კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეგულაციები აქვთ მიწის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში და რა მოთხოვნებს უყენებენ ისინი მათ ქვეყანაში მიწის ყიდვის მსურველ უცხოელს

საქართველოში მოქმედი კანონით მტრისა თუ მოყვრისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა ნებადართულია, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების წყალობით. ქართულმა უმაღლესმა საკონსტიტუციო სასამართლომ დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მოითხოვდა, არაკონსტიტუციურად ეცნოთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის რიგი ნორმები, რომლებიც უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას ზღუდავდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებზე არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდა 2015 წლამდე. თუმცა ახლახან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს და ახლა უკვე პარლამენტის მიერ გამოცხადებული ეს მორატორიუმი ცნეს უკანონოდ. იმის გათვალისწინებით, რომ 27 ივნისს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, არ გვაწყენდა იქ არსებული გამოცდილების გათვალისწინება. როგორ ეპყრობიან სასოფლო-სამეურნეო მიწას ევროპულ ქვეყნებში? ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი მოგვიყვება.

 

– მიწა რატომ იქცა განსაკუთრებული დაცვის საგნად და რატომ აწესებს სხვადასხვა ქვეყანა მის შეძენაზე ბარიერებს უცხოელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას, მართლაც, ვერავინ მოიკიდებს ზურგზე და ვერ წაიღებს?

– ამჟამად პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და თუ გადავხედავთ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობას, მათი მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა. ზოგჯერ ომი მიმდინარეობს სულ რამდენიმე კვადრატული კილომეტრისთვის, მაგალითად, ახლახან ამტყდარი კონფლიქტი ტაილანდსა და კამბოჯას შორის. ვითარებას ართულებს ნიადაგის ეროზიის პროცესი, რაც უკანასკნელ პერიოდში, ანთროპოგენური ექსპანსიის და კლიმატური ცვლილებების ფონზე, კრიტიკულ ფაზაში შევიდა. ქართველი ერისათვის მიწა-წყლის წართმევის მცდელობას იმდენივე ხნის ისტორია აქვს, რამდენიც იმის ცოდნას დანარჩენი მსოფლიოს მიერ, რომ საქართველო „ღვთის მიერ კურთხეული ადგილია“. ანუ, ფართობის გათვალისწინებით, ბუნებისგან ბევრად უფრო უხვად დასაჩუქრებული ადგილია, ვიდრე საშუალოდ დედამიწის დანარჩენი ტერიტორია. ეს მცდელობა ხორციელდება არა მხოლოდ გეოსტრატეგიული ქმედებების დონეზე –  დაპყრობა, აყრა და ასე შემდეგ, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის დონეზეც, რომელმაც უნდა შეასუსტოს ფაქტობრივი და ფსიქოლოგიური ბმა საქართველოს მიწასა და მის კანონიერ პატრონს, ქართველ ერს შორის.

საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს. საქართველოს ყველა მოქალაქე განურჩევლად სქესისა, რასისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა, კანის ფერისა, დაბადების ადგილისა და ასე შემდეგ უფლებამოსილია, რომ საქართველოს ბუნებრივ შესაძლებლობებს, პირველ ყოვლისა, მიწას განიხილავდეს, როგორც თავისი შთამომავლობის გარანტირებულ საკვებ ბაზას და როგორც თავისი ყოველმხრივი თვითრეალიზაციის სივრცეს თანამედროვე ცივილიზაციური დონისა და შესაძლებლობების შესაბამისად. სახელმწიფო კი ვალდებულია ყველა კანონმდებლობითი და პრაქტიკული კონკრეტული ღონისძიება იხმაროს, რათა საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობას შეუნახოს აღნიშნული შესაძლებლობები შეუმცირებელი სახით.

– რატომ ვერ შეძლებს სახელმწიფო ამ ფუნქციის განხორციელებას, თუკი მიწას დაამუშავებენ  არა საქართველოს მოქალაქეები? 

–  თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების, კერძოდ, საკვების რესურსთა შემცირების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ეს უპირველესად, ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი სულ უფრო მცირდება და ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე. ამ მხრივ, საყურადღებოა FAO-ს განცხადება, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სწორედ ამიტომ მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა. ამავე დროს არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში, მიწაზე საკუთრება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, არამედ ის რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტებით. საქართველოში არსებული სიტუაცია განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა. საქართველოს მოსახლეობის გამოკვება დღეს არსებითად დამოკიდებულია იმპორტზე, რაც, მძიმე გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველ წუთს შეიძლება შეწყდეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენება ამ საშიშროების პრევენციისათვის მოითხოვს იურიდიულ ბერკეტებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს დღესდღეობით არა აქვს.

– ზოგადად, როგორ რეგულირდება ცივილიზებულ სამყაროში მიწის პრობლემა?

– სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ნებისმიერ სახელმწიფოში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტადაა მიჩნეული და მსოფლიოს უმრავლეს სახელმწიფოში ამ ტიპის მიწის უცხოელებზე, ანუ მოქალაქეობის არმქონე პირებზე გასხვისება ძირითადად შეზღუდულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირობებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ზოგ ქვეყანაში შეზღუდვები არსებობს იურიდიული პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვაზეც. აქ გვხვდება გარკვეული რეგულირება, წინაპირობები, რომელიც ართულებს ან გარკვეულ მოთხოვნებს აწესებს. ფაქტები და არგუმენტები იძლევა საფუძველს, დავასკვნათ, რომ არ არსებობს ზოგადად მიღებული ბარიერი და საქართველოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება თავისი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მიწის კანონმდებლობა უნდა დარეგულირდეს იმდაგვარად, რომ დაცული იყოს საქართველოს ყველაზე ძვირფასი ეროვნული სიმდიდრე, ქართული მიწა და საქართველოს მოქალაქე.

– კონკრეტულად ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებთანაც ასოცირების შეთანხმებასაც 27 ივნისს მოვაწერეთ ხელი, როგორ რეგულირდება მიწის პრობლემა?

–  ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება მიწების ცალკეული კანონებით. მაგალითად, მიწის ერთ-ერთი კანონით, უცხოელი უძრავი ქონების შეძენისათვის საჭიროებს ნებართვას. ნებართვა კი, თავის მხრივ, შეიძლება მიღებული იქნეს თუ „სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური“ ინტერესები არ იქნება შელახული. თუ უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახება. თუ უცხოელს, და მათ შორის არ მოიაზრებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა მოქალაქეები, ნაყოფიერი, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სურს, ის ზემოთ მოცემულ ნებართვასთან ერთად საჭიროებს დამატებით ნებართვას, რომელიც გაიცემა სპეციალური კომისიის მიერ. დაახლოებით იგივე რეგულირებაა ავსტრიის მიწების სხვა კანონმდებლობებითაც.

– საინტერესო იქნება შვეიცარიის მაგალითი, რადგან ეს ქვეყანა ყველაზე მეტად ასოცირდება კეთილდღეობასთან.

– უცხოელების მიერ შვეიცარიაში მიწის შეძენა დაშვებულია, თუმცა მხოლოდ ნებართვის აღების პირობით. შვეიცარიის ფედერალური კანონი უცხოელთა მიერ მიწის შეძენას ზღუდავს,  რათა თავიდან იქნეს აცილებული შვეიცარული მიწის „გაუცხოება“. ამ კანონით შეზღუდვები ძირითადად იმ პირებზე წესდება, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და არა იმ უცხოელებზე, რომლებიც შვეიცარიაში კანონიერად ცხოვრობენ. საინტერესოა, რომ კანონში ცალკეა გამოყოფილი უცხოეთში მცხოვრები ის პირები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყანაში „განსაკუთრებით კარგი“ მდგომარეობა აქვთ. იგულისხმებიან ფინანსურად განსაკუთრებით კარგი მდგომარეობის უცხოელები ან რომელიმე ქვეყანაში საარჩევნო ხმათა უმრავლესობის მფლობელი, ან კიდევ რაიმე სხვა განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი ადამიანები. კანონით მათზე ნებართვის გაცემა შესაძლებელია. მაგრამ კანონი ამ ადამიანებს განსაკუთრებულ კატეგორიად განიხილავს.

მაგალითად, გერმანიის კანონმდებლობით, უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენასთან დაკავშირებით იგივე შეზღუდვები აქვთ, როგორიც გერმანიის მოქალაქეებს. სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისთვის აუცილებელია განცხადების წარდგენა, რომელშიც აღწერილი და დასაბუთებული უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწის განვითარების გეგმა. ასევე, წინაპირობაა, რომ ფიზიკური პირი, რომელიც საკუთრებაში იძენს მიწის ნაკვეთს, უნდა იყოს 18 წლის, მიუხედავად იმისა უცხოელია თუ გერმანიის მოქალაქე. გერმანიაში საკმაოდ ფრთხილი მიდგომაა სასოფლო-სამეურნეო მიწის არასათანადო გამოყენებისადმი ნებისმიერის, მოქალაქის თუ არამოქალაქის, მიერ. ამიტომაც ასეთი ნებართვის მოპოვება სპეციალური კომისიის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. 

– საინტერესო იქნება მიწისადმი მიდგომა დანიაში, რადგან 2012 წელს სწორედ დანიის მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა ჩვენმა სასამართლომ, რომელიც ჩიოდა, ჩემს უფლებებს არღვევენ, მიწას არ მომყიდიან საქართველოშიო. 

