კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უჩინარი მკვლელები

მაიკლს უყვარდა ცოლი. ძალიან უყვარდა... ან, როგორ შეიძლებოდა, არ ჰყვარებოდა, როცა დორისი ასეთი ლამაზი და საყვარელი იყო, მოლურჯო შავი თმითა და ჭაობისფერი თვალებით. ახლა, როგორი სხეული ჰქონდა? – ყველა მამაკაცის ოცნება. თუმცა, მაიკლს შეეძლო, აღარ ეოცნება, იმიტომ, რომ დორისი მისი ცოლი იყო და დაუსრულებლად შეეძლო, მისით დამტკბარიყო. ისეთი ამაყი იყო, როცა მას უყურებდა, არც კი სჯეროდა საკუთარი ბედნიერების და, ამ დროს, მოულოდნელად გაიგო, რომ დორისს რომანი ჰქონდა იმ უბადრუკ დეტექტივების მჯღაბნელთან – მისტერ უილკინსთან. ეს უილკინსი მათ მეზობლად ცხოვრობდა, ზუსტად მათ მოპირდაპირედ. მაიკლი ლამის შოკში ჩავარდა. რა შეიძლებოდა მოსწონებოდა მის ცოლს ამ კაცის – ერთი გატყავებული მწერლის, რომელსაც თმაც შეთხელებოდა და თავისი საბეჭდი მანქანის მეტი არაფერი გააჩნდა?! როგორ შეიძლებოდა, ასეთ კაცს „შეება“ მისი დორისი, რომელიც ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებდა?! ცოლს, რა თქმა უნდა, მაშინვე აპატია ღალატი. საწყალი დორისიო, – გაიფიქრა, – როცა მე მივლინებებში დავდიოდი და სახლში არ ვიყავი, იმ დონჟუანმა თავგზა აურია და გააბრიყვაო. ესე იგი, მთავარი დამნაშავეც ის იყო და არა მისი ანგელოზი ცოლი, რომელსაც არაფრით დაუთმობდა სხვა მამაკაცს, მით უმეტეს, იმ უდღეურ უილკინსს. დონჟუანი მკაცრად უნდა დასჯილიყო, მაგრამ, ისე არა, რომ თვითონ ელექტროსკამზე აღმოჩენილიყო – ამით მაიკლი ვერაფერს მიიღებდა. უილკინსი მოკვდებოდა, მას სიკვდილით დასჯიდნენ, დორისი კი მონახავდა მანუგეშებელს – ვინ გააჩერებდა ასეთ თოჯინას?! ამიტომ, მაიკლმა გადაწყვიტა, დაეცადა, კარგად მოეფიქრებინა და ისე დაეგეგმა იდეალური მკვლელობა, რომ მასზე ეჭვი ვერავის მიეტანა. დიდ ძალისხმევად უღირდა სიმშვიდის შენარჩუნება – თამაში, თითქოს არაფერი მომხდარა. არც დორისს უნდა შეეტყო რამე და მით უმეტეს, არც უილკინსს. ჯობდა ისე ეფიქრა,  მასზე, როგორც სულელ და მოტყუებულ ქმარზე. მაიკლიც იცდიდა. დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად მიეცემოდა ხელსაყრელი შემთხვევა და, ასეც მოხდა. ერთ საღამოს, როცა მაიკლი სახლში დაბრუნდა, დაინახა, რომ მისმა მეზობელმაც გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და ნავაჭრით სავსე ქაღალდის პარკით ხელში, სადაბრაზოსკენ გაემართა. ვარდის ბუჩქს რომ ჩაუარა, ერთბაშად მთელი ხმით იბღავლა; პარკი მოისროლა და ხელების ქნევით, ქალივით ისტერიული კივილით შევარდა სახლში. მაიკლი ნელა მიუახლოვდა ვარდის ბუჩქს და ფუტკარი დაინახა, თავისთვის, მშვიდად რომ იჯდა გაუშლელ კვირტზე. მაიკლი გაოცდა. ჩვეულებრივი მამაკაცისთვის ფუტკრის ასეთი შიში არ იყო ნორმალური. აშკარად რაღაც ძალიან სერიოზული მიზეზი არსებობდა და, უცებ, მაიკლს, რომელიც სააფთიაქო დისტრიბუციაში მუშაობდა და ფარმაკოლოგიაში რაღაც გაეგებოდა, გონება გაუნათდა: უილკინსს ალერგია ჰქონდა ფუტკრის შხამზე და, შეიძლებოდა, ფუტკრის ერთ ნაკბენსაც კი, სასიკვდილო შეშუპება, სულის შეხუთვა გამოეწვია. თავად განგება ეხმარებოდა შურისძიებაში... სამი დღე დასჭირდა ყველა ნიუანსის მოსაფიქრებლად და დასაგეგმად... მერე, ჩვეულებრივ, მივლინებაში გაემგზავრა. დორისს თბილად დაემშვიდობა. დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული და ჭაობისფერ თვალებში ჩასჩერებოდა. იცოდა, რომ ცოლი მის წასვლას ელოდებოდა და მაშინვე ესტუმრებოდა უილკინსს, შემდეგ კი ერთად გაერთობოდნენ მეზობელ ბინაში. ამის გაფიქრებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ქალაქიდან გავიდა თუ არა, პირველივე აყვავებულ ბუჩქთან გააჩერა მანქანა და წინასწარ მომარაგებული ნივთებით შეიარაღებული გადავიდა. ბუჩქზე შვიდი-რვა ფუტკარი იჯდა. მაიკლმა ბოროტად გაიცინა. ხელის სწრაფი მოძრაობით ფუტკრები ბადეში მოაქცია და ნაგავსაყრელიდან წამოღებულ შოკოლადის კოლოფში მოათავსა. მერე კოლოფი რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტა, მწერები რომ არ გაგუდულიყვნენ. კოლოფი თხელ შესაფუთ ქაღალდში შეახვია და ექვსი მარკა მაინც დააკრა, რომ ამანათი დანიშნულების ადგილამდე სწრაფად და დაუბრკოლებლად მისულიყო. მისამართი მეზობლის ბინის დააწერა. გამომგზავნელის გვარი ის მიუთითა, რაც პირველად მოუვიდა აზრად... ისევ მანქანაში ჩაჯდა თავის მძლავრ, საშიშ იარაღთან ერთად. გაიარა რამდენიმე მილი, გადააგდო ფუტკრის საჭერი ბადე, კიდევ რამდენიმე მილის გავლის შემდეგ კი საფოსტო ყუთთან შეჩერდა. მანქანიდან გადასვლაც არ დასჭირდა ამანათის გასაგზავნად – პირდაპირ  მანქანის ჩამოწეული ფანჯრიდან ჩააგდო საფოსტო ყუთში და, საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი, დამშვიდებული გაემგზავრა...

