კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რატომ დაკრძალეს სპარსეთის სასულიერო პირის – მოგვის შვილი სვეტიცხოვლის საკურთხეველში

531 წელს ირანის ტახტზე ავიდა ხოსრევ (ხოსრო) პირველი ანუშირვანი. სპარსელებსა და ბიზანტიელებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა სამხრეთ კავკასიაში და მცირე აზიაში ბატონობისათვის.

ამ დროს ბიზანტიის იმპერატორი გახლდათ იუსტინიანე პირველი. მას თავისი ინტერესების გატარება სურდა მთელ კავკასიაში. ეგრისზე გავლენა ჰქონდა, თუმცა ცდილობდა, ქართლის სამეფოზეც მოეპოვებინა გავლენა. მაგრამ, ამასთან ერთად, ძალიან სჭირდებოდა დროებითი შესვენება მაინც, აღმოსავლეთის ფრონტზე. ამიტომ, ძალიან აწყობდა ზავი სპარსეთთან.

532 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის „საუკუნო ზავი“ დაიდო, რომლის მიხედვითაც სპარსეთმა უარი განაცხადა ლაზეთ-ეგრისზე, ქართლი კი სათარეშოდ მას დარჩა.

ბიზანტიასთან დადებული ზავით ისარგებლა ხოსრევ შაჰმა და 535 წელს ქართლში მეფობა გააუქმა. ზოგიერთი ვარაუდით, ქართლის მცირე ნაწილში არ გაუქმებულა მეფობა.

ტფილისში იჯდა ირანის მარზპანი, – დაპყრობილი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი, შაჰის წარმომადგენელი, რომელიც განაგებდა ქართლს. 

541 წელს, ხოსროს მმართველობის მეათე წელს ირანის ქალაქ განძაკიდან, რომელიც ურმიის ტბასთან იყო გაშენებული, ქართლში მოვიდა ერთი სპარსი ახალგაზრდა. ის სარწმუნოებით იყო მაზდეანი, მოგვის, მაზდეანთა მღვდელმსახურის შვილი. სახელად ერქვა გვირობანდაკი. 

გვირობანდაკი დასახლდა მცხეთაში. სხვა ქვეყანაში წასვლა და ბედის ძიება იმ დროსაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მისი პროფესია გახლდათ მეხამლეობა ანუ ხარაზობა – კერავდა ფეხსაცმელს, როგორც ჩანს, ეს ხელობა მცხეთაში შეისწავლა. 

ქართლში მაშინ ბევრი იყო წარმოშობით სპარსი. ციხეებშიც სპარსთა გარნიზონები იდგა.

მიუხედავად იმისა, რომ მოგვის, ანუ სპარსთა სასულიერო პირის შვილი იყო, გვირობანდაკი ინტერესდებოდა ადგილობრივი ხალხის, ქართველების, ქრისტიანების ცხოვრებით.

გავიდა ხანი, გვირობანდაკმა მიიღო ქრისტეს სჯული და ქრისტიანი ცოლი მოიყვანა. შესაძლოა, მისი მეუღლე ქართველიც ყოფილიყო. სპარსელთა სარწმუნოების ღალატი დამპყრობლების მხრიდან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან პირიქით, სპარსელებს სურდათ, აღმოეფხვრათ ქრისტიანობა დაპყრობილ ქვეყანაში და მაზდეანობით უფრო მეტად განემტკიცებინათ თავიანთი ბატონობა ქართლში.

ერთხელაც მცხეთაში მაზდეანთა დღესასწაული – ტოზიკობა გაიმართა. მცხეთელმა ხელოსანმა სპარსებმა თავისი თანამემამულე გვირობანდაკიც, აწ უკვე ევსტათი, მიიწვიეს ტოზიკობაზე.

მან გაიცინა და უთხრა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტიანობაა და მე კარგა ხანია, ქრისტეს ვაღიარებო.

მცხეთელმა სპარსელებმა იწყინეს და ევსტათის მცხეთის ციხის სპარსული გარნიზონის უფროსთან, ციხისთავ უსტამთან უჩივლეს. უსტამმა ევსტათი დაიბარა.

