კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ასაღებდა თავს სტალინის შვილად ცნობილი ქართველი თაღლითი და რა ბედი ეწია მას

2008 წელს, მოსკოვში, 89 წლის ასაკში სახელგანთქმული ქართველი თაღლითი ბენო კალანდია გარდაიცვალა. მას მთელი საბჭოთა შავი სამყარო იცნობდა და პატივს სცემდა. დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს მისი მდიდარი კრიმინალური ცხოვრებიდან.

გაწბილებული სასიძო

პირველი პატიმრობა 18 წლის ბენო კალანდიას 1937 წელს მიუსაჯეს. წარმოსადეგ ზუგდიდელ ყმაწვილს 16 წლის თანაქალაქელი შოუ ნარმანია უყვარდა. გოგონას მამა შეძლებული გლეხი, ეგრეთ წოდებული „კულაკი“ იყო და მას მთელი რაიონი იცნობდა. ბენომ შეყვარებულის მამას შუამავლები მიუგზავნა და ქალიშვილის ხელი სთხოვა. მაგალი ნარმანიამ კარგად იცოდა კალანდიების არასტაბილური მატერიალური მდგომარეობის ამბავი და შუამავლებს უთხრა:

– ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ფუფუნებასაა ჩვეული და ყანაში წელის საწყვეტად არ მემეტება.

– არა, როგორ გეკადრებათ, ბატონო მაგალი, ბენიამინი შოუს ხელის გულზე ატარებსო, – მიუგეს შუამავლებმა „კულაკს“.

– მაშ, კარგი. დამიმტკიცოს ეს. თავად მოვიდეს ჩემთან. მე თვითონ შევაფასებ მას, გადავწყვეტ და პასუხს გავცემო, – თქვა მაგალი ნარმანიამ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „კულაკი“ სასიძოსგან მდიდარ ძღვენს ითხოვდა, რისი შესაძლებლობაც ბენოს არ ჰქონდა და პრაქტიკულად, უარით გამოისტუმრა.

ბენომ ნარმანიას პასუხი რომ მოისმინა, არ დაღონებულა, თავი ამაყად ასწია და შუამავლებს უთხრა:

– უთხარით, რომ ერთ კვირაში ვეახლები სასიმამრო ბატონსო.

მეორე დღეს ბენო კალანდია ქუთაისში გაემგზავრა და ჩაფიქრებული გეგმის განხორციელებას შეუდგა. სამი დღის განმავლობაში მან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განლაგებული კერესის ცნობილ საიუველირო მაღაზიას უტრიალა და საჭირო ინფორმაციები შეაგროვა. მეოთხე დღეს კი, როდესაც მაღაზიაში მხოლოდ გამყიდველი იმყოფებოდა, საიუველიროს წინ მდებარე სადალაქოში შევიდა და მაღაზიაში დარეკა. საიუველიროში ტელეფონი მეორე ოთახში იდგა, რომელიც კარით იკეტებოდა. ერთადერთი გამყიდველი ყურმილის ასაღებად გავიდა და დახლი მიატოვა. „გისმენთ“, – უპასუხა გამყიდველმა.

– „ჩეკადან“ ვრეკავ. ახლავე შეგაერთებთ კომისართან. დაელოდეთ, – მიუგო „ჩეკას“ ხსენებაზე შეშინებულ გამყიდველს ბენომ და ყურმილი გადადო. შემდეგ სწრაფად გამოვიდა სადალაქოდან და ცარიელ საიუველირო მაღაზიაში  ხურჯინით შეიჭრა. ბენომ ჯერ კარი მიხურა, ჩარაზა და გამყიდველი გამოამწყვდია. შემდეგ კი თვალის დახამხამებაში დააცარიელა დახლები, ხურჯინი ძვირფასეულობით აავსო და იქაურობას მოშორდა.

მთელი „ჩეკა“ და მილიცია ფეხზე დადგა და ორიგინალური მძარცველის ძებნა დაიწყეს. ბენო კი ნარმანიებთან დათქმულ დროს გამოცხადდა და შოუს საქორწილო კაბა მიუტანა, რომელზეც ნაძარცვი ძვირფასეულობა იყო დაბნეული. სასიმამრომ ბენო მეორე დღისთვის დაიბარა და ძღვენი დაიტოვა. ერთი საათის შემდეგ კი ძვირფასეულობით სავსე კაბა ზუგდიდის მილიციის უფროსს, ვარლამ აქუბარდიას მიუტანა.

