კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს

თავიდანვე გადაწყვიტა: პაემანი შედგებოდა პაბში.. შეიძლება იმიტომ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი პაემანი, ლუდის მაგივრად დალევდა ყავას – კაპუჩინოს ან ლატეს, თუნდაც ფრაპეს, უსიამოვნო გემოთი, სამაგიეროდ – იდუმალი, თითქოს ზღაპრული სახელწოდებით... მისი ცხოვრებაც ხომ ცოტათი ზღაპარს ჰგავდა... სარკეში ჩაიხედა და არ მოეწონა საკუთარი გამოსახულება – ხელოვნური იყო, ნაძალადევი ღიმილითა და დაძაბული მზერით. იჯდა და მოსწავლესავით ხელები მუხლებზე ჰქონდა დაწყობილი... „უნდა დავმშვიდდე, ასე არაფერი გამოვა. სრული მობილიზება მჭირდება და ცივი გონება... ეს არც ისე რთული მისაღწევია, თუკი საკუთარი თავის ხელში აყვანას მოვახერხებ. პრინციპში, განსაკუთრებულიც ხომ არაფერი ხდება...“ – ისევ ჩაიხედა სარკეში და თვალებში ჩახედა თავის ანარეკლს... ეს დღე, ალბათ, უნდა დაემახსოვრებინა – ამ დღეს სერიოზული გარდატეხა უნდა შეეტანა მის ცხოვრებაში... კიდევ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ დეა მათზე ნაკლებად ფიქრობდა. უფრო სწორად, ისე სერიოზულად არ ფიქრობდა და, ბუნებრივია, არც დარდობდა... მისთვის მიზანი გახდა მთავარი, აი, ისე, გიჟი რომ ამოიჩემებს რაღაცას და აღარ ეშვება...

დეამ თმა გაიშალა და ხელისგულებით მუქ ოქროსფერ ტევრს მოეფერა. ლამაზი თითები ჰქონდა, გრძელი და, თითქოს სანთლისგან გამოთლილი... თითებით დედას ჰგავდა, რომელსაც თავისი არისტოკრატიული წარმომავლობის დასადასტურებლად, ყოველთვის ნატიფი ხელებით მოჰქონდა თავი... მუქი ჭაობისფერი თვალები, ფერს რომ დეას განწყობის მიხედვით იცვლიდა, უფრო მამის ჰქონდა... საკუთარი თავის „ნაწილებად“ დაშლა და მერე ამ ნაწილების დედის ან მამისთვის მიკუთვნება უყვარდა.

შაბათი, სამი საათი. პატარა ირლანდიური პაბი... სწორედ იქ უნდა გაეცნო სანდრო. ასე მოხდა. ასე გამოვიდა... შეხვედრა დიდი ხანია, უნდოდა. ბევრი იწვალა, რომ ამ პაბამდე მისულიყო. იცდიდა და ინფორმაციას აგროვებდა. იმედი არ დაუკარგავს, რომ შეხვედრა შედგებოდა და ზუსტად ისე დასრულდებოდა, როგორც მან ჩაიფიქრა. ისევ შემთხვევა დაეხმარა... ფანჯრიდან კარგად ჩანდა წყალნარევი თოვლით დასველებული ქვაფენილი. სვამდა ყავას უსიამოვნო გემოთი და იცდიდა... ორნი შემოვიდნენ და მის მოპირდაპირედ დასხდნენ. თვითონ ისევ მარტო იყო. ძალიან ნელა, ცოტათი ზიზღითაც წრუპავდა უკვე გაცივებულ ყავას... ერთბაშად გონებაში გაუელვა აზრმა, რომ, შეიძლება, ყველაფერი წყალში ჩაყრილიყო და ათვლის ისარიც ნულს ქვემოთ ჩამოსულიყო, თუკი ბიჭს ის არ მოეწონებოდა. რატომ არ შეიძლებოდა, ასე მომხდარიყო? რატომღაც, ამაზე არ უფიქრია... ლამაზი იყო, მაგრამ, სილამაზე ხომ ფარდობითი ცნებაა – არ არის კონკრეტული და ჩარჩოთი შემოსაზღვრული, რომ ეს ლამაზია და აუცილებლად უნდა მოგეწონოს...