თავიდან შეცბა ახალგაქრისტიანებული, თუმცა მერე დიდი რწმენით ძალა მოიკრიბა და ეახლა ციხისთავს. უსტამმა გამოკითხა სადაურობა და მიზეზი წინაპართა სარწმუნოებიდან განდგომისა.

ევსტათი მცხეთელმა უამბო თავისი თავგადასავალი. 

ციხისთავი დაემუქრა, გაწამებ თუ არ დაუბრუნდები ჩვენს სარწმუნოებასო.

ევსტათიმ მტკიცედ განუცხადა, რომ ქრისტეს სიყვარულით ტანჯვისთვის განმზადებული იყო.

ციხისთავს არ ჰქონდა მისი დასჯის უფლება, ამიტომ გააგზავნა ტფილისში, ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან.

მაზდეანებმა ასევე ამცნეს უსტამს, რომ მცხეთაში სხვებიც ცხოვრობდნენ, რომელთაც ქრისტიანობა მიეღოთ. ჩამოუთვალეს მათი სახელები: გუშნაკ, ბახდიად, ბურზო, პანაგუშნასპ, პეროზაკ, ზარმილ და სტეფანე.

ისინიც დაატყვევებინა მცხეთის ციხისთავმა და რვავე ქრისტიანექმნილი ქართლის მარზპანთან გააგზავნა.

რვა ქრისტიანი წარუდგინეს მარზპანს. ევსტათიმ ყველას მაგიერ განუცხადა არვანდ გუშნასპს, რომ ქრიატიანობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა და ამიტომ გავხდით ქრიასტიანებიო.

როგორც ჩანს, ქრისტიანობა ფეხს იკიდებდა ქართლში მცხოვრებ სპარსელებსა და სხვა უცხოელებს შორის. ამგვარი მაგალითები სხვა ქალაქებშიც იქნებოდა, ეს კი კატეგორიულად მიუღებელი იყო ირანის პოლიტიკისთვის. ამიტომ, ქართლის მარზპანი მკაცრად მოეპყრო დატყვევებულებს. ბრძანა, მათთვის თმა და წვერი მოეპარსათ, გაეხვრიტათ ცხვირები, ქედზე ჯაჭვი დაედოთ და ფეხებზე ბორკილები. ეცემათ და საპყრობილეში ჩაეგდოთ. იქვე განაცხადა: თუ რომელიმე მოინანიებდა და დაუბრუნდებოდა მაზდეანობას, დიდ საჩუქარს მისცემდა.

ბახდიადი და პანაგუშნასპი შეშინდნენ და უარყვეს ქრისტიანობა. სხვები მტკიცედ ერთგულობდნენ ქრისტეს. მაშინ მარზპანმა ბახდიადი და პანაგუშნასპი გვერდით მოისვა, საჩუქრები შეჰპირდა, დანარჩენ ექვსს კი, მარზპანის ბრძანება აუსრულეს. აქვე გამოჩნდა არვანდ გუშნასპის დაპირების სიყალბე, სპარსულ სარწმუნოებაზე დაბრუნებულები კი გაათავისუფლა, თუმცა ერთი ფსირიდიც (ფულის უმცირესი ერთეული) კი არ მისცა. 

ექვსი თვე საპყრობილეში ისხდნენ გაქრისტიანებული სპარსები. 

ამ პერიოდში სპარსეთის შაჰმა არვანდ გუშნასპი თავისთან იხმო. გამგზავრების წინ მასთან მივიდნენ ქართლის კათალიკოსი სამოელ მეორე, ქართლის მამასახლისი გრიგოლი, ქართლის პიტიახში არშუშა, სხვა დიდებულები და სთხოვეს, გაეთავისუფლებინა ტყვე ქრისტიანები.

არვანდ გუშნასპი დათანხმდა. სპარსელებს, როგორც ჩანს, არ უნდოდათ, გაემწვავებინათ სიტუაცია.

ბახდიადს და პანაგუშნასპს ცხოვრება გამწარებიათ. ბახდიადი გაგიჟებულა, ხოლო პანაგუშნასპმა მათხოვრობაში გალია ცხოვრება. 

