კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აკრძალეს რუსეთში მაქმანებიანი საცვლები, რატომ აღარ მიჰყიდიან 40 წლამდე ასაკის ქალებს თამბაქოს ნაწარმს და როდიდან აპირებენ უცხოური ფილმებისთვის კვოტის დაწესებას კინოგაქირავებაში

ამ ბოლო დროს ჩვენს ჩრდილოეთით მეტად საინტერესო ამბები ხდება, დაახლოებით, ასეთი შინაარსისა და დინამიკის: საბაჟო კავშირის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, რუსეთშიც აიკრძალა აჟურული ქვედა საცვლები, იმიტომ რომ ხელოვნური მატერია ვნებს ქალების ჯანმრთელობასო; მეტიც, აპირებენ აკრძალონ 40 წლამდე ქალბატონებისთვის, თუკი ბავშვებთან ერთად იქნებიან, თამბაქოს ნაწარმის მიყიდვაც, მიზეზი იგივეა. ასევე, მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომ ქვეყნის კინოგაქირავებაში უცხოური წარმოების ფილმები მხოლოდ 50 პროცენტს შეადგენდეს; უკვე აიკრძალა ფულის შენახვა აშშ დოლარში და ორიოდე კვირის წინათ „დუმის“ დეპუტატი ასეთი ინიციატივითაც გამოვიდა: აიკრძალოს იმ პირთა დანიშვნა თანამდებობებზე, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ უცხოეთში (იმიტომ რომ ეს მათი სუსტი წერტილია და შეიძლება, იქცნენ აშშ-ს სპეცსამსახურების მანიპულირების ობიექტებადო); ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში დასვენებისგან, რომლებსაც აშშ-სთან ურთიერთგაცვლის შეთანხმება აქვს, რადგან ასეთ ადგილებში რუსეთის მოქალაქეებს, თურმე, აშშ-ს სპეცსამსახურები დაიჭერენ და ოთხ კედელში გამოამწყვდევენ. აკრძალვებს აშკარა საბჭოური სუნი ასდის, თუმცა ფაქტია, რომ უდრტვინველად იღებს თავად რფ-ის მოსახლეობა. ამის მიზეზების გარკვევას აკაკი ასათიანთან ერთად შევეცდებით.

 

– რამდენად შორს შეიძლება, წავიდეს რუსეთი უკან, საბჭოთა კავშირისკენ?

– სქემა ისეთია, რომ ყირიმის ამბის შემდეგ რუსეთი ვა-ბანკზე მიდის. დოლარების აკრძალვა გასაგებია, კარგა ხანია, საუბარია ერთიანი ვალუტის შემუშავებაზე, რომ ენერგორესურსები იმ ვალუტაზე გაყიდონ და დოლარი ამოაგდონ. მაგრამ დასაწყისში რაც ჩამოთვალეთ: მაქმანებიანი საცვლების აკრძალვა და 40 წლამდე ქალის ამოცნობა, ირაციონალური სფეროდანაა და გაი რიჩის ფილმებს უფრო ჰგავს, ოღონდ იქ პოლიტიკა ნაკლებია, უფრო სოციალურ თემებს ეხება. დოლარებზე მოგახსენეთ: ეს მათი პოლიტიკაა და ლოგიკა გასაგებია, დოლარი ქაღალდია, მათ აწუხებთ, რომ ამ ქაღალდით მართავს ამერიკა მსოფლიოს, თან, მარტო მათ არა, სხვა ქვეყნებსაც. რაც შეეხება უცხოურ  ფილმებს: ისინი მართლაც მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, „შესანიშნავმა შვიდეულმა“, ჯინსებმა და  ფირფიტებმა დაშალეს საბჭოთა კავშირი. არ აწარმოებდა ჯინსს ქვეყანა, მაინც იყო; ფირფიტები არ შემოდიოდა, მაინც ტრიალებდა; ერთი-ორი ფილმი გამოდიოდა და უცბად ხედავდნენ ადამიანები, რომ იქ სხვა სამყარო იყო. აქამდე რუსეთი მეტნაკლებად მოქცეული იყო ცივილიზებულ სივრცეში. თუმცა იმ ცივილიზებულ სივრცეშიც ინტერესების სერიოზული დაპირისპირებაა. ჩვენ ვხედავთ ამერიკა-გერმანიის დაპირისპირებას, დიდი ბრიტანეთი საერთოდაც გადის ევროკავშირიდან, მაგრამ რაღაც საერთო თამაშის წესი დათქმულია და ვისაც რა გამოუვა ამ ფარგლებში, იმას ცდილობს. რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები სწორედ ამ სისტემაში მისი ჩართულობის გამო ვერ მიიღეს. თავადვე დაზარალდებოდნენ: გერმანია და საფრანგეთი წინააღმდეგნი წავიდნენ. ფრანგებმა გასულ კვირას აღლუმი გახსნეს ცნობილი რუსული მარშით, ანუ კოჭი გაუგორეს. დასუსტებულ იმპერიას სიამოვნებს ასეთი ჟესტები, იმიტომ რომ წვრილმანი პატივმოყვარეობა აქვს. ჩვენი ხელისუფლების მიმართაც შერბილდა რუსეთის დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც ჩვენები ისე უაზროდ არ ილანძღებიან, როგორც სააკაშვილი: ასოცირების შეთანხმებაზე „გენიალური“ საგარეო პოლიტიკით იმას მივაღწიეთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ეხვეწებოდნენ, ხელი მოგვიწერეთო, ჩვენ გვამადლიდნენ. ამდენად, ჩვენი ხელისუფლება სწორად მოიქცა რუსეთთან მიმართებაში და დაუფასდათ, მინიმუმ, იმით, რომ რუსეთი აგრესიულ განცხადებებს არ აკეთდებს, ასოცირების შეთანხმებამდე არ მომხდარა არაფერი. იმიტომ ვთქვი, რომ ამას ყურადღებას აქცევენ რუსები, მაგრამ ახლა თავად აპირებენ იზოლირების რეჟიმში გადასვლას.

