კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში ზვიად გამსახურდიამ, ედუარდ შევარდნაძემ და მიხეილ სააკაშვილმა და რატომ იყო გარდაუვლად საბედისწერო მათი საპრეზიდენტო ბედი

დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე ჩვენს ქვეყანას ოთხი პრეზიდენტი ჰყავს, ორი მათგანი უკვე გარდაიცვალა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. ისე მოხდა, რომ ტრაგიზმი უნებლიეთ დაჰყვება მათ ბედს (მეოთხეზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით,  რადგან ჯერ პოსტზე ერთი წელიც არ გასრულებია): დღემდე უცნობია დანამდვილებით პირველი პრეზიდენტი მოკლეს  თუ თავი მოიკლა; მეტიც, მისი ცხედარი რამდენჯერმე გადაასვენეს და რამდენიმე წლის განმავლობაში უცხო მიწასაც იყო მიბარებული. საბოლოოდ, წლების შემდეგ სამშობლოში დააბრუნეს და ზვიად გამსახურდია მთაწმინდაზე დაკრძალეს – ცერემონიალი ადგილობრივ დამსწრეთა ნაკლებობას არ უჩიოდა. მეორე პრეზიდენტი საკუთარი სიკვდილით, მხცოვან ასაკში გარდაიცვალა, უკანასკნელ გზას სამების საკათედრო ტაძრიდან გაუყენეს, ცერემონიალი უცხოელ დამსწრეთა ნაკლებობას არ უჩიოდა, თუმცა ადგილობრივთა ნაკლებობა თვალში საცემი იყო – საზოგადოება ცნობისმოყვარეობის გამოც არ მისულა პანაშვიდებზე. ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში მიაბარეს მიწას – იქნებ იმიტომაც, რომ მისი საჯარო ადგილას   დაკრძალვა მთლად უსაფრთხოც არ არის. მესამე პრეზიდენტი, თუმცა 9 წელს იყო ქვეყნის პირველი პირი, სამშობლოში ვერ ჩამოდის. რატომ აღმოჩნდა საბედისწერო საქართველოს პრეზიდენტის სკამი?  – თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

 

–  რა სჭირს ასეთი საქართველოს პრეზიდენტის სკამს, ტრაგიზმი გარდაუვლად სდევს თან მათზე მსხდომებს.

– დანამდვილებით მსჯელობისთვის ფუნდამენტური ფიქრის საშუალება უნდა იყოს, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ვარაუდებით ვისაუბრებთ. ალბათ, ეს მაინც ტახტის პრობლემას უკავშირდება. ფეოდალიზმის ეპოქას სჩვეოდა მამა-შვილს შორისაც კი შუღლი ძალაუფლების გამო. ანუ ამის გასაღები ისევ ძალაუფლებაშია. პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, შემთხვევაში ხელისუფლებაში მოვიდა ძალაუფლებაში გამოუცდელი ელიტა. მანქანის მართვის დროს ყველაზე ხშირად ავარია პირველ პერიოდში მოგდის, როდესაც გგონია, რომ მანქანის მართვა იცი, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მართვის ყველა საიდუმლოს არ ფლობ და ეს ხდება ავარიის მიზეზი. ეს დაემართა იმდროინდელ ელიტასაც. მხოლოდ საჭის პყრობა არ არის საკმარისი, ამ საჭის გამოყენებაც უნდა იცოდე.

– გამოადგა მეორე პრეზიდენტს საჭის გამოყენების გამოცდილება?

– მეორე პრეზიდენტი მართვაში გამოცდილი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, მას ჰქონდა საბჭოთა მართვის გამოცდილება, საბჭოთა სისტემაში კი ცენტრი იყო ხელისუფლების საფუძველი და იმ საქართველოში, სადაც შევარდნაძე პრეზიდენტი გახდა, ასეთი აშკარა ცენტრი არ არსებობდა, თუმცა რუსეთი ფარულად იბრძოდა. ამან გამოავლინა დემოკრატიული და არა მხოლოდ დემოკრატიული წყობის თავისებურება, რომ ერთ-ერთი ფაქიზი თემაა, თუ როგორ ააგებ შენს ელიტას, იმიტომ რომ შემდეგ ეს ელიტა იქცევა შენს მთავარ საფრთხედ. ელიტის პრობლემა ჰქონდა გამსახურდიასაც: ბოლოს და ბოლოს, თავისივე ელიტა დაუპირისპირდა, ისევე, როგორც შევარდნაძესაც თავისივე ელიტა დაუპირისპირდა.

– თუმცა სააკაშვილთან ცოტა სხვა სურათი გვქონდა.

– აბსოლუტურად სხვა, ანუ მან შეკრა ელიტა.

