კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

***

დიმიტრიმ თვალი რომ გაახილა, მიხვდა, ისევ საავადმყოფოში იყო. ირაკლი ქებაძე წვეთოვანს ასწორებდა, მზია კი წნევას უზომავდა. ოდნავ შეღებული კარიდან გიორგი იყურებოდა და შეშინებული შესცქეროდა ექიმების ფუსფუსს.

– ბატონო ირაკლი, გადარჩება? – ჰკითხა პალატიდან გამოსულ პროფესორს აღელვებით.

– ამ ეტაპზე საშიშროება აღარ არის, დროულად მოასწარით მოყვანა, მაგრამ, ზოგადად, ცოტა გართულებულია მდგომარეობა. რამეზე ინერვიულა?

– პირიქით, ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით კარგ ხასიათზე იყო ჩემი და მზიას ამბის გამო, – მხრები აიჩეჩა გიორგიმ, – გონს მოვიდა?

– დიახ, მაგრამ, კითხვებზე პასუხს არ გვცემს, მხოლოდ იმას ჩურჩულებს, ყველაფერი გამახსენდაო, მერე კი საშინელი ტკივილით ეჭმუხნება სახე. ასეთი რა უნდა გახსენებოდა?

– წარმოდგენა არ მაქვს...

 რამდენიმე საათის შემდეგ დიმიტრის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და მან მზიასთან და გიორგისთან საუბარი მოინდომა.

– თქვენი აღელვება არ შეიძლება, ხვალ დაელაპარაკეთ, – აუკრძალა პროფესორმა, მაგრამ დიმიტრიმ თავისი გაიტანა.

– ახლა უკეთ გამოიყურები, – გაამხნევა ძმამ.

– მისმინეთ, რასაც გეტყვით, – სუსტად ჩაილაპარაკა დიმიტრიმ, – ყველაფერი გამახსენდა... ახლა ზუსტად ვიცი, რატომ მითხრა გუგამ ერთით ერთიაო. მართალია, ჩემი ბრალია ყველაფერი, მაგრამ, ნანიტამ მაშინ მიღალატა, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავით გაყრილები, ამ არარაობაზე გამცვალა... თუ ოდესმე ფეხზე დავდგები, გუგას ჩემი ხელით მოვუღებ ბოლოს... მე ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ, ცოლის ღალატი მეტისმეტია, თანაც – ვისთან...

– არ უღალატია, – თქვა უცებ მზიამ.

– რა თქვი? – ყურებს არ დაუჯერა დიმიტრიმ, – შენ რა იცი?

– ვიცი, თვითონ ნანიტამ მიამბო.

– აბა, რა მოხდა?

– არ შედგა მათი პაემანი, – გუგამ არ დაამცირა ნანიტა.

– არ მატყუებ?

– არა, დედის საფლავს გეფიცები, – მზიამ თამამად დაიფიცა, რადგან, პრინციპში, სიმართლე უთხრა დიმიტრის.

ავადმყოფმა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ უცებ სახე შეეჭმუხნა და მკაცრად თქვა:

– თუმცა, მე მაინც ნაძირალა ვარ და ამას ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს...

– არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა, – დაუტატანა მზიამ, – რაც იყო, იყო, მთავარია, რომ სინანულის გრძნობა გაგიჩნდა.

დიმიტრის მალე ისევ ჩაეძინა, მეორე დღეს კი ირაკლიმ გიორგი დაიბარა და უთხრა:

– მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია.

– არსებობს რამე გამოსავალი? – შეშფოთდა გიორგი.

– სასწრაფოდ გერმანიაში ან ავსტრიაში წაყვანა, იქ სასწაულებს ახდენენ.

– გადაარჩენენ? – იმედი მიეცა გიორგის.

– ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე წლით ნამდვილად გაუხანგრძლივებენ სიცოცხლეს და ეს ცოტა არ არის, მაგრამ, ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი.

– რა საბუთები იქნება საჭირო? – თანხა არც კი უკითხავს გიორგის.