სამი წლის მერე ქართლში მოვიდა ახალი მარზპანი – ვეჟან ბუზმირი. მასაც ეახლნენ დამსმენი სპარსები და მოითხოვეს გაქრისტიანებულების დასჯა.

ახალგაქრისტიანებულთაგან ზოგიერთი  უკვე გარდაცვლილი იყო, სტეფანე და ევსტათი კი, ალბათ, ყველაზე მეტად აღიზიანებდათ მაზდეანებს.

როცა მცხეთიდან ტფილისს მიჰყავდათ წმინდა ევსტათი, მან იწინასწარმეტყველა, რომ თავს მოკვეთდნენ და დაემშვიდობა ცოლს, შვილებს, სიდედრს და ახლობლებს. მცხეთის ჯვარს რომ გაუსწორდნენ, შესთხოვა უფალს, მხეცთა საჯიჯგნად არ გაემეტებინა მისი ცხედარი და დაეფლათ მცხეთაში, სადაც გაქრისტიანდა. ოჯახის წევრები უკან მისდევდნენ და მისტიროდნენ ნეტარს.

ტფილისში მარზპანს ეახლნენ ასურელები და აუხსნეს, რომ სტეფანე მათი დაბიდან იყო, დედა, მამა, ძმები და დები ქრისტიანი ჰყავდა. ამიტომ, ვეჟან ბუზმირმა ის გაათავისუფლა.

გაიმართა ევსტათის საქმის განხილვა. მან უამბო ვეჟან ბუზმირს თავისი ცხოვრების შესახებ. მამა მოგვობას ასწავლიდა, მას კი სხვა სარწმუნოებების შესწავლაც უნდოდა. ამჩნევდა, რომ ცეცხლის თაყვანისცემა არ იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, რადგან ღმერთის შექმნილია ცეცხლიც, რომელიც წყალს შეუძლია, ჩააქროს. ძიების დროს ის სინაგოგაშიც დადიოდა და სწავლობდა ებრაელთა სარწმუნოებას. შემდეგ ქრისტიანთა ეკლესიაშიც შევიდა. სამოელ არქიდიაკონი დაინტერესდა მისით. ჭეშმარიტების მძებნელმა სთხოვა და არქიდიაკონმა გააცნო მას ქრისტიანობა. შემდეგ სპარსი მოინათლა სამოელ მეორის, ქართლის კათალიკოსის მიერ (სამოელ არქიდიაკონი და სამოელ კათალიკოსი, როგორც ჩანს, ერთი და იგივე პიროვნებაა). 

ევსტათი, როგორც მოგვის შვილი, განათლებული გახლდათ. რწმენის ძებნაში კი კიდევ უფრო გაიზარდა მისი ცოდნის თვალსაწიერი. ამიტომ, ძალიან კარგად უხსნიდა მარზპანს ქრისტიანობის არსს და გაქრისტიანების მიზეზს. 

ქართლის მარზპანი ცდილობდა, ევსტათი მცხეთელის დარწმუნებას, არ დაეობლებინა შვილები და დაბრუნებოდა მაზდეანობას, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ბრძანა, წაეყვანათ და ღამით მოეკვეთათ თავი, რომ ქრისტიანებს თაყვანი არ ეცათ მისთვის. ცხედარი კი მხეცებისა და ფრინველთა საჯიჯგნად ქალაქგარეთ გაეტანათ.

ჯალათებმა სიკვდილის წინ ლოცვა მაინც აცალეს წმიდანს. არ უნდოდათ მისი მოკვლა, მაგრამ მაშინ ვეჟან ბუზმირი მათ დასჯიდა სიკვდილით. მოკვეთეს თავი წმინდა ევსტათის, ქალაქგარეთ გაიტანეს და დატოვეს.

სტეფანეს გაფრთხილებული ჰყავდა ქრისტიანები. ისინი გაჰყვნენ და ნახეს წმინდა ევსტათის ცხედარი. გადაასვენეს მცხეთაში და აუწყეს სტეფანეს. მან კი კათალოკოს სამოელს ამცნო.

წმინდა ევსტათი დაკრძალეს სვეტიცხოვლის საკურთხეველში.

ეს მოხდა დაახლოებით 550 წელს.

 

скачать dle 11.3