– ოღონდ ნაწილი ჩარეცხა.

– ჩვენ გვახსოვს „მოქალაქეთა კავშირის“ გაქრობა, მაშინ, როდესაც ზვიადის მომხრეებიც დამარცხდნენ, მაგრამ ისინი არ გამქრალან, დღემდე არსებობენ. შევარდნაძის მიერ დაშვებულმა იმავე შეცდომამ, რაც დაუშვა გამსახურდიამ –  დაუდევრობამ საკუთარი ელიტის აწყობაში, გამოიწვია ის, რომ შევარდნაძისავე ელიტაში იშვა მისი ოპოზიცია. იმ ელიტას ჰქონდა თავისი არგუმენტები, რომ იყო კორუფცია და ასე შემდეგ, თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო და არა მიზეზი. ვარდების რევოლუციის შემდეგ კორუფცია ელიტური გახდა, თორემ არ გამქრალა. გამოცდილებამ შევარდნაძეს უშველა დროის თვალსაზრისით: გახანგრძლივდა მისი ძალაუფლება, თორემ, ფაქტობრივად, ის პრობლემა, რაც ძალაუფლებას ახლავს, ვისაც ძალაუფლება უჭირავს, მას ფეხებში უყურებენ, შევარდნაძისთვისაც გადაუწყვეტელი იყო. შევარდნაძესაც ჰქონდა განცდა, რადგან ძალაუფლება ჰქონდა, მოვლენებზე ზემოქმედების მეტ საშუალებასაც ფლობდა, მაგრამ, როგორც ვნახეთ, მთლად ასე მის შემთხვევაშიც არ გამოვიდა. ძალაუფლებამ თავბრუ დაახვია სააკაშვილის გუნდსაც და ესეც გამოუცდელი გუნდი იყო. 

– გამოუცდელი რატომ იყო, ხომ იყვნენ ხელისუფლებაში? თუ სრული ძალაუფლების ფლობის გამოცდილება არ ჰქონდათ?

– ხელისუფლებაში რომ იყვნენ, ეს გამოცდილება გამოადგათ. ძალაუფლების კონცენტრაცია საკმაოდ ეფექტიანად განახორციელეს, მაგრამ შემდეგ უკვე აღარ უფიქრიათ, მე რომ დავსუსტდები, რა მოხდებაო. საერთოდ, ეს იშვიათად ხდება ხოლმე, რადგან ძალაუფლების მფლობელს განცდა აქვს, რომ მუდმივად იქნება.

– ხომ იციან, რომ მაქსიმუმი არის 8 წელიწადი, 4 წელიწადში კი ისევ თავიდან მოუწევთ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა?

– ივანიშვილის ეფექტი რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილის ხელისუფლება ისევ იქნებოდა. შესანიშნავად ჰქონდათ გადაზომილ-გადმოზომილი ყველაფერი: კონსტიტუცია შევლილი, არჩევნების მექანიზმი იდეალურად მორგებული და ასე შემდეგ. რას უნდა შეეშალა ხელი?!

– დიქტატურას რესურსი სჭირდება, ამდენი რესურსი ამ ღარიბ ქვეყანას აქვს? თუ ფიქრობთ, რომ დასავლეთი გააგრძელებდა მათ კვებას?

– რატომ არ გააგრძელებდა?! ხომ ვნახეთ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ?! როგორც ჩანს, რუსეთისთვისაც კომფორტული პარტნიორი იყო. გაუხსნა კარი ვაჭრობას და იმავე ომის დროსაც კი რუსეთიდან შემოსულმა ფირმებმა დამატებითი სირთულეები არ შექმნეს.

– არც იმ ფირმებმა შექმნეს და არც იმ ფირმებს შეუქმნეს დამატებითი სირთულეები ომის დროს.

– ასე რომ, ომი ისეთი სიმწვავით არ წავიდა, როგორც უნდა წასულიყო, რაც მიუთითებს, რომ რუსეთთან მათ არ ჰქონიათ ისეთი რადიკალური ურთიერთობა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. რუსეთთან ურთიერთობაში ურთიერთგაგების არსებობა ჩანს იმ ფაქტით, რომ აჭარა დაუთმეს სააკაშვილის ხელისუფლებას და ძალიანაც კარგი, მაგრამ უბრალოდ  რუსეთი არ იყო ისეთი მეტოქე, როგორსაც ხატავდა სააკაშვილი და რუსეთთან „ნაციონალების“ ურთიერთობა ცალკე შესწავლის საგანია. ამ ყველაფერს იმიტომ მოგახსენებთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ძალიან მყარად იდგა თავის იმ ხაზზე, რომელსაც უნდა მიეყვანა ეს ხელისუფლება ფინიშამდე და მართლაც დაუგეგმავი მოვლენა მოხდა ივანიშვილის გამოჩენით, თორემ კიდევ დიდხანს იქნებოდნენ. ოღონდ სააკაშვილს უმტყუნა ერთმა რამემ: მოსახლეობას აღარ გაუწია ანგარიში და მოსახლეობის აგრესია აღმოჩნდა ის გადამწყვეტი მუხტი, მარტო ივანიშვილი ვერაფერს შეძლებდა.