– ეს ძალიან საშიში არ იქნება?

– მე ეს არ მიხარია: იზოლირებული და გამხეცებული რუსეთი გვინდა ჩვენ და დასავლურ სამყაროს?! მგონია, რომ დასავლეთის პოლიტიკოსებს ესმით ეს ამბავი, მაგრამ დღეს იმ ტიპის ლიდერები აღარ არიან, რომლებიც ნიქსონივით შორს გაიხედავდნენ. მაგალითად, ნიქსონმა 15 წლით წინ გაიხედა, როდესაც ჰელსინკის ხელშეკრულებაში საბჭოთა კავშირს ჩაუდეს მუხლი ადამიანის უფლებებზე. ნიქსონი აქ რომ ჩამოვიდა, ზვიადს უთხრა, მე რომ მაშინ იმ შეთანხმებას ვაწერდი ხელს, ვიცოდი, რომ ერთხელაც აქ შენ დამხვდებოდიო. რადგან დღეს დასავლეთში ამ ტიპის ლიდერები არ არიან, ჩვენ მათ ვატყობთ დაბნეულობას: ერთი მხრივ, უნდათ, რომ რუსეთი დარჩეს დათქმული საერთო თამაშის წესის მონაწილე და, მეორე მხრივ, ხედავენ, რომ რუსეთი ვერ ელევა იმპერიულ ამბიციებს და ითხოვს, ყოფილი საბჭოეთი მაინც დამიტოვეთო. ამასაც ვეღარ ითხოვს და ნაწილების ჩაკბეჩაზე გადავიდა. ეს, ფაქტობრივად, თქვა პუტინმა –  ჩვენ ვიბრუნებთ რუსულ მიწებს, ანუ აღარ ვდაობთ მთელი საბჭოეთის დაბრუნებაზეო. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალს ისინი ნამდვილად ვერ დაარქმევენ რუსულ მიწებს.

– აბა, როგორ გითხრათ: მაგალითად, ეკატერინე მეორემ თითქმის იმავე პერიოდში დაიპყრო ყირიმის სახანო და შეუერთა რუსეთს, როდესაც ჩვენთან გააფორმა გეორგიევსკის ტრაქტატი, ანუ, ფაქტობრივად, დაგვიპყრო.

– საბჭოთა პერიოდშიც კი ითქვა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან შეერთებისას სახელმწიფოებრიობა ჰქონდა, იყო საქართველოო და მართლაც ასეა. მაგრამ დღეს სხვა რამ ხდება: ახლახან პუტინს ვოიაჟი ჰქონდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და ლაპარაკია კუბაში, ვენესუელასა და ნიკარაგუაში სამხედრო ბაზების განლაგებაზე.