– მენეჯერს ვეტყვი და ყველაფერს ჩამოგიწერთ, – შეჰპირდა ქებაძე.

***

დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ მზიასა და გიორგის საქორწილო სამზადისი შეაჩერა. გიორგიმ პროფესორთან ბოლო საუბრისთანავე გადაწყვიტა, ძმა სასწრაფოდ წაეყვანა გერმანიაში ან ისრაელში და საჭირო საბუთების შეგროვებას შეუდგა.

დიმიტრი ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს და მზიას ყოველ წუთში ბოდიშს უხდიდა – ქორწილი ჩაგიშალეთო. მზია ამშვიდებდა, რომ დავბრუნდებით, მერე გადავიხდით ქორწილსაც და შენი გამოჯანმრთელების მაღარიჩსაცო, მაგრამ ის მაინც თავისას გაიძახოდა – ყოველთვის ყველასთვის უსიამოვნება მომაქვსო და ძმას და სარძლოს უთხრა, ტყუილად ნუ წვალობთ, არსადაც არ წამოვალო. ამაზე გიორგი და მზია გადაირივნენ და ლამის სერიოზულ ჩხუბამდე მივიდა საქმე.

– ვის რაში ვჭირდები? – იმეორებდა დიმიტრი.

– ჩვენ გვჭირდები! – მკაცრად უპასუხა მზიამ.

– თქვენ ახლა ერთმანეთი გყავთ და მოსავლელი ავადმყოფი თქვენთვის ზედმეტი ბარგი იქნება, – არ ნებდებოდა დიმიტრი.

მზია მიხვდა, რომ ვერ დაიყოლიებდა გაკერპებულ პაციენტს და ძალიან სერიოზულად უთხრა:

– კარგი, ბატონო დიმიტრი, რადგან სხვა გზას არ მიტოვებ, ჩემიც მოისმინე: თუ უარს იტყვი უცხოეთში მკურნალობაზე, მაშინ, არც მე გავყვები ცოლად გიორგის, აღარც მოგხედავ და, საერთოდაც სხვაგან გადავალ სამუშაოდაც და საცხოვრებლადაც.

– ამას არ გააკეთებ, – შეცბა დიმიტრი.

– ხომ იცი, რომ გავაკეთებ, – წარბი არ შეიხარა გოგომ.

დიმიტრი დააფიქრა მზიას სიტყვებმა. დარწმუნებული იყო, რომ მუქარას შეასრულებდა და მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ძალიან მტკიცედ უთხრა:

– თუ გინდათ, რომ ყველაფერი დაგიჯეროთ, სამი სურვილი უნდა შემისრულოთ, ისე არაფერი გამოგივათ. თანახმა ხართ?

– რაც გინდა, გვთხოვე, – უთხრა ძმამ და მზიას გადახედა, – ნებისმიერი სურვილის შესასრულებლად მზად ვართ.

– მაშინ, გეტყვით. პირველი: დღეს ხუთშაბათია. შემდეგი კვირის ბოლომდე, ალბათ, მაინც ვერსად წავალთ. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვ, ამ შაბათ-კვირას ხელიც მოაწეროთ და ჯვარიც დაიწეროთ; პურმარილს კი, თუ გინდათ, ნუ გაშლით.

– ასე ორ დღეში რას მოვასწრებთ? – გაუკვირდა გიორგის.

– თუ მოინდომებთ, ყველაფერს მოასწრებთ. ისე, მოსასწრებიც ბევრი არაფერია, თითქმის ყველაფერი ნაყიდი გაქვთ. დათოს დავურეკავ, ჩემს ძმაკაცს და ისიც მოგეხმარებათ წვრილმანების მოგვარებაში, ნამდვილი „შანსპეპელაა“. თან, ხომ შემპირდით, ყველა სურვილს შეგისრულებთო.

– კარგი, თანახმა ვართ, – უპასუხა გიორგიმ და მზიას ღიმილით გახედა, – ეს პირველი სურვილი იყო. მეორე სურვილი რა არის?

