახავთ, რომ აკაკის ყველა ფრაზა მრავლისმეტყველი და მრავლისმიმანიშნებელია: „ვანო მაჩაბელი იმ საბედისწერო ღამეს კარგ ხასიათზე იყო, ტკივილები აღარ აწუხებდა, აბასთუმანში აპირებდა დასასვენებლად წასვლას, საზოგადოდ მომავალზე იმედები ჰქონდა...” და, ყველაზე მთავარი, რაც დაჟინებულ მინიშნებად მიმაჩნია: „იმ საღამოსვე მოვიდნენ ვიღაცეები სინდიკატის საქმის შესახებ. მოელაპარაკა იმათაც და ისევ გამოვიდა ჩვენთან”.

ამ წერილის (თუ ის რეალობას აღწერს) დეტალური გაანალიზებისას უამრავი კითხვა ებადება დაკვირვებულ მკითხველს. 

მეგობრები ერთმანეთს საზოგადო საქმეების შესახებ არაფერს უმალავდნენ. რატომ ესაუბრა მოსულებს ცალკე? ნუთუ არაფერი უთხრა მათ შესახებ აკაკის? ვანო მაჩაბლის განწყობილება არ იცვლება, ამიტომ, ძნელი გასარკვევია, ვის ესაუბრა იგი იმ საბედსიწერო საღამოს – მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს! მას აკაკისთან ყოფნა სიამოვნებს, რაც იქიდან ჩანს, რომ წასასვლელად მომზადებულ მეგობარს დარჩენას სთხოვს... აკაკი 10 საათზე იძინებს, ვანო – თერთმეტზე.

რატომ გავიდა ვანო მაჩაბელი ღამის 4 საათზე სახლიდან? კიდევ ხომ არ განმეორდა „ვინმეს ვიზიტი”? სად მიეჩქარებოდა იმ დროს ისე, რომ „გოროდოვოის” შეკითხვაზე პასუხიც არ გასცა, მხოლოდ თავი დაუკრა? ვის შეეძლო გაეღო აკაკის ოთახის „განის კარი”, რომელიც 6 საათამდე დაკეტილი იყო? ვანო მაჩაბელი დაბრუნდა უკან თუ სხვა ვინმე? და, კიდევ ერთი ბურუსიანი დეტალი: სახლში საათის, ძეწკვის და პერანგის ოქროს ღილების აღმოჩენა სწორედ ამ საქმის ნათელი წერტილი და კვანძის გახსნა ხომ არ არის?! 

– არადა, ეს დეტალი საკმაოდ საინტერესო და ხელმოსაჭიდი უნდა ყოფილიყო გამოძიებისთვის. 

– ჯერ ერთი, ეს ფაქტი „ვინმეს” მიერ სპეციალურად, იძულებით გაკეთებულს ხომ არ ჰგავს, რომ ყველაფერი წინასწარ განზრახულ თვითმკვლელობას დამსგავსებოდა?! და, მეორეც, იქნებ, სულ სხვამ მოიტანა ისინი, რაც ძარცვის უარყოფას და იქ მქოფთა (უფრო აკაკის) გაფრთხილებას ნიშნავდა?!

ძალიან საინტერესო დეტალს შეიცავს აკაკის ერთი ლექსი „საქართველოს დღევანდელი სახე”. მის ერთ-ერთ ავტოგრაფულ ვარიანტში ორი ასეთი სტროფია:

 „აქაც მოვცდი, ვერც იქ მივწვდი,

გავხიდურდი ორთა შუა,

და საყეფად ძაღლებს დარჩა

ჩემი გრძნობა!... ჩემი ჭკუა!...

რაღა მეთქმის, მადლობა ღმერთს,

უნდა ყველა ავიტანო,

 რომ მეც ისე არ დამღეჭონ,

როგორც დიმიტრი და ვანო”.

ამ სიტყვებს კომენტარიც კი არ სჭირდება, მხოლოდ მოკლედ აღვნიშნავ, რომ, ერთი შეხედვით, ლექსის თითქოს უმნიშვნელო დეტალი ხსნის ვანო მაჩაბლის გაქრობის მთელ საიდუმლოს. ბოლო ორი ფრაზით გასაგები ხდება აკაკის დამოკიდებულება მაჩაბლის გაუჩინარების ფაქტთან. პოეტი დიმიტრი ყიფიანის გვერდით აყენებს ვანო მაჩაბელს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი სამშობლოს მსხვერპლად, ზვარაკადაა გამოცხადებული. პარალელი დიმიტრი ყიფიანთან სწორედ ამას ნიშნავს.

გარდა ამისა, არსებობს გურამ შარაძის ვერსია და ამ ბოლო დროს თავი იჩინა კიდევ ერთმა ვერსიამ (პიესის სახით) როსტომ ჩხეიძის წიგნში „26 ივნისის საიდუმლო” (თბ., 2011, „ჩვენი მწერლობა”).

– რა ვერსიას გვთავაზობს ვანო მაჩაბლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით როსტომ ჩხეიძე?

