კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ქვეყანაში ეწყობა „ცოლების ბაზრობა” და სად ნახა მზია შარაშიძემ ფალოსებით დამშვენებული სახლები

ძალიან გამიკვირდა, როცა ზოოპარკში მოვედი და, პიარმენეჯერი, რომელსაც მანამდე საათობით ვესაუბრებოდი ტელეფონით, მზია შარაშიძე, აღმოჩნდა – მზია, იგივე ლუკა, კარგად ცნობილი ტელესახე. მის ცხოვრებისეულ და სამსახურებრივ მომენტებზე ვისაუბრებთ ჩვენს ინტერვიუში.

 

მზია შარაშიძე: შვიდი წლის განმავლობაში ვმუშაობდი „რედიქსში”, ვიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პარალელურად, დაკავებული ვიყავი ტელევიზიაში. მერე ბავშვი გავაჩინე და, დეკრეტიდან რომ დავბრუნდი, აბსოლუტურად სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას, გარკვეული ღირებულებების გადაფასება მოხდა ჩემში. შედეგად, მივიღე რადიკალური გადაწყვეტილებები და რაღაცეები შევცვალე ჩემს ცხოვრებაში. ვთქვი: რადგან ერთხელ ცხოვრობ ადამიანი, უნდა შეძლო, ისე იცხოვრო, რომ  აკეთო საქმე, რომელიც ბედნიერებასა და სიხარულს მოგანიჭებს. წამოვედი სამსახურიდან და  დავიწყე კერძო კონსულტაციების გაწევა კომპანიებისთვის, პიარის კუთხით. ამის შემდეგ, აბსოლუტურად მოულოდნელად, აღმოვჩნდი ზოოპარკში.

– როგორ?

– ბავშვი ღამით იღვიძებს ხოლმე და ვაჭმევ – ძუძუს ჭამს ჯერ კიდევ, ახლა წლინახევრისაა. ერთ ღამესაც ასე გავიღვიძეთ და, სანამ მივაძინებდი, აიფედში „ფეისბუქს” ვფურცლავდი. იქ შემთხვევით აღმოვაჩინე, ვიღაცას ჰქონდა დაშიარებული, რომ ზოოპარკში პიარის ვაკანსია იყო გამოცხადებული. გადმოვგზავნე სივი და, მერე რაც მოხდა, სახეზეა. 

– ვიცი, რომ სიახლეებია თბილისის ზოოპარკში. 

– ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. პირველ ყოვლისა, უახლოეს მომავალში ველოდებით პინგვინებს დიდი ბრიტანეთიდან. შემოსასვლელში უკვე აშენებულია დიდი პინგვინარიუმი და აკვარიუმი. ალბათ, მალე ჩამოვა 20 აფრიკული პინგვინი.