– აქვს ამდენი ხარჯის გაღების თავი?

– სწორედ ამას ვამბობ –  ამდენს საბჭოთა კავშირმაც ვერ გაუძლო. ზვიად გამსახურდიამ, გორბაჩოვ-შევარდნაძემ და მასონებმა კი არ დაშალეს საბჭოთა კავშირი, არამედ ამბიციების შეუსაბამობამ შესაძლებლობებთან და მრავალეროვანი იმპერია, როგორც წესი, დიდხანს ვერ ძლებს. მათი ტრაგედია არის ის, რომ მათი პოლიტიკური ელიტა, მაგალითად, მათი „დუმა“ ყოვლად წარმოუდგენელი დონეა. არადა ამ ხალხს ჰყავს მართლაც შესანიშნავი ელიტა, რომლებსაც არავინ ყურადღებას არ აქცევს და არ უსმენს.

– 6-დან 10 წლამდე ბავშვები შეამოწმეს კითხვისა და ამასთან დაკავშირებულ უნარებში და რუსეთი გავიდა მეორე ადგილას, ჩვენ საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. წიგნიერების პრობლემა არ აქვთ და ამ დროს მოსახლეობა მშვიდად იღებს ასეთ ჭკუიდან გადამყვან გადაწყვეტილებებს.

– ერთია, რომ წიგნებს კითხულობენ და მეორე, რომ საშუალო ფენა გაჩნდა და ის 30 პროცენტს აჭარბებს, მაგრამ ამას დასჭირდება დრო. ახლა შთაბეჭდილება ისეთია, რომ გადახვევა ხდება ამ კურსიდან. პუტინი ცდილობდა, კონსოლიდირებული ყოფილიყო დასავლეთთან, იქ კაბელურ არხებზე, წიგნებში, გაზეთებში არის კრიტიკა, რაც აქამდე არ ხდებოდა, ელცინის პერიოდს არ ვგულისხმობ –  ის ამოვარდნილია კონტექსტიდან და მაშინ რუსეთი, ალბათ, ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა იყო, თუმცა სწორედ მაშინ მოხდა ჩეჩნეთის ომი და ისიც გვახსოვს, ჩვენ რა მოგვიწყვეს. ძალიან არ მომწონს, რომ რუსეთში პუტინის გარდა ჭკუა არავის მოეკითხება. ის საკმაოდ რაციონალური კაცია, მაგრამ ის მაინც უშიშროების ოფიცერია. საბჭოთა კავშირის დროს რუსი უშიშროების თანამშრომელი მხოლოდ დისიდენტისა და ინტელექტუალისთვის იყო საძრახისი, რუსი მოსახლეობისთვის აგენტი მოვლენა იყო, ისევე, როგორც ინგლისელისთვის, იმიტომ რომ ისინი თავიანთ ქვეყანას ემსახურებოდნენ. როდესაც უკვირთ მისი ზოგიერთი განცხადება და მოქმედება, არ ითვალისწინებენ, რომ, მართალია, პუტინი საბჭოთა პატრიოტი  აღარ არის, მაგრამ მას რუსული იმპერიული პატრიოტიზმი აქვს. ლაპარაკობენ, ფული და ძალაუფლება უნდაო და არ ითვალისწინებენ, რომ ის ელემენტიც არის, რაზეც მოგახსენეთ და ეს ყველაზე სახიფათო ელემენტია, რადგან იდეოლოგიური ელემენტია და, თან, ირაციონალური. ერთხელ გიორგი ლეონიძემ მოიტანა ასეთი ფრაზა: დიდი ერის პატრიოტიზმი შოვინიზმში გადადის, პატარა ერის შოვინიზმიც კი პატრიოტიზმიაო. გარდა ფულისა და ძალაუფლებისა, პუტინს ესეც ამოძრავებს: ნაწილობრივ მაინც ახერხებს იმის აღდგენას, რაც სხვებმა გაანიავეს, ყირიმი იქნება, ჩვენთან წარმატებული ომი თუ ევრაზია და ეს მისი მხოლოდ პროპაგანდისტული გათვლა კი არ არის, იმ ადამიანს სჯერა ამის. მეორე მხრივ, ეს სახიფათოა რუსეთისთვისაც, იმიტომ რომ ისინი განწირულ რამეს ებღაუჭებიან: არ დგებიან ნორმალურ კალაპოტში. მაგალითად, დე გოლს ეყო პრინციპულობა, რომ ალჟირი გაეშვა. ჩერჩილი ამას ვერაფრით დაუშვებდა, ამიტომაც ჩერჩილის შემდეგ მოხდა დეკოლონიზაცია. ახლა რუსეთში ის პროცესი მიდის, რაც ევროპამ დიდი დეკოლონიზაციის სახით გაიარა. რუსეთი რაღაც სხვა სტადიაში გადადის და იმედი მაქვს, დასავლეთის ლიდერები თუ არა კოლექტიური გონი რაღაცნაირად მოძებნის დამოკიდებულებას რუსეთთან. იმედი მაქვს, რუსეთი რაღაცნაირად გააცნობიერებს რეალობას და, რაც მთავარია, ყველაზე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივხვდებით, რომ ამ ვითარებაში ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ.