– ბატონი როსტომის წიგნის შესავალში ერთობ გონივრული ფრაზაა: „ვისაც ნებავს, მარტოდენ მხატვრულ სიმართლედ იწამოს, ვისაც ნებავს – ისტორიულ სიმართლედაც”. ამ ვერსიის მიხედვით, ვანო მაჩაბელი უნებლიე მსხვერპლი გამხდარა ღამით ტასო ბაგრატიონ-მაჩაბელთან მოსული ოფიცრისა... ეს ვერსია, როგორც ბატონი როსტომი აღნიშნავს, ოთარ ჩხეიძესა და ვახტანგ ჭელიძეს მოუსმენიათ შალვა დადიანის, თედო სახოკიასა და გერონტი ქიქოძისგან. ამ ფაქტის მხილველები კი ყოფილან აკაკი წერეთელი და სოსიკო მერკვილაძე. შემდეგ ეს გაუგია ილიას, მაგრამ, ყველაფერი იმიტომ დამალულა, რომ გადაერჩინათ ტასო მაჩაბლის იმიჯი, რომელიც, გამჟღავნების შემთხვევაში, თავის მოკვლით იმუქრებოდა. 

– თუ ასეა, გვამი სად გაქრა?

– ბატონი როსტომის თხზულების მიხედვით, გვამი სოსიკო მერკვილაძეს თბილისის ცენტრში მდებარე საკირეში დაუწვავს.

ვანო მაჩაბლის გაუჩინარების ყველა ვერსიას, სანამ არ მიკვლეულა ჭეშმარიტება, აქვს არსებობის უფლება, თუმცა, ბევრი მათგანი ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად, ამ შემთხვევაში, მე, როგორც ჩვეულებრივ მკითხველს, ან, თუნდაც მკვლევარს, მსურს აღნიშნული ვერსიის დაჯერება, მაგრამ, ამაში ხელს მიშლის შემდეგი ფაქტები: ანასტასია ბაგრატიონ-მაჩაბელი კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში, ის ცნობილი იყო თავისი კდემამოსილებითა და  მედიდურობით. ტასო თავდავიწყებით იყო შეყვარებული მეუღლეზე და ასეთად დარჩა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. იგი სათუთად უფრთხილდებოდა თავისი ღირსეული ქმრის ხსოვნას, საკუთარ ავტორიტეტს, შვილების მომავალს...  მემუარული მასალა და კერძო მიმოწერა ამას ადასტურებს. აი, ნაწყვეტი ტასოს წერილებიდან: „ბანკის ყრილობა იყო... წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ ეხლა გაიგეს ვანოს სიმართლე – სულ, რასაც საცოდავი ვანო ამბობდა, რაზეც ცალკე აზრი ჰქონდა, ეხლა იმას ადგიან და ამბობენ, რომ ის მართალი იყოვო”...

„ვანოს შრომა და იმის კარგი (კაცობა) ეხლა უფრო გამოჩნდა. იმან ისეთი სახელი მოიხვეჭა, რომ ეხლა იმის სახლობას ესე ხელს უწყობენ...” 

„ასე, რომ ეხლა გაიყვანეს ის, რაც ვანოს პროექტი იყო. ის კი ვეღარ მოესწრო საცოდავი”.

„ზოგი ამბობს, ისეა ავად, როგორც ჩემი ვანო იყო”.

„ვანო ხომ ნაკლები არ იყო, ნაკლები კი არა, იმაზე დიდათ მაღლა იდგა, რითაც გნებავთ...”

„გადამიტანა ფიქრებმა... ღმერთო, როგორ ავიტანე იმისთანა კაცის დაკარგვა... თამამად ვუყურებ ყველას თვალებში, ზურგში გავსწორდი, იმიტომ რომ იმაზე ეხლა ცუდს არ იტყვიან, იმის სახელი დარჩა ჩირქმოუცხებელიო. ჩემზე კი, რაც ენებოთ, ილაპარაკონ. ღმერთი ხომ მოწმეა, რომ მე იმასთან დანაშაული არ მიმიძღვის.”

შეუძლებელია ერთ სტატიაში ყველა დოკუმენტის დაფიქსირება. მხოლოდ შევნიშნავთ, რომ, არ შეიძლება, მტყუან ადამიანს ფრაზაში არ გაეპაროს პატარა დეტონაცია მაინც, განსაკუთრებით იმ ადამიანთან საუბრისას, ვინც იცის მისი დანაშაულის შესახებ. ამ წერილებში კი მხოლოდ გულწრფელობა გამოსჭვივის.

ასე რომ, ვანოს გაუჩინარებიდან საუკუნეზე ბევრად მეტი გავიდა, ინტერესი კი ამ ფაქტისადმი კიდევ არ განელებულა. ჯერჯერობით საზოგადოებამ უნდა მიიღოს არსებული ვერსიები და ის დაიჯეროს, საითაც უფრო იხრება მისი მოსაზრება.

 

скачать dle 11.3