კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიჰყვებოდნენ თავისი ნებით საფლავში მოსამსახურეები მდიდარ მეპატრონეებს

მეოთხე ათასწლეულის ბოლოს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ენეოლითის ეპოქის დასასრულს, შუამდინარეთში (ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე ტერიტორია) მოსული ხალხი – შუმერები გამოჩნდნენ, რომლებიც თავიანთ თავს „შავთავიანებად“ მოიხსენიებდნენ. საიდან მოვიდნენ ისინი ამ მიწაზე, დღემდე უცნობია, მაგრამ „შავთავიანები“ ადგილობრივ მოსახლეობას შეერივნენ და დიდი შუმერული ცივილიზაცია შექმნეს. დაახლოებით მესამე ათასწლეულის შუა ხანებში შუმერი მეზობელმა აქადმა დაიპყრო, მაგრამ „შავთავიანებმა,“ ბრძოლის ველზე დამარცხების მიუხედავად, დამაჯერებელი სულიერი გამარჯვება იზეიმეს დამპყრობლებზე – აქადებმა მნიშვნელოვანწილად გადაიღეს და გაითავისეს შუმერების კულტურა და ტრადიციები. ამ ტრადიციებიდან ერთ-ერთი იყო მეფის (შეიძლება, ასევე, სხვა წარჩინებულ პირთა) დაკრძალვის ცერემონიალი, რომელსაც თან ახლდა ადამიანთა მასობრივი მსხვერპლშეწირვა.

 

ქალაქ ურის გათხრებისას არქეოლოგმა ლეონარდ ვულმა აღმოაჩინა სასაფლაო, სადაც შუმერები და შემდგომში აქადებიც, თავიანთ მიცვალებულებს კრძალავდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე თითქმის მთელი მესამე ათასწლეულის განმავლობაში. ვულმა დაახლოებით 1 500 საფლავი გამოიკვლია და, ნათელი გახდა, რომ ურის ძველი მცხოვრებნი საიქიოში დაახლოებით ისევე აპირებდნენ ცხოვრებას, როგორც დედამიწაზე: საფლავებში მათთან ერთად ჩამარხული იყო შრომის იარაღები, ჭურჭელი საკვებით, საბრძოლო იარაღი... ხშირად მიცვალებულები გვერდზე იწვნენ და პირთან ახლოს ედგათ კათხა რაღაც სასმლით. ბევრ საფლავში აღმოჩენილია ნავების მოდელები – შუმერთა მიწის ქვეშ მდებარე საიქიო სამეფო ცოცხალთა სამყაროსგან ხომ მიწისქვეშა მდინარით იყო გამოყოფილი და შუმერებს სწორედ ნავებით სურდათ, საიქიოს მბრძანებელ ერეშკიღალთან მიეცურათ.

არქეოლოგებმა, გარდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საგნებისა, შუმერთა საფლავებში აღმოაჩინეს ფუფუნების საგნები:  მუსიკალური ინსტრუმენტები, ლარნაკები, ძვირფასი ქვებისგან გამოქანდაკებული ცხოველთა ფიგურები. ბუნებრივია, შუმერ მბრძანებლებს „არ სურდათ” საიქიოში თავიანთი მოსამსახურეების, კარისკაცებისა და სეფექალების გარეშე ცხოვრება. მაგრამ, არქეოლოგთა გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ, როგორც გამოკვლევები ამტკიცებდა, ეს მსახურები თავიანთ მბრძანებლებს ნებაყოფლობით მიჰყვებოდნენ იმქვეყნიურ სამყაროში: მათ სხეულზე ძალდატანებითი (ძალისმიერი) სიკვდილის არანაირი ნიშანი არ აღმოაჩნდათ და დაკრძალული იყვნენ სრულიად ბუნებრივ, თავისუფალ პოზაში.