ბენო დააპატიმრეს, გაასამართლეს და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაგალიმ კი შოუ სწორედ ვარლამ აქუბარდიას ვაჟს მიათხოვა...

გაწბილებულმა სასიძომ სრულიად მოიხადა ათი წელი და ციხიდან 1947 წელს გათავისუფლდა.

„სტალინის შვილი“

ციხიდან გათავისუფლებული ბენო მშობლიურ კუთხეში აღარ დაბრუნებულა. საპყრობილეში მან მდიდარი კრიმინალური გამოცდილება მიიღო და თაღლითობა აირჩია პროფესიად, რაშიც ნიჭიც ხელს უწყობდა. მძიმე, ომისშემდგომი წლები იდგა და ადამიანები თვითგადარჩენისთვის იბრძოდნენ. ბედის ანაბარა დარჩენილმა ბენომ საკმაოდ ორიგინალური და საშიში სქემა მოიფიქრა. მან ყალბი პასპორტი გააკეთა, შიგ ვასილი ჯუღაშვილი ჩაწერა და თავს სტალინის შვილად ასაღებდა... ელეგანტურად გამოწყობილი თაღლითი საბჭოთა კავშირის პერიფერიებში მოგზაურობდა, საუკეთესო სასტუმროებში ჩერდებოდა, უფასოდ ცხოვრობდა და იკვებებოდა... ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, აბა, ვინ შეჰკადრებდა ფულის მოთხოვნას დიდი სტალინის ვაჟს...

ორწლიანი დაუსჯელი ვოიაჟის შემდეგ, ბენო იმდენად გათავხედდა, რომ უკვე დიდ ქალაქებში ჩადიოდა. მან უფასო სასტუმრო და საუკეთესო კვება აღარ იკმარა და ფულის შოვნაზე გადავიდა – აპრობირებული სქემის მიხედვით, ბენო რომელიმე მსხვილი საწარმოს უფროსს ეწვეოდა და საკმაოდ მსხვილ თანხას სთხოვდა. „სტალინის ვაჟს“ მამამისის შიშით ფულს აძლევდნენ და ბენო თანხის ნაკლებობას არ განიცდიდა.

1940 წლის 2 ნოემბერს, თაღლითი ქალაქ კუიბიშევის საავიაციო ქარხნის დირექტორს ეახლა და უთხრა:

– მე ვასილი ჯუღაშვილი ვარ, აი ჩემი პასპორტი და თქვენთან ერთი დელიკატური თხოვნა მაქვს.

ქარხნის დირექტორმა სერიოზული სახით დაათვალიერა პასპორტი, მფლობელს დაუბრუნა და მიუგო:

– დიახ, ვასილი იოსებოვიჩ, გისმენთ.

– ოცი ათასი მანეთი მჭირდება სასწრაფოდ და გთხოვთ, მასესხოთ. როგორც კი მოსკოვში დავბრუნდები, გამოგიგზავნით.

– რაზეა ლაპარაკი, ახლავე. თქვენ აქ დამელოდეთ და ათ წუთში თანხას მოგიტანთ, – უთხრა დირექტორმა თაღლითს და კაბინეტიდან გავიდა.

ათი წუთის შემდეგ დირექტორმა ფულის მაგივრად ოთხი ჩეკისტი მოიყვანა და ბენო იქვე დააპატიმრეს. საქმე კი ის გახლდათ, რომ საავიაციო ქარხნის დირექტორი ნამდვილი ვასილი ჯუღაშვილის უახლოესი მეგობარი იყო და სწორედ ვასიამ შეუწყო ხელი მის დანიშვნას ამ პოსტზე...

ბენო კალანდიას პოლიტიკური მუხლი მიუყენეს და დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა, მას სასწაულებრივად გაუმართლა და ეს ისტორია ვასილი ჯუღაშვილმა შეიტყო. ის ჩაერია, განაჩენი შეაცვლევინა და ბენოს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, ბენო კალანდია 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ეგრეთ წოდებული ბერიას ამნისტიით გაათავისუფლეს.