– ჩემი აქეთ-იქით ტარება და მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, – დაიწყო დიმიტრიმ, მაგრამ ძმამ სიტყვა შეაწყვეტინა:

– ხარჯები შენ არ გეხება...

– მაცადე! – განაგრძო დიმიტრიმ, – ფული რომ არ მქონდეს, არ შემეხებოდა, მაგრამ, ამ წლების განმავლობაში ჩემმა ბიზნესმა საკმაოდ დიდი მოგება მომიტანა და რამდენიმე ბარათზე სოლიდური თანხა მაქვს ბანკებში შენახული. აი, ჩემი ბარათი, – დიმიტრიმ ბალიშის ქვეშიდან ბანკის ბარათი გამოიღო და ძმას მიაწოდა, – შენ გქონდეს. გამოიტან მაშინ, როცა საჭირო იქნება და იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება.

– მაქვს-მეთქი ფული, ხომ გითხარი! – სერიოზულად გაბრაზდა გიორგი.

– ან სამივე სურვილის შესრულება, ან არსად არ წამოვალ – ასეთი იყო პირობა, – არ შეეპუა დიმიტრი.

– იქიდან რომ დავბრუნდებით, მერეც დაგვჭირდება ფული, – კიდევ ერთხელ სცადა წინააღმდეგობის გაწევა გიორგიმ, მაგრამ დიმიტრი შეუვალი იყო:

– მაშინ, არ წამოვალ.

– კარგი, – გიორგიმ უხალისოდ გამოართვა ბარათი და საფულეში შეინახა.

– ახლა, რაც შეეხება მესამე სურვილს, – თქვა დიმიტრიმ და ისევ ბალიშის ქვეშიდან გამოაძრო თაბახის რამდენიმე ფურცელი და ძმას და სარძლოს გაუწოდა.

– შენ რა, ფოკუსნიკობა დაიწყე? – სიცილი აუტყდა მზიას, – მაგ ბალიშის ქვეშ უჩინარი სკივრი გაქვს დამალული?

– ჰო, სიკვდილის წინ პროფილი შევიცვალე, – უკბილოდ იხუმრა დიმიტრიმ.

– თუ მესამე სურვილი შენი იდიოტური ანგლობის მოსმენაა, ტყუილად გაქვს იმედი, რომ შეგისრულო, თუნდაც მართლა უარი თქვა მკურნალობაზე! – უყვირა გიორგიმ, – ვერც კი წარმოიდგენ, ისე მინდა, რომ ძალიან მაგრად გცემო, მაგრამ, ეტყობა, ეს ერთი ოცდაათი წლის წინ მაინც უნდა მექნა და ასეთი კრეტინი აღარ გამოხვიდოდი!

– კარგი, ჰო, დაწყნარდი, ამისთანა რა ვთქვი, – მოუბოდიშა გაცოფებულ ძმას დიმიტრიმ, – ადრე თუ გვიან ყველა მოკვდება.

– მზია აქ არ იყოს, გეტყოდი, რაც თქვი! – ისევ გაბრაზებით განაგრძო გიორგიმ.

– კარგი, ნუ ჩხუბობთ, – „მანდილი ჩააგდო“ მზიამ, – საქმეზე გადადი, ბატონო დიმიტრი, თორემ, სული გადამელია და არც თქვენი კინკლაობის მოსმენაა მაინცდამაინც სასიამოვნო. თანაც, შენთვის ამდენი ემოცია და ლაპარაკი არ შეიძლება.

– გოგო, რამდენჯერ გითხარი, „ბატონოთი“ ლაპარაკს თავი დაანებე-მეთქი? – სერიოზული ტონით უსაყვედურა ავადმყოფმა.

– კარგი, შევეცდები, – გაეღიმა მზიას, მერე ბალიშის ქვეშიდან გამოღებულ ფურცლებს მიაჩერდა და განაგრძო: – მესამე სურვილი მაგ ფურცლებზე გიწერია?

