კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოთმინების ფასი

მოთმინების ფასი

 

ფემინისტებში ქალის ეს თვისება დიდ პროტესტს იწვევს. რატომ უნდა მოითმინო, თუკი სქესს მნიშვნელობა არ აქვს და ყველა ადამიანი თანასწორია?! ფემინისტებს ლოზუნგიც კი აქვთ: „საკმარისია მოთმენა!“ მაგრამ, შეიძლება კი ჯანსაღი ურთიერთობა მოთმენა-დათმობის გარეშე?! ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. დიახ, დღეს ქალები სხვანაირები გახდნენ – ისინი ბევრად თავისუფლები, საქმიანები, მიზანდასახულები და დამოუკიდებლები არიან, შესაბამისად, გაცილებით აქტიურებიც და პარტნიორებადაც შემდგარი, საქმიანი მამაკაცები უნდათ, რომლებიც მათ ბოლომდე გაუგებენ და ზედმეტად არ შეაწუხებენ. მაგრამ, აბა, შეეკითხეთ მამაკაცებს, მათ ძალიან უნდათ ისეთი ცოლები, რომლებსაც აქვთ მოთმინების უნარი და იციან მისი ფასი? თუმცა, ფასს ვიხდით ჩვენ და არა ისინი – ქალები ითმენენ უხეშობას, დაუმსახურებელ საყვედურებს, პასუხისმგებლობის მთელ ტვირთს, ღალატს და, რაც ყველაზე ცუდია, მამაკაცების მხრიდან ამ მოთმინების არდანახვას. ანუ, კითხვაზე – ღირს, გვქონდეს მოთმენის უნარი? – ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს.

მოთმინება სარისკო საქმეა. უთმენ, უთმენ, უთმენ და... ბოლოს მიგატოვებს... მხარში უდგახარ, ყველაფერს აკეთებ მისი გულისთვის და – უკვე წარმატებული, სხვასთან გარბის... ანუ, პრობლემა მარტივი ნამდვილად არ არის. ამიტომ, თავად უნდა იპოვოთ ოქროს შუალედი და ის ზღვარი, რომლის იქითაც საკმაოდ ძვირის გადახდა მოგიწევთ, ისეთი ძვირის, რომ „ვალის გასტუმრებას“, შეიძლება, მთელი თქვენი დარჩენილი ცხოვრებაც არ ეყოს...

 

ძლიერი და ინფანტილური

 

უცნაურია, რატომ არის მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალისაზე ნაკლები. ისინი ხომ გაცილებით ინფანტილური არსებები არიან. აქედან მოდის ისიც, რომ არ შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება. შეიძლება, წინდა ცხვირწინ ჰქონდეთ, მაგრამ მაინც გკითხოთ – სად არის ჩემი წინდა?.. და სამწუხაროდ, ეს მარტო წინდებს არ ეხება. ქალებს კი აღიზიანებთ, უფრო სწორად, აცოფებთ ასეთი, ერთი შეხედვით, მიამიტური და გულუბრყვილო შეკითხვები. ქალს ძალიან სჭირდება რეალური მამაკაცის რეალური მხარდაჭერა. რაც მათ უმრავლესობას არ ესმის. ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა – ყველა მამაკაცი თავიდანვე ასეთი იყო, თუ ძლიერი მამაკაცის სახეობა – აი, ისეთი, მასზე, როგორც კლდეზე დაყრდნობა რომ შეიძლებოდა, უბრალოდ, გადაშენდა?

გვინდა თუ არ გვინდა, რეალობა თუ მოცემულობა ასეთია: კაცები საკუთარ თავს ძლიერ სქესად რომ მიიჩნევენ, ხშირად არ არიან ადეკვატურები. ხშირად უპასუხისმგებლოდ, ბავშვებივით იქცევიან და ამით საკუთარ წისქვილზე ასხამენ წყალს. ზოგავენ ნერვულ სისტემას, არ ვნებენ ჯანმრთელობას და თავსაც არ იწუხებენ. საკმაოდ მავნე ტენდენციაა ის, როცა ვამბობთ – მამაკაცი დიდი ბავშვია. უნებლიეთ ხელს ვუწყობთ ჩვენზე უპასუხისმგებლო, ნებიერა არსების ბატონობას. იმიტომ რომ, თურმე, ბევრი რამ ეპატიება – ის ხომ ბავშვია, რომელიც, როცა უნდა, ძლიერი ხდება და ბატონობს. არც ინფანტილიზმისთვის უნდა შევაქოთ, რადგან ესეც მათ აძლევთ ხელს. რა თქმა უნდა, საშუალება იმისა, რომ იყვნენ ისეთები, რაც რეალურად არიან, მათ უნდა მივცეთ. მაგრამ, პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლობის წილ! აი, ჯანსაღი ურთიერთობის მთავარი პრინციპი.

 

შენი სიმშვიდისთვის

 

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ თუ გვინდა, სრულფასოვანი ცხოვრება გვქონდეს, დროდადრო საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ. დავივიწყოთ ყოველდღიური საზრუნავი, იმიჯი, რომლის შექმნაზეც ბევრს ვჯახირობთ და მოვიწყოთ პატარა, თუნდაც რამდენიმედღიანი დღესასწაული... ძალიან ბევრი ჩვენგანი შვებულების პერიოდში გეგმავს იმ პრობლემების (თუნდაც წვრილმანი) მოგვარებას, რომლებსაც სამუშაოს გამო ვერ ასწრებდა. პირდაპირ გეტყვით, ეს დანაშაულია საკუთარი თავის წინაშე. თქვენს თავს ძვირფას დროს პარავთ და ამით დიდ ზიანსაც აყენებთ. თუ არ დაიცლებით ემოციებისგან და არ მიიღებთ ახალ შთაბეჭდილებებს, გამოიფიტებით, დაიზიანებთ ნერვულ სისტემას, აღარ იქნებით შრომისუნარიანი. ერთი სიტყვით, მიხვალთ იქამდე, რომ ახალ პრობლემებს დაუმატებთ ძველს.