– გაურკვეველი ვითარებაა უკრაინაში, უცებ რუსეთ-უკრაინის ომი რომ დაიწყოს ყირიმის გამო?

– დონბასთან დაკავშირებით დღე-დღეზე სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი. უკრაინას ისეთი მთავრობა ჰყავს, უკეთეს შემთხვევაში, ავანტიურისტები, რომლებიც დასავლეთისგან ჯილდოდ 15 მილიარდს ელოდებიან რუსეთთან ომის გამო, იმიტომ რომ დასავლეთში ისევ არის ხალხი, რომლებსაც რუსეთის ომში ჩათრევა უნდათ. ანუ ის ხდება, რაც ჩვენს ომთან დაკავშირებით ხდებოდა. მეორე მხრივ, როგორც იანუკოვიჩს უნდოდა 15 მილიარდი რუსეთისგან, რომ პუტინის საქმე გაეკეთებინა, ისე უნდათ ამათ 15 მილიარდი დასავლეთისგან ამათ და წარმოგვიდგენია, რას უზამენ იმ 15 მილიარდს.

– და დასავლეთი საკმაოდ მშვიდად უყურებს, როგორ იხოცება ხალხი უკრაინაში.

– ყველა უყურებს: თუ თავი არ გენანებათ, მაშინ დაიხოცეთო. კიდევ კარგი, ჩვენ ამ ამბავს შევეშვით, როდესაც სხვისი ამოცანების გადაწყვეტა ჩვენს ხარჯზე  ხდებოდა. სამწუხაროდ, ახლა უკრაინა არის ამ სიტუაციაში. ყირიმი ძალიან სპეციფიკური ამბავია. თუ ვინმეს უნდოდა უკრაინის ერთიანობა, რა პრობლემა იყო ფედერალიზმი?! უკრაინის ხელისუფლებაში ის ხალხია, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების მსგავსად ამბობს, რუსეთი განწირულია, უნდა დაიშალოსო. თუ უნდა დაიშალოს, დალოცვილო, მოიგე 10-15 წელი. ხომ ვხედავთ, რომ პუტინის შემდეგ რუსეთს პერსპექტივა არ აქვს?! სტალინის ამბავია, ოღონდ უფრო დაბალ დონეზე. ის გენიალური მმართველი იყო, მაგრამ ის მმართველი მიდის და დამთავრდა. პუტინს რა გაგრძელება ექნება? არანაირი. ამიტომ აქ დროის მოგებაზეა ლაპარაკი, მერე კი – ან ისეთი კარგი ხდება რუსეთი, რომ შესაძლებელი იქნება მასთან ურთიერთობა, ან მართლაც განწირულია და სალაპარაკოა, შემდეგ ჩვენ რა გვეშველება, ისეთი სიტუაცია შეიქმნება ჩრდილოეთ კავკასიაში.

 მაქმანების აკრძალვის გამო ომი არ დაიწყება, მაგრამ აქ ძალიან სერიოზული ამბებია მოსალოდნელი. ამ ხელისუფლების, რაც მომწონს, ეს არის რუსეთთან კორექტული დამოკიდებულება და, თუ ობიექტურები ვიქნებით, უნდა ვთქვათ, რომ მათგანაც ძალიან თავშეკავებული დამოკიდებულებაა. რადგან ისინი ასეთ რამეებს ანგარიშს უწევენ, თუმცა ძლიერი იმპერია ასეთ რაღაცეებს არ აქცევს ყურადღებას.