– ჰო, – დაეთანხმა დიმიტრი, – ოღონდ, სანამ გეტყვით, აქ რა მიწერია, ორივემ ყურადღებით მომისმინეთ, არც შემაწყვეტინოთ და არც ჭკუის დარიგება დამიწყოთ. მე ეს კარგა ხნის წინ გადავწყვიტე, ახლა არ მომიფიქრებია.

– გვაღირსე, თუ კაცი ხარ, – მოუთმენლად თქვა გიორგიმ.

– მოკლედ, ეს არის ჩემი ანდერძი, – მშვიდად თქვა დიმიტრიმ და მოკლე კომენტარი ჩაურთო: – ნათქვამია, ანდერძს კაცი არ მოუკლავსო. თანაც, ამის გაკეთებას ისედაც ვაპირებდი, ამ მდგომარეობაში რომც არ ჩავვარდნილიყავი: მე საკმაოდ დიდი ქონება მაქვს და საკმაოდ დიდი ტკივილი მივაყენე წლების განმავლობაში ჩემს ცოლ-შვილს. ლოგიკურად, კანონითაც და მორალური თვალსაზრისითაც, ყველაფერი, რაც გამაჩნია, მათ ეკუთვნით. ოღონდ, ამ ანდერძს თქვენ ორნი გააცნობთ ჩემს შვილებს მას შემდეგ, რაც უკან დავბრუნდებით. გასაგებია?

– გიორგის ერთი კარგი ჩხუბი ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ, კარგად რომ დაფიქრდა, მიხვდა, დიმიტრი სწორად იქცეოდა და ამიტომ უხმოდ დაუქნია თავი;  

თანხმობა რომ მიიღო, დიმიტრიმ განაგრძო:

– ვიცი, რომ ნანიტა ჩემგან არანაირ არც მემკვიდრეობას, არც საჩუქარს არ მიიღებს, მაგრამ, ეს ბარათი ნუცას მიეცით, რომ თვითონ მოახერხოს რამე და დედამისს გადასცეს. ამ ბარათზე ოცდაათი ათასი ლარია, – დიმიტრიმ ბანკის ბარათი მზიას მიაწოდა, – დანარჩენს კი წაგიკითხავთ, რაც აქ მიწერია, – ფურცელი გადაშალა და კითხვა დაიწყო: – ჩემს ბიზნესს ვუტოვებ თორნიკეს. ჭკვიანი ბიჭია და შეძლებს გაძღოლას. ოფიციალურად ამ დღეებში გადავუფორმებ, ნოტარიუსი როცა მოვა.

– კი მაგრამ, ავარიის შემდეგ რომ აღარ მიგიხედავს მაგ შენი ბიზნესისთვის?! – სიტყვა შეაწყვეტინა ძმამ, – ალბათ, აღარც არსებობს...

– დათო პატრონობს იქაურობას ჩემი სახელით. ნუ გეშინია, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და სიტუაციას ვაკონტროლებ. დათკა მაგარია, არაფერი შეეშლება. ჩემს შვილს აწყობილი საქმე დახვდება და მერე მის ფხიანობაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი, – თქვა დიმიტრიმ და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ განაგრძო: – კიდევ, თორნიკეს ვუტოვებ ჩემი მშობლებისეულ ბინას ვერაზე; ნუცას ვაძლევ აგარაკს წავკისში და სამოთახიანი ბინის თეთრ კარკასს საბურთალოზე. პირადად მზიას საქორწილო საჩუქრად ვაძლევ ჩემს ახალ „ვოლვოს“, რომელიც ჯერ არც კი გამომიყვანია გარაჟიდან. ოღონდ, ჩამოსვლის შემდეგ კი არა, ხვალვე, – მერე დიმიტრიმ ღიმილით შეხედა გაწითლებულ და აღელვებულ სარძლოს და ჰკითხა: – მანქანის ტარება იცი?

– კი, ვიცი, მართვის მოწმობაც მაქვს. ტექნიკუმში რომ ვსწავლობდი, მაშინ ავიღე, მაგრამ, ასეთი ძვირფასი საჩუქარი ნამდვილად არ იყო საჭირო, – შეწუხდა მზია.