– გამსახურდია მოსახლეობას უფრო უყვარდა, ვიდრე შევარდნაძე, თუმცა ფაქტორი არ აღმოჩნდა სიყვარული, ამან ვერ შეანარჩუნებინა ძალაუფლება პირველ პრეზიდენტს, თუმცა არსიყვარულმა გამოამშვიდობა სკამს როგორც შევარდნაძე, ისე სააკაშვილი. უარყოფითი ემოცია უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ასეთ დროს?

– მიჭირს იმის თქმა, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს მოსახლეობის დამოკიდებულების ამსახველად ის, რაც გამსახურდიას გარშემო ხდებოდა. რაღაც ნაწილი ინდიფერენტული იყო, რაღაც ნაწილს არ უყვარდა –  ინტელიგენციას, მაგალითად.

– მე ვგულისხმობ საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის სიყვარულს. ძალიან დიდხანს უწევდნენ წინააღმდეგობას შევარდნაძის ხელისუფლებას ფიზიკური საფრთხის მიუხედავად.

– ეს ყველაფერი მაინც უფრო უკავშირდება ძალაუფლების უცოდინრობას. ანუ სახელმწიფო საჭესთან ყოფნის გამოცდილება რადგან აკლდა თითოეულ მათგანს და ქვეყანასაც.

– თავისი არმისვლით პანაშვიდებზე რა გამოხატა მოსახლეობამ?

– არაფერი, გარდა თავისი ემოციური ნეიტრალობისა. შევარდნაძე არ ყოფილა ემოციური ლიდერი, ის არც აპელირებდა ემოციებით გამოსვლებისას და როდესაც პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს ემოციური სტილი, ემოციური სტილი არ აქვს მის მრევლსაც. ასე რომ, გასაკვირი არ არის.

რაც შეეხება გამსახურდიას, 90-ანი წლების ბოლოს ჩავატარე ექსპერიმენტი, გამოვიკითხე თბილისელები და გამოკითხულთა 70-მა პროცენტმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირში კომფორტულად გრძნობდა თავს. აი, აქ შეასრულა გამსახურდიამ კარდინალური როლი. ეროვნული მოძრაობა და გამსახურდია რომ არა, ჩვენ მივიღებდით, ალბათ, დამოუკიდებლობას, მაგრამ, დაახლოებით, იგივე სიტუაცია გვექნებოდა, რაც ბელორუსიასა და შუა აზიის ქვეყნებშია. დემოკრატიისკენ სწრაფვა არ იქნებოდა, ეს იქნებოდა საბჭოთა კავშირი საბჭოთა კავშირის გარეშე.

– კულტურული შოკი მივიღე რამდენიმე წლის წინათ მინსკის ცენტრში ლენინის ძეგლი რომ თაიგულებით შემკული დავინახე და იქვე დიდი წარწერა წითელ ნაჭერზე: ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის რომელიღაც წლისთავი. რატომღაც გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ყველგან დასრულდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. 

– იმდენად განსხვავებულია ჩვენი აზროვნება, რომ დღეს ეს ვერ წარმოგვიდგენია, მაგრამ ისეთები ვიქნებოდით ჩვენც და ლენინის ძეგლსაც შევამკობდით ყვავილებით, რომ არ ყოფილიყო გამსახურდია. ანუ მენტალური დამოუკიდებლობა არ გვექნებოდა. ხშირად ამბობენ, რა საჭირო იყო ამდენი ბრძოლა, ხომ მაინც მივიღებდით დამოუკიდებლობასო. მივიღებდით, ოღონდ მივიღებდით პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მაგრამ კაცმა არ იცის, მივიღებდით თუ არა მენტალურ დამოუკიდებლობას, რომ არ ყოფილიყო ეროვნული მოძრაობა.

შევარდნაძე, რა თქმა უნდა, შეიძლება, თავის შეცდომებსაც შეეწირა, შეიძლება, გარდაუვალი იყო: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსი მაინც წაგვართმევდა, მაგრამ რა გაუკეთა საპასუხოდ რუსეთს შევარდნაძემ?!

– მილსადენები გაიყვანა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუპარტნიორდა.