– დავიგვიანე? უნდა მაპატიო. კინაღამ დამავიწყდა, – აქოშინებულმა გოგომ ჩანთა მაგიდაზე დააგდო და დეას ლოყაზე აკოცა, – აბა, რას შვები? უკვე გამოჩნდა?

– ქართულად ნუ დამელაპარაკები, – წარბი შეიკრა დეამ და მზერა მეზობელი მაგიდისკენ გააპარა.

– რატომ? უი, აქვე ყოფილა! კარგი, მხოლოდ ინგლისურად დაგელაპარაკები, ირლანდიური აქცენტით. ხომ გეუბნებოდი, აქ დადის-მეთქი, რომ არ მიჯერებდი.

– რა ვქნა, ასეთი ხასიათი მაქვს. ძნელად ვენდობი ადამიანებს და ეს ჩემი ბრალი არ არის. არ უნდა გეწყინოს.

– ჰოდა, არც მწყინს – ლამაზი მხრები აიჩეჩა გოგომ, – არც იმას გეკითხები, მაინცდამაინც ამ ბიჭზე რატომ გადაირიე, როცა უამრავი თაყვანისმცემელი გყავს მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან... იმიტომ, რომ ქართველია?

– ჰო, – მოკლედ მიუგო დეამ, – გაკმაყოფილებს პასუხი?

– არა, მაგრამ, აღარ ჩავუღრმავდები, – აკისკისდა დეას მეგობარი. მისმა წკრიალა, ცოტათი ვნებიანმა სიცილმა ბიჭები მათი მაგიდისკენ მოახედა.

 – ასე ხმამაღლა ნუ იცინი, – შენიშვნა მისცა დეამ.

– პირიქით, ჩვენ მათი ყურადღების მიქცევა გვჭირდება. ნახე, როგორ გამოცოცხლდნენ? მალე მოვლენ და ჩვენს გაცნობას მოინდომებენ, დარწმუნებული იყავი...

სანდრომ ლუდი მოსვა და შეფარვით გაიხედა გოგონებისკენ.

– მოგეწონა? მაგარი ვინმეები არიან, – უთხრა მეგობარმა, რომელსაც მხედველობიდან არ გამორჩენია ბიჭში მომხდარი ცვლილება, – ორივე კარგია, მაგრამ ის ერთი – განსაკუთრებით.

– რომელი? – სანდრო მზერას არ აშორებდა დეას.

– ოქროსფერთმიანი. ნეტა, ბუნებრივად ასეთი თმა აქვს თუ იღებავს? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ძალიან ლამაზია.

– ნეტავი, ვინ არის?

– რა გითხრა. აქ ადრე არასდროს მინახავს. ისე, მუდმივ კლიენტს ჰგავს. ნახე, ლუდსაც კი არ სვამს, ყავის ფინჯანი უდგას წინ. თუ გინდა, ბარმენს ვკითხავ.

– ბარმენს ჰკითხავ და შეყარე ქვეყანა. არ არის საჭირო, ასე ძალიანაც არ გადავრეულვარ.

– ჰო?! გეტყობა. უცნაური ხალხი ხართ ქართველები. გოგო მოგეწონა და დაკომპლექსდი. რა პრობლემაა მისი გაცნობა?

– ვინ გითხრა, რომ დავკომპლექსდი, რანაირი ლაპარაკი იცი ხოლმე. რომ მომეწონა, იმას არ ნიშნავს, მივიდე და დავაცხრე. იქნებ, მარტო უნდათ ყოფნა.

– მისი დაქალი ისე კისკისებს, მარტო ყოფნა აშკარად არ უნდა.