– დანიის კანონმდებლობით, მიუხედავად მისი გარეგნული ლიბერალური ხასიათისა, ქონების შეძენა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. ქონების შეძენა განსაკუთრებით რთულია არარეზიდენტებისათვის. მათ დანიაში არ შეუძლიათ შეიძინონ ქონება გარდა სამი გამონაკლისიას: ერთი, როდესაც ისინი არიან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები და იურიდიული პირები და მუშაობენ ან საქმიანობენ დანიაში; მეორე –  ისინი არიან არაევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეები და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დარეგისტრირებულნი არიან დანიაში, როგორც მუდმივი რეზიდენტები და მესამე –   აქვთ მოპოვებული შესაბამისი ნებართვა დანიის იუსტიციის სამინისტროსგან. მაგალითად, თუ დანიაში ჩასულია სხვა ქვეყნის მოქალაქე ან იურიდიული პირი და მას უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი რეგისტრაცია არ აქვს, დანიის იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე, ის მიწას ვერ შეიძენს. თუ ვიგულისხმებთ, რომ ასეთ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო ნებართვას არ გასცემს, მაშინ საერთოდაც ვერ შეიძენს. დანიის კანონმდებლობა განსაკუთრებით მკაცრია ზაფხულის დასასვენებელი სახლების შეძენასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია პოპულარულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზღვის სანაპიროზე, სადაც მოქმედი სპეციალური შემზღუდავი წესები „ანტიგერმანული წესებითაა“ ცნობილი. ალბათ მარტივი გასაგებია, რომ ეს რეგულაციები შემუშავებულია გერმანელების მიერ სანაპირო ზოლში საკუთრების შეძენის შესაზღუდავად.

– საინტერესოა, როგორი პრაქტიკაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ბალტიისპირეთში, ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ-სახელმწიფოებში.

–  ლატვიის მიწის პრივატიზების კანონმდებლობის შესაბამისად ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს მიწა და ტყე არ შეუძლიათ შეიძინონ! რუმინეთში მიწის შეძენა მოქალაქეობის არმქონე პირებს, უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, აუცილებლად ნაცვალგების პრინციპით შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ რუმინეთშიც უცხოელის მიერ მიწის და მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა შესაძლებელია ქვეყნებს შორის შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში და ისიც მხოლოდ იმ პირობის გათვალისწინებით, თუ მეორე ქვეყანაც რუმინეთის მოქალაქეებს ანალოგიურ უფლებას მისცემს. დღევანდელი მდგომარეობით რუმინეთში ევროკავშირის სახელმწიფოთა მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი საცხოვრებელი ადგილი აქვთ რუმინეთში და იურიდიული პირები, რომლებიც რუმინეთში არიან რეგისტრირებულნი სასოფლო-სამეურნეო მიწის შესაძენად აქვთ იგივე უფლებები, რაც რუმინეთის მოქალაქეებს. იმ „ევროკავშირის უცხოელებს“ კი, რომლებიც რუმინეთში არ ცხოვრობენ, რუმინეთში მიწის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ ნებართვის მიღების შემთხვევაში. ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა უცხოელებისთვის რეგულირება არ შეცვლილა. მათ, ისევე როგორც 2007 წლამდე, რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანებამდე, არ აქვთ რუმინეთში მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება.

ბულგარეთის შემთხვევა ჩვენთვის საინტერესოა, რადგან ეს ქვეყანა, ბუნებრივი და ინფრასტრუქტურული პირობებით ჩვენი მსგავსია. აქ უცხოელ მოქალაქეებს შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი ბულგარეთში დაარეგისტრირებენ შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიას. ეს რეგულაცია უცხოელ ფიზიკურ პირებს მიწის პირდაპირ შეძენას უზღუდავს, თუმცა იურიდიული პირის დაფუძნების შემდგომ, ეს საკმაოდ მარტივი ხდება. აღნიშნული რეგულირება ძალიან წააგავს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე არსებულ ვითარებას. მოქალაქეობის არმქონე პირებს, უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბულგარეთში მიწის შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ: თუ ისინი იმ ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელთანაც ბულგარეთს 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება აქვს დადებული; თუ  ქონებას მიიღებს მემკვიდრეობით; თუ არის ევროკავშირის მოქალაქე, რომელსაც აქვს მუდმივი ადგილსამყოფელი ბულგარეთში; თუ არის ევროკავშირის თვითდასაქმებული ფერმერი და მიწას ბულგარეთში დასასახლებლად და სამუშაოდ ყიდულობს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის არსებობს ლიბერალური და „შინაურული“ რეგულირება, ხოლო არაწევრი ქვეყნებისათვის ცალსახად მოქმედებს ზემოთ მოცემული შეზღუდვები და მათ, ფაქტობრივად, არ შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა.

 

скачать dle 11.3