კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეძლეს ყველაზე საშიში ბანდის, „შავი კატის“ განადგურება, რომლის წევრები მოწინავე კომკავშირლები იყვნენ, ხოლო ერთ-ერთი მეთაური ქართველი ჰყავდათ

1979 წელს   ტელეეკრანებზე გამოვიდა სერიალი „შეხვედრის ადგილი  უცნობია“.  მაყურებელმა აქედან პირველად შეიტყო ბანდის – „შავი კატა“ არსებობის შესახებ.  აღნიშნული ბანდა  სინამდვილეში არსებობდა,  მისი ერთ-ერთი წევრი კი ქართველი  იყო.  ამის შესახებ  გვესაუბრება  ისტორიკოსი და მწერალი,  ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი  ნიკა  თევზაძე.

 

–  ჯერ კიდევ ომამდე, 1939-40-იან წლებში, მოსკოვში გამოჩნდნენ ბანდები, რომლებიც ტეხდნენ ბინებს, დანაშაულის ადგილზე კი შავ კატას ხატავდნენ. შავი კატა ერთგვარი „საფირმო ნიშანი” იყო და დამნაშავეთა სამყაროს ელიტას განეკუთვნებოდა. ასეთი ქმედება თავისთავად უკვე სისტემისადმი მიმართული გამოწვევა გახლდათ.  სტალინმა  თავის ძალოვანებს კატეგორიულად მოსთხოვა,  არავითარი  შავი კატა  აღარ დავინახოო. მალე  ხსენებული ბანდების წევრები დაიჭირეს და უმკაცრესად დასაჯეს:  ზოგს დახვრეტა მიესაჯა,  ზოგსაც –  ხანგრძლივი პატიმრობა.  ძალოვანებმა მიზანს მიაღწიეს:  შავი კატა  გაქრა.

საბჭოთა კავშირ-გერმანიის  ომის დაწყებას  ახალი კრიმინალური აფეთქება მოჰყვა.  გაჩნდნენ შეიარაღებული ბანდები,  რომლებიც ძარცვავდნენ მაღაზიებს, შემნახველ სალაროებს  და  ასე შემდეგ.  ომის დამთავრების შემდეგ კი ისევ ჩნდება ბანდა „შავი კატა“.  ამის შესახებ კვლავ პირადად სტალინს მოახსენეს: მოსკოვში  საბჭოთა არმიის  ერთ-ერთი გენერლის ბინა გაძარცვეს,  მისი პატრონი მოკლეს, კედელზე კი ნახშირით შავი კატა დახატესო. 

იდგა 1945 წლის სექტემბერი. 

– ანუ, „შავი კატა” დაბრუნდა?

– 1945 წლის სექტემბერი ითვლება თარიღად, როცა ამ ბანდამ  თარეში დაიწყო. ისინი   ძარცვავდნენ შემნახველ სალაროებს, ბინებს,  მაღაზიებს; ყველას,  ვინც კი გზაზე გადაეღობებოდათ, კლავდნენ.  მკვლელობა  მათთვის ერთგვარი რიტუალი იყო.  ადამიანს ესროდნენ მაშინაც კი, როცა საამისო საჭიროება  არ არსებობდა. დანაშაულის ადგილზე კი კვლავ შავ კატას ხატავდნენ.

სტალინმა კატეგორიულად მოითხოვა,  ხსენებული ბანდა რაც შეიძლება სწრაფად გაენადგურებინათ, მაგრამ,  ეს ვერ მოხერხდა. ბანდა  თავდასხმებს განაგრძობდა.  ის კვლავ ძარცვადა და კლავდა,  შემთხვევის ადგილას კი შავ კატას  ხატავდა.  მალე  მთელ მოსკოვს  მოედო ამბავი, რომ  გამოჩნდა ბანდა, რომლის წინაშეც ყველა უძლურია.  მაშინ, მოგეხსენებათ, არც დემოკრატია იყო და არც ოპოზიციური პრესა არსებობდა, ოფიციალური პროპაგანდა კი ორგანიზებული დანაშაულის არსებობას უარყოფდა, გაზეთებში კი  „შავ კატაზე” კრინტს არ ძრავდნენ.  მოსკოვში  ჭორები გავრცელდა:  ერთნი ამტკიცებდნენ, რომ  ბანდა  „აბვერმა” შექმნა  და საგანგებოდ გამოწრთვნილი ბოევიკებით დააკომპლექტა;  მეორენი  ამბობდნენ,  რომ  „შავ კატას“  აგენტები მთავრობაშიც ჰყავსო –   ხალხს, მოგეხსენებათ, გაზვიადება უყვარს.  ასე  შეიქმნა მითი  უძლეველი ბანდის შესახებ. მალე  ამ ბანდას მიმბაძველებიც გამოუჩდნენ.