– გამოუსწორებელი ხარ, მისტერ ტომას. აღარაფერი გეშველება.

– მაგაში გეთანხმები, – ამოიოხრა ტომმა, – მიყვარს ლამაზი ქმნილებები და არც შენ ხარ მათ მიმართ გულგრილი. სილვია გაგახსენო?

– არა. სილვიასთან სერიოზული არაფერი მქონია.

– ამას მე მეუბნები? ცოლად მოგყავდა.

– იმ დღეს მთვრალი ვიყავი. მე ცოლად მხოლოდ ქართველს შევირთავ.

– ჰო, ჰო, ვიცი. ასეთია თქვენი ტრადიცია. აი, მე კი მსოფლიოს მოქალაქე ვარ. ჩემთვის ქალის ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, დიდი მკერდი და გრძელი ფეხები ჰქონდეს. ირლანდიელებს ჯიშიანი ქალები მოგვწონს, – ახითხითდა ტომი, – მოდი, გავიცნოთ... თუ გერიდება, მე მივალ. იქნებ იმათაც მოვეწონოთ, შანსი რატომ უნდა გავუშვათ ხელიდან? მით უმეტეს, როგორც ამბობ, სილვიასთანაც აღარაფერი გქონია.

– მე არ მითქვამს აღარაფერი მაქვს-მეთქი, მაგრამ ეს სერიოზული ურთიერთობა არ არის.

ტომმა მხრები აიჩეჩა:

– მოკლედ, როგორც გინდა, მე უნდა მივიდე.

– აბა, შენ იცი, – ყასიდად გაამხნევა სანდრომ, – როგორ გგონია, აქაურები არიან?

– ეე, შენ სხვა რამე იკითხე, მაგას რა მნიშვნელობა აქვს... – ტომი ადგა, ბართან მივიდა, ორი ბოთლი ლუდი თითებს შორის ამოიჩარა და გოგონების მაგიდისკენ დაიძრა. სანდრო უხმოდ ადევნებდა თვალს...

ლინამ გაიცინა და დეას თვალი ჩაუკრა.

– აჰა, რას გეუბნებოდი... მისი მეგობარი უკვე წამოეგო ანკესზე. რა ვქნათ, მივიღოთ გამოწვევა?

– თუ მთავარ დარტყმას შენს თავზე აიღებ, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, – თქვა დეამ და ყავა მოსვა.

– მოეშვი მაგ ცივ ყავას. მგონი, ლუდზე გვეპატიჟებიან. ისე, მაგარი ვინმე ხარ. დაგავიწყდა, აქ შენ გამო რომ ვარ? ყველაზე მექალთანეს რომ უგდებ ჩემს თავს ხახაში.

– იცნობ? – გაუკვირდა დეას, – არ ვიცოდი.

– ჰო, შორიდან ვიცნობ. დონჟუანის სახელი აქვს უნივერსიტეტში. საერთო ნაცნობებიც გვყავს. აბა, შენს სანდროზე როგორ გავედი?

– „ჩემი სანდრო“ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, – აიმრიზა დეა, – ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ.

– რა ვიცი, ორი თვეა, მარტო მასზე ლაპარაკობ. მოგიწყვე შეხვედრა და ახლა ინაზები. უცნაური გოგო ხარ. მაგრამ მე მაინც მიყვარხარ. რაღაცნაირი, იდუმალებით სავსე ხარ.

– ჰო, მაქვს ჩემი პატარა საიდუმლო, – ჩაეცინა დეას.

– აბა, მოვიდა...  ვიღიმებით და ცოტათი ვინაზებით...

ტომი მაგიდას მიუახლოვდა, ლამის ყურებამდე გაღიმებული თეთრი კბილები უელავდა და ცდილობდა, თავაზიანი ყოფილიყო.

