კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ახერხებს „ნატოს“ სამხედრო მანქანა რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის მომზადებას და როგორ ემსგავსება შექმნილი დაძაბულობა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთვის არსებულ ვითარებას

რფ-ის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების პირველმა პირებმა დაუფარავად განაცხადეს, რომ რუსეთისგან სამხედრო აგრესიას ელიან. ამის პარალელურად, თითქოს „ნატომაც“ დაიწყო ფიქრი თავისი წევრების უსაფრთხოების გაძლიერებაზე, თუმცა ჯერჯერობით რამე ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებია. რამდენად რეალურია ოდესღაც საბჭოთა კავშირის, ამჟამად კი „ნატოს“ წევრ ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმა, რა შანსები აქვს რფ-„ნატოს“ სამხედრო დაპირისპირებას და აამოქმედებს თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეალურად პრინციპს – „ყველა ერთისთვის“, – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძესთან ერთად შევეცდებით.

 

– გასულ კვირას ესტონეთის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს მათზე თავდასხმას. აქვს საფუძველი მის შიშს და უნდა ჰქონდეს თუ არა ესტონეთს ჩრდილოატლანტიკელი პარტნიორების დახმარების მოლოდინი, როგორც ამას „ნატოს“ წესდების ცნობილი მუხლი ითვალისწინებს?

– ესტონეთის პრეზიდენტის განცხადება გასაგებია, პოლიტიკოსები თავს იზღვევენ, ერთგვარ პოლიტიკურ დივიდენდებს აგროვებენ და გარკვეულწილად, ეს არის მომავალი საფრთხის პრევენცია. მაგრამ შევეცადოთ, ობიექტური შემფასებლების პოზიციიდან გავარკვიოთ, ემუქრება თუ არა ბალტიისპირეთს საფრთხე. ზოგადად ბალტიისპირეთს რუსეთისგან სამხედრო საფრთხე არ ემუქრება და გეტყვით რატომ: უკრაინის შემთხვევაში საფრთხე არსებობდა, იმიტომ რომ, რუსეთს ჰქონდა ინტერესი შავი ზღვის ფლოტის განთავსებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც დაემუქრებოდა ყირიმში რუსეთის ფლოტის ყოფნას, რუსეთის მიერ აღიქმებოდა, როგორც სასიცოცხლო საფრთხე და რუსეთი იმოქმედებდა სამხედრო იარაღითაც, რომ ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა თავისი ფლოტი. შესაბამისად, უკრაინის თავზე რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხე დამოკლეს მახვილივით ეკიდა. ამდენად, უკრაინაში რუსეთმა გადადგა საკმაოდ წამგებიანი სტრატეგიული ნაბიჯი.

– სტრატეგიულად წამგებიანი რატომ? მას უბრალოდ გამოაძევებდნენ შავი ზღვიდან, თუმცა მეორე საკითხია, რომ შავი ზღვა ჩაკეტილი ზღვაა და რუსეთის იქ ყოფნა უფრო პრესტიჟის საქმეა.

–   ზუსტად მაგას ვამბობ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს მძიმე ტვირთია და რუსეთის სახელმწიფოს ამ ლუკმის გადაყლაპვა გაუჭირდება, მაგრამ, სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს, ეს ლუკმა გადაყლაპოს. ყელზე დაადგება თუ არა, ეს მომავლის თემაა, მაგრამ მე იმის მაგალითად მოგიყვანეთ, რომ, მიუხედავად ფასისა, რუსეთმა ეს სამხედრო ქმედება განახორციელა. მართალია, ფართომასშტაბიან სამხედრო შეჯახებაში არ გადაიზარდა, მაგრამ ამან დასაბამი დაუდო რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფრონტაციას, რომელიც მეტ-ნაკლები აქტიურობით გაგრძელდება და მისი დასრულება მხოლოდ ყოვლისმომცველი ზავის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ასეთი პრობლემები რუსეთს ბალტიისპირეთთან არ გააჩნია, თუ არ ჩავთვლით კალინინგრადის ოლქს, რომელთნაც რუსეთს სახმელეთო კავშირი აქვს ბელორუსიის მეშვეობით. ამდენად, ბალტიისპირეთის მიმართ რუსეთისთვის სტრატეგიული გამაღიზიანებელი არ არსებობს. მაგრამ, თუ უსაფრთხოების კონტექსტში შევხედავთ პრობლემას, რუსეთმა გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია. ყინული დაძრულია, გუნდა დაგორებულია  და შეიძლება, ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად გადაიქცევა ის ზვავად, რომელიც ყველაფერს წალეკავს.

რუსეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა ყირიმის შესანარჩუნებლად და უკრაინის დასასუსტებლად, რაც გამოიხატება იმ მეამბოხეების დაფინანსებაში, რომლებსაც უკრაინელები ტერორისტებს უწოდებენ, რუსები –  პატრიოტებს, მსოფლიო და ობიექტური დამკვირვებლები –  არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებას, რომლებიც ცდილობენ სეპარატისტული მიზნების მიღწევას. ეს შეიძლება, გადაიზარდოს რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიან ომში, როდესაც ევროპა იძულებული იქნება, დაიცვას თავისი უსაფრთხოება. ამ მომავალ საფრთხეს, რასაკვირველია, ხედავს რუსეთი და, რადგან  დაპირისპირება არა ცივი, არამედ ცხელი ომის ფაზაშია, ის ქვეყნებს ყოფს თავის მომხრეებად და პოტენციალურ მოწინააღმდეგეებად. „ნატოს“ ყველა წევრი მისთვის პოტენციალური მოწინააღმდეგეა, იმიტომ რომ, ერთადერთი სამხედრო ბლოკი, რომელიც მას შეიძლება, დაუპირისპირდეს, არის „ნატო“.

– ანუ ბალტიისპირეთისადმი პოტენციალური რუსული აგრესია შეიძლება, განვიხილოთ მხოლოდ რუსეთ-უკრაინის სამომავლო ომის კონტექსტში?

– თავისთავად. მე თავიდანვე გითხარით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში არ არსებობს საფრთხე, რომ რუსეთს მოუნდეს ბალტიისპირეთის დაბრუნება, ერთადერთი საფრთხე ბალტიისპირეთს ემუქრება იმიტომ, რომ ის არის „ნატოს“ წევრი. თუ რუსეთი ჩათვლის, რომ უკრაინის პროცესი გამოიწვევს „ნატოსთან“ ომს, ამ შემთხვევაში, პრევენციის სახით, ის აქტიურად იმოქმედებს და დაიკავებს ბალტიისპირეთს, რადგან, სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს მას უპირატესობას მოუტანს „ნატოს“ ბლოკთან მიმართებაში. „ნატო“ მოუმზადებელი დახვდება პირველ ფაზას, თუ რუსეთი დაიწყებს სამხედრო მოქმედებებს და შესაბამისად, რუსეთისთვის ბალტიისპირეთის დაკავება იქნება მარტივი.

– რა გათვლით ეხმარება მაშინ რუსეთი უკრაინაში სეპარატისტებს? იმ ომის პროვოცირება უნდა, რომლის  შედეგადაც ბალტიისპირეთს დაიკავებს?

– მაგალითად, ჰიტლერს პოლონეთის მხოლოდ მცირე ნაწილის დაკავება უნდოდა და ხანმოკლე სამხედრო კამპანიის ჩატარება პოლონეთის წინააღმდეგ, მაგრამ მიიღო მეორე მსოფლიო ომი. ერთია, რა მიზნით იწყებ სამხედრო მოქმედებას და მეორე –  შედეგად რას იღებ. რუსეთისთვის სეპარატისტების მხარდაჭერა არის რუსული მოქმედებების ლოგიკურობის დადასტურება: მან ყირიმში სამხედრო ბაზა კი არ დაიკავა, არამედ ყირიმის მოსახლეობის მოთხოვნით შევიდა ყირიმში. თუ ამ ლოგიკით ცდილობს რუსეთი თავისი მოქმედებების გამართლებას, მაშინ ამავე ლოგიკით მან მხარი უნდა დაუჭიროს რუსულენოვან მოსახლეობას, რომელიც აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ითხოვს დამოუკიდებლობას. ანუ რუსეთი ამ თვალსაზრისით, თავისი დეკლარირებული  პოლიტიკის მსხვერპლია. მეორე მხრივ, ყირიმი რომ მოინელოს, მან უნდა დაასუსტოს უკრაინის ხელისუფლება, რომ მათი მთავარი ყურადღება გადატანილი იყოს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის შენარჩუნებისკენ. რამდენიმე სტრატეგიული გათვლა აქვს რუსეთს, რამდენად გაამართლებს, სხვა თემაა, მაგრამ ლოგიკა რუსეთის ქმედებაში არის. რუსეთი იმიტომ უჭერს მხარს სეპარატისტებს, რომ მაქსიმალურად დაასუსტოს უკრაინის ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება წარმატებით ართმევს თავს სამხედრო ოპერაციას, არავინ იცის, რამდენად შეძლებს უკრაინის ეკონომიკა, გაუძლოს ამ სამხედრო ოპერაციას.

– თქვენ ფიქრობთ, რომ, თუკი უკრაინის ხელისუფლება წარმატებას მოიპოვებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ის მოინდომებს ყირიმის დაბრუნებას?

– ეს უკრაინის ხელისუფლების ვალდებულებაა, როგორც კი სტაბილიზაცია მოხდება აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, შემდგომი სამოქმედო არეალი არის ყირიმი.