იმდენი მაინც მოახერხეთ, რომ ორი-სამი დღით ბუნებრივ, ბიოლოგიურ გარემოში გადით. ჯერ ერთი, მწვანე ფერი დამამშვიდებლად იმოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე, მეორეც – ეს ის ადგილია, სადაც ბუნებას უბრუნდებით და ხდებით თავისუფალი. არავითარი სოციალური ნორმები და ჩარჩოები, არავითარი სტატუსი, ეტიკეტი და სტანდარტები... ის, ვინც ამას ახერხებს, გაცილებით ბედნიერია. გააკეთე შენც იგივე. მიეცი საკუთარ თავს და სულს თავისუფლად სუნთქვის საშუალება, ყველანაირი გაგებით და იგრძენი სიხარული... სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს ჩვენი სიმშვიდისთვისაა აუცილებელი.

 

საშიში – თვითშეფასებისთვის

 

თუ მარტო ხართ, თუ ცხოვრების თანამგზავრი ჯერაც ვერ იპოვეთ, თუ არც ისეთი წარმატებული ბრძანდებით, ანუ, ვერ მიაგენით ნიშას, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ნუ დაიბოღმებით, დაიწყეთ თქვენი შინაგანი სამყაროს გაჯანსაღება. გარემოსაც აქვს მნიშვნელობა, თუმცა, გაცილებით ნაკლები. თანამედროვე ადამიანები სულ უფრო ხშირად და ადვილად გასცემენ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ სხვადასხვა საშუალებით – პირადი საუბრებითა თუ ინტერნეტის მეშვეობით. ერთი მხრივ, ეს თითქოს კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ შეუცნობლად ვაიდეალებთ სხვის ცხოვრებას და ისე ვითრგუნებით, ვერც კი ვამჩნევთ ამას. რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ, ის სხვა, შესაძლოა, ლამაზად ფუთავს თავის პირადს და ასე „გაბანტულ-გალამაზებულს“ გაწვდით. რასაც საერთო ბევრი არაფერი აქვს რეალობასთან. პრობლემები აქვს ყველას – ეს არის აქსიომა. თქვენ რომ გგონიათ, ვიღაც უზრუნველად და მხიარულად ცხოვრობს, შეიძლება, პირიქით არის და ყოველდღე თავზესაყრელად აქვს სანერვიულო. უარი თქვით, იყოთ სხვისი „ზღაპრისა“ და ფერადი ოცნების „მომხმარებელი“ – ეს საშიშია თქვენი თვითშეფასებისთვის. ქალებს მამაკაცებზე დიდი წარმოსახვის უნარი გვაქვს და გაცილებით სენსიტიურებიც ვართ – იფიქრეთ ამაზე და ნუ შეუქმნით პრობლემას საკუთარ „მეს“! ნუ შეიყვანთ მას ჩიხში და ნურც დააკნინებთ, პირიქით, პატივი ეცით და ხშირად შეაქეთ – თქვენ ეს დაიმსახურეთ!

 

მტერი?! – არა, მოკავშირე!

 

ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქმრის მეგობრები მათი პოტენციური მტრები არიან. ამბობენ, მისი საძმაკაცო იმ ძვირფას დროს მპარავს და მართმევს, რომელიც მე და შვილებს გვეკუთვნისო და, შედეგად, ამის ნიადაგზე საკმაოდ ხშირია კონფლიქტები ცოლ-ქმარს შორის. მამაკაცებს ისევე სჭირდებათ მეგობრები, როგორც ქალებს, უბრალოდ, მამაკაცური მეგობრობა განსხვავდება ქალურისგან და ბევრ ცოლს სწორედ ეს არ მოსწონს. მაგრამ, აუცილებლად წაგებული დარჩება ქალი, რომელიც ქმრის მეგობრებს მტრად დაისახავს და ომსაც გამოუცხადებს. ამ ომში ასპროცენტიანი  მოგებული მხარე ვერც ერთი ვერ დარჩება; დაზარალდება მამაკაციც, მაგრამ ის პოზიციებს მაინც არ დათმობს. გაცილებით მომგებიანი ვარიანტია, თქვენ რომ მტერი გგონიათ, ის ადამიანი მოკავშირედ აქციოთ, ანუ, რაღაცნაირად თავად გახდეთ მათი საქმის ნაწილი. ეს არ არის რთული და მერე ძალიანაც მოგეწონებათ, როცა ისინი თავისად მიგიღებენ და თქვენი მისამართით კომპლიმენტებსაც არ დაიშურებენ. როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ ქმრის მეგობრებთან? – ისეთი, როგორიც პოტენციურ მოკავშირესთან აქვთ ხოლმე. კაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა მეგობრებს მისი პარტნიორი ქალი მოსწონთ და პატივს სცემენ. მოახერხეთ ისე, რომ ისინი ჯერ თქვენ გიმხელდნენ თავის გასაჭირს და მერე – თქვენს რჩეულს. არა უშავს, თუ ფეხბურთი არ გიყვართ და ლუდზეც არ გიჟდებით. ბოლოს და ბოლოს, ყოველდღე ხომ არ არის ეს ფეხბურთი და, არც ლუდია საშინელება. ერთი სიტყვით, ქალს უამრავი საშუალება აქვს, მტერი მოკავშირედ აქციოს – გამოიყენეთ ისინი...

скачать dle 11.3