ურის პირველი დინასტიის მეფეების (ქვეყანას მართავდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის შუა ხანებში) აკლდამები მოგვაგონებს არა საფლავებს, არამედ დიდ სანადიმო დარბაზებს, რომლებსაც სიკვდილის სუნთქვა ყველა იქ მყოფისთვის მოულოდნელად შეეხო: როგორც ჩანს, მუსიკოსები თვალის ბოლო დახამხამებამდე განაგრძობდნენ არფაზე დაკვრას, ხოლო მანდილოსნები – თავიანთი დედოფლის მხიარული მუსაიფით გართობას. ამასთან, ეს მანდილოსნები იყვნენ არა მონა ქალები, რომლებიც საიქიოში უნდა მომსახურებოდნენ თავიანთ მბრძანებელს, არამედ, მდიდრულად ჩაცმული, ოქროთი და ძვირფასი ქვებით შემკული მდიდარი და წარჩინებული ქალბატონები. არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ შუმერი მბრძანებლების მსახურები, კარისკაცები და სეფექალები ნებაყოფლობით ჩადიოდნენ მდიდრულ აკლდამებში, რათა იმქვეყნადაც გაეგრძელებინათ უზრუნველი ცხოვრება. ისინი იღებდნენ ნარკოტიკულ შხამს, რომელიც მათ სიკვდილისწინა ტანჯვისგან ათავისუფლებდა, შემდეგ კი სამუდამოდ იძინებდნენ ისეთივე ნებაყოფლობითი სიკვდილისთვის განწირული მუსიკოსების მიერ აჟღერებულ არფის ჰანგებზე; ანდა, მათ ძილში განგმირავდნენ სტილეტის წამიერი და უმტკივნეულო დარტყმით.

ლეონარდ ვულის მიერ ნაპოვნ საფლავებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ვინმე აბარგის აკლდამა, რომელიც, შესაძლოა, მეფე ან წარჩინებული ქურუმი ყოფილიყო, რომლის აკლდამაშიც მასთან ერთად დაკრძალული იყო 60 მამაკაცისა და ქალისგან შემდგარი ამალა – მცველები, მსახურები და დაახლოებული პირები...

სწორედ აბარგის საფლავის თავზე, ვულმა სხვა საძვალეც აღმოაჩინა, რომელიც ეკუთვნოდა ქალს, სახელად შუბადს. (ის აბარგზე რამდენიმე წლით გვიან იყო დაკრძალული). შესაძლოა, შუბადი იყო აბრაგის მეუღლე, ესე იგი – დედოფალი, ან, წარჩინებული ქურუმის ცოლი. როგორც აბარგის, ასევე შუბადის აკლდამა მდიდრულად გახლდათ მოწყობილი და, გარდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა, ოქრო-ვერცხლის საგნებითა და სამკაულებით იყო მორთული. აბარგის აკლდამაში აღმოჩენილია ხარებშებმული ოთხთვალა. ვულმა დაადგინა, რომ აბარგის აკლდამა გაძარცული იყო, მაგრამ, მძარცველებს აბარგის აკლდამაში ჩაღწევა მხოლოდ შუბადის აკლდამის გავლით შეეძლოთ, შუბადის აკლდამა კი ხელუხლებელი ჩანდა. ვულის დასკვნით, მძარცველები შუბადის აკლდამის მშენებლები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებმაც, შუბადის აკლდამის შენებისას, აბარგის აკლდამაში გარეშე თვალისგან შეუმჩნეველი ჩასასვლელი გააკეთეს.

შუბადის აკლდამაში მის ნეშტთან ორი მოახლე იჯდა: ერთი – თავთან, მეორე – ფეხებთან, მუსიკოსი არფას აჟღერებდა... სულ, შუბადთან დაკრძალული იყო ოცდახუთი ადამიანი, ნაწილი – უშუალოდ მის გვერდით, ხოლო დანარჩენი – დიდ საფლავში, რომელიც დედოფლის აკლდამას ესაზღვრებოდა.

ლეონარდ ვულმა აღადგინა მოვლენები, რომლებიც მიცვალებული მბრძანებლის აკლდამის დაბეჭდვის შემდეგ ხდებოდა:

„მას მერე, რაც აკლდამაში შესასვლელს აგურით ამოქოლავენ და შელესავენ, დაკრძალვის რიტუალის პირველი ნაწილი მთავრდება და იწყება ცერემონიის ყველაზე დრამატული ნაწილი, რაზეც ნათელ წარმოდგენას ქმნის დედოფალ შუბადისა და მისი მეუღლის აკლდამები.