– ჯვრისწერა-ხელმოწერის ამბებს რომ მოამთავრებთ, ნოტარიუსი მომიყვანეთ და ყველაფერი ოფიციალურად უნდა გავაფორმოთ.

– კარგი, შევთანხმდით. ახლა კი დაისვენე, თორემ, ქებაძე მომკლავს, ნუ მიღლით ავადმყოფსო.

– ჰო, კიდევ ერთი რამის თქმა დამავიწყდა: ჩემს შვილებს არ გააგებინოთ, რომ სამკურნალოდ მივდივარ. რომ დავბრუნდებით, შეიძლება, თვითონაც დავურეკო. მაძლევთ პირობას? – ჰკითხა დიმიტრიმ ძმას და სარძლოს.

– ეს უკვე მეოთხე სურვილი იყო, მაგრამ, ამასაც შეგისრულებთ. ახლა კი წამალი უნდა დაგალევინო და ნემსი გაგიკეთო. შეეცადე, დაიძინო, რომ ხვალ უკეთ იგრძნო თავი.

დიმიტრიმ მორჩილად გადაყლაპა აბი, მაგრამ ამჯერად მკლავი მოიშიშვლა და მზიას აუხსნა:

– რაც ჩემი რძალი გახდი, რატომღაც, მრცხვენია ხოლმე.

ის იყო, დიმიტრის ჩაეძინა, რომ პალატაში ირაკლი ქებაძე შემოვიდა და გიორგისა და მზიას თავის კაბინეტში სთხოვა გაყოლა.

– კლინიკას მივაგენით ისრაელში, – თქვა გახარებულმა პროფესორმა, – იქ ჩემი ყოფილი სტუდენტი მუშაობს, ქართველი ებრაელი. აქაც ძალიან მაგარი ბიჭი იყო. უკვე ველაპარაკე და ორი კვირის შემდეგ გელოდებათ. ყველაფერი მზად გაქვთ?

– თითქმის, – უპასუხა გიორგიმ და მერე შეშფოთებულმა ჰკითხა, – ბატონო ირაკლი, მანამდე ხომ არაფერი მოუვა?

– ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. სიმართლე გითხრათ, გულის მდგომარეობა იმდენად არ მაწუხებს, თითქმის წესრიგშია, თირკმელი მაფიქრებს. სასწრაფოდ ოპერაცია დასჭირდება.

– თუ ასე საჩქაროა ოპერაცია, ორი კვირის შემდეგ რატომ გველოდებიან?

– უფრო ადრე არ გამოვიდა, ძალიან დიდი რიგია. ესეც ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა მომიხერხა, თორემ, ორ თვეზე ადრე არ მოუწევდა რიგი ბატონ დიმიტრის, ეს კი უკვე დაგვიანებული იქნებოდა. თანხა კი მაქსიმუმ სამ დღეში უნდა გადარიცხოთ.

– გასაგებია, – თქვა გიორგიმ, – საბუთებთან დაკავშირებით რამდენიმე წვრილმანი დაგვრჩა მოსაგვარებელი, ფულს კი დღესვე გადავრიცხავ, პრობლემა არ არის. ოღონდ, ამ დღეებში სასწრაფოდ მოგვიწევს მე და მზიას ჯვრისწერა და ხელის მოწერა, – და გიორგიმ ღიმილით უამბო დიმიტრის კატეგორიული მოთხოვნის შესახებ.

– სწორი გადაწყვეტილებაა, – დაეთანხმა ქებაძე, – ხელს როდის აწერთ, ჯერ არ გადაგიწყვეტიათ?

– ალბათ, ამ შაბათ-კვირას, – უპასუხა მზიამ და მორიდებით დაამატა: – ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ბატონო ირაკლი.

– გისმენ, ჩემო კარგო. თუ რამე შემიძლია, ხომ იცი, უკან არ დავიხევ.

– მინდა, რომ საკურთხევლამდე თქვენ მიმიყვანოთ, როგორც მამამ...