კიდევ, დიდი სიახლე ისაა, რომ  ერევნიდან ჩამოვიყვანეთ მამრი სპილო – გრანდი, მის ნაცვლად ერევანში ბუნკა მიემგზავრება, ჩვენი პატარა სპილო. საკმაოდ სერიოზული პროექტი იყო. ჩვენს ზოოპარკში ცხოვრობდა ორი სპილო: 17 წლის მალკა და მისი შვილი – 6 წლის ბუნკა. ბუნკა უკვე გაიზარდა და მიუახლოვდა იმ ასაკს, როდესაც მამრი სპილოები ტოვებენ დედებს; თან, უკვე სქესმწიფობის ასაკს მიუახლოვდა და იყო საფრთხე, რომ დედას  შეჯვარებოდა; ამიტომ, აუცილებელი გახდა, დაგვეცალკევებინა დედა-შვილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი მდედრი სპილოს გამრავლებაც, რადგან, ნაყოფიერი მდედრია და, კარგი იქნება, თუ კიდევ გააჩენს შვილს. ამიტომ, დავიწყეთ „სიძის” ძებნა, რომელიც ხანგრძლივი ძიების შემდეგ აღმოვაჩინეთ მეზობელ ქვეყანაში. შემდეგ მოხდა ზოოპარკებს შორის გაცვლის შეთანხმება. საერთოდ, ზოოპარკებს შორის ხშირია ხოლმე ასეთი შეთანხმებით გაცვლა. ჩვენ ვგზავნით იმ სახეობას, რაც ბევრი გვყავს და იქიდან ვიღებთ იმ სახეობას, რომელიც ჩვენ არ გვყავს. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ირმების ცოლები ჩამოვიდნენ ბაქოდან და ერევნიდან; ნიამორებიც მივიღეთ, სანაცვლოდ კი გავგზავნეთ იაგუარი, რადგან, ჩვენ ბევრი იაგუარი გვყავს. ასე დაიგეგმა სპილოების გაცვლის პროცედურაც. აქედან დიდი მაყარი გავყევით. სასაცილო მგზავრობა გვქონდა, ორჯერ დავიკარგეთ ერევნის გზაზე. საბოლოოდ, პირველი დელეგაცია ვიყავით, რომელმაც ათი საათი მოანდომა თბილისიდან ერევანში ჩასვლას. მეორე დღეს კი ეს ჩვენი სიძე ზარ-ზეიმით წამოვიყვანეთ  პატარძალთან. ყველას ეგონა, ჩამოვიდოდა, თუ არა გრანდი, მაშინვე პირველი ღამე ექნებოდათ სპილოებს. იმის მოლოდინიც იყო, როგორი „მიწისძვრა” მოხდებოდა სპილოების პირველ ღამეს. სინამდვილეში, ასე მარტივად არ არის საქმე. სპილოების შეჯვარება საკმაოდ პრობლემური საკითხია. ჯერ უნდა შეეგუონ გარემოს. გრანდი რომ ჩამოვიდა ჯერ დახურულ ვოლიერში იყო და გარეთ არ უშვებდნენ, მერე, როცა გამოვიდა, გარე ვოლიერს ეგუებოდა. პირველად რომ დავანახვეთ თავისი საცოლე, ეს კიდევ ცალკე მოვლენა იყო. ამისთვის მთელი ზოოპარკის მობილიზაცია გამოცხადდა და ალყა შემოვარტყით ვოლიერს. სპილოს გერმანელმა მწვრთნელმა დაგვირიგა პლატმასის ბოთლებში ჩაყრილი კენჭები – თუ სპილოები იჩხუბებდნენ, ხმაური უნდა აგვეტეხა და ეს ბოთლები გვეჩხრიალებინა გასაშველებლად. საბედნიეროდ, გაშველება არ დაგვჭირდა. მართალია, ჯერ თავგადაკლული სიყვარული არა აქვთ, მხოლოდ დაყნოსეს ერთმანეთი და შორიახლოს უტრიალებენ. მწვრთნელმა თქვა, კარგია, რომ მალკა არ აქტიურობს, იმიტომ, რომ სიძე ცოტა მორიდებულია და, შეიძლება, შეაშინოსო. თან, ჩვენი მალკა კუპატივით არის,  ისეთი ჩასუქებულია, ახლა ცოტა ხნით დიეტაზე უნდა დასვან. 

– როგორ ითვლება, სიძე სომეხია?

– სიძე არ არის სომეხი. გრანდი არის ინდური სპილო, რომელიც დაიბადა მოსკოვში, შემდეგ, 14 წლის განმავლობაში, ცხოვრობდა ერევანში, ახლა კი საქართველოში გადმოვიდა. 

– საერთოდ, სპილოების სამშობლოდ რომელი ქვეყანა ითვლება?

– გააჩნია. ჩვენი სპილო არის აზიური სპილო, არსებობს კიდევ აფრიკული სპილოები. აფრიკული სპილო ბევრად დიდია აზიურზე. მე ისინი თავის სამშობლოში მყავს ნანახი აფრიკაში მოგზაურობისას. ინდოეთშიც ვარ ნამყოფი, მაგრამ, იმ რეგიონში, სადაც მე ვიყავი, სამწუხაროდ, სპილოები არ ჰყავდათ. აფრიკაში იმდენი სპილო ვნახე, რომ სპილოების შესახებ ცნობისმოყვარეობა სრულად დავიკმაყოფილე. 

– ჩანს, მოგზაურობა გყვარებიათ.

– საერთოდ, ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით, ახლა ორწლიანი პაუზა მაქვს ბავშვთან დაკავშირებით – ჯერ ვერ მივაღწიეთ იმ ასაკს, რომ ეგზოტიკურ ქვეყანაში ვიმოგზაუროთ. სამი თვის რომ იყო ჩემი მართა, რომელსაც მათიკოს ვეძახი, ალპებში მყავდა წაყვანილი და სამიათასიან მწვერვალზე ავიყვანე. ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს, არის მაროკო. მაროკოში ერთხელ ატლასის მთებში გვქონდა ტური, მეორედ კი – უდაბნოში, აქლემებით. საერთოდ, მიყვარს ის ქვეყნები, სადაც სითბოა, თან, მაროკო ძალიან ჭრელი, ხალისიანი და მიმზიდველია.  ინდოეთში ვიყავით დარჯილინგის მთიან რეგიონში, ნეპალის საზღვართან. ეს რეგიონი ჩაითაა ცნობილი. ყველაზე საუკეთესო ხარისხის ინდური ჩაი იქ მოდის. იქ იყო ერთი სოფელი, სადაც სახლების წინ ჩამოდიოდა ერთი პატარა რუ. დღის განმავლობაში მთელი სოფელი გარეთ იყო გამოფენილი, ყველა თავისი სახლის წინ: ერთი ამ რუში თავს იბანდა, მეორე  ჭურჭელს რეცხავდა, მესამე ფეხებს იგრილებდა, იქ ბავშვები წუწაობდნენ. ყველაზე დასამახსოვრებელი ისაა, რომ ძალიან გაჭირვებულები არიან, მართლა მხოლოდ ის აბადიათ, რაც აცვიათ, მაგრამ, ბედნიერები არიან. 