მივლინებიდან ცხრა დღის შემდეგ, პარასკევს, სადილის შემდეგ დაბრუნდა. ქუჩაზე შეუხვია თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ მათ სახლში რაღაც ხდებოდა. სადარბაზოსთან პოლიციის სამედიცინო მანქანა იდგა და პოლიციელები ირეოდნენ. სიხარულის ჟრჟოლამ დაუარა მთელ სხეულში – მისმა გენიალურმა ჩანაფიქრმა შედეგი გამოიღო... კიბეზე რომ ადიოდა, ლიფტის კარი გაიღო და რამდენიმე პოლიციელმა თეთრზეწარგადაფარებული საკაცე გამოიტანა. შეუძლებელი იყო მიმხვდარიყავი, ვინ იწვა მასზე, მაგრამ, მაიკლმა ზუსტად იცოდა, რომ ეს მისი მეზობელი, საზიზღარი უილკინსი იყო... სიმშვიდე ბოლომდე შეინარჩუნა. პორტიეს, რომელსაც შიშისგან მობრეცილი სახე ჰქონდა, თავი ღიმილით დაუქნია და სახლში ავიდა. მის სიფრიფანა დორისს ნამტირალევ თვალებზე ეტყობოდა, რომ ძალიან ინერვიულა. მაიკლმა მაგრად ჩაკოცნა და მოეფერა.

– რა მოხდა, პატარავ?

– ცუდი ამბავი... საწყალი ჩვენი მეზობელი, მისტერ... მისტერ უილკინსი მოკვდა... შემთხვევით მე ვიპოვნე... არა, მე კი არ ვიპოვე, რა მინდოდა მასთან... უბრალოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში რომ არ გამოჩნდა, ანუ, პრესა რომ არ აიღო, პორტიემ მკითხა, მისი საბეჭდი მანქანის ხმა თუ გესმისო... ხომ გახსოვს, კაკუნი დერეფანშიც ისმოდა ხოლმე... გამახსენდა, რომ რამდენიმე დღე თვალი არ მომიკრავს მისთვის. პორტიემ სათადარიგო გასაღები მოიტანა და შევედით... დივანზე იწვა... არ სუნთქავდა... საერთოდ არ სუნთქავდა...

– ძილში მომკვდარა. ამას კიდევ არა უშავს, – სარკასტულად გაიღიმა მაიკლმა და ჯინი დაისხა, – შემეცოდა, წყნარი და უპრეტენზიო მეზობელი იყო. ეტყობა, რაღაც ფარული დაავადება ჰქონდა.

– არა, არა, რა დაავადება... არც ძილში არ მომკვდარა... ძილში გარდაცვლილებს შიშისგან დაღრეჯილი სახე არა აქვთ ხოლმე... დივანზეც კი არ იწვა, უფრო წაქცეულს ჰგავდა... პოლიციელებმა თქვეს, ეტყობა, რაღაცის ძალიან შეეშინდაო...

– სულ ეს არის? სხვა მიზეზი ვერ მოიფიქრეს?! ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ, მოდი, დავლიოთ და დავივიწყოთ საწყალი მწერალი... ის ახლა ზეცაშია... ჯინს არ დალევ?! საყვარელო, იცი, რა გადავწყვიტე?! აღარ მინდა მივლინებებში სიარული. ვიცი, ჩემ გარეშე ძალიან მოწყენილი ხარ. ამიტომ, რაღაც ისეთს გავაკეთებ, რაც მუდმივად შენ გვერდით ყოფნის საშუალებას მომცემს... მაგალითად, დეტექტივებს დავწერ...

დორისს თვალები გაუფართოვდა:

– დეტექტივებს დაწერ? როგორ? ჯერ ხომ არასდროს დაგიწერია?!

– მერე რა, ოდესღაც ხომ უნდა დაიწყო? რატომღაც, მგონია, რომ კარგად გამომივა.

 

 

скачать dle 11.3