–  ვინ იყვნენ ისინი?

–  მწერალი ედუარდ ხრუცკი (ის მაშინ სკოლაში სწავლობდა)  იხსენებს,  რომ თავის ძმაკაცებთან   ერთად კლასის დამრიგებელს  ჩანთაში ბარათი ჩაუდო, რომელშიც ეწერა, დღეს  თქვენთან „შავი კატა“ მოვაო.  საწყალ დამრიგებელს გული წაუვიდა.  ეს ერთეული შემთხვევა  როდი იყო.  ბავშვები  შავ კატას ხატავდნენ დაფებზე, ასფალტზე, კედლებზე. მთელი მოსკოვი ამ ნახატებით იყო აჭრელებული.  მოხულიგნო მოზარდები კი თავიანთ თანატოლებს თავს ესხმოდნენ: „აბა დაყაჭე მაყუთი, ჩვენ  „შავი კატის“ წევრები ვართ!“ და ასე შემდეგ.

ბავშვების გარდა,  ბანდებს  მოზრდილებიც ქმნიდნენ.  ცნობილი კრიმინალისტის, გუროვის ცნობით, 1945-47 წლებში მოსკოვსა და მის შემოგარენში  ათამდე ბანდა იქნა განადგურებული, რომლის წევრებიც  ხალხს ძარცვავდნენ, ხოლო შემთხვევის ადგილზე  შავ კატას ხატავდნენ. თუმცა, გამოძიებით დამტკიცდა, რომ  ესენი მიმბაძველები იყვნენ, ნამდვილი ბანდა კი თარეშს განაგრძობდა.

– სტალინს  ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავდა,  ნუთუ ბანდის განადგურება მათთვის პრობლემა გახდა?

– თავად განსაჯეთ,  ბანდამ პირველი დანაშაული 1945 წელს ჩაიდინა.  სტალინის ბრძანებით, მთელი სპეცსამსახურები ფეხზე დადგნენ,  მაგრამ,  არათუ ბანდის განადგურება, იმის დადგენაც კი ვერ მოხერხდა, რამდენი წევრი იყო მასში გაერთანებული,  სად ჰქონდათ ბაზა  და  ასე შემდეგ.

1948 წელს მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა.  ის მაშინვე მივიდა პეტროვკაზე, „მურის” ხელმძღვანელობა შეკრიბა და ყოველგვარი მიკიბვა-მოკობვის გარეშე განუცხადა: ეს „შავი კატაა” თუ რაღაც,  უნდა გაანადგუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ხალხის მტრებად გამოგაცხადებთ  და სათანადოდ დაგსჯითო.

„მურში,” როგორც იტყვიან,  სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა.  „შავი კატის“ წინააღმდეგ საუკეთესო ძალები გამოყვეს, მათ შორის იყვნენ ცნობილი ოპერმუშაკი სკორინი და  მისი მეგობარი –  არაპოვი. მათ მთელი დანაშაულებრივი სამყაროს ელიტა შეკრიბეს  და განუცხადეს:  რაც გინდათ ქენით, მაგრამ,  ეს „შავი კატა“ ცოცხალი ან მკვდარი მოგვგვარეთო.  გავიდა ერთი  თვე.  კანონიერმა ქურდებმა  სკორინსა და არაპოვს მოახსენეს, ხსენებული ბანდის წევრები  შავ სამყაროს არ განეკუთვნებიანო. მიუხედავად ამისა,  შედეგი ნულოვანი  გახლდათ.

