კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

თავდგირიძე

გვარის ძველი ფორმაა თადგირიძე. საკუთარი სახელის – თავდგირის შესახებ ცნობას გვაწვდის ივანე გვარამაძე.

ვახუშტი ბატონიშვილს (ბაგრატიონი) თავდგირიძე მოხსენიებული ჰყავს ქართლის ცხოვრებაში, მთავართა – „უწარჩინებულეს და შემძლებელთა“ შორის.

თავდგირიძე უძველესი ქართული სათავადო საგვარეულოთაგანია და დაახლოებით მეთხუთმეტე საუკუნეშივე, თავადობის სახელის გაჩენის დღიდანვეა მოხსენიებული აღმოსავლეთ (ასევე, სამხრეთ) საქართველოში. თავდგირიძეები მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან გადასულან გურიაში, მათი სამფლობელო იყო ქობულეთში. მეთვრამეტე საუკუნიდან წამოსულა, ასევე, საგვარეულოს აჭარული შტო, რომელმაც მიიღო მუსლიმანობა (მისგან მომდინარეობდა ოსმან-ფაშა თავდგირიძე, ქვემო აჭარის მმართველი, რომელიც, 1878 წელს აჭარის რუსეთთან შეერთების შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა თურქეთში). ამ გვარის წარმომადგენლებს გურიის სათავადოში ეკავათ მთავარი იასაულის მემკვიდრეობითი თანამდებობა, ხოლო მეცხრამეტე საუკუნეში – მდივანბეგისა და სარდლის თანამდებობები. თავად კ. ლ. თუმანიშვილს (თუმანოვი) მიაჩნია, რომ თავდგირიძეთა (თავგდირიძე) შტო სათავეს იღებს სიტყვისგან „თაგადირ“, ესე იგი, „გვირგვინის დამდგმელი“. ის, ვინც კორონაციის დროს მეფეს თავზე ადგამს გვირგვინს, ეს თანამდებობა კი მემკვიდრეობით ეკუთვნოდათ ბაგრატიონებს.

თავდგირიძეების საგვარეულო თავადებად მიიჩნია რუსეთის იმპერიამ და ეს გვარი შეტანილია 1850 წლის, 6 დეკემბერს ხელმოწერილ გურიის თავადთა სიაში.

ჭაობაშვილი

მწერალ გიორგი შატბერაშვილს მეტსახელად დაფიქსირებული აქვს ჭაობა. ეს მეტსახელი გვხვდება გვარში – ჭაობაშვილი.

ჭაობი სოფლის სახელწოდებაა დღევანდელ თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ მუხათის ბოლოს. დღესაც ამ ადგილს ჭაობს ეძახიან. ადვილი შესაძლებელია, რომ აქედან წასულ კაცს თან წაეღო სოფლის სახელი.

საქართველოში 39 ჭაობაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 25, კასპში – 14.

ახალკაცი-ახალკაციშვილი

გვარზე ახალკაცი, წიგნში „ქართული გვარ-სახელები“, ილია მაისურაძე წერს: „გადმოცემით, ბატონისგან გამოქცეული და სხვა სოფელში შეხიზნული ყმა, რაკი საკუთარ გვარს ვერ ამჟღავნებდა, ახალკაცს ირქმევდა“. ასევე, მეგრულში გვხვდება ახალკოჩი, ანუ, იგივე ახალკაცი. აქედანვე უნდა იყოს წარმოშობილი გვარები: ახალკაციშვილი, ახალმოსულიშვილი, ახალშენიშვილი.

ცნობილია, რომ ახალბედაშვილის წინაპარი, გადმოცემის თანახმად, მესხეთიდან გადმოსახლებულა და გვარად მაისურაძე ყოფილა, მაგრამ, როგორც ახლად მოსულისთვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.

ახალკაცი და ახალკაციშვილი ერთი და იგივე გვარად ჩანს.

ახალკაცი ისტორიულ წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან გვხვდება. „ახალკაცი გოგია, ცხუნურს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა“. „ახალკაცი როინაი, მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა, 1569 წელი“.

გადმოცემის მიხედვით, ახალკაცები წარმოშობით რაჭველები არიან. დათო ახალკაცის ცნობით, მის წინაპარს რაჭაში ბატონთან უთანხმოება მოსვლია, გამოქცეულა და ქართლში დასახლებულა. ქართლელებს მისთვის „ახალი კაცი“ შეურქმევიათ, ბოლოს ეს მეტსახელი გვარად იქცა. ახალკაცები ძირითადად სოფელ ოსიაურში ცხოვრობენ. რამდენიმე ოჯახი სამეგრელოშიც სახლობს.

საქართველოში 1 567 ახალკაცი ცხოვრობს: ხაშურში – 343, თბილისში – 337, გორში – 318. არიან სხვაგანაც.

გოგორიკი

გადმოცემით, გოგორიკების ადრინდელი გვარი ამაშუკელია. ამაშუკეთიდან მათი წინაპრები მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნიდან გადმოსულან გურიაში და, იქ, რატომღაც, გვარი გოგორიკი მიუღიათ. სავარაუდოდ, ფუძედ უნდა აეღოთ ლამაზი, მოხდენილი, ცქრიალა ქალის სახელი, ის გოგო-რიკად მოაკვარახჭინეს.

გოგორიკი მცირერიცხოვანი გვარია. ასევე, გვხვდება გვარი გოგორიკიძე.

საქართველოში 30 გოგორიკი ცხოვრობს: ოზურგეთში – 23, გარდაბანში – 4, თბილისში – 1. არიან სხვაგანაც.

ხეთაგური-ხეთაგაშვილი-ხეთაგურაშვილი

ხეთაგური ქართული გვარ-სახელია. გვარს საფუძვლად უდევს ტოპონიმი ხეთა. ხეთები ძველი ხალხი იყო ცენტრალურ ანატოლიაში (მცირე აზია), ცხოვრობდნენ ძველი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე ათასწლეულის მიჯნაზე.

ფუძით ხეთა მიღებულია ქართველთა გვარები: ხეთაგაშვილი, ხეთაგურაშვილი, ხეთაგური. მსგავსი ფუძითაა წარმოებული ოსური გვარი – ხეთაგუროვი. ხეთაგუროვებმა თვითონ უკეთ იციან, მათ შორის ვინ ოსია და ვინ – ქართველი. ასევე, გვხვდება გვარი ხეთერელი.

საქართველოში 117 ხეთაგაშვილი ცხოვრობს: გორში – 67, რუსთავში – 25, თბილისში – 12. არიან სხვაგანაც.

54 ხეთაგურაშვილი. თბილისში – 31, გარდაბანში – 9, რუსთავში – 1. არიან სხვაგანაც.

699 ხეთაგური: თბილისში – 232, გორში – 156, ყაზბეგში – 64. არიან სხვაგანაც.

111 ხეთაგუროვი: თბილისში – 44, ლაგოდეხში – 37, გარდაბანში – 10. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3