ვეებერთელა, ზემოდან ღია, ცარიელ საფლავში, რომლის კედლებსა და იატაკზე ჭილოფები იყო მოფენილი, სამგლოვიარო პროცესია ეშვებოდა. მათ შორის იყვნენ: წეს-ჩვეულების აღსრულების ხელმძღვანელი ქურუმები, კარისკაცები და მსახურები; ხოლო ქალები – სხვადასხვა ფერის მბრწყინავი ტანსაცმლით, ასევე, სარდიონით,  ლაზურიტითა და ოქრო-ვერცხლით შემკული ფაფუკი თავსაბურავებით; მხედართმთავრები – წარჩინების ნიშნებით, მუსიკოსები კი – ლირებითა და არფებით. მათ უკუსვლით მიჰყვებოდნენ ოთხთვალა ურმები, რომლებშიც ხარებს ან ვირებს აბამდნენ. ოთხთვალებზე ისხდნენ მეეტლეები, წინ, ქვეითად კი, მესაზიდრეები მიუძღვებოდნენ ლაგამამოდებულ პირუტყვს. ყველას წინასწარ მიჩენილი ადგილი ეკავა საფლავის ფსკერზე. პროცესიას ბოლოში ოთხი ჯარისკაცი კეტავდა და იცავდა გასასვლელს. ყველას, მამაკაცებსაც და ქალებსაც, თან ჰქონდათ თიხის, ქვის ან ლითონის ფიალა – რიტუალის დასრულებისთვის აუცილებელი ერთადერთი საგანი.

შემდეგ, როგორც ჩანს, იწყებოდა რაღაც ცერემონიალი, ყოველ შემთხვევაში, მას ბოლომდე თან ახლდა არფისტების გაჟღერებული ჰანგები. ბოლოს ყველა თავისი ფიალიდან სვამდა საწამლავს, რომელიც თან მიჰქონდათ ან საფლავის ფსკერზე პოულობდნენ. ამის შემდეგ ყველა თავის ადგილზე ეწყობოდა და ელოდებოდა სიკვდილს, ვიღაც კი უნდა ჩასულიყო საფლავში და დაეხოცა ცხოველები. ჩვენ აღმოვაჩინეთ მესაზიდრეების ჩონჩხებზე ზემოდან შემოწყობილი მათი ძვლები – მაშასადამე, ცხოველები სულ ბოლოს იხოცებოდნენ. იგივე ადამიანები, როგორც ჩანს, ამოწმებდნენ, რომ საფლავში ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. მათვე უნდა დაეწყოთ არფები დახოცილი მუსიკოსების სხეულებზე, ბილოს კი, ამქვეყნიდან  გასული ადამიანების სხეულებს ზემოდან მიწას აყრიდნენ...“

მაგრამ, ტრადიციული დაკრძალვის საწესჩვეულებო რიტუალი ამით არ მთავრდებოდა: მას შემდეგ, რაც გიგანტურ ორმოს, რომელშიც მოთავსებული იყო მბრძანებლის აკლდამა და მისი ამალისა და დაახლოებულ პირთა საფლავები, სანახევროდ იყო მიწით ამოვსებული, მასში ალიზით კიდევ ერთ სათავსს აშენებდნენ. აქ განათავსებდნენ ახალ, სულის მოსახსენიებელ შემოწირულობას და აქვე ხდებოდა კიდევ ერთი ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, რომელსაც ზემოდან ისევ აყრიდნენ მიწას, კიდევ ერთ სათავსს აშენებდნენ  და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ორმო პირთამდე არ ამოივსებოდა. ბოლო, ზედა სათავსში დგამდნენ კუბოს ადამიანის ნეშტით, რომელიც, როგორც ჩანს, იყო მთავარი, ყველაზე ღირებული მსხვერპლი, რის შემდეგაც სამარეს საბოლოოდ აყრიდნენ მიწას და ზემოთ აგებდნენ ერთგვარ სამგლოვიარო ტაძარს.

შუმერ მეფეთა იმქვეყნიური ამალა თანდათანობით მცირდებოდა, მაგალითად, ურის ბევრად გვიანდელი მბრძანებლების (ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით ოცდამეოთხე საუკუნეში) იმქვეყნიურ საცხოვრისში „წაყვანილი“ ამალა 20 ადამიანს არ აღემატებოდა. თუმცა, ძნელი სათქმელია, რით იყო ეს გამოწვეული – საიქიო ცხოვრებაზე შეხედულებების ცვლილებით თუ მატერიალური პრობლემებით. შესაძლოა, მათ, უბრალოდ, საჭიროდ აღარ მიაჩნდათ მეფეებისთვის დიდი ამალის თანხლება.

 

скачать dle 11.3