„ხაზებსა“  და  „მალინებზე“  მათ  ვერ ნახავდით; რჩებოდა რესტორნები და შავი   ბაზრები.  ბანდიტებმა  ხელში უამრავი ფული ჩაიგდეს. სტალინის დროს არა მხოლოდ ფულის შოვნა,  მისი დახარჯვაც კი პრობლემას წარმოადგენდა. მაღაზიები ცარიელი  იყო და რაიმე ფასეულის  ყიდვა მხოლოდ შავ ბაზარზე თუ შეიძლებოდა. სპეკულანტთა უმრავლესობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ან უშიშროების აგენტი  იყო და, თუ ვინმე ბინას ან აგარაკს იყიდდა, მაშინვე იგებდნენ. სპეცსამსახურებისთვის მუშაობდნენ რესტორნების დირექტორები,  ოფიციანტები, თუმცა, არც  რესტორნებში,  არც   შავ ბაზარზე  დაკავებული არც  ერთი პირი ბანდის წევრი  არ  აღმოჩნდა. შეამოწმეს  ისინიც, ვინც  მოსკოვსა და მის შემოგარენში ბინა ან აგარაკი იყიდა, მაგრამ,  არც ერთ მათგანს საერთო არაფერი ჰქონდა ბანდასთან.  მაძებრებიც საგონებელში ჩაცვივდნენ:  ვინ  არიან  „შავი კატის“ წევრები?  მათ  ძარცვების გზით ხომ  უამრავი ფული იშოვეს,  მაგრამ  ამ ფულს არ ხარჯავენ.  ისმის კითხვა:  რატომ  ძარცვავენ  და კლავენ –   ფსიქოპატები  არიან თუ „აბვერის” სპეცაგენტები,  რომლებსაც საბჭოთა ქვეყანაში  დესტაბილიზაცია  სურთ?   ეს  ორივე ვერსია  მთელი სერიოზულობით განიხილებოდა.  ამ  დროს  ახალი ძარცვა მოხდა.  ბანდიტებმა  ამჯერად  სასურსათო მაღაზია გაძარცვეს,  დარაჯი მოკლეს,  ხოლო კედელზე  ნახშირით შავი კატა დახატეს.   ამ ძარცვისას  „მურმა” ბანდის შესახებ პირველი  კონკრეტული მონაცემები მოიპოვა.

მაღაზიის დარაჯს  პატარა შვილიშვილმა საჭმელი მოუტანა. ანაზდად, ბანდიტები შემოცვივდნენ, თუმცა, შვილიშვილი სასწაულით გადარჩა. მან განუცხადა მილიციას, ერთ-ერთი თავდამსხმელი  მაღალი, ქერა  მამაკაცი იყოო და ამის შემდეგ მაძებრებმა  მაღალი ქერა მამაკაცის ძებნა დაიწყეს.  ამ  დროს  ერთი დრამატული შემთხვევა  მოხდა.  ერთ-ერთ ლუდხანაში  მილიციელის ყურადღება  კუთხეში განმარტოებით მჯდარმა ახალგაზრდამ  მიიპყრო. ის  მაღალი და ქერა იყო, თან, ტყავის ქურთუკი ეცვა. ახალგაზრდა თავისთვის, წყნარად იჯდა და  ლუდს სვამდა. მილიციელი მას მიუახლოვდა და  საბუთები მოსთხოვა.  – რა გინდა? –  გაიღიმა ახალგაზრდამ, –  განა რამეს ვაშავებ?   

– აბა, ცოცხლად! –  დაიღრიალა მილიციელმა, –  თორემ, განყოფილებაში წაგაბრძანებ! 

ახალგაზრდამ თვალები შეშინებულად  დაახამხამა:

–  ახლავე, ამხანაგო, ახლავე...

ამ სიტყვებზე ჯიბეში ხელი ჩაიყო, რევოლვერი ამოიღო და მილიციელს დაახალა. მილიციელი იქვე ჩაიკეცა, მაღალი ქერა მამაკაცი კი გაიქცა.

უნდა ითქვას, რომ ლუდხანიდან გაქცევის შემდეგ მაღალმა ქერა მამაკაცმა  სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დახოცა –  ისინი შინ მიდიოდნენ და გზაში რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ. ქერა  მამაკაცს ეს არ მოეწონა, რევოლვერი ამოიღო და, დღისით-მზისით, ორივე იქვე მიაწვინა, თავად კი ამჯერადაც შესძლო გაქცევა. 

ამის შემდეგ ხსენებულ ბანდასაც „მაღალი ქერა მამაკაცის ბანდად” მოიხსენიებდნენ.  ზუსტად ერთი წლის  შემდეგ,  1949  წელს,   1 მაისის დღესასწაულის  შემდეგ, ახალი დანაშაული მოხდა –  უცნობმა  პირებმა მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის შემნახველი სალარო გაძარცვეს.  ძარცვის მომენტში ვიღაცამ სალაროში დარეკა. ყურმილი ერთ-ერთმა ბანდიტმა აიღო. როდესაც იკითხეს, ეს შემნახველი სალაროაო? ბანდიტმა უპასუხა: „არა, სტადიონია.”  ამის შემდეგ ბანდიტებმა  დიდძალი თანხა გაიტაცეს და მიიმალნენ.