– მე და ჩემს მეგობარს, რომელსაც ისტორიული სახელი – ალექსანდრე ჰქვია, სურვილი გვაქვს, ლუდზე დაგპატიჟოთ. თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, თქვენს მაგიდასთან გადმოვსხდებით... ოჰ, უკაცრავად, თავი არ წარმიდგენია – ტომასი ვარ. არ მიყვარს ზედმეტი ფამილარობა და პირდაპირ ასე მომმართეთ...

რამდენიმე წუთს სრული სიჩუმე გამეფდა. გოგოებიდან არც ერთს არ ამოუღია ხმა. ნირწამხდარმა ტომმა, რომელმაც მათი დუმილი უარყოფითად მიიღო, ბოთლები მაგიდაზე დადგა, ამოიოხრა და წასასვლელად შებრუნდა.

– დაბრძანდით, – თქვა უცებ დეამ, – ეს ლინაა. მოიყვანეთ თქვენი მეგობარიც...

ტომს სახე გაუნათდა:

– ვიცოდი, რომ თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას შევძლებდი, – ახლავე გეტყვით: ძალიან ლამაზები ხართ და გული დამწყდებოდა, უარით რომ გაგესტუმრებინეთ.

– მართლა? შესაშური გულახდილობაა. მომწონს ბიჭები, რომლებიც არ თამაშობენ და სათქმელს პირდაპირ ამბობენ.

– ჰო, თამაში რა საჭიროა?! – ღიმილად დადნა ტომი, – სხვათა შორის, ჩემი მეგობარი ქართველია. თუმცა, ახლავე მოვიყვან და თვითონ გაგეცნობათ... არ იცით საქართველო? არც გაგიგიათ? ოო, ალექსანდრე ნამდვილი რაინდია, რაინდთა ქვეყნიდან. სანდრო, მოდი ჩვენთან, გოგონებს შენი გაცნობა უნდათ...

სანდრომ ფეხი აითრია. აყოვნებდა მისვლას. ასეთი რამ ადრე არასდროს დამართნია. ტომი მართალი იყო, როცა ამბობდა, გოგო მოგეწონა და დაკომპლექსდიო... ქალთან როგორ არ ჰქონია ურთიერთობა, სილვია, საერთოდაც, გერლფრენდი იყო მისი, მაგრამ ახლა რაღაც უცნაური სჭირდა. ფეხებზე თითქოს უჩინარი, მძიმე გირები ჩამოჰკიდეს და ნაბიჯის გადადგმა უჭირდა. გული გამალებით უცემდა და თითქოს სუნთქვაც გაუჭირდა... ხედავდა მხოლოდ დეას თვალებს, უჩვეულოდ ღრმასა და მომნუსხველს...

– დაბრძანდით, – შესთავაზა ლინამ და სანდრო მხოლოდ მაშინღა გამოერკვა. მექანიკურად დაჯდა და დეას მიაჩერდა.

– ეჰა! – თქვა ტომმა სიცილით, – მგონი, ცუდად არის ალექსანდრეს საქმე. შენმა მეგობარმა მას ჯადო გაუკეთა. ნახე? თვალს ვეღარ აშორებს.

– ჰო, ჩვენი დეა ცოტათი ნამდვილად ჯადოქარია. გახსენი, ტომ, ლუდი, რისთვის მოიტანეთ?

ტომმა ბოთლები გახსნა და ფრთხილად ჩამოასხა კათხებში.

– დეა ინგლისური სახელია? – მოულოდნელად ფიქრიანად იკითხა სანდრომ და გოგოს ჯიქურ მიაშტერდა. დეამ თამამად შეხედა თვალებში და ბიჭმა ისევ იგრძნო მუხლებში სისუსტე...

– დიანა მქვია... – წყნარად თქვა გოგომ უაქცენტო ინგლისურით, – დეას ლინა და უახლოესი მეგობრები მეძახიან. ოჯახის წევრებიც... თქვენ ალექსანდრე ხართ? ბერძენი? – მიამიტად გაუღიმა და ლუდი მოწრუპა.

– არა, ბერძენი არა ვარ, ქართველი ვარ, – დაბნეულმა ჩაილაპარაკა სანდრომ და პატარა ბავშვივით გაწითლდა.

