კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აუმოძრავდა გიორგი ჯაჯანიძეს მიძინებული და როგორ მოხვდა მისი ტვინი ამერიკელი მედიკოსების ხელში

ტელესახე და ფსიქოლოგი გიორგი ჯაჯანიძე ჯერ საზაფხულო არდადეგებზე არ „გასულა” – „პალიტრა ტვ-ში” გადაცემის პარალელურად, თავის წიგნზე მუშაობას დამკვრელურ დროში ამთავრებს.  მას შემდეგ, რაც  ცნობილი პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები” დატოვა, დაკარგული ენერგიების აღდგენას პასიური ზაფხულით ცდილობს, თუმცა ამ პროექტიდან ბევრი კარგიც  დარჩა მოსაგონარი და, სადაც არ უნდა გაიგოს – „ერთი, ორი, სამი, ვპერიოდ, ზად,” ახლა უკვე „იავნანასავით” ესმის.    

 

გიორგი ჯაჯანიძე: რაც წლები მემატება,  იდეალური თერმორეგულაცია მაქვს. ჩემს სახლში არ არსებობს არც გამათბობელი და არც გამაგრილებელი; სიცხესაც ვუძლებ და სიცივესაც და არა თუ ვუძლებ, ვხუმრობ ხოლმე, ისეთი შერწყმული ვარ ბუნებასთან, ზაფხულში არ მცხელა და ზამთარში არ მცივა-მეთქი (იცინის). დასვენების დიდი მოყვარული არც ვარ, ჩემთვის სიწყნარეში ერთი საათი რომ დავრჩე, დასვენებისთვის ესეც მყოფნის.  „ცეკვავენ ვარსკვლავებმა”,  იმის მიუხედავად, რომ იდეალური პროექტია, ძალიან დამღალა.  გარედან გულშემატკივრობას არაფერი ჯობია. იმ პერიოდში  ჩემი სხეული გაოცებული იყო –  ვერაფრით მიხვდა, ამდენს რატომ მოძრაობდა ჩემი მიძინებული კუნთები. იმ კიბეზე ბავშვები ცუნცულით ადი-ჩადიოდნენ, მე კი, 52 წლის კაცი, ძლივს დავლახლახებდი, მაგრამ, არ ვიმჩნევდი.  დღედაღამე, „ერთი, ორი, სამი, ვპერიოდ, ზად,” მესიზმრებოდა. არასდროს  ხელ-ფეხი არ გამინძრევია, ცხოვრებაში არ მივარჯიშია და, უცებ, „ტანგოს” ცეკვა დავიწყე. როცა მეკითხებოდნენ, დღეს ცეკვავო? არა, დავდივარ-მეთქი, – ვპასუხობდი. ცეკვის დროს თითი ამომივარდა, მთელი ორი კვირაა მაწუხებს და დღეს გადავიღე რენტგენი.  ეს ჟიურიც ხომ ისე მაფასებდა, თითქოს პროექტში „სუხიშვილებიდან”   მოვხვდი. რატომღაც,  სულ მეგონა, რომ ჩერტკოევს ვძულდი (იცინის). 

– ამიტომ სცადე გოჩა ჩერტკოევის „მოქრთამვა”?

– არა, მინდოდა, რამე ორიგინალური საჩუქარი გამეკეთებინა მისთვის, ცა და დედამიწა შევძარი, რომ კალოშები მეშოვა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ, დავიტანჯე, სანამ მისი ფეხის ზომა გავიგე. სულ „სტრანნი”  ფეხსაცმელი ეცვა. ჩასაფრებული ვიყავი,  ხან მარჯვნიდან ვუზომავდი თვალით, ხან – მარცხნიდან, მაგრამ, ვერაფრით ვხვდებოდი, რა ზომის ფეხი ჰქონდა. ბოლოს, როგორც იქნა  გამოვიცანი და ასე ვაჩუქე ჩემი დიზაინით გაკეთებული, დიდი ბროშით მორთული კალოშები, რომლებსაც ამერიკაში წაიღებს.  

– ამბობენ, რომ ეს პროექტიც კი შენი პიარისთვის გამოიყენე.