გადამწყვეტი  ბრძოლები 1952  წელს გაიმართა.  ბანდასთან საბრძოლველად  როგორც უშიშროების,  ასევე „მურის” საუკეთესო კადრები ჩააბეს. უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაერთიანებულმა შტაბმა  მათ ხელთ არსებული მთელი ინფორმაცია კიდევ ერთხელ გააანალიზა და ყურადღება  გაამახვილა იმაზე,  რომ   ძარცვები ძირითადად  მოსკოვსა და მის  შემოგარენში ხდებოდა. ერთადერთი ქალაქი, სადაც „შავი კატა” არ გამოჩენილა, კრასნოგორსკი გახლდათ. ამიტომ გამოითქვა მოსაზრება,  რომ ბანდიტები სწორედ კრასნოგორსკიდან იყვნენ. მალე არაპოვი კრასნოგორსკში მიავლინეს. მან ფრიად საინტერესო ამბავი ჩამოიტანა: ორმა კრასნოგორსკელმა ყმაწვილმა ლუდის ყიდვა დააპირა. ერთ-ერთმა მათგანმა, ვინმე კოსტია ლუკოვმა, გამყიდველს სამმანეთიანი გაუწოდა.  გამყიდველს  ხურდა არ ჰქონდა. მაშინ ლუკოვმა  მთელი კასრი ლუდი იყიდა,  ქუჩაში გამოაგორა და გამვლელ-გამომვლელს უფასოდ გაუმასპინძლდა. სტალინის ეპოქაში  ეს არნახული საქციელი იყო და ლუკოვიც მყისვე „მურის” ყურადღების ქვეშ მოექცა.

–  ის დააპატიმრეს?

–  ეს  არც ისე იოლი აღმოჩნდა, რადგან,  ლუკოვის მამა კრასნოგორსკის მილიციის უფროსი გახლდათ. თავად  კოსტია  კრასნოგორსკის  ქარხანაში მუშაობდა,  მოწინავე მუშად და აქტიურ კომკავშირელად ითვლებოდა.  მისი სურათი  საპატიო დაფაზე ეკიდა. პარალელურად სპორტსაც მისდევდა  და ქარხნის ჰოკეის გუნდის  წევრიც  იყო. აქტიური კომკავშირელი, მოწინავე მუშა, სპორტსმენი, თანაც მილიციის უფროსის შვილი –  ასეთი  კაცის დაპატიმრებას სერიოზული სამხილი სჭირდებოდა, „მურს” კი ის არ გააჩნდა.

–  და, როგორ  მოიქცნენ?   

– მაძებრებმა  ხრიკს მიმართეს –   მათ პროფესიონალ ქურდს, სენკა-ტუზიკს უბრძანეს, ლუკოვების ბინაში შეპარულიყო და იქაურობა უჩუმრად გაეჩხრიკა. „არაფერი  არ წამოიღო, იცოდე, თუკი  თუნდაც ჩანგალს მოიპარავ,  ციმბირი აქეთ დაგრჩება!“ –  უთხრა მას  არაპოვმა.  ტუზიკმაც ბრძანება შეასრულა –  ლუკოვების სახლში შეიპარა და იქაურობა  გაჩხრიკა.  მან საწოლქვეშ მოზდრილ ჩემოდანს  მიაკვლია და, გახსნა თუ არა, ელდა ეცა –  ჩემოდანი ფულით იყო სავსე.  ამრიგად,  ბანდის  ერთ-ერთი წევრის ვინაობა დადგინდა –  ის კოსტია ლუკოვი გახლდათ.

   ჩეკისტებმა ლუკოვს მეთვალყურეობა დაუწესეს.  მალე  ბანდის დანარჩენი წევრებიც დაადგინეს.  ესენი  ლუკოვის ძმაკაცები და ქარხნის ჰოკეის გუნდის  მოთამაშეები იყვნენ და  მათ შორის  მაღალი ქერა მამაკაციც აღმოჩნდა,  მას ივანე მიტინი ერქვა. მიტინი გუნდის კაპიტანი  იყო.  როგორც ჩანს,  ბანდასაც  სწორედ მიტინი მეთაურობდა.  მიტინთან  და  მის  ძმაკაცებთან ახლო ურთიერთობაში იყვნენ საწყობის გამგე, ვინმე იაკუშევი და ქარხნის ინჟინერი –  შენგელია.  ორივე პარტიის წევრი  და ომის მონაწილე იყო. ჩეკისტების გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა.  ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ იაკუშევი და შენგელია ხსენებულ ბანდასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

– ლუკოვი და  მისი ძმაკაცებიც ხომ  აქტიური კომკავშირლები იყვნენ?