– ალექსანდრე მაკედონელის პატივსაცემად დაგარქვეს სახელი თუ რომელიმე სახელგანთქმული წინაპრის? – ჩააცივდა გოგო.

– მგონი, მართლა ჯადოს გიკეთებს და ფრთხილად იყავი, – გადაიხარხარა ტომმა და ერთბაშად გაშინაურდა, – გოგოებო, სადმე უფრო ხმაურიან ადგილას ხომ არ წავიდეთ და გავერთოთ? ცეკვაზე რას იტყვით? შეგვიძლია, ლუდიც რამე უფრო მაგარი სასმელით ჩავანაცვლოთ.

ლინამ დეას შეხედა. ეტყობოდა, საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მხოლოდ მის გადაწყვეტილებას ელოდა. დეამ თავის ლამაზ თითებს დახედა და ცოტა მკაცრად თქვა:

– ლინა, დღეს ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა. ასე არ არის?

– ჰო, გამახსენდა... სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს.

– არა უშავს, ხვალ შევხვდეთ, – არ დაიბნა ტომი, – ტელეფონის ნომერი მომეცით და დაგირეკავთ.

– კარგი, – მხრები აიჩეჩა ლინამ, – ისე, ჩვენ იმავე უნივერსიტეტში ვსწავლობთ, რომელშიც თქვენ, უფრო სწორად, მე ვსწავლობ. დეა, ანუ დიანა, ჩემთან სტუმრად არის ჩამოსული..

 – ესე იგი, მალე დაგვტოვებთ? – სანდრომ უჩვეულოდ მოიწყინა.

– ჰო. თუმცა, ჯერ არ ვიცი, ლონდონში როდის დავბრუნდები. მომწონს ირლანდია, – გაუღიმა დეამ, – გმადლობთ ლუდისთვის... ლინა, წავიდეთ...

მარტოდ დარჩენილმა სანდრომ კათხაში ჩარჩენილი ლუდი გამოცალა და ბარმენს კიდევ სთხოვა ერთი ბოთლი.

– შენ უკვე ხომ არ შეგიყვარდა ეგ დეა? – დაეჭვებით ჰკითხა ტომმა.

სანდრომ ხელი აუქნია:

– საიდან მოიტანე, ლუდი რომ მინდა კიდევ?!

– არა, ლუდი არაფერ შუაშია. შენს თავს არ ჰგავხარ. არ მომწონს ეს ამბავი. არც ეგ დაიანა მომეწონა... უცნაური მზერა აქვს, თითქოს სულში გიძვრება და გაშიშვლებს.

– ჰმ, გამომიხვედი შენც ქალების ფსიქოლოგიის მცოდნე – დასცინა სანდრომ.

– ქალების ფსიქოლოგიაზე თავს არ ვდებ, მაგრამ, ეგ გოგო უნცაური ვინმე ჩანს, გეუბნები... ის ლინა უფრო თავისუფალია და მარტივი.

– რატომ? გგონია, მარტივად ჩაგიწვება ლოგინში? რა ვიცი, ენაჩავარდნილივით კი მიშტერებოდი დიანას..

– არ უარვყოფ, მართლა ძალიან ლამაზია.  მაგაზე ლამაზებიც მინახავს, მაგრამ რაღაც აქვს ისეთი... როგორ გითხრა...

– ანუ, რა გინდა ჩემგან? სხვათა შორის, შენ გადაეკიდე და საცეკვაოდ ეპატიჟებოდი. ტელეფონის ნომერიც გამოართვი იმ ლინას... მე არ გამომიჩენია ინიციატივა.

– ჰო. ლინა სხვა თემაა, აკი გითხარი... დაიხსომე ჩემი სიტყვა... არ მომწონხარ, ალექსანდრ... – თითი გამაფრთხილებლად დაუქნია შეფიქრიანებულმა ტომმა.

სანდრომ გაიცინა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3