კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვარდება ადამიანი ორმაგ ცოდვაში და როგორ მოჰყავს მას მაცდური აზრები ქმედებაში

ადამიანი ბუნებით მეცნიერია, მან იცის თითქმის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეს. ყველაზე დიდი ცოდვა კი შიშია, ყველაზე დიდი შეცდომა – უიმედობა, ყველაზე დიდი სისუსტე – სიძულვილი, ყველაზე დიდი სიმდიდრე – ჯანმრთელობა, ყველაზე დიდი ჯილდო – სიყვარული, ყველაზე საშიში კაცი კი – მატყუარა. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი). 

 

– ხშირად, როდესაც ადამიანები ცოდვას ჩავდივართ ან რამეს არასწორად ვაკეთებთ, მიზეზად არცოდნას ვიშველიებთ. შეიძლება, ვიღაცამ ისიც თქვას: არცოდნა არცოდვააო, თუმცა, ვფიქრობ, ეს არასწორია. 

– თუ ადამიანი ხარ, მოაზროვნე არსება, არ შეიძლება, თქვა, ეს უმეცრებით ჩავიდინე, არ ვიცოდიო. შეიძლება, იყო გარკვეული პერიოდი, როცა ბევრი რამ არ იცოდი, მაგრამ, ახლა როგორ შეიძლება, არ იცოდე – რა არის ცოდვა, მადლი, განკითხვა, რა არის კარგი და რა ცუდი?! თუ არ იცოდი, მაშინ, სად იყო შენი სინდისი? ღმერთმა არ მოგცა სინდისის გრძნობა? რა თქმა უნდა, მოგცა, მაგრამ, დიდი ხანია, სინდისი დამალულია. ამიტომაც ვაცხადებთ: მე ეს არ ვიცოდი და ამიტომ ჩავიდინეო. სამაგიეროდ, მარტივად შეგვიძლია მოყვასის ცოდვების თვალთვალი, რასაც შედეგად ის მოჰყვება, რომ მას განვიკითხათ, ვამცირებთ, ბოლოს კი თვითონაც იმავე ან უარეს ცოდვებში ვვარდებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა რამაა ადამიანზე ძვირის თქმა და სხვა – განკითხვა. ძვირის თქმა ის არის, როცა ვინმეზე იტყვიან: მან იცრუა, იმრუშა ან სხვა ცუდი რამ გააკეთა. მაგრამ, ადამიანს მაშინ განიკითხავს, როდესაც სხვაზე იტყვის: მატყუარაა, მრისხანე, მრუში. ამ დროს იგმობა ადამიანის სულის წყობა და განაჩენი ეცხადება მთელ მის ცხოვრებას, რაც გაცილებით მძიმე ცოდვაა. ასევე, სხვადასხვა რამ არის განკითხვა და დამცირება. დამცირება ის მდგომარეობაა, როცა არა მარტო განიკითხავ მოყვასს, არამედ, კიდეც გძულს და ზიზღით აქცევ მას ზურგს, ამცირებ ყველგან. ეს განკითხვაზე კიდევ უფრო დამღუპველია. სულის ცხონების მსურველებმა ასეთ დროს უნდა გაიფიქრონ: „ვაიმე, დღეს ის სცოდავს, ხვალ კი მე შევცოდავ“, – რადგან, არ არის გასაკვირი, რომ მეორე დღესვე ზუსტად იმავე ცოდვაში ჩავცვივდეთ, რომელშიც ჩვენი მეგობარი, ახლობელი ჩავარდა და რომელსაც ამის გამო ხმამაღლა განვიკითხავდით ან დავცინოდით. ამიტომ, ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჩაუნერგოს იმის შიში, რომ ხვალ, შეიძლება, თვითონ შესცოდოს და ამით მოყვასის განკითხვას განერიდება. ჩვენ რომ სიყვარული გაგვაჩნდეს, თანაგრძნობით მოვეკიდებოდით მოყვასის ნაკლს, ცოდვას და მის ნაკლოვანებებსაც არ მივაქცევდით ყურადღებას. პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა, სიყვარული, რადგან, როცა მოყვასთან, მსგავსთან ახლოს ვართ, უფრო მეტად ვუახლოვდებით უფალს, მასთან ერთობაში ვიმყოფებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიღაც, შეიძლება, უცოდინრობის გამო სცოდავდეს, მაგრამ, ისეთი კეთილი საქმეები ჰქონდეს გაკეთებული, რომ ღვთისთვის მთელ შენს ცხოვრებაზე უფრო სათნო იქნება. 

– მამაო, რატომ არის უმეცრება ყველაზე დიდი ცოდვა?