– დიახ, თან, ამერიკის არა მხოლოდ შემოყვანა, აქ დაყენება. დავამატებ, აფხაზეთი რომ დაგვამხეს თავზე, ევროპას ყური არ შეუბერტყავს, ნავთობსადენის შემდეგ გავხდით ევროპისთვის საინტერესო. ის, რომ დასავლეთისთვის საინტერესო გავხდით, შევარდნაძის გარეშე არ მოხდებოდა. უბრალოდ შიგნით იყო რთული ვითარება. კარგად მახსოვს, შევარდნაძე ამბობდა, ერთი მილიარდი რომ მომცენ სესხად, მეტი არ მინდა, ქვეყანას ფეხზე დავაყენებო.

– მას არ მისცეს, მაგრამ სააკაშვილს უფრო მეტიც მისცეს.

– დიახ, მისცეს. მან დაამყარა ეს ურთიერთობა და ქვეყნის შიგნით მკაცრი ადმინისტრირება გაატარა, თუმცა საგარეო ვალი 10 მილიარდამდე ავიდა.

– შევარდნაძის დროს საგარეო ვალი ორი არასრული მილიარდი იყო, სააკაშვილმა კი გაახუთმაგა.

– ეს სააკაშვილის უპრეცედენტო გემოვნებიანობაა. მაგრამ სააკაშვილს ვერ დავუკარგავთ ადმინისტრირებას, კანონის პატივისცემას…

– ოღონდ ამ კანონს თვითონ არ სცემდნენ პატივს.

– რა თქმა უნდა. მოსახლეობა სულ ელის, რომ მასზე მზრუნველი ხელისუფლება ჰყავდეს, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება. რასაც ახლა ვამბობ, არ არის თითოეულის მოღვაწეობის შეფასება. ისევე, როგორც საბჭოთა კავშირს პოზიტიურად ვერ შევაფასებ, მაგრამ საბჭოთა სისტემაში ყოფნამ გამოასწორა ჩვენი დემოგრაფია და ასე შემდეგ. ანუ მხოლოდ ცუდი არაფერში არ არის, ისევე, როგორც არ არის მხოლოდ კარგი. ყველაფერს თავისი შავი და თეთრი მხარეები აქვს. ამ თვალსაზრისით, ვამბობ, რომ თითოეულმა მმართველმა თავისი პოზიტივი შეიტანა საქართველოს ისტორიაში და თითოეულმა რაღაც დონემდე წინ წასწია ქვეყანა. ოღონდ თითოეულ მათგანს თავისი ხარვეზი ჰქონდა. არც ერთი არ არის ამ ისტორიაში ამოსაგდები, მოტივით, რა კარგი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყოო, თითოეულს თავისი ფუნქცია ჰქონდა.

– რატომ დაჰყვა ტრაგიკული ბედი სამივეს?

– არ შეიძლებოდა, ტრაგიკულები არ ყოფლიყვნენ. ამერიკის შეერთებულ შატტებზე აწყობილი ქვეყანა რთული წარმოსადგენია, მაგრამ იქ მოკლეს კენედი. რატომ? იმიტომ რომ ძალაუფლებაა ასეთი ბუნების. შენ შენი ძალაუფლებით ვიღაცას გზას უკეტავ, ვისაც სხვა არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ ტრაგიკულად დაასრულოს შენი ისტორია. 

– მეოთხე პრეზიდენტსაც ემუქრება ტრადიციული ტრაგიზმი?

– ღმერთმა დიდხანს ამყოფოს, მაგრამ, ამ მხრივ, უფრო სახიფათო პოსტი ღარიბაშვილს უჭირავს, რადგან მას აქვს ძალაუფლება და ვისაც აქვს ძალაუფლება, ის უფრო რთულ სიტუაციაშია. ძალაუფლებაა სახიფათო და არა –  პოსტი. ჩვენს საზოგადოებას ახირებული ბავშვის ხასიათი აქვს და ასეთი ხალხის პირველი პირობა ძალიან რთულია. სამივე შემთხვევაში რა შეცდომაც შეიძლებოდა, ყველაფერი დავუშვით და ამ დროს სამივეს მიმართ პრეტენზიები გვაქვს. მძიმე ბედი ერგო სამივე პრეზიდენტს, მაგრამ მათი ბედი არალოგიკური არ ყოფილა. ამ პირობებში ხელისუფლების პირველი პირი კომფორტული ფინალით ვერ დაამთავრებს, როდესაც ეს მოხდება, იმის ნიშანი იქნება, რომ სტაბილურობაა. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ამის მოთხოვნის უფლება, ჯერ ჩვენ თვითონ არ გარდავქმნილვართ, ამიტომ ჩვენს ხელში ჩაცვენილი პრეზიდენტები არიან მძიმე ხვედრის მქონე.

 

скачать dle 11.3