გაფურჩქვნის წლები

მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლები, ანუ ეგრეთ წოდებული, „ზასტოის პერიოდი“, ბენო კალანდიასთვის ნამდვილი გაფურჩქვნის ხანა იყო. მან ამ დროს უამრავი ფული იშოვა და ძალიან მახვილგონივრული აფერები ჩაატარა.

1973 წლის 7 ივლისს, აზერბაიჯანის კოლმეურნეობა „ლენინელს“ შავი ფერის „ვოლგით“ ელეგანტურად ჩაცმული შავპიჯაკიანი მამაკაცი მიადგა. უკან მას „ვილისით“ ოთხი ადამიანი მოჰყვა, რომლებიც უნიფორმებში იყვნენ გამოწყობილები. უნიფორმებიანმა მანქანიდან გეოდეზიური ხელსაწყოები გადმოიღეს და გაზომვით სამუშაოებს შეუდგნენ. უზარმაზარი სოფელ-კოლმეურნეობის მოსახლეობა ნახევარ საათში შეიკრიბა იქ. მოვიდა თავმჯდომარეც, რომელიც შავპიჯაკიანთან მივიდა და ჰკითხა:

– რა ხდება აქ, ამხანაგო?

– თქვენ ვინ ბრძანდებით? – კითხვა შეუბრუნა შავპიჯაკიანმა, რომელიც უნიფორმიანებს ბრძანებებს  აძლევდა.

– „ლენინელის“ კოლმეურნეობის თავმჯდომარე იუსუფ ალიევი, –  თქვა ცნობისმოყვარემ.

– გაზსადენ „საუკუნის მშენებლობის“ უფროსი იური გუსევი, – მიუგო მოსულმა.

– რას ზომავთ, ამხანაგო იური?

– აქ გაზსადენმა უნდა გაიაროს და ადგილს ვზომავთ. მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყება.

– ჩვენი ბაღები და ნათესები?

– ავიღებთ.

– მერე, ჩვენ რა ვქნათ?

– რას იზამ, ამხანაგო, ასე სჭირდება სამშობლოს.

თავზარდაცეუმლი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ერთხანს გაოგნებული იდგა. ბოლოს კი გუსევს უთხრა:

– არ შეიძლება, რომ თქვენი  გაზსადენი ორასიოდე მეტრით გვერდზე გაატაროთ?

– პრინციპში, კი. მაგრამ პროექტი ასე მაქვს შედგენილი და ზედმეტი ხარჯია.

– მაინც რამდენი? – დაინტერესდა თავმჯდომარე.

– ასი ათასი მანეთი, ამხანაგო თავმჯდომარე.

– ჩვენ აგინაზღაურებთ ამ ხარჯს. ოღონდ, პროექტი შეცვალეთ.

გუსევმა და თავმჯდომარემ მოილაპარაკეს, რომ ასი ათასი მანეთის სანაცვლოდ, გაზსადენს ორასი მეტრით სამხრეთით გადასწევდნენ და მეორე დღეს, თავმჯდომარემ თანასოფლელებისგან აკრეფილი თანხა მიუტანა გუსევს. მან კი თავმჯდომარეს ხელი ჩამოართვა და შეჰპირდა, რომ კოლმეურნეთა ქონებას არ შეეხებოდნენ.

– აბა, ნახვამდის, ამხანაგო ალიევ. ერთ კვირაში შევხვდებით, – გამოემშვიდობა გუსევი „ლენინელის“ თავმჯდომარეს, შავ „ვოლგაში“ ჩაჯდა და სოფლიდან სამუდამოდ გაემგზავრა...

გუსევი, სინამდვილეში, ბენო კალანდია იყო. ხოლო „ვილისის“ მგზავრები კი ოთხი ყრუ-მუნჯი, რომლებიც მას დაქირავებული ჰყავდა და ისინი საქმის კურსში არ იყვნენ, თუ რა ხდებოდა. ბენომ მათ ათას-ათასი მანეთი მისცა და გაისტუმრა, თვითონ კი მოსკოვში გადაფრინდა...

 

скачать dle 11.3