– სიამოვნებით! – წამოიძახა ქებაძემ, – ეს დიდი პატივია ჩემთვის.

– დღეს და საათს ხვალ გაგაგებინებთ. სუფრა არ გვექნება, არ არის ამის სიტუაცია; პატარა ქორწილს კი, რომ ჩამოვალთ, მაშინ გადავიხდით, – თქვა გიორგიმ და წამოდგა, – მეტს აღარ შეგაწუხებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. დიმიტრის ხვალ დილამდე, ალბათ, არაფერი გაუჭირდება.

– მაგაზე ნუ დარდობთ, საიმედო ხელშია. ორივე შინ წადით და დაისვენეთ ხვალამდე.

***

პატარა, ძველთბილისური ეზოს ჭიშკართან შავი „ჯიპი“ გაჩერდა და იქიდან ორი მაღალი მამაკაცი გადმოვიდა, რომლებსაც რამდენიმე სავსე პარკი ეჭირათ ხელში. ეზოს შუამდე რომ მივიდნენ, ცოტა დაბნეული სახით მიიხედ-მოიხედეს და ხის ქვეშ, გრძელ სკამზე ჩამომჯდარი ხნიერი ქალი შენიშნეს, რომელსაც კალთაში პატარა ბიჭი ეჯდა და, ალბათ, ზღაპარს უყვებოდა, რადგან ბავშვი დიდი ინტერესით უსმენდა და თან გემრიელად მიირთმევდა ვაშლის მოზრდილ ნაჭერს.

– ქალბატონო, – მიმართა ერთ-ერთმა მამაკაცმა ქალს და მიუახლოვდა, – გუგა სანებლიძე ამ ეზოში ცხოვრობს?

– დიახ, შვილო, – უპასუხა ქალმა და მოსულებს ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო, – უფრო სწორად, ცხოვრობდა.

– რას ნიშნავს „ცხოვრობდა“, რამე მოუვიდა? – შეშფოთებით ჰკითხა იმავე კაცმა.

– რა უნდა მოსვლოდა, შვილო, პირიქით, ასე კარგად, ალბათ, არასდროს ყოფილა.

– აბა, რა მოხდა, სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად?

– პრინციპში, ასე გამოდის... – ბოლომდე მაინც არ თქვა ქალმა.

– ხომ ვერ გვეტყვით, სად არის? – აშკარად მოთმინება ელეოდა კაცს, თუმცა, ცდილობდა, ბოლომდე თავაზიანი ყოფილიყო.

– რატომ ვერ გეტყვით... სად არის და, ტაძარშია.

– რომელ ტაძარში? – გაუკვირდა მამაკაცს.

– ზუსტად არ ვიცი, რომელში მაგრამ, რომელიღაც მონასტერში წავიდა მორჩილად, უკვე მეორე თვე დაიწყო. მგონი, სადღაც მთაშია ის მონასტერი.

– ან ტელეფონის ნომერი, ან წერილი ხომ არ დაუტოვებია ვინმესთვის გადასაცემად?

– წერილი არ დაუტოვებია, თავისი მობილური კი არ წაიღო თან, ჩემს ბიჭს დაუტოვა სახსოვრად. საერთოდ, რაც ციხიდან გამოვიდა, სულ სხვანაირი გახდა – ეკლესიაში დაიწყო სიარული, მოძღვარიც ჰყავდა, ბოლოს კი, სულაც, მორჩილად წავიდა. ერთხელ უთხრა ჩემს შვილს, იმდენი ცოდვა მაქვს ჩადენილი, მთელი დარჩენილი ცხოვრება სინანულსა და ლოცვაში უნდა გავატარო, იქნებ სული გადავირჩინოო. მგონი, ბერად აღკვეცა აქვს გადაწყვეტილი და, ალბათ, აღარც დაბრუნდება იქიდან. რა ცოდვებს გულისხმობდა, არ ვიცი, მაგრამ, ეგეთი წესიერი და კეთილი კაცი იშვიათად მინახავს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3