– კარგი, რა, რაღა დროს ჩემი პიარია, პიარი მინდა კიდევ მე?! ცნობილ ადამიანთა ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, გეგმავს, რომ პოპულარული გახდეს, მეორე ნაწილის ცხოვრებაში კი ბევრი რამ თავისით ხდება; აი, „ციდან  ჩამოვარდა” რომ ჰქვია, ზუსტად ასე იყო ჩემს ცხოვრებაშიც.  ჩემი პოპულარობა განსაზღვრა იმ უცნაურობებმა, რაც მე მთელი ცხოვრება მჭირს.  კარგი, დღეს ოცდამეერთე საუკუნე და პიარტექნოლოგიების ხანაა, მაგრამ, მეოცე საუკუნის შუა წლებში, ჭიათურის იმ პატარა უბანში, სადაც მე ვცხოვრობდი, საიდან უნდა მცოდნოდა, პიარი რა იყო? იცი, როგორ უბანში დავიბადე? ჯარბელა გაგიგონია? ჯარბელაში სულ 18  ოჯახი ცხოვრობს. მთელი უბანი, ყველა სახლი კლდეზეა დაკიდებული. მეზობელი სპეციალურად თუ  არ შემოვიდა შენს ეზოში, იქ ვერ მოხვდება. არც ქუჩაა, რომ ჩაიაროს, არც არაფერი. ამ უბანშიც კი უცნაური ხედვა მქონდა. ეზოში ძალიან ლამაზი ვაზი გვქონდა. რა ვიცოდი, რა იყო ნატვრის ხე? მე იმ ხნის ვარ, მგონი, ფილმიც კი უფრო გვიან გამოვიდა. მოკლედ, ის ვაზი მოვრთე ფერად-ფერადი ნაჭრებით და „ნატვრის ხე” ვუწოდე.  23 წლის ვიყავი, პირველად რომ ვნახე  ნატვრის ხე  სევანის ტბაზე, მაგრამ მანამდე ჩემებური ნატვრის ხე მქონდა ჯარბელაში.  ჩვენი უბნის დასაწყისში ჯართის ჩასაბარებელი პუნქტი იყო. მთელი დღე ჯართში დავდიოდი და პატარ-პატარა რკინებს ვაგროვებდი, ამ რკინებს ვაცვამდი მავთულებზე და მთელი ეზო ბოლტებითა და ჭანჭიკებით მქონდა მორთული – ჩემი თამაში ეს იყო, აბა, სად მქონდა სათამაშო?! ველოსიპედით იმ კლდეებზე ვერ ივლიდი და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებდა ეს თამაშობები.  ცხოვრებაში  ერთადერთხელ  ვითამაშე ფეხბურთი და ისე დავამთავრეთ თამაში, ბურთისთვის ფეხი არ მიმიკარებია – ყველა მე მეჯახებოდა.

– ასე მორთული ეზოს პატრონი, ჯარბელელ  მეზობლებს ადეკვატური ეგონე?

– როგორ გგონია, ჩემი ლამაზი ეზოს სანახავად არ დადიოდა ხალხი?! ისეთი პოპულარული გავხდი უბანში, რა გითხრათ.  მაშინ დასაჭრელი ცხვირსახოცები იყიდებოდა და დედაჩემმა იმ ნაჭრისგან შემიკერა საროჩკა; მერე ფარდა დავაჭრევინე საროჩკისთვის. ყველაზე დიდი როლი ჩემს ცხოვრებაში ითამაშეს ჩემი ოჯახის წევრებმა, რომლებიც ამ უცნაურობებს კი არ მიკრძალავდნენ, პირიქით, ხალისით იღებდნენ. არაფერს მე არ ვაშავებდი, ჩემთვის ვიყავი. პარალელურად,  ჭიათურის თეატრში ვიყავი დაკავებული სპექტაკლებზე, მსახიობობა მინდოდა, მაგრამ, თეატრალურ ინსტიტუტში „დამბრაკეს” – დაბალი ხარო; ამ დროს, ჭიათურის თეატრში კორიფეებთან ერთად ვთამაშობდი ტრაგიკულ სპექტაკლში. მოგეხსენებათ, თეატრალურ ინსტიტუტში მაინც მოვხვდი და ახლა იქ აღმოვჩნდი კოშმარში. ყველა ვიღაცის შვილი იყო, ერთი მე ვიყავი საწყალი და უბედური,  ვის დაჰკარგვოდა ჯაჯანიძე. ისეთი მორიდებული და დაკომპლექსებული ვიყავი, ორ სიტყვას ვერ ვაბამდი ერთმანეთზე. ერთხელ, ერთი ძალიან პოპულარული ბიჭის ყურადღება მივიქციე და, აბა, როგორ? ტუალეტში შევედი ჩემი გაქუცული ფეხსაცმლით – მოყვითალო ზამშის ფეხსაცმელი იყო, 2 კაპიკად ნაყიდი. იმ დღეს ტუალეტში შუქი არ იყო და მარცხი მომივიდა – ფეხსაცმელზე დავიფსი. გარეთ მეცა ის „სვეტსკი” ბიჭი და მეუბნება: ვაა, ჯაჯანიძე, რა მაგარია, სხვადასხვა ფერის ტუფლი გაცვია?  მე, რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რომ დამცინოდა, დავიხედე ფეხსაცმელზე და, ჩემი ერთი ყვითელი ტუფლი ყავისფერი არაა?! ასე, სულ შემთხვევით მივიქციე იმ კარგად ჩაცმული ბიჭის ყურადღება. ტუფლი ორ საათში შრებოდა, შევდიოდი ტუალეტში, წყალს ვასხამდი და ისე  დავდიოდი ინსტიტუტში, სამი დღის მერე ორი საროჩკა დავჭერი, ერთმანეთს გადავაკერე და ასე სხვადასხვა ფერით გამოვეცხადე ჩემს თანაკურსელებს.  მერე და მერე მივხვდი, რომ ადამიანებს მოსწონთ, როცა უცნაური და განსხვავებული ხარ. 