– როდესაც გონიერი არსება აცხადებს, რომ არ იცოდა... კი არ იცოდი, არ გინდოდა, რომ გცოდნოდა. თუ არ ცდილობ, რაღაც წაიკითხო, გაიგო, ისე სხვა ვერაფერს გაგაგებინებს. ადამიანები წლების განმავლობაში დადიან ეკლესიაში, ისმენენ ქადაგებას, რომელიც წმიდა მამათა სწავლებას ეფუძნება და, ამის მერე რომ ამბობენ – არ ვიცოდიო, ეს უკვე ორმაგი ცოდვაა. ამიტომაც, როცა წარდგებით უფლის წინაშე, ღმერთი მოგკითხავთ პასუხს. არ დაგავიწყდეთ, რომ, ვისაც მეტი მოგეცათ, უფრო მეტი მოგეთხოვებათ. მაგრამ, ყველაზე საშინელი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მეცნიერებით სჩადის ამ ცოდვას, ანუ, ყველაფერი გააზრებული აქვს – იცის, რა არის სიტყვიერი, საქმიერი ცოდვა, ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი  და უკვე მეცნიერებით, დახვეწილად სჩადის ცოდვას. ასეთები ბევრნი იყვნენ, მათ მიიღეს ამქვეყნიური სიბრძნე, მაგრამ, თავისი ამსოფლიური გონება, ნება, აზროვნება მხოლოდ და მხოლოდ ბოროტებას მოახმარეს. ასეთი ადამიანი გააზრებულად ფიქრობს იმაზე, ვის რა დაუშაოს, ვის რა ავნოს. იცი, რომ ღმერთმა მოგცა გონება და ეს გონება მეცნიერებით მოახმარე კარგ საქმეს და არა ბოროტს, ეშმაკს. თუ გონებაში გექნება საეკლესიო, მაცხოვნებელი აზრი, რომ შენ ხარ ადამიანი, უნდა ცხონდე; გამოძევებული ხარ სამოთხიდან, სადაც უნდა დაბრუნდე; გჭირდება აღორძინება, ზიარება, უფალთან მისვლა. შენში თუ ღვთისმოსავი აზრი იქნება, რაც ვნებების მბრძანებელია, დათესილი აზრიდან დათესავ კეთილ საქციელს. თუ შენი საქციელი კეთილია, მაშინ მოიმკი კეთილ ჩვევას. კეთილი ჩვევა, რომელიც ჩვენში, სამწუხაროდ, ნაკლებად არის, მოიღებს ნაყოფს – კეთილ ხასიათს. დააკვირდით თქვენს ხასიათს – ის თქვენი ჩვევებიდან და ქცევებიდან არ მომდინარეობს?! ამიტომაც, თუ გინდა, დათესო კარგი ხასიათი, შენში ის უნდა იყოს გაწმენდილი, რომლითაც მერე მოიმკი შესანიშნავ ხვედრს.  

– ცოდვა ხშირად სწორედ ფიქრის დროს იბადება, ეს კი განსაკუთრებით ლოცვის დროს ხდება. ხშირად ადამიანს სწორედ ასეთ დროს მოსდის მაცდური ფიქრები, რომელთაგან გაშორებაც ძალიან უჭირს და შემდეგ მათ ხშირად ქმედებაში ახორციელებს.

–  როცა არავინ და არაფერი მოგწონს, უკმაყოფილო ხარ და ამას ნიღბავ იმით, თითქოსდა იმხელა სულიერების მქონე ხარ, გარშემო აღარაფერი მოგწონს, სანამ საუბარს დაიწყებ, ან რამის აღსრულებას დააპირებ, დაფიქრდი, სულიერი განსჯით მოიფიქრე, რადგან, შეიძლება, შენი განსჯით, სიტყვით, უკმაყოფილებით სხვა ადამიანი დაიღუპოს. არ უნდა იყოთ მოძულეები, შურიანები და ზედმეტად მკაცრები სიტყვასა და საქმეში. რაც თქვენთვის არ გსურთ, იმას სხვას ნუ გაუკეთებთ და, რაც გინდათ, რომ სხვებისგან მიიღოთ: ის თავად გაეცით. მაგრამ პირიქით ხდება, როდესაც ადამიანი საკუთარ უსჯულოებას უყურადღებოდ ტოვებს, ის მაშინვე იწყებს მოყვასის ცოდვების თვალთვალს. სხვისი განკითხვით მას კი არ ვნებ რამეს, არამედ, საკუთარ სულს იმძიმებ, ცოდვებს იმატებ; ან, შეიძლება, დაეცა ადამიანი, მაგრამ, მან ამის შემდეგ ბევრი იტირა, შეინანია, ცრემლი დაღვარა... ღმერთი მის შრომას, ღვაწლს ხედავს, შეიწყალებს, შენ კი მხოლოდ ცოდვას ხედავ და განიკითხავ, სულს იღუპავ და მასაც ცოდვაში აგდებ... ასე რომ, სანამ სხვის განკითხვას დავიწყებდეთ, სანამ სიამაყით ზემოდან გადმოვხედავთ სხვებს, დავამცირებთ, უმჯობესი იქნება, საკუთარ სულსა და გულში, უფრო ღრმად ჩავიხედოთ, ბევრი ვიფიქროთ – იქ აუცილებლად დავინახავთ ჩვენს ცოდვებს და ამით სხვების განკითხვაზე ნელ-ნელა ვიტყვით უარს.

 

скачать dle 11.3