– – დიახ,  ისინი ქარხნის კომკავშირის კომიტეტში შედიოდნენ, ბანდის მეთაური მიტინი  კი კომუნისტური პარტიის წევრი გახლდათ. ყველა  მოწინავე მუშად ითვლებოდა.  მათი სურათები საპატიო  დაფაზე ეკიდა, თუმცა, ყოველი მათგანი ორმაგი ცხოვრების წესით ცხოვრობდა  და  ბანდა  „შავი კატის“ წევრი  იყო. ბანდიტებმა საფრთხე იყნოსეს  და მიმალვას შეეცადნენ. მიტინი, იაკუშევი,  ლუკოვი და სხვები  დაიჭირეს,  შენგელიამ  კი გაქცევა შეძლო.

დაკითხვაზე  ფრიად საინტერესო ფაქტები გამოირკვა:  დადგინდა, რომ, იაკუშევი, სინამდვილეში საბჭოთა არმიის ოფიცერი ბოლოტოვი,  ომის დროს  ტყვედ ჩავარდა  და ამის გამო ვორკუტის ზონაში უკრეს თავი.  აქ ის შეხვდა ვალოძეს,  რომელიც  ასევე ოფიცერი იყო,  გერმანელთა ალყაში მოექცა და ოკუპირებული  ტერიტორიიდან  ვეღარ გამოაღწია.  ვალოძე  ერთხანს  გლეხებთან იმალებოდა, მერე კი პარტიზანებს შეუერთდა.  საბჭოთა არმიის მოსვლის შემდეგ  მისით „სმერში” (სამხედრო კონტრდაზვერვა) დაინტერესდა.  ვალოძე დააპატიმრეს და თავი ვორკუტის ბანაკში უკრეს. აქ ის და ბოლოტოვი დამეგობრდნენ,  შემდეგ ბანაკიდან გაიქცნენ, ყალბი საბუთები იშოვეს  და  კრასნოგორსკის ქარხანაში მოეწყვნენ სამუშაოდ. ბოლოტოვი იაკუშევად იქცა, ვალოძე კი –  შენგელიად. ორივეს ორდენები უმშვენებდა მკერდს,  ამიტომ ყველა პატივს სცემდა. ისინი, როგორც  „ომის გმირებს“ შეეფერებოდათ, ახალგაზრდობასთან  პატრიოტულ  მუშაობას ეწეოდნენ. სწორედ ამ დროს  მოხდა მათი და კოსტია ლუკოვის  ძმაკაცების დაახლოება.  გარკვეული დროის შემდეგ ვალოძემ  მათ ბანდის ჩამოყალიბება შესთავაზა და ბიჭებიც დათანხმდნენ.

– რატომ?

– ვალოძისა და ბოლოტოვისთვის  ეს  იყო შურისძიება იმ საზოგადოების  მიმართ, რომელიც მათ ასე უსინდისოდ მოექცა, ბიჭებს კი საკუთარი ძალის დემონსტრირება სიამოვნებდათ. დაპატიმრებულმა მიტინმა  დაკითხვაზე განაცხადა:  „ჩვენს საზოგადოებაში ადამიანი დათრგუნულია!  ჩვენც გვინდოდა, ამ არარაობებზე ავმაღლებულიყავით.  მილიციელის დანახვაზე  ხალხს ელეთ-მელეთი ემართება. ჩვენ კი მილიციაც ფეხებზე გვეკიდა, უშიშროებაც და მთავრობაც“.  როგორც ჩანს, მიტინსა და მის ძმაკაცებს  მხოლოდ  ეს ამოძრავებდათ.  

– როგორი იყო „შავი კატის“ წევრების ბედი?

– ისინი დახურულმა ტრიბუნალმა გაასამართლა. მიტინს, ბოლოტოვსა და სხვებს დახვრეტა მიუსაჯეს.  აღსანიშავია,  რომ  „შავი კატის“  საქმეს  კარგა ხანს ედო გრიფი „საიდუმლო“.  ვალოძე „შავი კატის“  ერთადერთი  წევრია, რომლის დაკავებაც საბჭოთა მართლმსაჯულებამ ვერ მოახერხა.  მასზე  საკავშირო ძებნა  გამოაცხადეს, მაგრამ, ამაოდ –  ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო.

 

скачать dle 11.3