– ჭიათურაში რომ დარჩენილიყავი, იქაც იქნებოდი პოპულარული?

– ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. ვიმუშავებდი ჭიათურის თეატრში, ან – მაღაროში და მოვკვდებოდი ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მეშახტის ქუდი ისეთი მძიმეა, კისერს მომაძრობდა, დიდი ალბათობით, სამუშაოდ იქ არ წავიდოდი. ჭიათურაში რომ დავრჩენილიყავი, ახლა ვიქნებოდი თეატრის კუზიანი  თანამშრომელი, ან, შეიძლება, ჩემი განსხვავებულობის გამო, „სოფლის გიჟის” იარლიყი მოეკრათ. თბილისში პლეხანოველი მარინაც იყო, კიდევ ერთი ქალი დადიოდა ოპერასთან თეთრი ბუმბულებით,  ჭიათურაში კი მე ვიქნებოდი იქაური  პაჭიკოს კონკურენტი – ჭიათურელები მიხვდებიან, ვინც იყო პაჭიკო.  იმაზე მეტი რა გინდა, ჯარბელადან ამერიკაში რომ მოხვდები. ნიუ-იორკის ჯანმრთელობის ინსტიტუტში ტვინის გადაღება  გადავწყვიტე – ძალიან მაინტერესებდა, რა ხდება ჩემს ტვინში. ფილმებში რომ მინახავს, ისე გამიკეთეს თავზე მოწყობილობები და შემიყვანეს ბაროკამერაში. ისე შემეცოდა ჩემი თავი, ისე შემეშინდა... წარმოვიდგინე, რომ ჭიათურელი ჯაჯანიძე ნიუ-იორკის ბაროკამერაში მოვკვდი. სად ჰქონდათ ჩემებს ფული, იქ ვინ მომძებნიდა? მკვდარსაც კი ვერ ჩამომასვენებდნენ. შეშინებულმა სიბნელეში ისე ვთქვი „მამაო ჩვენო”, ის განცდა არასდროს დამავიწყდება.  

იმის მიუხედავად, რომ ძალიან ადრეული ასაკიდან მოვხვდი ეგრეთ წოდებულ ბომონდურ წრეებში, ვერ წარმოიდგენთ, იმ წრიდან გასული, როგორი ტანჯვით ვცხოვრობდი. ერთ ნათესავთან ვიყავი შეკედლებული, რომელსაც თვითონაც ძალიან უჭირდა. მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემხვდა, ვინც ცდილობდა და მიიოლებდა ცხოვრებას. ერთხანს  თოჯინების თეატრის  მსახიობმა დოდო ქერდიკაშვილმა შემიკედლა, რომელმაც ძალიან მიპატრონა და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.  მისი ხელფასი 120 მანეთი იყო და ორნი ვიყოფდით ამ მცირე ფულს. რაც ჩვენ  ბოთლები ჩაგვიბარებია... დღემდე მახსოვს, რომ ყავის 21 მარცვალს რომ დავფქვავდით, ერთი  კოვზი გამოდიოდა. ერთხელ, მარჯანიშვილის მეტროში ველოდებოდი მატარებელს, ისე მშიოდა, გული მიფრიალებდა. უცებ ლავაშის სუნი მეცა. თვალი გავახილე და დავინახე ქალი, რომელსაც პარკში ლავაში ედო. არ შემრცხვა, ვთხოვე, პური მომიტეხეთ-მეთქი. ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება, როგორ ვჭამე ის პური. ჭიათურაში წასვლა რომ მინდოდა, ბილეთის ფულს ორკაპიკიანებითა და ათკაპიკიანებით ვაგროვებდი, ვითომ დარეკვა მინდოდა. როცა ძალიან შემცივდებოდა ხოლმე, მეტროში ვთბებოდი. არ მქონდა თბილი ბათინკი, თბილი შარფი, რომელი კურტკაც ოქტომბერში მეცვა, ის მეცვა თებერვალშიც, ამიტომაც, იმდენს ვიცვამდი, ვეღარ ვინძრეოდი ხოლმე. ამის მიუხედავად, არასდროს ვიმჩნევდი, როგორ მიჭირდა, არასდროს  ვწუწუნებდი.  სტუმრად რომ მივდიოდი და საჭმელს შემომთავაზებდნენ, არა, არ მშია-მეთქი, – ვამბობდი; ეტყობა სახეზე მეწერა, რომ მშიოდა.

ყველა გაჭირვებული მეცოდება, რითაც შემიძლია, აუცილებლად  ვეხმარები  მშიერ, დაჩაგრულ კაცს და, სულ ვცდილობ, არ დავკარგო თანაგრძნობის უნარი. სად არ ვყოფილვარ, სად არ მომახვედრა ცხოვრებამ, მაგრამ, ჩემი აწეული ცხვირი არავის უნახავს, უფრო და უფრო ვხვდები, რომ სიკეთის  მეტი არაფერი რჩება ადამიანისგან. 

 

скачать dle 11.3