ძალიან საინტერესო მატარებელი ჰქონდათ დარჯილინგში.

– ფილმიც არის მაგის შესახებ.

– ჰო, მაგრამ, ის ფილმი არის აფერისტობა, იმიტომ, რომ, არც დარჯილინგშია გადაღებული და არც ეგეთი მატარებელი არ დადის იქ. დარჯილინგში მოძრაობს ძალიან პატარა, „კუკუშკასავით” მატარებელი, რომელიც დადის შუა ქალაქში. ქუჩა ზუსტად მატარებლის სიგანეა და, როცა ეს მატარებელი მიდის, ხელი რომ გადაყო, ვიღაცის სახლში შეყოფ.

ინდოეთიდან გადავედით ბუტანში. ბუტანიც ძალიან საინტერესო სამეფოა, სადაც ყველა ბედნიერია. ბუტანის მეფეს დაწესებული აქვს, რომ მის სამეფოში ყველა აუცილებლად ბედნიერი უნდა  იყოს. ბუტანში ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ აქვთ სახლების ორნამენტებით მოხატვის თავიანთი სტილი. მათმა მეფემ შემოიღო კანონი, რომლის თანახმადაც, იმისთვის, რომ ქვეყანა მეტად საინტერესო და თავისებური იყოს, ყველა სახლი ამ ორნამენტებით უნდა იყოს გაფორმებული და, თანამედროვე სახლებიც კი, ბუტანურ სტილში, ხის მოხატული ფანჯრებითაა შემკული. საინტერესო ის იყო, რომ ბუტანში მამაკაცის სასქესო ორგანო არის კულტი, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო. ამიტომ, ყოველ სახლზე დიდი ფალოსები ხატია, რომლებიც გაფორმებულია ფერადად-ფერადი ორნამენტებით. ვიყავი ასევე მარაკეშში.

– მარაკეშზე რას გაიხსენებთ?

– მარაკეშში ყოველ წელს ტარდება „ცოლების ბაზრობა”. იქ არის ძალიან ბვერი მიყრუებული სოფელი. ამ სოფლებში მცხოვრები გასათხოვარი გოგოები რომ ხალხში გამოვიდნენ, წელიწადში ერთხელ, ერთ ქუჩაზე ატარებენ „ცოლების ბაზრობას”, სადაც ეს გოგოები ჩამოდიან, სხედან და ეს არის ერთგვარი გაცნობა. ეს კეთდება იმისთვის, რომ შეათვალიერონ ბიჭებმა და ცოლად შეირთონ. ჩვენი გიდი გვიყვებოდა, შარშან იყო შემთხვევა, როცა უცხოელმა ბაზრობაზე გაიცნო გოგონა, ცოლად შეირთო და წაიყვანაო. ეს მარაკეშელი კონკიას ისტორია იყო.

მარაკეშში მთავარი მოედანია, სადაც გროვდებიან უცნაური ადამიანები. რომ დადიხარ, გგონია, ჯადოქრების სამყაროში მოხვდი, იმიტომ რომ, ყიდიან გამხმარ ზღარბს, ღამურას ფრთებს, ყვავის ქონს, რაღაცის ქერცლებს და უამრავ ასეთ რამეს, ადგილობრივი მჩხიბავები კი ამ ყველაფრისგან აკეთებენ რაღაც-რაღაც „საშუალებებს.” იქვე არიან გველების მომთვინიერებლები, რომლებიც აცეკვებენ კობრებს. ძალიან სასაცილოები არიან: გაშლილი ჰყავთ გველები,  ხან ერთი გაექცევათ, ხან მეორე და დასდევენ. მარაკაში ქალს სურათს ვერ დაგაუღებ – მათ საერთოდ არ უყვართ სურათის გადაღება, განსხვავებით აფრიკელებისა და ინდოელებისგან. სადღაც რომ მივდიოდი, თავი ანჯელინა ჯოლი მეგონა, რადგან, დაგვინახავდნენ თუ არა, დაგვიყვირებდნენ, თეთრები მოვიდნენო, დაგვეხვეოდნენ ინდოელები და ყველა სურათს იღებდა, ვისაც არ ეზარებოდა. მარაკაშში აპარატთან ცუდი დამოკიდებულება აქვთ, რადგან, ითვლება, რომ, როდესაც სურათს უღებ, იმათ სულს იპარავ. ამიტომ მარაკაშიდან მხოლოდ ბავშვების პორტრეტები ჩამოვიტანე.

 

скачать dle 11.3