– არასრულფასოვნების კომპლექსი არ აქვთ.

– თუმცა მათაც გაუჩნდებათ ეს კომპლექსი, თუ ასე გააგრძელეს. მაგრამ ჯერჯერობით არ აქვთ. იმავე სტალინს ნაკლებად ადარდებდა, ვინ აქებდა და აძაგებდა ქვეყნის გარეთ. ამათ ეს გამახვილებული აქვთ. რუსები ამას „ტშესლავიეს“ უწოდებენ და სწორედ ეს არის წვრილმანი პატივმოყვარეობა. მათ ეს წვრილმანი პატივმოყვარეობა აქვთ გამახვილებლი, მაგრამ მაქმანების  აკრძალვით, დარწმუნებული ვარ, რაღაც სერიოზულთან აგუებენ მოსახლეობას და ეს უკრაინასთან დაკავშირებით მოხდება.

– და ეს აუცილებლად შეეხება ევროპას.

– ნახეთ, რა მოხდა: ჩეხებმა და სლოვაკებმა, „ნატოს“ წევრმა ქვეყნებმა, როგორც კი „ნატომ“ გადაწყვიტა, ჯარი და თვითმფრინავები უნდა გადავისროლოთო, უარი უთხრეს, არ გვინდაო. მათ გაიგეს პუტინის ნათქვამი: ვიბრუნებთ ჩვენს ისტორიულ მიწებსო და სლოვაკი და ჩეხი ფიქრობს, იბრუნებს და დაიბრუნოსო. გერმანელმა ხალხმაც გაიგო პუტინის ნათქვამი: იმედი მაქვს, გერმანელ ხალხს ახსოვს, რომ ჩვენ მათი გაერთიანების მომხრეები ვიყავით, როდესაც გერმანიის მოკავშირეები წინააღმდეგნი იყვნენ. და ეს მართლაც ასე იყო. და თქვენ ხედავთ, გერმანიის პოზიციას. ამას წინათ, ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა თქვა, ლაპარაკი არ არის პრორუსებზე, ლაპარაკია რუსებზეო. ამიტომ არ აქვთ ისეთი შიშები, როგორიც ჩვენ. ჩვენთან გადაჭარბებით წარმოუდგენიათ მოვლენების განვითარება, ევროპელები გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთი გასცდეს არათუ ყოფილი საბჭოეთის, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების მიმდებარე ტერიტორიებს.

– ვაიდა გასცდა, მერე სად მიდიან?

– ეს უკვე, როგორც კახეთში ამბობენ, მეორე სტაქანია, ანუ ეს უკვე სხვა თემაა. მეც მგონია, რომ არა, თუმცა ალბათობა, მცირე თუ დიდი, მაინც რჩება, მაგრამ ევროპელებს ამის არ სჯერათ, ამიტომ აქეზებს მათ ამერიკა ასე გამწარებული, თუმცა ევროპელები არ რეაგირებენ. ახლახან რუსეთში „ბრითიშ პეტროლიუმს“ ხელი მოუწერეს ძნელად დასამუშავებელი საბადოების ათვისებაზე. უნდა გენახათ, როგორ ელაქუცებოდნენ. ფრანგების სახელმწიფო კომპანიაც დასაქმდა რუსეთის ტერიტორიაზე, გერმანული ეკონომიკა ხომ საერთოდ კრიზისს გადაურჩა რუსეთის ბაზრის გამო. ამის გათვალისწინებით, ვინ დაუპირისპირდება რუსეთს?! უნგრეთი ლამის საერთოდ გავიდეს ევროკავშირიდან და რუსეთს შეუერთდეს, არადა, უნგრელებს ვერავინ დააბრალებს პრორუსობას. მაგრამ ყველა ამოდის თავისი იდეოლოგიური ინტერესიდან. რუსების უდიდესი შეცდომა იქნება, თუ ისინი ისევ იდეოლოგიურ ბარიერს დააწესებენ, ამ შემთხვევაში ისევ თოფით დარაზმავენ ყველას თავიანთ წინააღმდეგ.

 

скачать dle 11.3