– მაგრამ ეს ხომ უკვე რუსეთ-უკრაინის ოფიციალური ომია?

– ფორმალურად ასე გამოდის. პუტინი ვერ დააბრუნებს ყირიმს. შესაბამისად, მართალი ხართ, თუ უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება, სამხედრო გზით დაიბრუნოს ყირიმი, ეს რუსეთ-უკრაინის ომია.

– თქვით, რომ ყირიმისთვის რუსეთმა გამოიყენა რუსულენოვანი მოსახლეობა, ვიცით, რომ ბალტიისპირეთში საკმაოდ დიდი ოდენობით რუსულენოვანი მოსახლეობაა. ამ ფაქტორის გამოყენებას გამორიცხავთ რუსეთის მიერ არეულობის შესატანად ლიტვა-ლატვია-ესტონეთში? იმავე პრობლემებს ვერ შეუქმნის, რასაც უკრაინას უქმნის სამხრეთ-აღმოსავლეთში?

– როდესაც რომელიმე ქვეყანაში სეპარატისტული პრობლემა ჩნდება, ეს ავტომატურ რეჟიმში არ იწვევს მეზობელ ქვეყანასთან ომს. ბოლოს და ბოლოს, ვინ ჰკითხავს რუსეთს, რა ხდება მეზობელ ქვეყანაში?!

– რა ვიცი, აბა, იტყვის, მომმართეს, მიშველეთო.

– მივყვეთ ლოგიკას: მე ვლაპარაკობ სავარაუდო სცენარებზე. გეუბნებით, რომ რუსეთი არ იტყვის ამას, თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ „ნატოსთან“ ომი გარდაუვალია. სხვა შემთხვევაში რუსეთი ბალტიისპირეთის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციას არ დაიწყებს.

– რას ნიშნავს –  გარდაუვალი ომი „ნატოსთან“? რა შეიძლება, იყოს ამის წინაპირობა რუსეთისთვის? 

– როდესაც მოახსენებენ მთავარსარდალ პუტინს, რომ „ნატო“ ემზადება საბრძოლო მოქმედებებისთვის. ბევრი ინდიკატორია და ყველა ქვეყანას თავისი მეთოდოლოგია და სისტემა აქვს, მაგრამ როდესაც რუსეთის გენშტაბი მოახსენებს მთავარსარდალს, რომ ეს ომი შესაძლებელია და უმაღლესი მთავარსარდალი დაიჯერებს, რომ ეს ომი გარდაუვალია. სულ სხვა თემაა, რეალურად, მართლა აპირებდა თუ არა „ნატო“ სამხედრო ოპერაციის დაწყებას. ამდენად, ბალტიისპირეთს რუსეთის მხრიდან აგრესია დაემუქრება, თუ „ნატო“ თავისი აქტიურობით მისცემს ამის საბაბს რუსეთს ან რუსეთი „ნატოს“ მოქმედებებისგან დამოუკიდებლად ჩათვლის, რომ „ნატოსგან“ საფრთხე ემუქრება. ამ შემთხვევაში ბალტიისპირეთი რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ იმოქმედებს რუსეთი ასე? იმიტომ რომ, კარგად იცის, რა მოხდა ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. მეტს არაფერს აკეთებდა ევროპა, რომ თავისი სამხედრო პოტენციალი შეემცირებინა და დაესუსტებინა, რადგან მიაჩნდა, რომ სამხედრო საფრთხის ალბათობა ძალიან დაბალია და ამიტომ დღეს აღმოჩნდნენ თავიანთი ბეცი პოლიტიკის მსხვერპლნი.

– იმის თქმა გინდათ, რომ დღეს რუსეთი უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე ევროპა?

– არა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ძლიერია. პოტენციალი დღესაც კი ევროპის ქვეყნებს გაცილებით მაღალი აქვთ, მაგრამ ერთია, რომ თქვენ გყავთ ძლიერი არმია და მეორე –  არის თუ არა მზად საბრძოლო ოპერაციების დასაწყებად ეს თქვენი ძლიერი არმია. შეიძლება, სუსტმა არმიამ ორ საათში შეძლოს საბრძოლო ოპერაციის დაწყება, მეორემ კი, 10-ჯერ ძლიერმა –  ერთ წელიწადში. ცივი ომის პირობებში ისე იყო „ნატოს“ ძალები განლაგებული ევროპაში, რომ ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ რეაგირებას საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის ქვეყნების ქმედებებზე. დღეს ასეთი კონფიგურაცია ევროპას არ გააჩნია: მანქანის სამხედრო ელემენტი ძლიერია, მაგრამ რუსებთან კონფრონტაციისთვის ეს სამხედრო მანქანა მზად არ არის. შეუძლია, ერთი-ორ თვეში შექმნას ასეთი ძლიერი კონფიგურაცია, მაგრამ ეს რუსეთმა შეიძლება, აღიქვას, როგორც საფრთხე.

– ანუ ვერც მოემზადება?

–  ეს გარედანაც გამოჩნდება და ჩვეულებრივი შეზღუდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ტარდება ქვედანაყოფების შემოწმება, რისი მონაწილე რუსეთიცაა და ამიტომ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია. ამდენად, ნებისმიერი ცვლილება, ბიუჯეტის, სამხედროთა რაოდენობის გაზრდა თუ კონფიგურაციის შეცვლა, რუსეთმა შეიძლება, აღიქვას აგრესიად, ევროპას ეს არ უნდა და ამისთვის მზად არ არის. ამასთან, ეს არის დამატებითი ხარჯი, რისთვისაც, ევროპა, ასევე, არ არის მზად. თუმცა ევროპული და „ნატოს“ პოტენციალი გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუსული, მაგრამ რუსეთი მზად არის იმოქმედოს, ევროპა კი არ არის მზად. ფანტასტიკის სფეროა, რომ რუსეთი მოახერხებს ევროპის დაპყრობას, მაგრამ ფაქტია, რომ უდიდეს ზარალს მიაყენებს იმ ცივილიზაციას, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში აშენებს ევროპა. ამიტომ მიიჩნევს ბალტიისპირეთი, რომ დაუცველია. მათ იციან, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ოკუპაცია გარანტირებულია და ამის საწინააღმდეგო არანაირი ბერკეტი ევროპას არ გააჩნია.

– რუსეთმა უამრავი რამ შეიძლება, აღიქვას „ნატოს“ მხრიდან თავდასხმადო. ესე იგი, სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთად ჩათვალოს საქართველოსთვის გაძლიერებული პაკეტის მინიჭება? თუ თეორიულად ბალტიისპირეთთან ომი გარადუვალია, ჩვენთან ომში რა შეუშლის ხელს?

– მე ძალიან მაკვირვებს ჩვენი ზოგიერთი პროდასავლური დეკლარირების ფიგურის ბეცი განცხადებები „ნატოში“ გაწევრიანება-არგაწევრიანების შესახებ. ვისაც ესმის უსაფრთხოების პრობლემატიკა, იცის, რომ ეს ახლა სუფთა ფორმალობაა. საქართველო ინტეგრირებულია ამ სივრცესთან, „ნატოს“ სისტემა მუშაობს არა მეხუთე პუნქტზე, როგორც ცივი ომის ან ბოლო 20 წლის განმავლობაში, არამედ ახლა ლაპარაკია საბრძოლო მოქმედებების დაწყება-არდაწყებაზე, სადაც საქართველოს როლი უზარმაზარია. ასე რომ, ფორმალობაა, ვინ სად იქნება გაწევრიანებული და ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო არ დაიკავოს რუსეთმა, იმიტომ რომ, საქართველოს ან ბალტიისპირეთის კონფრონტაცია არის რუსეთსა და „ნატოს“ შორის პირდაპირი ომი და ამ ომის საბოლოო შედეგია რუსეთის განადგურება „ნატოს“ მხრიდან. ახლა არის ომის წინა პერიოდი, როდესაც საქართველო „ნატოს“ ბუნებრივი მოკავშირეა.

– თუნდაც მთვარის მოყვარულთა კავშირის წევრი იყოს?

– დიახ. ასევე, სასიამოვნო მოკავშირე იქნებოდა რუსეთისთვის საქართველო, უბრალოდ რუსეთს ისტორიულად არ აქვს გამოცდილება, ჰყავდეს მოკავშირე. ყველამ ვიცით, რომ არის რუსეთსა და ევროპას შორის სამხედრო მოქმედებების დაწყების უდიდესი საფრთხე და არავინ იცის, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მეტიც, შესაძლოა, ამ დაპირისპირებაში „ნატოს“ წევრი რომელიმე ქვეყანა აღმოჩნდეს რუსეთის მხარეს და დღეს რუსეთის რომელიმე ერთგული ქვეყანა –  „ნატოს“ მხარეს. ხელშეკრულებები კარგია, სანამ ზარბაზნები დაიწყებს სროლას. როდესაც ომი იწყება, ყველაფერი დამოკიდებულია იმწუთას შექმნილ პოლიტიკურ რეალობაზე.

–  ზარბაზნის გასროლის ალბათობა როგორია?

– დღევანდელი გადასახედიდან, რუსეთი რეალურად აფასებს თავის სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალს და უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ქმედებებს არ აპირებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ რაღაც მოულოდნელმა ფაქტორებმა  გამოიწვიოს ემოციების უკიდურესად დაძაბვა. არავინ იცის, რა მოხდება, თუნდაც, 3 თვის შემდეგ.

 

скачать dle 11.3